მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 32 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

I

 

სტიროდე, დღეო, მოდგა მწყევარი: 

ბჭე დიდებისა ქარმან დამიცა, 

მზე - წამიერად ანამზევარი, 

მზე ჩაესვენა აბრაჰამისა!..


მივალ მთის ქიმზე, მივიცრემლები... 

მაგრამ ვინ მბორკავს შუაღამეში, 

ვისი ლანდი მდევს, ლანდი მახანებს?.. 

რას დასტირიან მესაფლავენი 

ციხის ნაშთებს და ნაპარტახალებს:


ცათა მეუფებას ასრე ენება და... 

ბროლის სითეთრეში სათმან ისათაო; 

სტიროდეთ მშვენებათა, 

სტიროდეთ ჩვენებათა, 

სტიროდეთ ხსენებათა 

კედრონისათაო!..


- კედრონისათაო!.. 

- კედრონისათაო!..


სტიროდე, დღეო!.. დაჭკნა მტევანი, 

რტო ვენახისა ქარმან დამიცა, 

მზე - სიხარულის თანამდევარი,

მზე ჩაიშრიტა აბრაჰამისა!..


ჩაქრა იგი ცეცხლი - ცათა ნაბოძები, 

წარხდა რჩეობანი გამოსარჩევისა, 

მკლავთა საფარველი, ტანთა სამოსელი, 

გარე - მოსარტყმელი სიმტკიცისა ჩემისა!..


ბედმან მეც დამცა, ზღუდეც დამიცა, 

ქარმან წარხვეტა ვარდი ჭნობილი, 

დედაის პირმშო, ძეი მამისა - 

ღვთის სათნოება მხოლოდშობილი.


სიყრმემ სულისამან დამთმო ბერობისას, 

მტერმან ჩემი წული სიკვდილს მიმიცაო... 

სტიროდე მსაჯულებას განუსჯელობისას, 

სტიროდე, მამაო ერთაშვილისაო!..


სტიროდე, დღეო!.. დაჭკნა მტევანი, 

რტო ვენახისა ქარმან დამიცა, 

მზე, - სასოების თანამდევარი, 

მზე ჩაიწურა აბრაჰამისა!..


ავაი ფარსა ჩემსა - ხრმალთა დამლეწავსა, 

რისთვის მეცნო საცნაური, ნიში რატომ მენიშა!.. 

ხამლი წარმეხადა, კვართი განმეძარცა, 

დაიხსნა გვირგვინი დიდებისა ჩემისა!..


აღარც მან გიკრთის, აღარც ტოპაზი, 

მზის საყუდელმან ქარმან დამიცა 

და შემოდგომის უვარდობაში 

დღე მიიცვალაა ბრაჰამისა!..

 

II

 

ისევ მივდივარ, ღამეს მივტირი, 

კვლავ მომძახიან ბნელი ტევრები, 

ისევ ყრუდ მივდევ ვიწრო ბილიკებს, 

გზის იწროებში მივიცრემლები:


"- ავაი შენდა, ჩემო ბოძალო, 

ვეღარაოდეს გაიფრთოსანო, 

ავაი, შვილო, - ძღვენო უფლისავ,

ცად აწურვილო მინდვრის შროშანო!


ბევრი ვილმე და ბევრი ვიარე, 

ვერ მოვიწიე სოფლის სიამე, - 

ვერ შეგანივთე სანათესაოს, 

ვერც სათვისტომოს შეგაზიარე.


ვარდით ვერ ვმოსე შენი სავარდე, 

ვერ მოგისთვალე სიტკბო ნაყოფის, 

ნათესავიდან ნათესავამდე 

თესლი ვერ ვთესე იაყაკობის!..


- იაყაკობის!.. 

- იაყაკობის!..


მალე ჩამიხვევს კალთა ჩეროთა, 

მერმე ვინ საჯოს საქმე დღეისის, - 

მშობელს შვილისა რატომ მჯეროდა, 

უხნესს რად მწამდა უმრწემეისის!..


გაღმა ცის კიდეს მივაჩერდები, 

გულში გაკრთება ცეცხლის სიალე, 

როგორ დავლახე მთათა ფერდები, 

რა სიმძიმილით გადმოვიარე!..


როგორ დავწყევლე მზე და მთოვარე, 

ჩრდილში როგორ ვდექ - შენზედ მგლოვარე 

და მწუხრეული სულის ძახილი 

ბნელ სივრცეებში ავაფრთოვანე!..


ფეხქვეშ მეწვოდა მინდვრის ალერდი, 

აღარც ვარდი ჩნდა, აღარც სავარდე 

და იწროებში მოგატარებდი 

გზის სათავიდან შესართავამდე.


რეკდა ღამეში ჟამთა კრებული, 

სულსაც სწყუროდა ზესთა მწეობა 

და უმწეობით შეიწრებული 

შენს ნაკვალევზე მოირწეოდა...


მაღლით ცა ხმობდა, ნიშინიშობდა... 

მზეს გალეოდა ბრწყინვა ბისონთა 

და ვარსკვლავეთის მელიტანიე 

ცის უდაბნოში პარაკლისობდა.


მზე გასცქეროდა ზესთა ცილობას, 

შორს კიაფობდა ცეცხლი ჭიოტი, 

მეც... მოლიზღართა გულარძნილობას 

ყრუ სიმძიმილით შემოგჩიოდი.


მაგრამ ცა სდუმდა... სდუმდა საყვირი... 

ჭალებს არ სძრავდა ქროლვა არავთა, 

ბოლოს... აღმოხდა ცეცხლის მახვილი 

და ქარნიავიც ამონანავდა, 

 

გაღმით დაიძრა მწუხრის ზეწარი, 

ცის საკრებულომ კვერი დამიცა: 

- ვინ განთესაო დანათესარი 

აბრაჰამისა!..

აბრაჰამისა!..


ცრემლით ავკრიფე ცივი ბელტები, 

ცისკენ შევმართე კვერთხი ლიტაო, 

„- ვის საუფლოში მიიღვენთები, 

მკვლელო, მოკლულო სიკვდილითაო!


მწადდა სხვა ჩალხით გამომეჩალხე, 

შენ კი... ჩემი ხმა მტვერში გარიე, 

ვისი მეკვლე ხარ, ვისი მეჩანგე, 

ვისი მეზვრე და მელიტანიე!..


აღარც კორდი გშთა, აღარც აყალო, - 

თესლი ყოველი გექმნა იავარ... 

სად ჩაგანელა, ნახორშაკალო, 

გეჰენიამან!.. გეჰენიამან!..


შევდექ მთის ქიმზე, ჭრაქი ავანთე, 

გაღმა ვაფრინე თეთრი კიოტი 

და უკუნეთის შესართავამდე 

ბნელსაწიერებს გადავკიოდი:


- სტიროდე, დღეო, მოდგა მწყევარი, 

ბჭე დიდებისა ქარმან დამიცა, 

მზე - წამიერად ანამზევარი, 

მზე ჩაესვენა აბრაჰამისა!.. 

 

III

 

შენ, შემოქმედო ქმედებათაო, - 

მქმნელად რომ გსახავს ყოვლი ქმნილება, 

მკრეხელს არ ეთქმის სიტყვა სადაო, 

ვერც მწვალებელი გაგემხილება.


მხოლოდ შეგტირებს ცრემლი მამისა: 

- მტერმან ციხის ბჭე როგორ დამიცა, 

ვით გარდავიდა გარდასავალი 

აბრაჰამისა!.. 

აბრაჰამისა!.. 

 

შენ კი... განარჩიე, მწეო სულისაო, 

გულმან მშობლისამან ვითარ განიცადა... 

ესალბუნე, საცხებელო მესალბუნისაო, 

ესალბუნე ტკივილთა იორდანისათა!..


- იორდანისათა!.. 

- იორდანისათა!..


თორემ მაღლით გლოვს ცათა უფლება: 

ბედმან ძოწის წილ ფლსაით გმოსაო... 

კიდევ რას იტყვით შეგემწუხრება 

ჩემი სამწყსო და საღვთისმოსაო? -


მზეო, დღეთა მზეო, მზეო ღამისაო, 

გესავ - მისი სული შუქში გამიზაო!.. 

ავაი, მზეობაო, ავაი, მძლეობაო, 

ავაი, მხნეობაო აბრაჰამისაო!.. 

- აბრაჰამისაო!.. - აბრაჰამისაო!..


- ავაი, მზეო, აჰავაიო! 

- ცას ესიტყვება ჩემი სანთური, 

- აჰავაიო! -მოსთქვამს მთოვარე, 

ცის ჩრდილოვანით შემოსალტული.


და მეც ჩრდილში ვტირ, ტირის შროშანიც... 

ბაღს გაჰყურებენ ბნელი ქოხები, 

ცას ვეომები უაბჯროსავით,

შავ ბედისწერას ვეამბოხები. 

 

იქუხე, ზღვაო, გადმოიღვარე, 

ცაო, გადმოსკდი ცეცხლის სიალედ, 

თქვენც გადმოჯარდით, ცათა მნათობნო, 

გრგვინვით მთა-ბარი შეაზრიალეთ!


შუქში რომ მესვით ჩემდა საფიცრად, 

ახლა ჟამია ძრწოლვით აღიძრათ, 

სახლი არ მიძეს სამემკვიდრეოდ, 

არც სახიზარი დამშთა სახიზრად. 

 

დაბნელდი, მზეო!.. მოდგა მწყევარი, 

ბჭე დიდებისა ქარმან დამიცა, 

ძე - სიხარულის თანამდევარი, 

ძე აღესრულა აბრაჰამისა!..


მაღლით მოსივის ცეცხლის ისარი, 

თუმცა სადარის დახსნის ნიშანი, 

ჯერეთ არ ისმის სულთქმა ვერძისა, 

რტონი არ ხმობენ საბეკისანი.


- საბეკისანი!..

- საბეკისანი!..


უკვე დარეკა ჟამმა მწუხრისამ, 

სერზე ჩამოდგა ღამე ბნელობა

და განარიგა არსთა გამრიგემ 

სიკვდილ-სიცოცხლის ჩუმი სერობა.


მზე ჩაინავლა ჩაწყდა გალობა... 

მეც წარვიხადე ძველი ხამლები 

და ბედისწერის ღამებნელობას 

აწ უხამური დავემგზავრები.


მივალ, მივტირი... გრგვინვენ ზარები, 

ცას ერღვევიან ბნელი ღერძები, 

ვთმობ ნათესავთა სამარტვილოებს 

და სათვისტომოს ვეანდერძები:


სტიროდეთ სალმობათა საწუთროისათა, 

სტიროდეთ, მოზარენო, 

სტიროდეთ!..


სტიროდე, მზეო, ჩაქრა ტოპაზი, 

ბჭე დიდებისა ქარმან დამიცა 

და საწუთროულ უდროობაში 

დრო აღესრულა აბრაჰამისა!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ