გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს. და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი. ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს. და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს. უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა: თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება. ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება: მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს. სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული, როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლო მიწიშვილის პოეზია |