თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
|
„ნუ მიელტვი უკვდავებას, კეთილო სულო, იმას შეეჭიდე, რასაც მოერევი“. პინდარე, პითიური სიმღერები.
თრთის სახურავი, გოგმანებენ სადაც მტრედები, საფლავებსა და ფიჭვებს შორის რომ ვიხედები; ო, ჭეშმარიტად შექმნილი ხარ შუადღის ხანძრით, რომ იბადები, ზღვაო, ზღვაო, კვლავ და ხელახლა! ხანგრძლივი ფიქრის ჯილდო არის, რომ დამენახა და რომ ღმერთების მდუმარებას ვუმზერდე ხანგრძლივ!
ნთქავს იგი ქაფის უხილავ და ურიცხვ ბრილიანტს, მოჩვენებითმა მყუდროებამ დაიდო ბინა! მზე უფსკრულს ჩადის, რომ გზა ისევ განვლოს წრიული, იქაა წმინდა დასაბამი მარადიულის, ახლა სიზმარი არის ცოდნა და ჟამი ბრწყინავს.
ზღუდევ სიმშვიდის და სიცხადევ უზარმაზარო, წყალო პირქუშო, ქედმაღალო, მალავ ამიტომ ცეცხლის ბურუსში ამდენ სიზმარს, ამდენ ზმანებას, სულის შენობავ, მდგარო სულის დასავანებლად, მზის სახურავო და ათასო ოქროს კრამიტო!
მე აქ ვმაღლდები და ვეჩვევი შენს სამლოცველოს, მოქცეულია ჩემს მზერაში აქ ყველაფერი, ვით უზენაეს ღმერთებისთვის შეწირულ ზვარაკს, მბრძანებლის ღიმილს ამპარტავნულს, რომელიც ფარავს სივრცეს, კაშკაშა ზღვის ტალღებზე ვხედავ გაფენილს.
და ამ გაქრობას ნეტარებად აქცევს ნაყოფი პირში, სად მისი სილამაზის კვდომა ცხადია, მომავლის კვამლით ისე ვსუნთქავ, მისი უღელი მძიმედ მაწვება და დაქანცულ სულს ცა უმღერის გუგუნით, რომ ეს ნაპირები ცვალებადია.
უსაქმურობა, სიამაყე და სითავხედე მე დავთმე, თუმცა იგი დღემდე იყო ძლიერი, ვნებდები სივრცის ბრწყინვალებას და ჩემი ჩრდილი მიცვალებულთა აკლდამებზე გადადის ფრთხილი და თავის რწევით და ფარფატით მათვინიერებს.
მართლმსაჯულებავ, შენ მოგელტვი, რადგან სინათლის იარაღი ხარ, შენ არ იცი უკანდახევა! მაგრამ შეხედე ახლა შენს თავს!.. რად ვაპირებდი შენთვის სამყოფი მომენახა თავდაპირველი, თუკი სინათლეს მოდგომია ჩრდილი ნახევრად
სულ გულთან ახლოს ყოფილა და უპოემოა, წმინდა ცხადში და უდაბნოში ყურს ვუგდებ ექოდ დარხეულს ჩემი სიდიადის ძახილს შინაგანს, ჩემი სხეული ბნელ ჭურჭელში რომ შეინახავს და სულში მუდამ მომავალი რომ უნდა რეკოს!
იცი თუ არა, ზღვას კიდეებს როდესაც უღრღნი, რომ თვალს მიბრმავებს იდუმალი ულაპლაპესი, ან სიკვდილისკენ ვინ მეწევა, ვისი სხეული, ამ მიწას შუბლი რომ დავადო ძვლებადქცეული და ჩემს გარდაცვლილთ რად მახსენებს შუქი ნაპერწკლის?
სინათლისათვის შეწირულო მიწის ფრაგმენტო, მე მიყვარს, როცა ბატონობა რჩებათ ჩირაღდნებს, ბნელი ხეების, ქვის და ოქროს ერთი სხეული, სად ურიცხვ ჩრდილში მარმარილო თრთის დარწეული და საფლავებზე სად ერთგული ზღვა იბინადრებს!
მსურს, ვცე თაყვანი მარტოსულმა, ღიმილი მწყემსის რომ დამთამაშებს და ვაძოვებ ცხვრებს მისტერიულს - საფლავის ქვების ამ თეთრსა და უწყინარ ფარას... ანგელოსებო ფუჭი ფიქრის, გაფრინდით ჩქარა, ფრთხილ მტრედებივით მსურს სივრცეებს რომ შეერიოთ!
ხრავს გვალვის მწერი, ფუსფუსია და განცხრომაა, იშლება, იწვის, შრება ირგვლივ, რაც არ დამშრალა, არ ვიცი-მეთქი, რას ნათლავენ ულმობელ არსად, არყოფნით მთვრალი ეს ცხოვრება თავდება არსად, ნათელი არის გონება და ტკბილი - სამსალა.
და აშრობს იმათ საიდუმლოს და თავის ქალას, აქ კი უძრავი შუადღეა და მზის სტუმრობა, გაქვავებული წუხს და ფიქრობს თავისთვის უფრო... დამძიმებული დიადემით სრულქმნილო შუბლო, მე შენში მხოლოდ ცვალებადი საიდუმლო ვარ.
სინანულისა, ეჭვებისა და ვარამისა ძალუძს დამსხვრევა ალმოდებულ შენს დიად ალმასს... მარმარილოთი დამძიმებულ ბნელში დაგენდნენ და შენი მხარე დაიჭირა ბოლოს აგრეთვე ხეთა ფესვებში ბინადარმა უცნობმა ხალხმა.
თიხამ წითელმა შეისრუტა თეთრი თაობა. მაგრამ ყვავილად აღმოცენდა სიცოცხლის მადლი! სად არის მათი ის სიტყვები ჩვეულებრივი, სად არის სული დაღდასმული ხელოვნებისთვის? ინასკვებოდა სადაც ცრემლი, დაღოღავს მატლი.
და ქუთუთოებს დასველებულს, კბილებს და თვალებს, მკერდს თვალისწარმტაცს, ალმოდებულს, აღგზნებულს, თამამს, სისხლიან ბაგეთ დანებებულ ბაგეთა თრთოლვას და კიდევ ჯილდოს უკანასკნელს ― თითების ბრძოლას, მიწა იბრუნებს, როგორც ფერხულს და როგორც თამაშს!
გწამთ, რომ ოცნებას არ ექნება ფერი სიცრუის და რომ თვალები ცხადს და ოქროს არ გააღმერთებს? კიდევ იმღერებთ, როცა ორთქლად ზეცაში წახვალთ? სხლტება ყოველი! ჩვენ აქა ვართ? ვარსებობთ ახლა? მოუთმენლობა უწმინდესი კვდება, აგრეთვე!
ნუგეშისმცემელს და დადაფნულს შეუდარებლად, სიკვდილი აქცევს დედის მკერდად, რადგან ტკბილია ვწოვდეთ სასურველ ვერაგობას, ლამაზ სიცრუეს! თავს, ამ საკენკით რომ მოტყუვდეს, ვინც აიძულებს, ის ცარიელი თავის ქალის ყრუ სიცილია!
მიწად ქცეულნო, ტვირთი გაწევთ ვეებერთელა, თქვენი დუმილი თქვენს ნაბიჯებს გაუფატრია, ნამდვილი მატლი მანდ არ არის, არ სძინავს ლოდქვეშ, ცოცხლობს სიცოცხლით და არ უნდა, რომ ლოდქვეშ მოკვდეს, არ მიგვატოვებს, აქაური ჩვენი მატლია!
ჩემი კბილია თუ მახლობლის, რო მიწყებს ქავილს? ყველა სახელი გამოდგება, ყველა ღირსია! ხედავს და ფიქრობს, სურს და ღელავს, სურს და დაეძებს! ვეძვირფასები და ეხება ის ჩემს სარეცელს, სიცოცხლე ცოცხალს ეკუთვნის და მხოლოდ მისია!
ფრთოსანი ისრით მაგრძნობინე სიკვდილის სუნთქვა, რომ მოფრინავს და არ მოფრინავს, აი, იმ ისრით! მე ბგერა მშობს და გული ისრით გაგლეჯილია! აჰ! მზე ანათებს... სულს რომ ჩრდილავს, ეს კუს ჩრდილია, ხოლო აქილევსს აუძრავებს ნაბიჯი მისი!
სხეულო! აღსდექ და ჭურჭელი ფიქრის დალეწე! ქარს შეხვდი შობილს, ჩემო მკერდო, დასალეწავად! და ის სიგრილე, აქ რომ ზღვიდან გადმოინთხევა, სულს მოგიბრუნებს... ის სტიქიის მლაშე სითხეა! ზღვისკენ გაიქეც! ზღვამ შენს სხეულს სული შთაბერა!
შენი სხეული გაწოლილი, როგორც ავაზა, თითქოს ურიცხვი და ურიცხვი ზღვის ბომონია, ჰიდრავ, ცისფერი მაგ სხეულით მთვრალო, შენია გაბრწყინებული კუდი, დღეს რომ დაგიკბენია და ფორიაქში, რომ სიჩუმის მსგავსი მგონია,
წიგნს მიკეცავს და მიშლის ქარის აგუგუნება, ზვირთი კლდეებზე ილეწება ამპარტავანი! ფურცლებო! შუქი რომ გეცემათ მაგ ბრმა თვალებზე, გაფრინდით-მეთქი! კლდეს შემსკდარო ტალღავ, დალეწე, სადაც ანძები მეგობრობენ, იმ ზღვის თავანი! |
















