|
მე - ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული შორიდან გეხვევი… შემთხვევით არაფერი ხდება ქვეყანაზე, არც ახლა ამიღია კალამი შემთხვევით.
სიყვარულით ტკბობა და ამაღლება, ცხოვრება სიხარულით გასხივოსნებული, გარემო მშვიდი და უნადირო, ის კი, მხეცქმნილი, ადამიანებს სათოფეზე აღარ ეკარება, შევეწიოთ, ვუშველოთ,ნურადინო!
მათთვის სიყვარული მტვერია და განა არ იცი თვითონ, რომ ადამიანი, უფალს მოწყვეტილი და ეშმაკის მღვრიე დროშას შეფარებული, ყველგან და ყოველთვის ფლიდობს.
ტარიელი მხეცების სამეფოში ცრემლიანი კვალი რომ რჩება ჭალა-ჭალა და მინდორ-მინდორ სიკვდილის მოლოდინით ხარობენ, ცას ვეღარ ხედავენ მწყალობელს და საშველი არა ჩანს, ფრიდონ.
ოქრომკედით მოქსოვილ ბუდეში დაბადებული სასწაული, ყვავილის თვალებით, რომელიც, თუ განრისხდა, პირგამეხებულ ვეფხს დაემსგავსება და მისი სიტყვები გულს დაგიფლეთავენ, ვითარცა იმ ვეფხის ბრჭყალები. ერთი შემოხედვით გაგრძნობინებს ძალას და ხასიათს ვულკანისას. ნესტანი - ოქროპირთა დამამუნჯებელი, ცის სითბო, დედამიწის მშვენება, გამნათებელი ღამის უღრანისა.
უიმედობის წავარნებით შორეთიდან შორეთში მავალი უდაბნოში გადაიხვეწები და რაინდი სწორუპოვარი, მემკვიდრე მეფისა, მეფეთაგან მეფედ გაზრდილი, გამოქვაბულში იცხოვრებ ველურივით და შენს თავზე იტრიალებენ ღრუბლები მძიმე, მწუხარების ჟანგით შემურვილი.
სამოთხე ჯოჯოხეთად გექცევა - მშვიდობით, დღეებო, სიხარულით გაჩირაღდნებულო, მშვიდობით, ღამეებო- ვარსკვლავებით დანამულო თვალებო ღმერთისა, მშვიდობით, სიყვარულის სიმღერებო, ბედნიერების მწვერვალებიდან სამყაროს გასაგონად ნამღერო, მიჯნურის სიახლოვით ზეიმო გულისა, მშვიდობით, ნადირობავ და ბურთის თამაშო. მშვიდობით, სიზმარში ნახული სიზმარივით ლამაზო დროებავ, ლაღო და მშვიდო!
ნესტანისთვის მსხვერპლად შეწირვა მადლიანი საქმეა, ფრიდონ!
და ფარის ფარებით კიდევ ერთხელ დავღალოთ მაჯები, მტერს რისხვა დავატეხოთ იმგვარი, რომ წელში ვეღარ გაიმართოს ჯილაგი ქაჯების!
დობილი ყვავილების, მზისა და ვარსკვლავების, ასე უიღბლო და ნაწამები და ასე უნაპირო, სიცოცხლის დღესასწაულს ციხის ვიწრო სარკმლიდან უყურებს, გადავარჩინოთ, ძმაო ნურადინო!
იოლი არაა ქაჯებთან შებრძოლება, ჩვენ შორის დარჩეს და დავართან შედარებით ქაჯი ანგელოზი გეგონება.
არწივო მულღაზანზარელო, პატარავ პატარასთან და დიდთან დიდო, მზისა შესაყრელად გამოხსნა მთვარისა ღმერთმა ჩვენ მოგვანდო, ჩვენი მეგზური და ძლიერება ღმერთია, ფრიდონ!..
სიზიფეს ლოდზე ათასჯერ მძიმე, საწუთროს აღმართებზე ჩვენც უნდა ვზიდოთ, თანაც-ყმაწვილური ხალისით და არა უწადინოდ… ძმა ძმისთვისაო, რა თქმა უნდა, შენც გაგიგონია, ფრიდონ, შავი დღისთვისაო, უკეთესად ვინ იტყვის, ნურადინო!
სიყვარულის გადასარჩენად უბრალო არ დაინდობს ბრალიანს. ქაჯეთის ციხის ნანგრევებში ბედნიერების სანთლებად ანთებული ვიხილოთ ნესტანი და ტარია!
მაცოცხლებელი წყარო მენატრება, დავდივარ უძილო, მწყურვალი, უნადიმო. სამსახური დამიგდია, დავტოვე არაბეთი. ჩემი ტახტი და ლოგინი შენა ხარ, უნაგირო. ტარიელი თუ არ გაბრწყინდება, ღმერთმა ნეტარების ცრემლი ნუ მადინოს…
ნათებავ გულისა და გონებისა, ძმადფიცის გულში სიხარულის ხოხობი მომკვდარა, ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ, ნურადინო!
სიმართლის მახვილები, ერთგულების სამჭედლოში გამოწრთობილი, კაცი კაცს შემოვტყორცნოთ, დავლეწოთ კარები რკინისანი, ვინც ცოდვა ჩაიდინა ცოდვილთა დამზაფრავი, სიყვარული ცხრაკლიტულში ვინც გამოამწყვდია, თავზე დავაქციოთ კოშკები ლხინისანი!
გულანშაროელ ჯაბანთათვის უხილავი სხივი და ჭრილობა, სათნო და გონიერი და კარგი მოყვარე, საკუთარ ჭერქვეშ ტანჯული ეულად, მეუღლე ტანად ნასი, ორპირი და პირფერი ვაჭრისა, მრავალთა საქილიკოდ ქცეულა. ერთს გეტყვი, ჩემი სიტყვა იქნება მართალი: სიძვის დიაციო?! - ჩმახია! საწოლში თუ საწოლის გარეთ საოცარი ქალია ფატმანი. კარგად თუ გაიცნობ, მიენდობი, ვით მიწას ღალიანს, ფატმანი წუთისოფლისაგან გაჭუჭყიანებულ ხელადაში მოკამკამე სამოთხის წყალია!
ჩვენი გამარჯვებით. მოხდება მოსახდენი: აღსრულდება ღმერთის განაჩენი.
ვით დიაცს უმანდილოს. ნესტანი თუ არ გაიხარებს, ტარიელი თუ არ გაბრწყინდება, ღმერთმა ნეტარების ცრემლი ნუ მადინოს…
სრულდება ბარათი…
მტერთათვის მუდამ საზარელო, არც საყვარელი ქალის შუბლზე კულულის დაცურება და არც მწვერვალიდან ზვავის დაქანება - არაა შემთხვევითი, ამ ცოდვილ, მაგრამ მაინც მშვენიერ ქვეყანაზე დღემდე არაფერი მომხდარა და არც მომავალში მოხდება შემთხვევით.
საიდან სად გადმოხვეწილი, შორიდან ქედს გიხრი და გეხვევი. |
















