ექვსჯერ ჩამოჰკრა მწვანე საათმა
და მყუდროებას გული წაართო,
გზა ვერ დალიოს ამ მასლაათმა,
ვერც გზამ დალიოს სამასლაათო.
გავცილდით სადგურს, ქალაქს გავცილდით,
ხესაც გავცილდით მარტოდენ შთენილს.
მე ავადა ვარ. გზაში გავცივდი,
თუ სიყვარული მაწვალებს შენი?
აქ მისვამს წყარო მთების სურიდან,
სიკვდილის მერეც აქვე ვიქნები,
აქ გაცოცხლდება ჩემი სული და
დაუბეჭდავი ჩემი წიგნები.
და ბედთან ჩემი გასწორებისას
უცებ იელვებს ხმა ვედრებისა,
როგორც წუხილი განშორებისა
და სინანული შეხვედრებისა.
















