ჩემი ოცნება სიზმარშიაც კი ლესავს ისრებს, და ძილის ფსკერზე ატორტმანებს შავ მყუდროებას, ძილშიაც იბრძვის და ქიმერებს უგრეხავს კისრებს, მოუსვენარი, არ ასვენებს მოხუც დროებას.
მომაგონდება: დავიბადეთ დიდ ხნის წინეთ. ჩვენ განვიცადეთ გოლგოთა და გამაცხოვრება. მკვდრეთით აღვსდექით, კვლავ მოვედით და ჩავიძინეთ.
როცა ქაოსის ეშვებოდა შავი ფარდები. ისე გმინავდა გადამწვარი და უცხო ველი, ვით სასიკვდილოთ დაკოდილი ლეოპარდები.
შევხედავ: - ჰყრია ხმელ ქვიშაზე ჩემივე ძვლები, ხორცი დამწვარა, გაფიტულა ქარში აბედათ: წინეთ მომკვდარვარ, დღეს დავდივარ და არ ვიცვლები!
ვხედავ, თუ როგორ მაწამებენ მე, შეჩვენებულს, შევყურებ ზეცას დასაწყლებით, განმარტოებით. ვერავის ვხედავ, განწირული, ახლოს ჩვენებურს.
და ბებერი დრო ვერ მოღუნავს სიცოცხლის ნებას, ასჯერ მოვკვდები და ქვეყანას არ მოვეშვები, მე თვით გავყვები ჩემი სულის გამოსვენებას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლო მიწიშვილის პოეზია |