მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1429 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დედამიწის რობაი

 

დედა დავარქვით... დედასავით  გვზრდის და  ტრიალებს,

მაგრამ არ გვიყვარს ორგულ შვილებს - ადამიანებს...

და  იმ ერთადერთს არ ვპატრონობთ, არ ვუფრთხილდებით,

რაც გვაცოცხლებს და საფლავითაც გვაერთიანებს...

 

გამცემის რობაი

 

მოციქულები - გულმხურვალე  უფლისკაცები,

სიკეთისათვის  წამებულნი, ნაგვემ-ნაცემნი...

ერთგულება და სიყვარული სადაც ივანებს, -

იუდასავით იქვე არის ერთი გამცემიც...

 

ვირთხების რობაი

 

ბევრი ვირთხაა, - გიპასუხებ თუ მეკითხები,

ვირთხა-მეგობრებს, როგორ ვუძღვნა ხოტბის სიტყვები...

როდესაც გემი იძირება, გამიგონია, -

თურმე გარბიან ტრიუმიდან სწრაფად ვირთხები...

 

დაფიქრების რობაი

 

ირგვლივ რაც ხდება კლოუნადა, ნამდვილი ცირკი,

ამჯერად უფრო მაფიქრებს და ნაკლებად მიკვირს...

სულით ბრმა ვეღარ დაინახავს ნამდვილ სიკეთეს, -

ვინც სათნოებას სთესავს, ხშირად სიძულვილს იმკის...

 

საყვედურის რობაი

 

გლეხი არა ვარ, რომ მოგენდო სახნის-საკვეთო,

არც საქმოსანი -  სეიფებში ფული  ჩავკეტო...

ვინც მსაყვედურობს, წერა-კითხვას ავუტანივარ,

ვერ  მეუბნება, უკეთესი რა  გავაკეთო...

 

დანაშაულის რობაი

 

სიკეთის ნიღბით... სავალალოდ, მისი სახელით

ქვეყნად აყვავდა ბოროტება, როგორც ძახველი...

საშიშია და არანაკლებ დამნაშავეა,

კრიმინალების მფარველი და თანამზრახველი...

 

ვედრების რობაი

 

მტერსაც ეს უნდა, დაგვშალოს და კვლავ იბატონოს,

როგორც სჩვევია, უსაფუძვლოდ გვტანჯოს, დაგვტოროს...

უფალო, შენ ხარ ერთადერთი ჩვენი პატრონი

და გევედრები, ლაბირინთში არ მიგვატოვო...

 

სიბრძნის რობაი

 

ჩასაფრებული  არაკაცი  მუდამ  ქილიკებს,

პირში გიღიმის და გინაღმავს გზა  და ბილიკებს...

მტრის გამრავლება  არ მოითხოვს ჭკუა-გონებას, -

ბრძენი მაშინ ხარ, თუკი მტერი  შემოირიგე...

 

სიმართლის რობაი

 

ვეღარ დამალავ ბოროტებას, როგორც ხალთაში

შუბს... ორატორიც ვერ გახდები ბრძენი ფარტაზი...

სიმართლეს ვერსად გაექცევი, თანაც გახსოვდეს, -

გაქცეულს მხოლოდ ერთი გზა აქვს, მდევარს - ათასი...

 

სახელის რობაი 1

 

მხოლოდ მართალი ცხოვრებით და თმენა-სიდინჯით,

თანდათანობით ყალიბდება ნაღდი იმიჯი...

ისე ჭირდება ადამიანს კარგი სახელი,

როგორც სახლს მყარი ბალავერი, ანდა ხიმინჯი.

 

სახელის რობაი 2

 

მართალი კაცის სინდისი და ჭკუა-გონება,

უსამართლობა-ბოროტებას არ ემონება...

გქონდეს ქონება და არ დაგრჩეს ქვეყნად სახელი,

დაიმახსოვრე, ეს ცხოვრება ნუ გეგონება...

 

ფიცის რობაი

 

ექიმი ჰქვია და ბუნებით არის ჯალათი,

იმ განსხვავებით, ტანზე მოსავს თეთრი ხალათი...

სამწუხაროა, ერთგულების ფიცი კი არა, -

ჰიპოკრატესთან დაუდია ფიცი ღალატის...

 

ორმოს რობაი

 

დრო მკურნალია... თუმცა მრავალ "ურწმუნო თომას’’,

ვეღარ უშველა უებარმა წამალმა - დრომაც...

ვინც ირჯება და მონდომებით სხვას უთხრის ორმოს, -

უმჯობესია, ამოთხაროს თავისი ზომა...

 

ფულის რობაი

 

მრავალისათვის ფული გახდა რწმენაც და ღმერთიც,

ხელის ჭუჭყია, - ბევრი ამბობს, მოიცათ ერთი...

არც გაფხეკილი კაცი ვარგა, არც ფულის მონა, -

სჯობს გქონდეს ფული, რა თქმა უნდა, ცოტაზე - მეტი...

 

სიყვარულის რობაი

 

თუმცა ბევრია საფიქრალი და საწუხარი,

მაინც ყოველდღე გახსოვდეს და შენ თავს უთხარი:

მთავარი არის, სიყვარული აღარ  ჩაგვიქრეს

და  სამუდამოდ გიზგიზებდეს გულის ბუხარი...

 

პოეზიის რობაი

 

ვინც ურჩია და პოეტების ნაღდი გვარ-ტომის,

მხოლოდ ღმერთია ერთადერთი მათი პატრონი...

გავიმეორებ, - პოეზია არის სიშმაგე,

ოღონდ ღვთიური, - რასაც ამბობს ბრძენი პლატონი...

 

დოქისს და ჩიტის რობაი

 

მითხარი, დოქში რა გინდოდა პატარა ჩიტო.

იქ ნახე ბუდე, გიპოვია ნანატრი სითბოც,

იქნებ სული ხარ, გულალალი ძველი მეთუნის

ვინც თიხის მადლი უკვდავყო და თიხაა თვითონ.

 

ცრემლის რობაი

 

ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი, -

მეც შენი ერთი შეგირდი ვარ და  მეგობარი... 

მთავარი არის სიტყვითა და ლექსით იცოცხლო

და  ცრემლიანი  დაილიოს  შესანდობარი...

 

დაფიქრების რობაი

 

ირგვლივ რაც ხდება კლოუნადა, ნამდვილი ცირკი,

ამჯერად უფრო მაფიქრებს და ნაკლებად მიკვირს...

სულით ბრმა ვეღარ დაინახავს ნამდვილ სიკეთეს, -

ვინც სათნოებას სთესავს, ხშირად სიძულვილს იმკის...

 

დედის რობაი

 

ჯერაც ბევრი მაქვს მოსაყოლი თქვენთვის ამბავი,

პოეტი ვარ თუ მოგონების ამომხაპავი...

ზამთრისპირია, თავზე მადგას მოხუცი დედა, -

შემომიკეცა მე ჭაღარას თბილი საბანი...

 

სამშობლოს რობაი

 

განგებამ ასე ისურვა და მიბოძა ნება,

რომ პირში გითხრა სათქმელი და შენც იგრძნო შვება:

სამშობლოს თავთან ნურასოდეს გააიგივებ, -

მოკვდავი მიდის... სამშობლო კი - მარადის რჩება...

 

უმადურობის რობაი

 

ღვაწლი, ამაგი, ერთგულება ვის დავუფასეთ

ცოცხლებს?.. სამშობლო გვახსენდება ნადიმ-სუფრაზე...

ჩვენც არაერთი პატრიოტი ისე მოვკალით,

როგორც მხედრებმა ხობისწყალზე მეფე გუბაზი....

 

შემოდგომის რობაი

 

ბრუნავს დრო-ჟამი...შემოდგომაც თავის მსხვერპლს ითხოვს, -

სცვივა ფოთლები... ეპარება სიცივე-სითბოს;

ნახევრად შიშველ ტყეს რომ ვუმზერ, ასე მგონია, -

მიწიერ ცოდვებს იბერტყავენ ხეები თითქოს...

 

დეკორაციის რობაი

 

მავანი ამბობს: ეს ვინ არის, ეს რა კაცია,

კაცი ჰქვია და ამ უბედურს კაბა აცვია...

ბრძენი დავითის მითითებით მე შენ დაგარქვი, -

ნამდვილი კაცის უხეირო დეკორაცია...

 

მოთმინების რობაი

 

აღარ დაკარგო არასოდეს რწმენა, ღირსება,

სამართლიანი ქმედების და განსჯის თვისება...

გვასწავლის ღმერთი, მოთმინება არის მთავარი, -

მაგრამ გვახსოვდეს, მოთმინების კოკაც ივსება...

 

იმედის რობაი

 

ბევრმა ქვეყანა დაივიწყა და ღრმად შეტოპა,

ყველაზე უკეთ გვეხერხება ნგრევა, ყბედობა...

თქმულა: იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ გახსოვდეს,-

გამარჯვებები აღარ მოაქვს უიმედობას...

 

მადლიერების რობაი

 

არ იწუწუნო არასოდეს... შენი ცოდვები

მოინანიე... მოიშორე გულზე ლოდები...

ამ ქვეყანაზე  ცოცხალი რომ დაიარები,

დააფასე და სხვა სიმდიდრეს ნუ  ელოდები...

 

ალადასტურის რობაი

 

დავწურე ჩემი ეზო-კარის ალადასტური,

არც მეგობრების მეშინია, ძმაო, არც სტუმრის...

ბუხრისპირს უყვარს ამ დალოცვილს ტკბილი ღიღინი

და ერთმანეთის სიყვარულის წრფელი დასტური...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ