მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
ნათელო ჩემო, მიწყივ მადლიან
ლოცვებს ვბუტბუტებ, თავზე გევლები,
ხმას მოგაწვდენენ დილაადრიან
მზით განბანილი საკურთხევლები.
კამკამებს სული, შუქში კანკალებს...
კვლავ აღმიტაცებს ჟამი ნეტარი,
მზის სამკვიდროებს მივემძლავრები
და აღიძვრიან ძალნი მძლეთანი.
ცის სფეროებში მინელდება ნისლის თარეში,
მზის სურნელებად ჩამეღვრება სულში კინამო
და ხარებათა უჩვეულო სიმხურვალეში
შენ მოანათებ, გულთამხილავო!
მოდიხარ ცეცხლად... ყრუ და ძაბუნი -
ცას განეხვნება ბნელი ფარდები,
მე - უსიტყვო და სულგანაბული -
შენს შესაყრელად მოვემართები.
ო, შერთვა იგი!.. ჰანგი ქებული!..
ცად აღავლინეთ ძლევის ალმები,
კვლავ საგანგებოდ განდიდებული
საგალობლებით მოგესალმები.
















