მივალ და შენი ხელები
ბურუსში დაიჩრდილა.
გადათოვლილან ველები,
დანისლიანდა დილა.
ნეტავ არც ღამე მეთია,
ვწუხვარ, ვდარდობ და გელი.
შენი ყელივით თეთრია
მთა საბუდარის ყელი.
იცოდე, შენი ბრალია,
თუ დავიღუპე გზაზე...
„ნეტა არ დაგძინებოდა,
ჩიტო ნიბლიავ, ნარზე.
ჩამოგიქროლებს ალალი,
წაგიყვანს მაღალ მთაზე“.
შნო მახსოვს შენი ბინისა,
თითი, გაჭრილი დანით,
უკან ჩამორჩა თბილისი,
ლელუბანი და გლდანი.
მახსოვს, ცაზე რომ დნებოდა
იაგუნდი და ლალი.
ნეტავ არ დაგძინებოდა,
დალილ, ძვირფასო დალილ!
ნეტავ არ დაგძინებოდა,
დალილ!
















