(იუმორესკა )
ზღაპარ იყო...
ზღაპარ იყო...
ღვინო ვსვი და ჩაი არა,
ამიტომაც ჩემმა ყოფნამ, ჩალაბულად ჩაიარა!
ჩემი ჯანყი და სიგიჟე
დროს უბეში ჩაიხალა,
უჟმურივით მაჟრჟოლებდა ჩაის დღე და ჩაიხანა.
სულ ბახუსთან ვაჭიკჭიკე
ანგელოზიც და ინფანტაც,
რაც ვიშოვე, სულ ეშხში და შარიშურში დაიფანტა.
იმდენი ვსვი, -
დილიხორთან,
შაითანთან,
კანიბალთან,
იმდენი ვსვი! -
შენი მტერიც ტანს იმ ღვინით დაიბანდა.
სიზმრად ვნახე! -
ჩემი ქალი მეკუბოვეს უცინოდა...
აქ ბოლომდე ვინ დამტოვებს,
უნდა მოვკვდე უცილობლად,
აბა, -
ახლა არ დამიწყო, დაღლილობა, უძილობა,
გაგონილა, შე ბარდღალავ, ქელეხი და გულცივობა!
უღვინოდ და უაღაპოდ,
ლოდს ამ გულზე ვინ დამადებს,
რაც შემეძლო, ვიჩხუბე და ვიანგლე და ვითამადე...
ნეტავ შენი შემესმინა,
დამელია ჩაი რბილად,
ეჰ, ცხოვრებამ... შარაგზაზე, ბილიკივით ჩაირბინა.
რა ყოფილა ეს სიბერე! -
ყველაფერი მიმოსვარა...
გიხაროდეს!
გიხაროდეს!
ჩაის ვსვამ და ღვინოს არა.
















