|
შენთან არს გული, გინდა სად ვიყო, ცხრა მთას იქით, თუ ზღვის განაკიდე; ტკბილად გიგონებ, დაუვიწყარო, რა გინდ შენგამო სისხლის ცრემლს ვღვრიდე.
ცხოვრების წყარო იყო სამსალა, მაგრამ მე მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ მაკლდებოდა დღიური ძალა,
რომ ვყოფილიყავ შენი მსახური, თორემ პირადად ჩემი გულისთვის არცარას გყვედრი და არც გემდური.
შენ შენდა თავად არც-კი გაქვს ბრალი! მე ისე გძულდი, როგორც სნეულსა, საზოგადოდ, სძულს მისი მკურნალი,
გასაცხარებელს ადებს წამალსა, ნაღველს ჩაურთავს სამკურნალოში და მით ასრულებს ის თავის ვალსა.
ეს საზოგადო ყველასთვის წესი? მაგრამ მე, როგორც სუსტსა ქმნილებას, მენატრებოდა შენგან ალერსი...
თითქმის მოკლული დამირჩა გული და განვიზრახე, ამიერიდან შევიქმნე შენგან მოშორებული,
წარმოგიდგინო სრულ იდეალად და შენი ხსოვნა კუბოს კარამდე თან ჩავიტანო სჯულად და ვალად. |
















