ბაბუას ცხვირ-პირში მიაფუტე, ნენესთან იღლიები იფხანე,
მამა კედელზე მიაყუდე,- ფულიო! - დათვსავით იბღავლე.
დაბანგულ ფიჭვნარს მიაშურე, გადი პლაჟზე და იანცე,
ცხელ-ცხელი კენჭებით დაუბწკინე გრილ-გრილი ძუძუები დიაცებს.
უარი სულ არ გაგიკვირდეს, უარით ვმაგრდებით კაცები,
მხარზე ხელჩანთა გადიკიდე, გასურნელებული საცვლებით.
მერე "ინტურისტს" მიაკითხე, ნაღდი პურ-მარილი დაყარე,
სტუმარი იმდენი აკისკისე, შემოღამებამდე დაღალე,
ჟინი გაურიე ყველაფერში, გრძნობდე, ხედავდე თუ ეძებდე,
ხვალაც მიიღებენ აფთიაქში შარშან გამოწერილ რეცეპტებს.
ქათამი ხეზე რომ შემოჯდება, ადექ, თიკერისკენ გასწიე,
შენ ვინ დაგიწუნებს ვაჟკაცობას ან ვინ დაგიძრახავს საქციელს.
მაგრად დაუხვდი შემოტევას, ბღვერით და თვალებით მკვესავით,
ქალი რძესავით შემოთბება და გადმოდუღდება რძესავით.
ეცადე, აქეთ არ შეგაცდინოს, ხვეწნით, მუდარით და ზახებით,
ქართველი კაცი არ შეარცხვინო, მისი ღირსება და სახელი.
ისევ ცხვირ-პირში მიაფუტე, ისევ იღლიები იფხანე,
ისევ კედელზე მიაყუდე, ისევ: - ფულიო! - იბღავლე.
















