გავცილდით მრავალ ხევსა და მაღლობს,
ბოლოს სახლებთან მოგვიძღვა კვალი,
ერთი მაღაროც არ იყო ახლოს,
სოფელს კი ერქვა მაღაროსკარი.
დაგვხვდა ქართულად გაშლილი სუფრა,
ქარვა და ლალი ყურძნის წვენისა,
ღიმილიც სუფთა, გულებიც სუფთა
ლხინს აღვივებდა მასპინძელისას.
მაგრამ ღრუბელთა თეთრი სირები
დაუკრთნენ სხივთა გამოსალმებას,
ფანდურს მესამედ შესწყდა სიმები
და აიშალა ჩვენი სამება.
გზაში დამაწვა ფიქრები ღამის,
გზაში წუხილმა გული შენისლა,
ხევს სცემდა არა არაგვის ჩქამი,
არამედ ნალი ჩემი ცხენისა.
















