დამიკარ ტაში და წამაქეზე,
რომ კიდევ ვარ და შენზე ვლოცულობ,
- დღეო! მომწყდარო ცისკრის ბაგეზე
და ნიავივით გულთან მოსულო.
ამ მთებს შენსავით ვინ ეფერება,
ამ ჩანგს შენსავით ვინ აწკრიალებს,
მოდის, ედება ველს სიმღერებად,
შენი სხეულის თეთრი მდინარე.
აწი ბინდისკენ ვერვინ გადახრის,
მზისკენ გადახრილ გულს და პირიმზეს,
აი, მოსულა ველზე ბალახი,
შენი ქორბუდა ირმის ყვირილზე.
















