მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17223 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმნა: დავით წერედიანმა

 

I

 

ოცდამეათე წელში გადავდექ,

არც გიჟი, მაგრამ არც დაწყობილი,

იმ ზაფხულს, როცა ბოლო ვადამდე,

ღვთით, გამოვიგენ გზა საპყრობილის,

სადაც წვეთ-წვეთად, ზოზინ-ზოზინით,

სირცხვილის თასი, ცეცხლივით ცხელი,

ეპისკოპოსმა ტიბო დ’ოსინიმ

დამაცლევინა თავისი ხელით.

 

 II

 

მე ცხოვრად მისად, ვგულისხმობ სამწყსოს,

თუ ცხვრად, ვგულისხმობ საყმოს და საკლავს,

არ გავჩენილვარ, კომბლები დამცხოს

და ნებისამებრ დამღები დამკრას.

ბნელში ჩამხუფა, მაგმინა მჭახედ,

პურზე და წყალზე ვყავდი სამი თვე.

რაც მაშინ მისგან სიამე ვნახე,

ღმერთმა მიაგოს იმ სიამითვე.

 

  III

 

ზემოთქმულს წყევლად ნურვინ ჩამითვლის,

არ მინდა კიდევ შარში გავება,

სარჩელს აღძრავენ, ვიცი ამისთვის

და არ ღირს მათი აღავღავება.

თარგს ვაგვირისტებ, მოჭრილს ოდესღაც:

ჰყოს შენზე ღმერთმა, რაც ჩემზე ჰყავი,

კარგად მოიქეც, კარგით მოგეზღას,

ავად მომექეც, მოგეზღას ავით.

 

 IV

 

მაგრამ... ილოცდით მტერთათვის თქვენთა,

გვიბრძანებს სჯული და ეკლესია.

ვინც გვღალატობდა, გვდევნიდა, გვგვემდა,

ვილოცოთ მათთვის, წესი წესია.

გავუთბოთ გული ლოცვების კითხვით,

ვთქვათ უფრო ტკბილად, უფრო მაწივრად...

ოღონდ ჩემს ლოცვას ზეპირად ვიტყვი,

ვაგლახ, კითხვაში მე ზარმაცი ვარ.

 

V

 

ზეპირად ვიტყვი, ორიოდ ბწკარად,

თუ მიეშხეფა, - ძნელად მოწმენდა!

მოწმედ საბრალო კოტარიც კმარა,

ზის სამოთხეში და მემოწმება.

ვიტყვი პიკარულ ჟამნთა კილოზე,

ვიქნები ისე ტკბილი და თბილი,

ისე ვილოცებ, ისე ვილოცებ,

უკან დამრჩება დუე და ლილი.

 

VI

 

თუ სურს შეიტყოს, რას გადავითვლი,

რას ჩამოვმარცვლავ მისთვის მლოცველი,

გაშალოს ჩემი ძველი დავითნი,

ხარის ტყავკაბით შეუმოსველი,

ნახოს ასმერვე ფსალმუნის მერვე

მუხლი, ვითომცდა არაფერია...

ჩუმად იწეროს პირჯვარი მერმე,

ვინძლო არ ახდეს, რაც იქ წერია.

 

VII

 

ახლა ძე მინდა ვახსენო ღვთისა,

ვისაც ვეკუთვნი სულით და ხორცით,

ვინც ტარტაროზის ხელთაგან მიხსნა

და არ ჩამტოვა ბნელში და შმორში,

კვლა ღვთისმშობელი მინდა ვახსენო

ჩემი საბრალო ლოცვების ენით

და კვლა - ჭირთაგან ჩემი დამხსნელი,

ლუი, კეთილი ხელმწიფე ჩვენი.

 

VIII

 

ისე განდიდდეს, ვით სოლომონი,

განითქვას ქვეყნად მისი მეფობა,

დაამხოს, როგორც კერპთა ბომონი,

თუ მტერი კვლავაც გადაეღობა,

ყველას სიკეთის მომკას ნაყოფი,

ვერ ასდიოდეს ხალხის სიყვარულს,

ისე გამრავლდეს, ვით იაკობი,

და მათუსალას ხნის მოიყაროს.

 

IX

 

უბოძოს ღმერთმა თორმეტი შვილი,

თორმეტი ვაჟი სვებედნიერი,

ვით შარლემანი, ქველი და ზრდილი,

ვით მარსიალი, მხნე და ძლიერი.

ყველა საქმეში, ამინ და ამინ,

თან ახლდეს, რასაც იღბალი ჰქვია,

და, ბოლოს, როცა დადგება ჟამი,

სამოთხის კარი დაუხვდეს ღია.

 

X

 

მე კი... მე უკვე მიწია... ვკვდები...

"ანდერძი”! ყურთან დარეკა ზარმა.

"ანდერძი”! მთხოვენ ნაჩეჩქვი ძვლები

და საჭურჭლენი, რაიცა არ მაქვს.

მყოფი სრულ გონზე, რომელიც ზესით

ვალად მომცეს და ვალივით მსუსხავს,

ვწერ, უფრო სწორად, ვგმინავ და ვკვნესი

ამ ანდერძს, ჩემი ცხოვრების ნუსხას.

 

XI

 

შეითხზა ათას ოთხასსამოცდა -

ერთსა, რაჟამსა არა მილხინდა,

მაგრამ, ჩემს ბედად, მეფე გამოჩნდა

და სული გამყვა მენის ციხიდან.

ვინც იცის, იცის, არ მიყვარს ლიქნა,

მაგრამ, კაცს ღმერთი თუ არ გიწყრება

და ვინმემ მართლა სიკეთე გიქნა,

ხამს სიკეთისა არ დავიწყება.

 

XII

 

წყევლამ, კბილთა ღრჭენამ, გაფიხონებამ,

მუდამ ხიფათმა, მუდამ ავდრებმა

იმდენი ლესეს ჩემი გონება,

რომ ლესვისავე რიტმით ქვავდება.

იგი, ბატონო, - ვამბობ ხმამაღლა

მე, სქოლასტიკით ვინც ვნეტარებდი, -

ავეროესმა როდი წამახა

არისტოტელეს კომენტარებით.

 

XIII

 

უგზოდ, უგროშოდ წამოველ მენით,

სასომიხდილი და ჭირმრავალი,

მაგრამ მან, ვინაც აღავსო რწმენით

ემაოსელნი გზადმიმავალნი,

არ მიმატოვა გულდაკოდილი,

იმედის ქალაქს შემიძღვა ლხინად.

ღმერთი დიდია, არ სძულს ცოდვილი,

სძულს გაკერპება ცოდვათა შინა.

 

XIV

 

ბრალეული ვარ, სათქმელი რა მაქვს,

ცოდვებს ვიმრავლებ უგზო ფეთებით,

თან მაინც მჯერა, ზეციერ მამას

ჯერ წასაყმედად არ ვემეტები,

ამიტომ იყო, არ მიმცა სიკვდილს,

ნებავს, დავიგზნო ცრემლი მალული,

ჩამოვირეცხო ყოველი მწიკვლი

სინდისის ქენჯნით და სინანულით.

 

XV

 

კეთილშობილი "ვარდის რომანი”

ზღურბლზევე გვირჩევს, დავიდოთ ჩვევად,

იმით განვსაჯოთ სიყრმის ცთომანი,

კაცი ასაკში რა კაცად შევა.

თუმცა ეს ჩემთვის რა სალბუნია,

რითი მოვიხსნი სიყრმის ბრალდებას,

ისე შეთქმულა მთელი დუნია,

ასაკში შესვლა არ დამცალდება.

 

XVI

 

ჩემი გაქრობა გულხელდაკრეფით

თუკი ქვეყანას მოუტანს შველას,

მზადა ვარ, მაგრამ, როცა გავქრები,

ვეჭვ, სიკეთისკენ მოიქცეს ყველა.

რა ბედენაა, კიდევ ერთ ნამორს

თუ გაჩორკნიან კუბოს ფიცრებად,

ვიღაც ღატაკი სქოლარის გამო,

ცა და ქვეყანა არ შეიძრება.

 

XVII

 

ვიდრე დანარჩენს გადავლექსავდე,

ამბით გავლიოთ მცირე სავალი.

მიჰგვარეს ერთხელ დიდ ალექსანდრეს

სიკვდილმისჯილი კაცი მავანი.

კაცს დიომედე ერქვა სახელად,

იყო მეკობრე, კანონის მტერი,

მიჰყავდათ სულის ამოსახდელად

საბელს მიბმული ოთხივე ცერით.

 

XVIII

 

"აბა, ბაცაცავ, შე უგვარტომო,

რას მოგვახსენებ თავის დასაცავს?”

რაზეც მეკობრემ: "მეფევ ბატონო,

რატომ მეძახი ვითომ ბაცაცას?

ნუთუ იმიტომ, რომ ვერ შევძელი,

ძედ შევძენოდი მეფე ფილიპეს,

ვერ შევაგროვე ჯარი შენდენი,

და ვერც აზია შევიხვილიფე?

 

XIX

 

გაჩენის დღიდან მდევნიდა ბედი,

რაც დამემართა, მისი მადლია,

მომადრეკინა შიმშილით ქედი

და საშოვარზე გამომათრია.

ტახტის ორგული არ ვარ, ღმერთმანი

მაგრამ ცხოვრება როგორც ქადაგებს,

ვერ ეგუება ხშირად ერთმანეთს

,,მეფის კანონი და სიღატაკე”.

 

XX

 

"კარგია სიტყვა შეუნიღბავი”,

რატომღაც მოლბა მეფე-სარდალი,

,,დღეს შეიცვლება შენი იღბალი,

განმიჩენია ეგ სამართალი”.

და კაცი იგი, დასძენს მთხრობელი,

კაცი გახადა, ვითარცა ჯერარს,

ვალერიუსი, დიდად ხმობილი,

ყვება და, მგონი, კიდევაც სჯერა.

 

XXI

 

ერთ ალექსანდრეს მეც რომ ვნახავდე,

ვინც ამიხდენდა ორიოდ სურვილს,

მეტყოდა: "კაცო, სად ხარ აქამდე,

მოდი, ჩამოჯექ, მოითქვი სული”,

კოცონზე დამწვან, თუ იმავ დღიდან

საეჭვო კვალზე მნახავენ გავლილს.

შიმშილს გამოჰყავს ნადირი ტყიდან,

კაცს საავკაცოდ შიმშილი გზავნის.

 

XXII

 

ახალგაზრდობის წასვლასაც ვტირი,

ვეძებ, ვერ ვაგნებ კვალს ვერავითარს.

არც ნისლი იდგა... არც ზამთრის პირი...

როგორ წავიდა... საით წავიდა...

ქვეითად? ცხენით? არ გაკრთა ჩრდილიც?

ვერც, რამ ნაფეხურს დავადგი თვალი?

უეცრად გაქრა სისხამი დილით...

პირველმა თოვლმა წაშალა კვალი...

 

XXIII

 

გაქრა. მე დავრჩი. მე, ვაგლახ, დავრჩი.

ვზი საწუთროზე გულანაყარი,

ჩაკორძებული საკუთარ ჯავრში

და შავი, შავი, როგორც მაყვალი.

დამტოვა ყველამ. ვარ უსარგებლო.

მოძმემ მოკეთეს მხარი აუბა.

სწორად იქცევით, ჩემო კარგებო,

რას მოგცემთ მწირის ნათესაობა?

 

XXIV

 

არადა, რაო? ხელს გადავყევი?

სარეცლისა და სუფრის სიამეს?

ჩამოვისესხე დიდი თანხები?

დიდი ქონება გავანიავე?

მშვენივრად იცით, რა მქონდა სახლში, -

წიგნი, სანთელი, საბან-გობანი.

ვინ შევაწუხე ვალით და ვახშით,

ძმა, ნათესავი თუ მეგობარი?

 

XXV

 

კი, ვიტრფიალე, ვისტვინ-ვილექსე,

მაგრამ აწ ბარგი უკანვე მომაქვს,

რა ეშუშპრება ტრფობის ბილიკზე

ცარიელ გულს და ცარიელ სტომაქს.

მათ შევატოვე გაწამაწია,

სასიყვარულო ჯავრი და შფოთი,

ვინც დილიდანვე სმა-ჭამაშია,

რამეთუ ცეკვა მუცლიდან მოდის.

 

XXVI

 

ღმერთო, სწავლისთვის გული დამედო,

ხომ მექნებოდა მეც ზოგ-ზოგივით

საკუთრად, არა საუცაბედოდ,

თბილი ჭერი და რბილი ლოგინი.

"ქუჩას, ცუდ ბიჭებს თავი არიდე”,

რამდენჯერ მითხრეს ხვეწნა-მუდარით.

ვწერ და მხარსუკან დგას სიღარიბედ

იმ დროის მთელი ნაცუღლუტარი.

 

XXVII

 

ბრძნულ შეგონებას: "ჰე, ვიდრე ყრმა ხარ,

იხარე, დატკბი, ორი დღეცა და -”,

თავში ჩავხედე, ბოლოში აღარ,

ისე გავიგე, როგორც მეწადა.

დაგზაშარაობ, დადიხარ სტვენით,

საქმე კი, ვაგლახ, აღარ ესწრება,

"რამეთუ სიყრმე”, განაგრძობს ბრძენი,

"ცთომილებაა და უმეცრება”.

 

XXVIII

 

და გაქრნენ დღენი ისევე მალად,

როგორც ქრებიან ბეწვები სელის,

როცა ქსოვილზე ანთებულ ჩალას

გადაატარებს ფეიქრის ხელი.

კიდევ ცოტაც და გავშლი პურ-მარილს,

ერთად დასხდებით მქებელ-მგმობელი,

კარზე მომდგარა დიდი მკურნალი,

ყველა ტკივილის გამაქრობელი.

 

XXIX

 

გამქრალან ძველი დარდიმანდებიც,

ვინც ასპარეზი გუშინ დამითმო.

სად ბრძანდებით და როგორ ბრძანდებით,

ჩემო ნიმუშნო და მაგალითნო?

სიამეს მგვრიდა თქვენი დანახვა,

სიტყვაც, სიმღერაც, სუფრაც, ყალიაც,

სასუფეველი - თუ აღარა ხართ,

ეჰ, იხსენ, ღმერთო, ვინც ცოცხალია...

 

XXX

 

ვიეთნი იქცნენ დიდ-დიდ მეტრებად,

ან სწავლულები გახდნენ ღრმათაღრმა,

ვინ ქუჩა-ქუჩა დაეხეტება

და თუ პურს ხედავს, - დახლის გადაღმა.

ვინ ბერად შედგა და შარტრელია,

სხვისი ცოდვის და მადლის ამწყველი,

კრაგებს ატარებს მაღალყელიანს,

ვით მარჩხობებში მეხამანწკენი.

 

XXXI

 

თუმცა რომელი ვგავართ ქერუბინს!

მოგვეც, უფალო, ვისაც რა გვიჭირს,

მწირებს მწირობის, ბერებს ბერობის,

ბრძენებს ბრძენობის ძალა და ნიჭი!

ვინც ჩემნაირი უპოვარია,

იუპოვროს და იღბალს ემდუროს...

მდიდრები? გმადლობთ, კარგად არიან.

ვერაფერს ვამჩნევ სასაყვედუროს.

 

XXXII

 

მე შენ გეტყვი და აკლიათ ლუკმა,

მე შენ გეტყვი და აკლიათ მადა,

ჭამენ საჭმელებს ნუგბარს და ნუგბარს,

ზედ აყოლებენ ღვინოს და ბადაგს.

რად მიჰბაძავენ ქვისმთლელებს ვითომ,

საწყლებს, რომელნიც ნაოფლარს ჭამენ,

მწდეც არ სჭირდებათ, ისხამენ თვითონ,

ჩამოსასხმელი თუ ექნათ რამე.

 

XXIII

 

სად გავუტიე! ალბათ სირცხვილით

დაიწვებოდა სხვა ჩემს ადგილას,

მე, ყველასაგან განსაკიცხველი,

არა, მსაჯულად ვინ დამადგინა!

ვკრეფ მოუკრეფავს! უაზროს მივსტვენ!

ვინ ვარ და რა ვარ, შტერი თუ ქამი?

კურთხეულ იყოს იესო ქრისტე,

ის, რაც დავწერე, დავწერე, ამინ.

 

XXXIV

 

მაინც შევეშვათ უამურ სათქმელს

და საღუღუნოდ მივუსხდეთ ბუხარს,

მავანს არ უყვარს, სიმართლით დატკბეს,

მავანს ლამაზი ამბები უყვარს,

სიღარიბე კი ჩამოჰგავს ამბოხს,

ლამაზ ნათქვამზე კვერს არ დაგიკრავს,

თუ რამეს ამბობს, უკუღმართს ამბობს,

თუ არას ამბობს, მალავს ნაფიქრალს.

 

XXXV

 

მეც ღარიბი ვარ გაჩენის დღიდან,

ღარიბ-ღატაკი და მდაბიორი.

პაპაც და მამაც... წვითა და გვითა...

შინ კი მეტ წილად - გროში, ფიორი...

არც წინაპრები იყვნენ მდიდრები

- ღმერთო, აცხონე ხალხი კეთილი! -

არვის უნახავს გვირგვინ სკიპტრები

მათ აკლდამებზე ამოკვეთილი.

 

XXVI

 

როცა დავტირი ჩემს სიღარიბეს,

,,კაცო, გამაგრდი, ნუ დაყრი ფარ-ხმალს

დიდი ამბავი”, გული მარიგებს,

,,თუ ჟაკ კერივით მდიდარი არ ხარ.

სიტუტუცეა მაგაზე ჯავრი,

რა გირჩევნია, დაფიქრდი, ბრიყვო,

იყო ბოგანო, სიპ ქვაზე მჯდარი,

თუ სიპქვეშ მწოლი თავადი იყო?”

 

XXVII

 

იფ-იფ, თავადი? მართლა თავადი?

კაი მაძღრისად ნათავადარი?

დავითის სიტყვით, რა შეღავათი,

თუ ვერ განიბრძნო, ახლა სად არი!

მე რა? ზერელე ცდის ხასიათი

აქვს ამ საკითხთან ჩემს შეჩეხებას,

ღვთისმეტყველებმა გაჭრან წყვდიადი,

მე, როგორც ცოდვილს, ეგ არ მეხება.

 

  XXXVIII

ჩემთვის, მარტივად ვაკეთებ დასკვნას,

რომ ანგელოზის ძე არ ვბრძანდები,

ვინც დიადემად ატარებს ვარსკვლავს,

ან თავზე ადგას შარავანდედი.

მამა ცაშია, წევს თავის ლოდქვეშ,

დედასაც ელის სამარის წილი,

იცის საწყალმა, რომ უნდა მოკვდეს...

ჰოდა, სხვა რაღა? მოკვდება შვილიც.

 

XXXIX

 

წინ გვიდევს ყველას ეგ ზღვარი: ჯვარი!---

კეთილს თუ ბოროტს, მაღალს თუ მდაბალს,

ლამაზ თუ უშნოს, მდიდარს თუ ღარიბს,

ჭკვიანს თუ სულელს, მამაც თუ ჯაბანს,

ქალებს ატურით, ქალებს ბურლეთი,

ამაყ ბანოვანს, გოგოს ეშხიანს...

ყველა ერთნი ვართ.... ყველა სულერთნი

მხოლოდ ვალია... მხოლოდ სესხია

 

XL

 

კვდება ელენეც, კვდება პარისიც,

მივდივართ ტანჯვით, ხროტინით კუნჩხვით,

ხშირდება სუნთქვა, მაჯა არ ისმის

სკდება ნაღველი და წვეთავს გულში

თან ხვითქი, ღმერთო, როგორი ხვითქი!

რა ელის კიდევ არ იცის კაცმა.

მარტო პირისპირ, შევრჩებით სიკვდილს.

რისი ცოლ-შვილი! რომელი და-ძმა!

 

XLI

 

წუთით და, უცებ, აღარაფერი!

დგას თვისტომი და ხელს ვეღარ ახებს,

თვალებს გადმოყრილს, მყესებს დაბერილს,

წვეტიან ცხვირს და მორღვეულ სახეს.

ქალის სხეულო, ნაზო, სათუთო,

ნუთუ შენც ამას გიმზადებს ბედი?

ჰო, ან არადა სძლიე საწუთროს,

სასუფეველში ცოცხალი შედი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ფრანსუა ვიიონის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ