68
იყვნენ ერთს დაბას მოსახლე ორნი, გლეხნი, სიმდიდრით, საქონლით სწორნი. ორნივე ჭკვიანი, მართალნი, ღვთიანი, კაცნი კეთილნი.
69
ორთავ სამძახლოთ ეჭირათ თვალი, მაგრამ არც ერთსა არ ყვანდა ქალი. სურდათ მათ მოყვრობა, არ ავად მოპყრობა ერთმანერთისა.
70
ყვანდათ ორთავე საცოლოდ ძენი, მომზადებულნი, ჭკვიანი, ბრძენი, მამათა მორჩილნი, დედათა - ვით ჩჩვილნი, ღვთის მორწმუნენი.
71
ამათ მოუხდათ ერთს დღეს ქორწილნი, ორთავ მიეცათ ერთს ღამეს შვილნი: ერთს ვაჟი, ყრმა წული, მეორეს ასული ღმერთმან უბოძათ.
72
მათ ქნეს პირობა, ვთხოთო ღმერთსა, თუ დაიზარდნენ, ვრთოთ ერთმანერთსა. უფალმან ინება, მათ ლოცვის სმინება, დაზარდა დიდნი.
73
იყვნენ ქალ-ყრმანი სახით შვენიერ, მშვიდ, მდაბალ, კეთილ, გულით მეცნიერ, ერთისა ხნისანი, თექვსმეტის წლისანი, ერთად შეზრდილნი.
74
რა ბიჭს დაუწყო გულისთქმამ ბრძოლა, მაიწადინა გოგოსთან წოლა. გოგომ თქვა უარი! უთხრა თი: "ნუ არი ჯერ შენსა გულსა.
75
ჯვარ-დაუწერლად ეგე საქნელი ნუ გჩანს ადვილად, ცოდვა არს ძნელი. ღმერთსა ეწყინება საწოლთ შეგინება უშჯულოებით.
76
აწ რომ დამიწვე და მუცლად ვიღო, ქვეყნად როგორღა ხმა ამოვიღო? თუმცა ვარ საცოლო, შვილი რომ მაყოლო მერმე რაღა ვქნა?!
77
ჩვენ დაგვარქმევენ ბოზთ, მეძავთს, მრუშებს, და ჩვენ შვილებსა ნაბიჭვრებს, ბუშებს; სახელი გატყდების, ქვეყანა ასტყდების ჩვენს საძრახავათ.
78
იტყვიან, რასთვის არ იქორწინეს და წარიმძღვარეს მათ წინაწინ ეს; საქმე ქნეს ურცხვადა, გვირგვინით უკურთხადა შვილი იყოლეს.
79
თუ ვისმე ვეტყვი მე სიტყვებს მკვახებს, ის ფიცხლავ ამას მე წამომძახებს: "მე ვით მკიცხავ, ურცხო, თვით საქმე ჰქენ უცხო, საუნამუსო!
80
გვარი მოსთხარე და ნათესავი; სირცხვილით დასჭერ სუყველას თავი; საქმე ჰქენ კახპური. შენთანა ქალთ პური აღარ ეჭმების!
81
მცირე ხანს თავი ვერ შაინახე, სჯული და მცნება არ დაიმარხე; თავ-დაუჭერლადა, ჯვარ-დაუწერლადა ბუში განაგდე!"
82
მე ეს მაქვს ზითვად და ასე მინდა, შენ მოგიტანო მე თავი წმინდა. მის დროს ვინცა მნახოს, არა რა მე მძრახოს, ურიგო საქმე.
83
სჯობს ქალი მოკვდეს და დაიმარხოს, - ურიგო საქმე არ დაიძრახოს: ქალთ სახელთ გატეხა არს თავთ მეხთ დაჭეხა მშობელთა თვისთა.
84
ნამუსიანად მქცეველი ქალი არს მარგალიტი, ძვირფასი თვალი; უნამუსო ქალი - ქვა ფიქალი, მქრქალი, ქრმის საფლავთ ლოდი.
85
ქალს გასათხოვარს საქმროდ მოწეულს უჯობს სიწმინდე საცმელს ძოწეულს; უწმინდურთა ქალთა ოქრო-ქსოვილთ კალთა დაჰფარავს ვერა.
86
ქალთ დანაშვენებს პირთ კალვა-ხალვა და უმეტესად ფარვა და კრძალვა, თავის მთლად შანახვა, მცნებათა დამარხვა სჯულთა და წესთა.
87
სჯობს მარგალიტსა, ოქროსა, ვერცხლსა, კაცი არ ვარდეს სირცხვილის ცეცხლსა. გთხოვ, არ შემარცხვინო. და შემანახვინო თავი დრომდისა.
88
ქვეყანა დაგმობს ჩვენს დედ-მამათა: "რად დაანებეს თავი ამათა, უდაბურს ჭალასა, ხშირ ბალახ-ჩალასა, არ მოარიდეს!
89
რად არ იცოდენ, არ აქვნდათ იჭვი: თექვსმეტი წლისა გოგო და ბიჭი რომ ერთად შეყარეს ერთმანერთს აყვარეს, ამას იქმოდენ?!"
90
მეხსენ, ნუ გავხდით ჩვენ უბედურად ჩვენს დედ-მამათა, მას საყვედყრად ნუ დავადებთ თავსა, ნუ ვიქთ საქმეს ავსა. მტერთ ნიშთ საგებსა.
91
ოდეს დავსხდებით მეფე-დედოფლად, პირზედ დაგვესხმის ჩვენ ჭირის ოფლად, თავთა შერცხვენითა, არ ჩვენ მოლხენითა გვექნების სხდომა.
92
დედ-მამა გვეტყვის: "რად შეგვარცხვინეთ? ქვეყანას თავი დააძრახვინეთ. რასთვის მაიპარეთ თქვენ არ დაიფარეთ ქალწულებანი?"
93
მე, შენს საცოლოს, შენს შესართავსა, ნუ იქ, სირცხვილით ნუ მამჭრი თავსა! სჯობს, გამომჭრა ყელი და არ მახლო ხელი ჯერ საიმისოდ.
94
თუ შენ მე გამხდი სასაცილოდა, მე მოგიკვდები უსაცილოდა. შენ წაიშენ თავსა, ტანთ ჩაიცვამ შავსა შეიქ ნანვასა!"
95
ბიჭმან არ უგდო გოგოს თქმულს ყური, სიტყვა შეწმასნა მან ეშმაკური. ჰრქვა: "ჯვარის დაწერა არცადა ჩანს ჯერა, მოვიცდი ვერა.
96
ბებია მოკვდა, პაპაც მიკვდება, მით ჩვენ ქორწილი გვიგვიანდება. მოწყენით არიან, არავის სცალიან ჩვენს საქორწილოდ.
97
მართალს მოგითხრობ, მე ვერ მოვითმენ; შენ მალე დაგთმობ, თუ არ მომისმენ! შენ ქალი ხარ წმინდა, მოლოზნობა გინდა, მე სხვას მოვნახავ!"
98
ბიჭი შემოსწყრა, წავიდა განგებ: თქვა, შეშინდესო ეს გოგო აგებ. სხვის გოგოს სტუმრობით, თამაშით, ხუმრობით აჩვენა თავი.
99
გოგომ რა ნახა სხვასთან მისული, ჯავრით ამოხდა მას თითქმის სული. მეტადრე ეწყინა, გული მას ეტკინა, შეშინდა დიდად.
100
იფიქრა: "ვაი თუ, სხვაზე სცდესო. მისგან ცოლ-ქმრობა ჩვენ წაგვიხდესო; მან სხვა შაიყვაროს, მე გულს გამიყაროს სევდის ლახვარი!
101
ბიჭს უთხრა: "მწადდა, გექნა ღვთის რიდი: შჯულთ უწესურად ქალწულთა ხიდი ჯერ არ დაგეშალა, მცირედ დაგეცალა, და არა ჰქენი.
102
სხვასთან ცოდვაში შენს ჩაგდებასა ესევ სჯობია, ვიქ შენს ნებასა. ჩამოეხსენ სხვასა, მაგით ღვთის რისხვასა ნუ მიიყენებ.
103
რადგან არ იშლი, შენ მატან ძალას. ხვალ ერთად ცხვარი წავასხათ ჭალას. იქ ნება შენია, რაც გინდა ქენია!" დართო ნებანი. |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |