ერთი გლახაკი კაცი გზაზე მიდოდა და ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდო. დაიწყო გზა-გზა სიარული და გულში ამბობდა:
- ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ჩავალ ქალაქში და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; იმით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად გავყიდი. მერე იმით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად გავყიდი. მერე იმით სახარე ხბოებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, დავთესავ და ავშენდებიო.
ამ გულისთქმაში ურემზე შეშა დადო და ქალაქში გასაყიდად წაიღო.
გზად ერთი ხიდი დახვდა და თქვა: აქ ხარი არ გაივლის, თუ არ შევუძახეო და შესძახა: ჰარიო!
მოუქნია ჯოხი და ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა; ქოთანი გატყდა, ერბო დაიქცა და მისი გულისთქმით გამდიდრება წუთში დასრულდა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი