კალა: ბოკალი - ბარის რეკლამა
და ბალერინა ბოლო სიგარის;
ჯიბეში შვილზე უმცროსი მამა -
ლექსებიანად ნატაიგარი.
ხსოვნის ჩარჩოში: თოთო მათუთა
და "ცარიცინის ცარიცა" - ცვილის,
კონკიასავით კანკალებს თუთა, -
თითებში უთრთის თოვლი ცარცივით.
ხელს შიშნეულად აფარებ ფინჯანს…
არ მიმხელ, რასაც გიმხელს ფინჯანი
და ნიშა შუნის თვალებით მსინჯავს
ცოლი – ქლაქელ ნაძველბიჭარის.
თუმნად ვუკვეთავ ძველ “სეკვოიას”,
მაგრამ გიტარა ვერ ნოტავს მოტივს,
ხელისგულებით გითბობ კონიაკს
და ზღვის ალბომზე ტორტმანებს - პორტი.
ტიკტიკებს სამის ათი თუ მეტი,
შეკვეთილია “ლუქსი” ორისთვის…
არ მემეტები - ქალი პოეტი -
ამ თოვლჩაჩაჩულ მეტაფორისთვის.
არც “პოეტესად” არ მემეტები:
ეს სიტყვა ისე მეჩოთირება…
აუეტრატდათ პერგამენტები
პალმებს და ითმენს თავს მოთმინება.
უბრად გავდივართ კაფე-ბარიდან,
ასე იწყება ღამის დღიური…
და არწევს ცაში სემირამიდას
სერენადები - ელეგიური.
















