როცა ბალღი ვიყავი, კაფანდარა გოგონა, როცა გულში ხალისის მენთო ჭიაკოკონა, მაშინ ყველა ჩემსავით უზრუნველი მეგონა, ეს ცხოვრება მარტოდენ, სიხარული მეგონა, მაშინ ჩვენი სოფელი მთლად ქვეყანა მეგონა, ჩვენი სოფლის მინდორი ასპარეზი მეგონა; მხარზე თოხგადებული გლეხი გმირი მეგონა და მეზობლის კაკალი საზიარო მეგონა. მაშინ ბაბუაჩემი დიდი მეფე მეგონა, ბებია კი... ბებია დედოფალი მეგონა; ჩვენი ქოხი ფიცრული სრა-სასახლე მეგონა, ჩემზე უფრო მდიდარი არც არავინ მეგონა. ახლა? ახლა ვითომ რა, ასე აღარ მგონია? ახლაც ასე მგონია, ახლაც ასე მგონია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |