მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
I
ვინ მოიფიქრა შენი სუფევა, -
შვება რომელმან მოისაზრისა,
ვინ გაანელა მაშვრალის სევდა!..
მშვიდობა შენდა, მედროშეო შვიდი ტაძრისა,
- შვიდძალოვანო, მშვიდობა შენდა!...
გაღმა სახლი ჩანს მოჩარდახული,
ექვსი მხევალი ცხოვარს აძოებს,
ექვსი მონა რთავს, ექვსი მსახური,
შენს გაბრწყინებულ სადარბაზოებს.
შენ კი მოდიხარ, მოგაქვს სანთელი,
მზეს მოამღერებ, ჩემო გამდელო,
რომ სიყვარული ამაღამდელი
ნათლით მორთო და მოაკანდელო...
გარნა... ვინ მოგცა ძალი ნათლისა,
ცრემლი რომელმან მოგინაკლისა,
ვინ გაგინელა მიმწუხრის სევდა!..
მშვიდობა შენდა, მესანთლეო შვიდი სახლისა,
- შვიდსახოვანო, მშვიდობა შენდა!..
...შენ აღჩნდი, ოდეს უფლის მინდვრებზე
ამოთავთავდა ოქროს თაველი:
ცად აღაბრწყინე უცხო სინათლე
და მდინარეთა შესართავები
ზღვასთან დასხი და დააბინადრე...
შენ აღჩნდი, აღჩნდი, შუქი აღანთე,
ბნელს გაესიტყვე: ჰაი, აჰანდე!..
და განეფინე თვალსაწიერებს
იალაღიდან იალაღამდე...
ვაშად ამღერდი მოსვლისთანავე,
შუქში გაბრწყინდა კვართის ნაკეცი:
ისევ უვრცეს ჩნდა მისი სავანე,
- ისევ უტკბეს და უსპეტაკესი...
...წყლის პირ მეხრე ჯდა, ღამენათევი,
მქსელავს ეწადა ქსელვა ფაცერთა,
თუმც იდუმალი შენი ნათელი
კვლავ შორიელად დაბარბაცებდა...
შენ აღჩნდი, აღჩნდი, შუქი აღანთე,
ღამეს გასძახე: ჰაი, აჰანდე!..
და საცხოვარი გარდმოაფინე
იალაღიდან იალაღამდე...
წყალს ატოკებდა ქროლვა სიოთა,
ცისპირ ბრუნავდა დისკო მნათობის,
ჯერეთ კვდომის წილ ჟამი რბიოდა, -
ჟამი შობის და ჟამი ქმნადობის.
ცა კი ყრუდ ფშვენდა, ფშვენდა სოფელი,
მზე გაშლილიყო ცეცხლის მანტიად,
უკვე ჟამს ჰყოფდა ჟამთა მყოფელი, -
იყო მწუხრი და... იყო განთიად...
გაღმა მზე ენთო, მნათი ნათობდა,
როკვით ვიდოდა გუნდი მნათობთა
და ვარსკვლავეთის სიმარტოვეში
ხმა მეუფისა დახალვათობდა.
შენ აღჩნდი, აღჩნდი, შუქი აღანთე,
ცას გაესიტყვე: ჰაი, აჰანდე!..
და განეფინე თვალსაწიერებს
იალაღიდან იალაღამდე...
მერმე ცაც აღჩნდა, აღჩნდა სოფელი,
მზე აღეფინა ოქროს მანტიად,
კვლავ ყოფად მოდგა ჟამთამყოფელი,
- იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად...
იქმნა მწუხრი და... იქმნა განთიად...
იქმნა განთიად, მეუფეო, იქმნა განთიად!..
II
იქმნა განთიად: ცეცხლი ინთება,
ფრთეღამეული გაკრთა მიმინოდ,
მოდის, მზე მოდის, - მოიშვილდება,
მოდის უმტროდ და უსიმძიმილოდ...
„რაიც ყოფადი, იგივ ყოფილი!..“ -
ცათა სარქველი მიწას დაეცო,
ისევ მადლს გწირავ ქვედამხობილი,
ქვეშით გიგალობ, უზეშთაესო!
- მშვიდობა შენდა, მეუნჯეო სისავსეთაო,
აღმავსებელო, მშვიდობა შენდა!..
გაღმით სხივი კრთის, - ბროლში ნავლები,
ცის საწიერთან ხმობენ მამლები,
ბაღს შევუყვები კინამოისას
და სურნელებით შევიკვამლები...
- მშვიდობა შენდა, მესიტყვეო ხარებათაო,
მახარებელო, მშვიდობა შენდა!
მაღლა ვინ გალობს: "- იყავნ ნათელი!.."
...და იქმნა ნათელ: დღეი პირველი!..
მოვალ შენს გზაზე, მოვებღატები,
მომაქვს საძღვნო და შესაწირველი...
დიდება შენდა, მეურვეო მოხარკეთაო,
- დიდება შენდა!..
- დიდება შენდა!..
აჰა, ტაძრად ვდექ, ხამლი ვიძარცე,
სხივი დამადგრა თვალთა ზედაო,
სდექ მღაღადებლის გულის ფიცარზე,
სდექ, მესაყდრეო სინათლეთაო,
სდექ, მესანთლეო სინათლეთაო!
- სინათლეთაო!..
- სინათლეთაო!..
თორემ ცეცხლი ჩნდა, ისევ თენდება,
ისევ ჟამია, - მრევლი ვაპუროთ,
თუმცა... დღეც მიდის, მიითენთება,
მიდის სავნოდ და საუბედუროდ...
III
...ისევ იწყება ჩემი მგზავრობა,
ისევ ოფლით ვხმობ, დღეო მზიანო,
უქმად არ მტოვებს საქმემრავლობა, -
უნდა ვილმო და ვისაქმიანო.
ძალს ეშმაკეულს მხრებზე შევისვამ:
"- ვიდრე ცოცხალ ვარ, უნდა გატარო!.."
ვაჲ, გულისთქმაო დანამშევისავ, -
ნაოხარო და ნაალქატარო!..
დედამ ცოდვით მშვა, ცოდვით ვიზარდე,
ახლაც თან დამაქვს ცოდვის ჭურჭელი
და ჩასახვიდან უკუნისამდე
ბნელ სანახებში მივიძურწები.
ვსაქმობ ექვსი დღე, ძრწოლვით დავდივარ...
გარნა რა ვპოვე, ღმერთო ციერო,
რაიც ვიყავი, იგივ ლანდი ვარ,
იგივ - უგზო და უსარბიელო...
შემწედ ვინა მყავს: შენღა გინატრებ!..
ვიცი, მოხვალ და ვაშად დამიცავ,
შაბაშ, ცისძალო, შაბაშ, სინათლევ,
შაბაშ, სიწმინდევ შაბათ ღამისავ!
წარვალ პირველ დღეს, ჭურჭელს წარვიტან,
რომ მოვაქუჩო მწიკვი ყოველი,
და მოვიწიო ბედის კარვიდან
შენი საზრდო და შესამკობელი.
შენ კი მოდიხარ, მოგაქვს სანთელი,
მზეს მოაგელვებ, ჩემო გამდელო,
რომ სიყვარული ამაღამდელი
ნათლით მორთო და მოაკანდელო.
ისევ შენსკენ რბის ლოცვა-ვედრება,
დღე ჩასახვისა რითი გედრება? -
შენგნით იწყება სულთა გარდასვლა
და ცხედრიონის გადაცხედრება...
შენ აღჩნდი, აღჩნდი, სხივი აღანთე,
ცას გაესიტყვე: ჰაი, აჰანდე!..
და განეფინე თვალსაწიერებს
იალაღიდან იალაღამდე...
საყმოდ ექვსი ყმა დაისაკუთრე,
ექვსად განწილე ჟამთა კრებული,
ექვსი სახრე გაქვს, ექვსი საგუთნე -
ერთ გუთნეულში ჩარიგებული.
ექვსი მწყემსი გყვა, ექვსი გრძნეული,
ექვსჯერ ამზევდა შენი სახელი,
მეც... სინათლისკენ გამოღწეული,
ექვსჯერ შეგძრავდა შეგეზრახები:
დღეო, იზარდე, მზეო, იზარდე,
კვლავ მოგიძიებს გული საგულოს,
რომ უკუნითი უკუნისამდე
ასე გეყმოს და გესამსახუროს.
თორემ ვინ დამშთა... შენღა გინატრებ!..
ვიცი, მოხვალ და ვაშად დამიცავ,
შაბაშ, მზისძალო, შაბაშ, სინათლევ,
შაბაშ, სიწმინდევ შაბათ ღამისავ!..
მოდგა ექვსი ყმა, წყარო დამიშრო...
ოდენ შენ მწყალობ, დღეო ციერო,
ისევ უზღვროა შენი სამიჯნო,
ისევ უგზო და უსაწიერო...
მაშ, აგვამზევე, აგვათავთავე,
ხეი უვარჯო კვალად შევარჯე,
რომ ნაწყურევზე წყალი გვასმიო
და დაგვაპურო დანამშევარზე!..
თორემ ხომ გესმის? - შედგა მთოვარე,
ისევ ბნელში ვდექ - ბედზედ მგლოვარე,
თუმცა... სად გაკრთი, ფრთაო დილისავ,
რა სანთურივით გაიხმოვანე!..
ცად ამეტყველდნენ ბჭენი სიონის,
მზე შეუსართეს ზესთა სიალეს,
ფრთე გამოიხმეს ქერუბიონის
და სიხარული გაუზიარეს:
- გზანი ტაძრისანი მზემან შებურაო, -
ჰშვენი ტაძრის ბჭეს, დღესავით ჰშვენი,
ჰოიდა, მეუფეო!..
- ბაღში სიყვარული დაუნჯებულაო, -
ჰშვენი ტაძრის ბჭეს, მზესავით ჰშვენი,
ჰოიდა, მეუფეო!..
- ცამან ძალი მოსცა ჭირთათმენისაო,
მეცნო უფლის საცნაური, მისი ნიში მენიშნაო, -
კურთხეულ იყოს სახელი შენი,
ჰოიდა, მეუფეო!..
- ისევ აღმა მიმაქროლებ, ფრთეო აღმაფრენისაო, -
კურთხეულ იყოს სახელი შენი,
ჰოიდა, მეუფეო!..
მეუფეო ნებათაო, შუქთა მოვანებათაო,
უფლებათა ჭეშმარიტო უფალო!..
IV
ზეცა კვლავ მძლეობს, მძლეობს სოფელი,
ისევ მზე ბრწყინავს ოქროს მანტიად,
ჟამსაც ისევ ჰყოფს ჟამთამყოფელი, -
არის მწუხრი და არის განთიად.
არის განთიად: დღეი პირველი...
დღეი მეორე... დღეი მესამე...
მზეო, რად წირე გაუწირველი,
რატომ გაკრთი და გამომეცალე!..
შუქში დავდნები, დავიშანთები,
მაგრამ სად მზეობს შენი სახება,
სანთლად არ მიჩანს კვირის სანთელი,
არც ორშაბათი მებაზმაკება...
კვლავ მოვიძიებ წმინდა საბადოს,
მადლი უფლისა რწმენას დაბადებს,
ზღვარს გავცილდები საორშაბათოს
და ორშაბათიც ისამშაბათებს.
ისევ მივდივარ, ქარებს მივტირი,
ისევ მიმაქცევს ცოდვის ჭურჭელი
და შესაქმიდან უკუნისამდე
ბნელ წიაღებში მივიძურწები...
ცა კი კვლავ ბრუნავს, ბრუნავს სოფელი,
შუქიც კვლავ ბრწყინავს ოქროს მანტიად,
ჟამსაც ისევ ჰყოფს ჟამთამყოფელი, -
არის მწუხრი და... არის განთიად.
არის განთიად: დღეი მესამე...
დღეი მეოთხე... დღეი მეხუთე...
მთის იწროებას გამოვეცალე
დასაწიერზე გარდავეყუდე.
გარდავეყუდე... გარდავიხედე...
ისევ ცეცხლი ჩნდა მზისფერ მანტიად,
ისევ გაბრწყინდა მისი სიკეთე...
ისევ მწუხრი და... ისევ განთიად...
ისევ მწუხრი და... ისევ განთიად...
ისევ განთიად, ოცნებაო, ისევ განთიად...
V
მზემ დაუტევა ნავთსაყუდარი,
გაღმა დავლანდე ცეცხლი მნათობთა,
გზას მიკვალავდა დროის გუთანი
და ოთხშაბათი მიორნატობდა.
გალობდა მრევლი, ხმობდნენ ლანდები...
მე კი ვერ ვპოვე ჩემი სანთელი,
ვეღარ ვიგუე მისი ტრაპეზი, -
თაფლი ვერ ვიტკბე იმდღევანდელი.
შენ კი სხვარიგ კრთი: ისევ გინატრებ...
ვიცი, მოხვალ და ვაშად დამიცავ,
შაბაშ, ცისძალო, შაბაშ, სინათლევ,
შაბაშ, სიწმინდევ შაბათ ღამისავ!..
...ისევ მოვდივარ, ისევ მოგძახი,
ისევ მომაქცევს ცოდვის ჭურჭელი
და შესაქმიდან უკუნისამდე
შენს შესაყრელად მოვიძურწები...
შორი-შორად კი... იდუმალი შუქი ინთება...
- მოიქეც, მნათო, აჰა, ესერა!..
დროა, გასრულდეს ჩემი კირთება!..
მზე ოთხშაბათის იმოსება სახუთშაბათოდ
და საყვარელთან შესახვედრად მიიშვილდება...
მიიშვილდება, მიდის ქარდაქარ...
გზა უსაზღვროა, სივრცე - ულევი,
მე კი ვდგავარ და დაუნჯებული,
ცის სამკვიდროებს ვეჩურჩულები.
ცა კი კვლავ მძლეობს, მძლეობს სოფელი,
ისევ მზე ბრწყინავს ოქროს მანტიად,
ისევ ჟამსა ჰყოფს ჟამთამყოფელი, -
არის მწუხრი და... არის განთიად...
არის მწუხრი და... არის განთიად...
არის განთიად, ხარებაო, არის განთიად!..
VI
...კვლავ გაბრწყინდება ცათა შორეთი, -
ხმობს პარასკევის სათნო სახება,
ცით გარდამოვალს ეპისტოლეთი
და შიკრიკივით შემეზრახება:
- იხარეო, მოახლოვდა ჟამი სიტკბოებისაო,
იხარეო, სასურველო ჩემო!..
...წარყევ უფლის გზას, ცეცხლი წარეცი,
ჩემო ჭრაქო და ჩემო პატრუქო,
რომ განზავების სინეტარეში
ცოტაც ვილმო და ვიუბადრუკო.
ბანზე ღუღუნებს თეთრი ქედანი,
ყრუდ მილივლივებს ჟამი ნეტარი
და საწუთროდან საუკუნომდე
ვლენ მედროშენი შესაქმეთანი:
- დროა ზვარში დგე, ვაზი დაწურო, -
უკვე ახლოა სახლი შვებისა,
ჟამიც ახლოა, ჟამგადასულო,
ჟამიც ახლოა განსვენებისა...
...ისევ მოდიხარ, მოგაქვს სანთელი,
მზეს მოამღერებ, ჩემო გამდელო,
რომ სიყვარული ამაღამდელი
ნათლით მორთო და მოაკანდელო...
მოდგება მგზავრი, შუქში გამიხმობს: -
კვლავ ამღერდაო ჩანგი ნეფისა,
დამშვიდდი, სულო, უკვე ზარი ხმობს: -
ჟამი ახლოა განსვენებისა...
აწ გასრულდება ჩემი მგზავრობა:
შენ გადმოდგები ბანზე მეფურად,
რომ შესაქმეთა საქმე-მრავლობა
კვლავ მიითვალო გაუქმებულად...
თუმცა ეს ვისი სამოსახლოა:
ისევ გაბრწყინდა სახლი შვებისა,
ისევ ახლოა... ისევ ახლოა...
- ჟამი ახლოა განსვენებისა!..
წამი ახლოა განსვენებისა!..
განსვენებისა, მესაყდრეო, განსვენებისა!..
VII
სულო, რას გითქვამს სიხარული ამაღამდელი,
ცათამიერი შარავანდი ზღურბლზე ბარბაცებს...
დღეს აღინთება სასოების დიდი კანდელი
და დედოფალი მოაშურებს სეფე-დარბაზებს...
თუმცა... სად გაკრთა განთიადის თეთრი ისარი?
რატომ შეჩერდა ჩარხი დროისა, ძალნი რად შედგნენ სინათლისანი?
...მე კვლავ განვაგრძობ აღმა მგზავრობას,
დაღმა დამშთება ხორცი უდები
და ღამიეთის ზღუდე-მრავლობას
კვლავ კადნიერად ავეზღუდები.
ისევ მზეს ვსახავ სულთა ზიარად,
მიჯრით მელტვიან ჟამთარიგები,
ბჭით გადმოვდგები კელაპტრიანად
და უდაბნოში გავიკრიფები...
შორს ქანაობენ პალმის ტოტები,
გარნა ვინ მაცლის თვალის შევლებას,
ამ სიჩუმეში დაველოდები
ნათლის მოღვრას და მოსაკმევლებას...
ვდგავარ, გული დრტვენს, ბორგავს სხეული...
ცის სარბიელზე რბიან წუთები,
მე, სინათლისკენ უკუქცეული,
მზის სამკვიდროებს ვებუტბუტები.
მაგრამ... რად ბრუნავს სიბნელეში სისხლის მორევი?
სადით სად დაძრწის მაცნე მეუფის, რად აყოვნებენ მალემსრბოლები?
- ელოე, ელოე, სულთასაესავო,
რაისთვის აგვიანებ, ელოე!..
აღარც ღვინო ჩანს, აღარც ტაგანი,
გაღმით არ ხმობენ შენი ბუკები,
ტანად - ვერ მატკბობ, ნაქანდაკარი,
ვერც სურნელებად მეგუნდრუკები.
- ელოე სიხარულისაო,
ელოე სიყვარულისაო,
რაისთვის აგვიანებ, ელოე!..
მე კვლავ მტვერში ვძრწი, ქარში ვილევი,
გარე-მერტყმიან ბნელი ჩრდილები,
მაინც შენ გელტვი საგულდაგულოდ,
მაინც გესავ და გეგულჩვილები...
- შენ კი... ისევ განმიდგები, ფრთეო სათნოებისაო,
ისევ გარე-მიიქცევი, ელოე!..
შუქს შემომაცლი, შემომაცრიცავ,
ცად აღიძვრიან ღრუბლის ზვინები,
მაინც... სად მიხვალ, მზეო ტაძრისავ,
ვის საუფლოში მიეფინები?
სხვათა რჩევას ჯობს? სხვათა მტკიცება?..
ასე რად გზარავს ჩემი თარეში,
ზვარში ვაზი რად გენაკლისება,
ნექტარს რად ნატრობ სანექტარეში?
- ნეტავ, რატომ მერიდები, ბჭეო სასოებისაო,
რატომ უკუ-მიიქცევი, ელოე!..
გესმის? - მრევლი გთხოვს ბინდი შებურო,
ცით გარდმოფინო ცეცხლის ნიშები...
როდის-სად მოხვალ, ოქროცხებულო,
რა საფიცარით შემემტკიცები?
- ტაძრებს აღმიდგენ? ზღუდეს დამიცავ?..
- რისი მცველიც ხარ, მასვე დავიცავ!
ძალო დღისავ და ძალო ღამისავ,
- სათავისავ და შესართავისავ!..
წარხდა შენი რძე, თაფლიც შეისვა...
ვერ მოდგებიან ქარში რინდები,
დღე გუშინდელი შთანთქა დღეისმა,
ვით გუშინდელმა გუშინწინდელი...
- ეჰა, რატომ განმიდექი, მზეო სიწრფოებისაო,
რისთვის გარე-მიიქეცი, ელოე!..
აჰა, ზღურბლზე ვდექ, ცეცხლი აღვანთე,
მაინც ვერ შევხსენ შენი კარები
და სახიერის წარმოსახვამდე
ასე გესავ და გემუდარები.
მამცნე შენი ხმა, ზრახვა გამანდე,
კვლავ განმიკაფე ზვარში ბინდები,
რომ შესაქმიდან მოაქჟამამდე
დღე გამოვიხმო იმჟამინდელი.
- მაშინ მზე ენთო, მთვარეც ნათობდა,
როკვით ვიდოდა გუნდი მნათობთა
და სიყვარულის საბაღნაროში
ხმა მეუფისა დახალვათობდა...
მე კი უბრად ვჯექ... არა მჯეროდა,
რომ ირღვეოდა კალთა ჩეროთა
და საღამეულ სიმარტოვეში
ცის მოციქული გადმომცქეროდა.
გარნა რომ აღვსდექ, ნიში მენიშა:
თურმე ვიდრე ვწექ, ვიდრე მეძინა,
მზე ჩამოცრილა ცეცხლის ფიორად,
ფრთემოქცეულა აღმაფრენისა
და შემხებია ქერუბიონად.
ცით გადმოღვრილა სისხლის მორევი,
შენშე მოსულხარ ბაღში მდუმრიად,
ბჭეს მოსდგომიან მალემსრბოლები
და გალავნისთვის გარე-უვლიათ.
ბევრი უვლიათ... ცოტა უვლიათ...
მაგრამ შემკრთალან: თურმე სხივი ჩნდა,
შენც იდუმალი ჰანგი ჩაგესმა
და ჩამიარე ბაგე მდუმრიად -
ასე ტკბილმა და უსპეტაკესმა.
ნეტავ, რატომ განმიდექი, ფრთეო სიხარულისაო,
რატომ გარე-მიიქეცი, ელოე!..
გული კვლავ ბორგავს, ბორგავს სხეული...
კვლავ უდაბნოში დრტვინვენ სულები,
კვლავ სიბნელიდან გარე-ქცეული
ცის საუფლოებს ვეჩურჩულები.
თუმცა... რას მღერის ღელის პირად თეთრი იელი,
რასმე სიტყვება სვეტი ნათლისა, ცისას რას ამბობს ცათამიერი?
ვინ არის იგი - უდაბნოით აღმომავალი,
ვაშად რომ მოაქვს სულთახარება!..
ვინ არის იგი - უდაბნოით აღმომავალი,
ტანზე რომ იცხებს წმინდა საცხებელს
და მიჯნურისკენ მოეჩქარება?..
- მოეჩქარება!.. - მოეჩქარება!..
აჰა, ახმიანდნენ ცათა საყვირები,
სეფე-დარბაზებში უკვე გროვდებიან,
კვალად აღიძვრიან წმინდა ლაგვინები,
საღვთო ბარძიმები აოქროვდებიან,
- აოქროვდებიან!.. - აოქროვდებიან!..
კვლავ აღატყდების ცეცხლი მაყლოვანს,
ხილვად მიხმობენ უცხო ხილვანი,
ვინ არის იგი - კვამლად აღმოვალს,
ბნელ წიაღთაგან აღმომჭვირვალი?..
ვინ არის იგი: მრევლი ღაღადებს, -
ვინ არის იგი: როკვენ მხევლები...
ნეტავ, ვის ჰპოებ, რომელ სახატეს,
ვის საკურთხევლებს დაემძევლები?
ვაშად გარდამოხვალ ცათა საუფლოდან,
კედლებს იმედისას მოეგუმბათები...
სძალო, სანთლით მოიძიე შენი სანთიობოები,
იქმენინ, იქმენინ ნათელი!..
გარნა ვინ არის ზეგარდმოულ ძალთა ჯავარი,
ვინ არის იგი - უდაბნოით აღმომავალი?..
გულო, როგორ მიგაცხროდა...
თვალო, როგორ მიგარულო!..
"- იქმენინ!“ - მეუფემან კვერი დამიცაო...
იქმენინ, სიხარულო, იქმენინ, სიყვარულო,
იქმენინ... - სინანულო შაბათ ღამისაო!..
ამ ზეგარდმოულ ელვა-ქუხილში
ჰყავ სამართალი, წმინდა ლაგვინო,
რომ ღირსეულად საჯო უღირსი
და დამდაგველი დამადაგვინო!..
თუმცა... ვინ არის საწუთროულ სულთა ჯავარი,
ვინ არის, ვინა - ზეგარდმოით გარდმომავალი?
მზეო, სანთლით მოიძიე შენი სადარბაზოები,
იქმენინ, იქმენინ ნათელი!..
ვინ არის იგი - მკვრელი ორძალის,
ზვარში რომ სწადის ნათლის ჩაფენა,
დოლის ხმა მესმის: ქარი მომძახის,
თუ სიყვარული მედაფდაფება?
დღეო, ამზეურდი, ჟამია სანაქებო,
აღსდგა ძლევის ქარი, ქარი აქარდაო...
ამღერდით, სანახებო, ახმიანდით, პალატებო,
გაბრწყინდით, გუმბათებო ნაქალაქართაო!..
სტვირს ახმიანებს მეფე-ქადაგი: -
მტერი ვერ მტერობს, აღსდგა ქალაქი,
ტაძრად გაბრწყინდა უცხო ხატება,
მზის ამფორიდან წთოლავს ბადაგი,
ცით-გოლეული გვეშარბათება.
"-იქმენინ!" - სძალი ბრძანებს,
"-იქმენინ!" - ჩანგებია,
"-იქმენინ!" - გვესიტყვება ნეფე ნაღვინევი,
"-იქმენინ!" - გარდმოიღო მწდემან სამწდეური,
"-იქმენინ!" - აღიღინდნენ საღმრთო ლაგვინები...
კვლავ ამეტყველდა ჟამი სთვლობისა:
"- აღსდეგ, მიჯნურო", მღერის შროშანი,
კვამლი აკმიეს წმინდა ალოეს
და სიყვარულის იალაღები
ღვინით მორწყეს და მოაწყაროეს...
- აღსდეგ, ზარს დაჰკარ, - გვიხმობს მეზარე:
მალე განვაღებთ წმინდა საკლიტეს,
რომ იქედნეთა მენათესავე
ყრუ სინანულით შემოგვნატრიდეს...
მაგრამ: რას მღერის მგზავრი მავანი,
რას მღერის, რასა - უდაბნოით აღმომავალი?..
- ამღერდიო, ნანდაურო, აღავსეო საწყაული,
სურნელებით განბანეო მდელო!..
ჟამიაო მიგებისა, მიაგეო საზღაური,
მიაგეო, მიმგებელო ჩემო!..
- მიაგეო!.. მიაგეო!.. კვლავაც ღირსად მიაგეო!..
მიაგეო: მოძალადეს ხრმალი გულზედ მიადეო,
რამე თუ მართლის ხემან ღერო აზარდაო...
ყურო, - ნასახლართა მოყურიადეო,
თვალო, - მოთვალთვალევ ნადარბაზალთაო!..
- ნადარბაზალთაო!.. - ნადარბაზალთაო!..
ბაღში ღიღინებს ვარდი სარონის:
"- იმღერდე, დაო, ვენახს მწყემსავდე,
კვლავ ბაგეთაგან თაფლი გდიოდეს!..
გამოვალს სძალი, ზმირინს წაიცხებს,
ზეთს გამოსტყუებს მენარდიონეს...
- სძალო, ვენახი ხარ, ამღერებული,
სათნოებისა ჩემის ბაღი ხარ, გაბრწყინებული...
გულთა გული ხარ, - მიწყივ გულობდე,
სხივს აღაჩენდე, ეტლო ფარულო,
რომ ჩასახვიდან საუკუნომდე
ასე გენთო და გესიყვარულო.
ჩემთვის გალობდე, ჩემთვის ხარობდე,
შუქს მომაფენდე თხემით ძირამდე,
მეც... სიყვარულის საბაღნარომდე
ტკბილსა გალობლებს შემოგწირავდე...
დაბლით გელტვოდე შენი ხიზანი,
შენ კი მაღლიდან კიბეს ჰკიდებდე,
რომ გალობანი გალობისანი
ცას განვუფინოთ კიდით-კიდემდე.
ვახმიანოთ მეჩანგეთა სახმო-სამუსიკოები,
ვახმიანოთ, ვახმიანოთ, ელოე!
გესავ, ხეო უფლისაო,
გეაჯები, შროშანო, - შროშანო!..
- ფრთენი ქერუბიმისანი შუქში შეაფრთოსანო,
- შუქში შეაფრთოსანო!.. - შუქში შეაფრთოსანო!..
"- შეაფრთოსანო!“ - დრტვინავს ტაროსი,
"- შეაფრთოსანო!“ - ქარი ბარბაცებს,
მაგრამ ვინ მღერის საბაღნაროში,
ვინ გიხმიანებს სეფე-დარბაზებს?
ვინ გიხმიანებს... მოდის ნათელი, -
დიდება შენდა!.. - კვლავაც დიდება!..
თუმცა... რას ხმობენ მედაფდაფენი,
ხმა რანაირად გებარბითება? -
ამზევდიო, მგალობელო სეფე-საკურთხევლისაო,
ამღერდიო, სიყვარულის მუტრიბო!
აჰა, მზეც მოდგა, დისკო შემართა...
ისევ მურით ფშვენ სკათხა სამურე,
ვაშად მეთნევა სიტკბო მტევანთა
და სამოსელთა სიმეწამულე!..
ჰოიდა, შუქთაზმანებაო, ჰოიდა, დართა დარებაო,
ჰოიდა, ხარებაო, ელოე!..
ცეცხლი გარე-მწერს, გარე-მედების,
მაინც წინ მივალ: სძალი მომელის,
აწ განიხსნაო კარი ედემის,
დღე აღმოხდაო განსაცხრომელის!..
- მზე აღმოხდაო განსაცხრომელის!..
- განსაცხრომელის!.. საუკუნო განსაცხრომელის!
ნათებაო, ნათებაო, ჭეშმარიტო ნათებაო,
ნათლი ერის ნათებაო, ელოე!
ისევ მატკბობს შენი ღვინო, ისევ მეშარბათებაო,
ისევ მეშარბათებაო, ელოე!..
გესმის? - გალობს მგალობელი, მოდის ჩვენი მწყალობელი,
სულთა დამამწყალობელი, ელოე!..
- ყანდი მომაქვს, აჰანდეო, გახსენ შენი საყანდეო
კელაპტრები აღანთეო, ელოე!..
ელოე სიხარულისაო, ელოე სიყვარულისაო,
სასოების, სათნოების ელოე!
ისევ ჩამესმა ქროლვა ნიავთა,
მე კი ჩრდილში ვდექ, ღრუბლებს ვეფარე,
გამოდგას ძალი, გამოცქრიალდა, -
მზის დარბაზიდან გამომგებარე:
- მოდექ, მოდექ, სინათლეო, მოეც სილბო ვარდისაო,
- მოეც სილბო ვარდისაო, ელოე!..
ზვარში დააბინადრეო ბრწყინვა მელევანდისაო,
ბრწყინვა მელევანდისაო, ელოე!
ნისლი ქარებს წარებაო, გაქრა ღამის წვალებაო,
სხივი მოიცვარებაო, ელოე!
ჰოიდა, შუქთა ზმანებაო, ჰოიდა, დართა დარებაო,
ჰოიდა, ხარებაო, ელოე!
მაგრამ... რას გალობს, მეუფეო, მგზავრი მავანი,
რას გალობს იგი - უდაბნოით აღმომავალი? -
ძალო, მძლეო ძალისაო, გესავ - მტერი დამიზაო,
დასცე ბჭენი ღამისაო, ელოე!
მაღლით მადლი გარდამოდის შვიდი სალოცავისაო,
გარდამოდის, გარდამოდის, ელოე!..
"- გარდამოდისო!" - მღერის კანდელი,
ცა ემიჯნება ღრუბლის ხვეულებს,
მოდის, მზე მოდის, - მოდის გამდელი
და სათნოებას მოამზეურებს!..
ჰოიდა, სხივთა ზმანებაო,
ჰოიდა, დართა დარებაო,
ჰოიდა, ხარებაო, ელოე!..
ერტყმის ცის კიდეს, ეარტახება,
მანგი კვლავ მანგობს, ბროლიც ბროლდება
და სხივმოსილი მისი სახება
კვლავ ფეხაკრეფით მიახლოვდება...
















