ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე, როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს, რომ არ შეფასდეს მერე იაფად შენივე ხელით შეკრული კვანძი.
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ, ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.
თავისით გაქრა ბევრი სურვილი, ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს, უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.
რასაც განიცდის ყველა მოკვდავი, როცა შემოდის სულში მინდია - ყველაფრის მცოდნე და საცოდავი.
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები, რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ, სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.
მოვიდა ახალ წელთა ნაკადიც და რასაც ახლა უბრალოდ ვყვები, სულში ქვებივით მეწყო აქამდის.
მას ჩვენი გულის ნაწილი მიაქვს და ერთად შეკრულ ცრემლსა და ღიმილს ადამიანის ცხოვრება ქვია.
მაგრამ უშვილოდ დარჩენილ დედას, ქარიც სხვა ხმაზე ეჩურჩულება და ჩრდილში სულ სხვა რაღაცას ხედავს.
ადამიანის ღირსება ჰქვია და ის სამარეც, როგორც სარკმელი, მზისთვის ყოველდღე იქნება ღია.
ჩვეულებრივად თენდება დილა, ჩვეულებრივად ეძებენ მიზეზს, როცა უდროოდ ცხელა ან გრილა.
ჯერ არაფერი არ მშურს სრულებით, სიყვარულისგან ვარჩევ ცდუნებას და მაინც მსხვერპლი ვხდები ცდუნების.
საგნებს სახელებს მე თვითონ ვარქმევ და შემიძლია მეგობრის ხათრით გვერდზე გადავდო პურიც და საქმეც.
რომ ჩაუკვირდე ცხოვრების მიზანს და გაარკვიო: - ხმა ხარ თუ ეხო უფრო თამამი და მძლავრი ხმისა.
და მოვუნახე სულს სასთუმალი - მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი და არა - წუთისოფლის სტუმარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |