დაუკრავს თარი. წაიქცევა სამწვადედ შაქი... შაქრის თავს ტეხენ და პატარძალს ჰშვენის დარცხვენა... ეკამათება უბის სუნთქვას თხელი ლეჩაქი და მეტის ღელვით უფრო ტოკავს მკერდი მარცხენა. საბურავებით იმოსება საბნის სარჩული... ჭიანჭველები მოუთმენლად ტანში დადიან და თრთის სხეული საგანგებოდ შემოფარჩული. ხანჯალთა რკალქვეშ გაივლიან ხელგაჭდობილი... დედოფლის სახემ დაიფინა თეთრი მაგნოლი, არა შორდება ქმარს - მეჯვარე და ქალს - დობილი. ზუზუნებს ზურნა, სუფრა ლხინობს, მოდის ხაშლამა.. ორ-ორი ჯიხვით სმენ მაყრები შუშხუნა ბაქმაზს, გრძელი ჩაკრულა აამღერა სუფრის გაშლამა. დუდუკი კვნესას, რომ ქეიფმა კვლავ დიდხანს გასძლოს... დღეს ერთმანეთი უფრო უყვართ შარიან მძახლებს და დედამთილი წამ-და-უწუმ ეხვევა სასძლოს. ჯვარდაწერილებს გააპარებს დედა ნეფისა... ლოთი თამადა მოწყენილად თავს აკანტურებს და მაყრებს ძილი მოერევათ გათენებისას. მტევნის კუნწულა იმარცვლება ვნების ბადაგში... და ტალღებს არხევს სარეცელზე ზეწრის არშია. გადახლართულია რქაზე ვაზი... თოვლზე - ბადახში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილო მოსაშვილის პოეზია |