მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1285 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

104

 

შუვაღამ ადგა, გოგომ ილოცა,

ჩოქით მიწაზე მუხლით იცოცა,

მან თქვა: "ღმერთო ჩვენო!

ცოლ-ქმრობის გამჩენო,

შენ გეაჯები!

 

105

 

ღომელმან შექმენ ადამ და ევა,

აბრამს და სარრას მიეც კურთხევა,

ყავ ჩვენზედ წყალობა,

ჩვენი ვაჟ-ქალობა

შენ დაიფარე!

 

106

 

ჩვენც თუმცა მცნება ვერ დავიმარხეთ,

შჯულთ უწესურად ჩვენ განვიძრახეთ

ხვალ ერთად შაქცევა,

შებმა თუ გაქცევა,

ყავ ნება შენი.

 

107

 

უკუთუ ჯერ-არს ესე საქნელად,

ნურას გაგვიხდი საქმესა ძნელად;

შენის მიშვებითა

გვახარე შვებითა

ჩვენ ერთმანერთთან.

 

108

 

უკუეთუ არა ჯერა-არს ესე,

შიში, სირცხვილი ჩვენს გულში თესე;

მცნება არ-მარხული,

ჩვენი განძრახული,

შენ მოგვიშალე".

 

109

 

ბიჭი გულისთქმით გაცხარებული

ადრიან ადგა გახარებული;

ცხვარი გამორეკა,

გოგოს კარს დარეკა,

დრო არს, ადექო!

 

110

 

ოდეს მირეკეს ცხვარი ჭალაკად,

ბიჭმა გახადა გოგო მალაყად.

რა რომ დააღირა

და ქნა დააპირა,

ჩხიკვმა შეყვირა!

 

111

 

ასე შეუკრთო მათ ჩხიკვმან გული,

ნდომა შაექმნათ მათ დაკარგული.

თრთოლით, ცახცახითა,

მოშლილის სახითა

წამოხტნენ ჩქარად.

 

112

 

ცოტას ხანს უკან ნდომას მოვიდნენ,

სხვას ხმელს ფოთლიანს ტყეში შევიდნენ.

იქ ესმათ ძრიალი,

ჩაჩუნი, შრიალი,

ხმელის ფოთლის ხმა.

 

113

 

როგორც უნდოდათ, ვერც იქ შაექცნენ;

კაცი ეგონათ, შაშვთა გაექცნენ.

ის გოგო და ბიჭი,

სადაც იყო ღიჭი,

წავიდნენ, შაძვრენ.

 

114

 

არ დაიხედა მან ნდომით წინა,

საჩქაროდ გოგო წამოაწვინა;

სადაცა ეყარა

მრავლადა ეკალა,

დასცა მაზედა.

 

115

 

საბრალომ გოგომ ტიტველი ნაცი

ზედ დანახივა, სად იყო ქაცვი.

რა რომ ის იტკინა,

გოგომ იმწვიტინა

გამწოებულმან.

 

116

 

ბიჭსა ჰკრა წიხლი, შორს გარდაგორა;

იქ იმ ბიჭს დახვდა ქვეშ ეკლის გორა.

ორთავე ტირილი,

დაიწყეს ყვირილი,

მეტის სიმწოვით.

 

117

 

მუნ თურმე კაცი შეშასა სჭირდა;

ყვირილი ესმა, "თქვა რა გაჭირდა?!"

მივიდა, მან ნახა,

მათ თავსა დასძახა:

"რა გაყვირებსთო?"

 

118

 

მათ ვერა თქვეს რა, ჩავარდათ ენა;

შიშით, სირცხვილით გულს მიხვდათ წყენა.

მან კაცმან რა ნახა,

დაგმო და დასძრახა,

ორნივ დალანძღა!

 

119

 

კაცი უკანვე გაბრუნდა ჩქარა,

ორთავ დასთხოვა დიდი მ უქარა:

"რაც მიგიპარავთო,

ვერ დაგიფარავთო

ქურდობა თქვენი.

 

120

 

თქვენს დედ-მამასთან გკითხავ მაგასო,

ორთავ ეკალი მანდ რამ დაგასო?

თქვენ რადა სძვრებოდით,

მანდ რასა შვრებოდით,

იქ გათქმევინებთ".

 

121

 

მიუგო ბიჭმან: "ეს სჯობს მაგასო,

მე შენ კარგ-გვარად სასმელი გასო;

დაგიდლა ჭედილი,

წინ ვერცხლით ჭედილი

დაგიდგა კულა.

 

122

 

ქრთამად მოგართვა ოქრო და ვერცხლი,

რომ არ მოგვიდვა სირცხვილის ცეცხლი.

აგავსებ ძღვენითა,

ჩვენის შარცხვენითა

შენ რა გერგების?

 

123

 

ის კაცი იყო მათი მოყვარე,

იმავ სოფლისა, არ შორს მოსამძღვრე.

ახლო ნათესავი,

ერთად მხვნელ-მთესავი

განაყოფობით.

 

124

 

გულით უყვარდა ბიჭის მამასა,

მამა ბიჭისა აგრევ კაცს მასა.

მის გამოვისადა

საქმე ქნა ღირსადა

იმ ბიჭისა.

 

125

 

ასე თქვა გულში: ქრთამს რომ დამპირდა,

მოდი გამოვსცდი, ვსცნობ, როგორ ღირდა!

უთხრა: "არ გაგცემო,

თუ რასმე მამცემო";

იამა ბიჭსა.

 

126

 

ბიჭმან დაუკლა მსუქანი ცხვარი,

პური იშოვნა მან გამამცხვარი:

გოზაურით ღვინო,

გულთა საღიღინო

დაუდგა წინა.

 

127

 

მამას მოჰპარა მან ვერცხლის თასი, -

იყო წონითა დანგი ათასი, -

მისცა მას ფასადა,

შენ სთქვაო არსადა

ჩვენი საქმენი.

 

128

 

გაძღა, დაითრო, წამოდგა კაცი,

დალოცა ქაცვი, ტიტველა ნაცი:

"ვინც ეკალზედ დასცი,

ახივე, ზედ აცვი.

ღმერთმან დაგზარდოსთ!

 

129

 

მე დღეს ეკალამ კარგს ბედს შემყარა! -

მღვდელმან აკურთხოს, სადაც ეყარა! -

მას აშოროს ცეცხლი

მაშოვნინა ვერცხლი,

დამათრო ღვინით!

 

130

 

ამ ჯამს წავიღებ, ქალაქს გავყიდი,

კარგა გამივა, თასია დიდი;

ბევრს მამცემენ აბაზს,

ცოლს უყიდი კაბას

შვილთა ჩოხებსა".

 

131

 

აიღო კაცმან ცხვრის ტყავი შავი,

ნარჩომი ხორცი მოუხარშავი,

რაც რომ ედგა წინა,

თქვა: "წავიღებ შინა",

სულ წამოხვეტა.

 

132

 

თქვა: დავპატიჯებ ჩემს მეგობარსა,

ჩემგნით ადვილად არ საგმობარსა;

ამ ბიჭის მამასა

შეუგბობ ამასა,

დაუდგამ წინა".

 

133

 

იპყრა ხელთ კაცმან ის გოზაური,

მან ბიჭმან შექმნა აურზაური:

"თუ კი არ გვინდობო,

ეშმაკობ-ფლიდობო,

ეგ რად მიგაქვსო?"

 

134

 

კაცს წაეკიდნენ გოგო და ბიჭი:

"რად გაჰლექსეო ნაცი და ღიჭი?

ამად დაგქრთამეთო,

გასვით, გაჭამეთო,

რომ დაგეფარა!

 

135

 

რადგან შენ აგრე გამოგვაცხადე,

ეკალზე დაგვსხი, ნაცს წამოგვხადე,

ჩვენ რად მოგცეთ ფასი,

მოგვეც ჩვენი თასი"

კაცს დაეჭიდნენ.

 

136

 

კაცმან თასი არ დაანება;

მათ კაცს დაუწყეს ლანძღვა გინება.

ბიჭს ჯოხი უცხუნა,

სისხლით უთხუნა

თავი და პირი.

 

137

 

ბიჭი მოჩივრად გაგზავნა წინა,

თვით უკან მიყვა, მივიდა შინა;

დაწვა, დაიძინა,

ადგა, მაიწყინა,

დაჰკიდა თავი

 

138

 

ცოლმან მიუთხრა:"რამ დაგაფიქრა,

შენ შეგემთხვია: ან აქ, ან იქ რა?"

კაცმან თქვა:~მიკვირსო,

სათქმელად მიჭირსო,

რაც ვნახე სიზმრად.

 

139

 

მიცვალებულნი მამა და დედა

ორნივ ჯავრობდენ მე და შენზედა:

შვილმა და რძალმაო

გვტანჯა, გვაწამაო

სიძვირითაო.

 

140

 

აღარ მოგვიგდეს თვალი და ყური,

მათ არ გვაჭამეს ჩვენ ლუკმა პური,

ხმა-მაღლა ყიოდენ,

სიკვდილთან ჩიოდენ,

სამართალს სთხოვდნენ.

 

141

 

განესამართლა მათთვის სიკვდილსა,

ჯერ რძალსა ვჰკითხავთ, მას უკან შვილსა;

იმათ თქვეს საჭმელი,

ანუ თუ სასმელი

რათ დაგიჭირესთ?

 

142

 

მე შავეხვეწე, უთხარ: ნუ სჩივით,

გამოგიგზავნით წყლით, ნავით, ტივით.

სამის დღის ბორჯლითა,

დიდისა სასჯლითა

მძლივ დავეხრწივე.

 

143

 

ამ სამს დღეშია ჩემს დედ-მამასა

ჩვენ თუ არ უზამთ აღაპს, ჭამასა,

წამოვა სიკვდილი,

ცელ-ხმალ ამოწვდილი

შინ მოგვიხდება.

 

144

 

ჯერ შენა გკითხავს მას საკითხავსა:

პასუხს ვერ მისცემ, შენ მოგჭრის თავსა,

მას უკან მე მკითხავს,

ვიმართლებ მე კი თავს,

შენ დაგაბრალებ!"

 

145

 

ცოლმან მიუგო: "შენ საქმეს ვჰკვირობ.

შენ მისთვის სიკვდილს რისთვის მიპირობ?

ცხვარ-ძროხა გყავს ბევრნი,

სავსე ღვინით ქვევრნი,

გიდგს ფქვილი ბეღლით.

 

146

 

რატომ აჩივლებ შენს დედ-მამასა,

რატომ არ უზამ აღაპს, ჭამასა?

მაქვს პური დამცხვარი,

აწ შენ დაკალ ცხვარი,

მოხადე ქვევრსა.

 

147

 

მალე ქენ საქმეს ნუღარ აყენებ,

კარზედ სიკვდილსა ნუ მამაყენებ;

თუ არ კმარა პური,

დამეც შენ დასტური,

მე გამოვაცხობ".

 

148

 

ქმარმან ცოლისა სიტყვა გაკმარა:

"ოცი პური გაქვს, ეგ რასა კმარა!"

ცოლი ადგა ჩქარა,

მან აღარა თქვა რა.

შექნა პურს-ცხობა.

 

149

 

წამოდგა კაცი; რაც რომ ინითა,

ტიკნი დატენა კარგის ღვინითა,

ყვანდა ნაჩუქარი,

კარგად ნასუქარი,

დაკლა ფურ-ბერწი.

 

150

 

ორი ცხრა ცხვარი, ოცი ბატკანი,

გასწყვიტა ბატთ ხმა, ქათამთ კაკანი;

სასმელი, საჭმელი,

სანთელი, საკმელი,

ჩანაწყო ნავში.

 

151

 

მღვდელთ უთხრა: "საქმე მზად დაიჭირეთ,

როცა მოვიდეთ, მაშინა წირეთ".

ჩასხა ნავს ხარჯთანა,

ატანა მას თანა

მზარეულითურთ.

 

152

 

სადაც იმ ბიჭის საქმე მან ნახა,

მის ახლო საყდარს მამა ემარხა;

იქა გაისტუმრა,

ყველა იქ ისტუმრა,

ვინც რომ უნდოდა.

 

153

 

მან დაჰპატიჯა სულ მეზობელთა,

ბიჭის და გოგოს შემქმნელ მშობელთა

მან დაუკრა თავი,

უთხრა: მზათ მაქვს ნავი,

მეწვიენითო.

 

154

 

ბიჭის დედ-მამამ კაცი გალანძღეს,

თქვეს: `მტრის აღაპში ვინ ძაღლი გაძღეს!

შენ მოგვპარე ცხვარი,

პური გამომცხვარი,

ღვინო და თასი.

 

155

 

თასი გთხოეს და შენ არ მიეცი,

შვილსა და სარძლოს ორსავ გვიეცი;

ნაცზედა ეც ღიჭი, ეკლით გოგო-ბიჭი

შენ დაგვიხივე!

 

156

 

ჩვენ ვერ მოვითმენთ გულის ტკივილსა,

ხვალ ჩვენ ვაპირებთ შენზედ ჩივილსა,

არცადა წახვიდე,

უნდა შენ მოხვიდე

სამართალშია!"

 

157

 

კაცმან გონება არ აღაჩქარა,

წინააღმდგომი მან არა თქვა რა,

ჩუმად თავის წინა

გულში გაიცინა

ბიჭის ტყუილზედ.

 

158

 

მან კაცმან უთხრა ბიჭის მამასა:

"გთხოვ ყური უგდო, რაც ვსთქვა, ამასა.

ჯერ ნუ ასჩქარდები,

შენ ნუ გასჯავრდები

გაუშინჯავად.

 

159

 

ყველას მოგითხრობ ჩემის პირითა,

ჭირში ჩავარდი რასაც ჭირითა,

რასაც მიზეზითა,

ან რასაცა გზითა

მე ვქენ ქურდობა.

 

160

 

მე სხვაგა ვიყავ, რა მოველ შინა,

სახლში დამიხვდა მეარავინა.

მე ასე მშიოდა,

რომ გული მტკიოდა.

მეტის შიმშილით.

 

161

 

მე შენს სახლშია სმისა, ჭამისა,

აგრევ ხმარება ჭურჭელ-ჯამისა

მაქვნდა ჩვეულება,

ხშირად წვეულება

გარდამხდომოდა.

 

162

 

წამოველ შენსა, შემოველ შინა,

ავადმყოფ მამას შენსა ეძინა;

მე დამიხვდა შინა

აქაც არავინა

მარტო მის მეტი.

 

163

 

მას გაღვიძება ვერ გაუბედე,

მიველ კიდობნად, უკუვიხედე,

თასსა და სამს პურსა,

საღვინისა ყურსა

დავავლე ხელი.

 

164

 

გამოვიტანე, ჩავდგი ურემში,

შევაბი ხარ, მე წაველ ტყეში;

შეშისა საჭრელად,

ღვინის სმით თვალ-ჭრელად

მიველ ჭალასა.

 

165

 

რა რომე ღვინო თავში შემიჯდა,

პურით რომ გავძეხ, ხორციც მამინდა;

ხორცისა ნდობითა,

ადგომ-დაჯდომითა

ღონე წამერთვა.

 

166

 

მაგ შენს შვილს ყვანდა მუნ საცხოვარი,

მიველ და ვსთხოვე ეს სათხოვარი:

"აგრემც გაგზრდის ღმერთი,"

ნაჭერი მე ერთი

მაჭამე ხორცი!"

 

167

 

გუდა მიჩვენა და ხელსახოცი,

მითხრა:"წაიღე, თუ მაქვნდეს ხორცი".

დაუკარ მას თავი,

მე უთხარ: მაშ, შავი

ჭედილი დავკლათ.

 

168

 

 

ცოტა რომ ჩვენ აქ მწვადად შევიწოთ,

სხვა სულ საღამოს შინა წავიღოთ.

თქვა: ვერ გავბედაო,

მამა და დედაო

გამიწყრებაო!

 

169

 

აღარა ვსთქვი რა, ჩემთვის დავსჩუმდი,

სად შეშას ვსჭრიდი, იქავ გავბრუნდი;

სად სძოვდა ჭედილი,

ხორცით დაყმედილი

წავაწყდი ზედა.

 

170

 

წამოვეპარე, დავავლე ხელი,

მაშინვე დანით გამოვსჭერ ყელი;

რა გავხადე ტყავი,

კაჭკაჭი და ყვავი

სულ ზედ მომატყდა.

 

171

 

რა გამოვშიგნე, ცეცხლი ავანთე,

მწვადი დაუდევ, შენს შვილს მივმართე.

მას უთხარ: წამოდი,

ჩვენა ვსჭამოთ მწოდი;

მითხრა: "ვინ მოგცა?"

 

172

 

გამოუცხადე, არ დაუფარე;

უთხარ: მე შენა ცხვარი მოგპარე,

მწვადი წამოვაგე,

მე მაქვს სანოვაგე,

მოდი შავექცეთ.

 

173

 

შემომიძახა: "რას მეხუმრები,

მე დასაკლავნი სად მყვანდა ცხვრები?"

შექნა მან ტირილი,

თავს ცემა, ყვირილი:

"მამას რა უთხრა?!"

 

174

 

უთხარ: მაგაზე შენ რა გაწუხებს?

მამა-შენს თვით მე გავსცემ პასუხებს.

მივიყვანე, დავსვი,,

ვაჭამე და ვასვი,

განვაძღე კარგა.

 

175

 

როცა დაითრო, აიღო თასი;

მითხრა: "ამ თასში მოგვეც რა ფასი?

ამდენი ქურდობა,

და არ დაუნდობა

შენ არ შეგრჩება".

 

176

 

მე უთხარ: ძმაო, რაც მამიპარავს,

თვალით ჩანს ყველა, არ დამიფარავს.

თუმცა მამეპარა,

მხამდა დამეფარა

შენთვის ესენი.

 

177

 

რაც მე მიუთხარ, არ დამიჯერა,

საცემრად ჯოხი მან მამიღერა!

მით მე ამიჩქარდა,

გული გამიჯავრდა, ვერ მოვითმინე

 

178

 

თასი წავართვი, სახრეც უცხუნე,

თავპირი სისხლით გარდაუთხუნე;

მოეშველა ცოლი,

ჯერ არ თანამწოლი

სჯულიერებით

 

179

 

იმას ნაცზედა დავკარ ეკალი,

უთხარ: შენ რა გრჯის, ჯერ შენ ხარ ქალი,

რად არ გრცხვენიან,

როდისა გშვენიან

ჯერ ეგ საქმენი?!

 

180

 

შენ შვილს მიძახდი, მე მჩანდი მამად,

ამად მოგექეც ასე თამამად.

შენს უკითხავადა

საქმე ვქენ ავადა,

დაგიკალ ცხვარი.

 

181

 

ბევრჯერ მიცოდავს, შენ შეგინდვია,

დიდს საწყენზედაც თავს არ გიდვია;

გთხოვ, ესეც შემინდო

და არა გამყიდო

ცოტას საქმისთვის

 

182

 

უპატიური რაც შვილს გიკადრე,

ბოდიშს მოვიხდი ხვალ დილას ადრე;

გიზღავ მე შენ ცხვარსა,

პურსა გამამცხვარსა,

თასსა და ღვინოს.

 

183

 

აწ წამობრძანდით ნუ მალოდინებთ!

თქვენის გაყრითა ცრემლს ნუ მადინებთ!"

მიუთხრა ტკბილადა:

"ნუ გამხდით წბილადა

თქვენ ამისთვისო".

 

184

 

ბიჭის მამამ თქვა: "დღეს დაგვაცალე,

ჩვენ მოვიფიქრებთ, წამოვალთ ხვალე.

შევიტყობთ მართალსა,

შვილს ვკითხავთ და რძალსა

მაგ შენს ნათქვამსა.

 

185

 

რასაც შენ ამბობ, თუ მართალია,

შენი ყოფილა ჩვენზედ ვალია;

ჩემს შვილს უმტყუვნია,

რაც შენთვის უვნია.

რად არ გისმინა?

 

186

 

ხარიც დაგეკლა, არას გეტყოდი,

თუ არ მიზღვევდი, მე არას გთხოვდი,

არამ თუ შენ ცხვარსა,

პურსა გამომცხვარსა

არ დაგითმობდი.

 

187

 

ეს საქმე ავად მე გამაშინჯეს,

სიმართლის სამძღვარს მათ გადაბიჯეს,

მომითხრეს მრუდადა,

მაჯავრეს ცუდადა,

ამას არ დავსთმობ.

 

188

 

შვილსა და სარძლოს ორსავ გავჯოხავ,

მათის ცემითა გულს მოვიოხავ!

რად არ დაგიჯერეს,

ჯოხი რად გიღერეს,

რად შემოგკადრეს?"

 

189

 

კაცი წამოდგა, დაუკრა თავი.

უთხრა: "რაც გცოდე, თუ შენ ხარ მთნავი,

სუყველა გადადევ,

ნუღარასა დასდევ!

ადექ წავიდეთ.

 

190

 

თუ მათ დალახავ მიზეზით ჩემით,

გული დამეწვის მე მათი ცემით;

რა იცის საკადრი,

ექნების რა ყადრი

კაცისა ყმაწვილს?

 

191

 

მე მისთვის შენს შვილს არას ვემდური, -

არცა რა მაქვს რა მე საყვედური, -

საქმე ვქენ ავადა,

მე ვარ პირშავადა

შენთან და მასთან.

 

192

 

შვილსა და სარძლოს ტკბილად ხმა გაეც,

იქ წამოსვლისა დასტური დაეც;

სარძლოს დედა-მამა,

სადაცა მაქვს ჭამა,

იქ იქნებიან.

 

193

 

თქვენის ჯალაბით, ვითხოვ, მობრძანდეთ,

ამისგან უფრო არ დავგვიანდეთ,

ხვალ მღრდელნი გვიცდიან,

რიგს არ გარდიხდიან,

სანამ არ მივალთ".

 

194

 

ბიჭის მამამა აღარა თქვა რა,

ხელიერთპირად კაცს გაყვნენ ჩქარა;

ნავითა, ტივითა,

კარგის პატივითა

წავიდნენ წყლითა.

 

195

 

მეორეს დღესა ნავით გადახდენ,

მომზადებულნი მათ მღრდლები დახვდნენ;

კაცი მღრდელს გაენდო,

გულშია რაც ედო,

ყველა მიუთხრა.

 

196

 

რაც რომ ენახა გოგო-ბიჭისა,

ეკალზედ გორვა, შერჭმა ღიჭისა,

მალვითა, ფარვითა,

სიტყვისა პარვითა

გამოუცხადა.

 

197

 

მღვდეს შაეხვეწა: "ნუ ეტყვი ერსა,

ნურც მოყვარესა და ნურცა მტერსა,

მარტო შენ იცოდე,

ეს საქმე იცოდვე,

უშველე რამე!

 

198

 

ბიჭის მამასა არა სცალიან;

დედა მოუკვდა, გლოვობს ძალიან.

მამაც ყავს ავადა,

გახდა ძვალ-ტყავადა,

მალე მოკვდების.

 

199

 

რაც მერგებოდა აწ მე ჩემ წილად,

მე დღეს მზათა ვარ მის საქორწილად,

მე მისთვის ვქენ ხარჯი;

რასაც თქვენა გაგრჯი,

მოგართმევ ფასსა.

 

200

 

მე კი ნუ გამცემ, რაც მოგახსენე,

წირვას უკანა თვით განახსენე:

ჩემი არა სთქვა რა;

მოსწრაფებით, ჩქარა

თვით ბრძანეთ სწავლა.

 

201

 

საყდარს წირვაზე შემოკრბებიან,

მათი დედ-მამაც აქ იქნებიან.

ბიჭს, გოგოს მდომარეს,

ერთადა მდგომარეს

ნახავთ თვალითა.

 

202

 

მის დროს უბრძანეთ მათ დედ-მამათა:

"რად ჯვარს არ დასწერთ აწ თქვენ ამათა?"

მიზეზსა იტყვიან,

არისო მით გვიან

მათი ქორწილი.

 

203

 

თუ მოგახსენონ სიმგლოვიარით,

მისად პასუხად თქვენ ეს უთხარით:

"საქმეს ვიქ ამგვარსა,

დღეს დავსწერ მათ ჯვარსა,

შორს ნუ დაიჭერთ".

 

204

 

მღრდელმან მიუგო მას კაცს მოძღვრულებ:

"მაგ შენს საწადელს სულ აღვასრულებ.

ჯერ ჩვენ დაფარვითა,

მალვით, გაპარვითა

ამას ვეცადნეთ;

 

205

 

იქ წავიყვანოთ გოგო და ბიჭი,

სადაც შერჭმიათ ქაცვი და ღიჭი.

იმათაც ვჰკითხავ,

წიგნსაც წაუკითხავ

შეგინებულსა".

 

206

 

კაცმან მიუგო: "აქ მომიცადეთ,

ბიჭს შემოვგზავნი, მას ჰკითხეთ, სცადეთ.

მას უბრძანეთ ყველა,

რაც იმისთვის შველა

გწადიან თქვენა".

 

207

 

კაცმან იდუმალ ბიჭს აცოდინა:

"მღრდელი გიძახის საყდარსა შინა".

ის ბიჭი წავიდა,

საყდარში შავიდა

მარტო მღრდელთანა.

 

208

 

მღრდელმან ბიჭს უთხრა: "მე შენ ბედსა გწევ,

დღეს ჯვარსა დაგწერ, შენს ცოლთან დაწევ".

ბიჭი ხელს ემთხვია,

მუხლსა მოეხვია,

მღრდელს მოახსენა:

 

209

 

"ვით აღსრულდების თქვენი ბრძანება?

ჯერ სამაგისოდ დედ-მამათ ნება

არ ჩანს ჩვენთვისა,

რომე შეგვეთვისა

ჩვენ ერთმანერთი".

 

210

 

მღრდელმან მიუგო: "დედ-მამათ ნებას

მე გამოგიტან, ვამცნებ მათ მცნებას.

შენ შენთვისა იყავ,

პირიცა დაიყავ,

ნურავის ეტყვი.

 

211

 

ნურცა დედასა, ნურცა მამასა,

ნურავის ეტყვი საქმეს ამასა;

შენ ნურაზე სწუხარ,

საცოლოს კი უთხარ

მალვით ყურშია

 

212

 

თქვენ ეს საქმენი ნუ გაქვთ საეჭვოთ!

გაიპარენით, სადაც შაგერჭოთ

ქაცვი და ეკალი;

შენა და ეგ ქალი

ორნივ იქ დამხვდით!

 

213

 

ჯერ თქვენ ლოცვასა იქ წაგიკითხავ,

უნდიხარ თუ არ, ქალსაცა ვკითხავ,

მასუკან კი ვსწირავ;

საქმესა გავპირავ

თქვენს დედ-მამასთან".

 

214

 

როგორც რომ მღრდელმან ბიჭს დააბარა,

ბიჭმა საცოლო მუნ განაპარა.

მღრდელი და ის კაცი,

სად იყო ის ქაცვი, ოთხნივ მუნ შეკრბენ.

 

215

 

ოდეს თქვა მღრდელმან, ურთხეულ-ა-ა-არს",

კაცს გაეცინა, მღრდელმან თქვა: "რა არს?

რა მწამე შენ ცილი;

რადა გაქვს სიცილი,

რა მაინახე?"

 

216

 

კაცმან მიუგო: "ვით აღუთქვენი,

ამ ალაგს მიხვდა კურთხევა თქვენი,

იყო დალოცვილი;

გამახსენდა, სიცილი

მით მომივიდა".

 

217

 

როცა რომ მღრდელმან ჩამოილოცა,

ბიჭსა და გოგოს ბრძანება მოსცა;

უთხრა: "წადით ფარვით,

წირვას დაესწარით

ორნივ ერთადა.

 

218

 

თქვენს დედ-მამასთან საქმესა თქვენსა,

მე გავარიგებ სუყველას დღესა~.

ბიჭი, გოგო ჩქარა,

მღრდელი, კაცი წყნარა

წავიდნენ საყდარს.

 

219

 

ბიჭმან გზაზედა გოგოს მიუთხრა:

"ჩვენ ხომ გვირგვინი, მღვდელმან გვიკურთხა,

წავიდეთ ჭალასა,

უკუვსძვრეთ ჩალასა, წირვას რას დავდევთ?"

 

220

 

გოგომ მიუგო: "რადა ხარ ბრიყვი?

"რას დავდევთ წირვა" მაგას რად იტყვი?

რამან გაგასტერა,

შეიტყევ შენ ვერა

რაცა ქნა მღრდელმან?

 

221

 

წიგნი უკითხა ჩვენს ქაცვზედ ხევას,

შენ მას უძახი გვირგვინთ კურთხევას?!"

- შორს დაუჭირა.

მაჯა დაუჭირა

ბიჭმა გოგოსა.

 

222

 

გოგომ უხრინკა, ხელიდან დასძვრა,

ხელ-ფეხიანად მან ტანი დაძრა,

უკან გამოექცა,

მღრდელს ფეხთ ქვეშ მოექცა,

ესრეთ მიუთხრა:

 

223

 

"იმ ბიჭს ეგონა, ჯვარი დაგვწერე,

ბევრი მიუთხრ, ვერ დავაჯერე:

დამეჭიდა ძალად,

მიმათრევდა ჭალად,

მე გამოვექეც!"

 

224

 

მღრდელმა სიცილით გოგოს ჰრქვა: "წადი,

მალე იქნების, რისაც ხართ მწადი!

ნუ გეშინიანო,

არ არის გვიანო,

ეს საქმე თქვენი!"

 

225

 

მივიდა, მღდელმან ზარებს დარეკა

ყოველი ერი საყდარს შარეკა;

წირვა ისმინეთო,

დგომა ითმინეთო,

გარეთ ნუ დასდით!

 

226

 

როდესაც რომე მღვდელთ ჟამი წირეს,

კვლავ ქადაგებას მოყვნენ, გაპირეს;

იწყეს იგავადა,

არა იგ ავადა

დედ-მამათ ჰკითხეს:

 

227

 

"ერთს უდაბურსა მთასა, ღელეში

მშიერსა მგელსა წინ ედვას ლეში,

იქნების, დაინდოს

და პირი არ ჰკიდოს?"

მათა თქვეს:"არა!"

 

228

 

აგზებულს ცეცხლზედ რომ თივა იდოს,

მორჩების, რომე არ წაეკიდოს

სახმილს მგზებარესა,

თივას მდებარესა?"

თქვეს: - "არ მოარჩენს?!"

 

229

 

მღრდელმან მიუგო: თუ ეგ კი იცით,

თქვენ რად არა ხართ სშჯულის სიმტკიცით?

რად თავსა არ იდებთ,

და არა არიდებთ?

გოგოებს ბიჭებს?

 

230

 

მინდვრად, მთად, ჭალად ერთად დადიან,

ვინ იცის, თუ რას ცოდვას ჩადიან,

გარჩეულსა სჯულსა

რად ხდით დახვანჯულსა

და არას ნაღვლობთ?!

 

231

 

დროთ მოსულს ქალ-ვაჟთ რაღას აყოვნებთ,

რად ჯვარს არა სწერთ, აწ რად აღონებთ?

რასათვის წაახდენთ,

სჯულთა გადაახდენთ,

არა გჩანსთ ცოდვად?

 

232

 

რად ემსგავსებით ქისტსა და დიდოს,

კერპთა მსახურთა, სჯულით უწმინდოს?

უშიშრად, ურცხვადა,

გვირგვინთ უკურთხადა

ცოლ-ქრმობას შვრებით".

 

233

 

ბიჭის მამამ ჰრქვა: საქმე ამგვარი

ჩვენ მოგვიხდაო, მისთვის მათ ჯვარი

ვეღარ დავსწერეთო:

შავი შავკერეთო;

ვართ მგლოვიარე.

 

234

 

დედა მომიკვდა, მამა სულზედა

მიძეს და ვსტირი მუდამ სულ ზედა.

წინ მიდგას გუბენი,

მაქვს კალთა-უბენი,

ცრემლით დამპალი!

 

235

 

სევდით გონება მაქვს დაკარგული,

ჭირში ვარ, ლხინსა არ მაძლევს გული;

ამისთვის დამდგარა

და აღარ მამხდარა

მათი ქორწილი".

 

236

 

მღრდელმან მიუგო: "ჯვარის დაწერას

უქორწილობა მოუშლის ვერას.

დღეს დავსწერ მათ ჯავრსა,

მოგარჩენ მათ ჯვარსა,

ადროეთ ქორწილს.

 

237

 

დღევანდელს ქორწილს ეს კაცი ცდილობს,

რომ დაულახავს, ბოდიშსა ხდილობს,

მზათა აქვს მას ხარჯი,

თავისი ნახარჯი,

შემოსაწევრად".

 

238

 

ბიჭის მამამ თქვა: "ამ საქმეს ვკვირობთ,

ვერ გაგვიგია, როგორ აპირობთ;

ჩვენ თუმცა გვეთნება,

ვასრულოთ თქვენთ ნება,

როგორ მოხდება?

 

239

 

მას მასპინძლობა აქვს აღაპური,

აწ გადარჩების მას რაღა პური,

რომ მისის ხარჯითა,

მოყრულებ გარჯითა

ჩვენ ის გავსარჯოთ?"

 

240

 

იმ კაცმან უთხრა ბიჭის მამასა:

"ოღონც ნუ მოშლი საქმეს ამასა,

აღაპსა, ჭამასა

მე უზამ მამასა

მასუკან, სხვა დროს".

 

241

 

დაიყოლივეს, დართო ნებანი,

შვილს დაულოცა ქორწინებანი...

რა დასწერეს ჯვარი.

კაცთა, ქალთა ჯარი

შეკრბენ ქორწილად.

 

242

 

მის დროს იმ კაცის ცოლი ატირდა;

"რა ატირებსო?" - ერი გაჰკვირდა!

მღრდელმან იმ კაცს ჰკითხა.

გალანძღა, გაკიცხა,

რადა სცემეო?

 

243

 

კაცმა შეფიცა:"არ მიცემია,

მიმოწმებია, რაც აქ თემია!

თქვენ ჰკითხეთ ყველასა,

თვით ჩემს ცოლ ლელასა,

თუ მისთვის მეცეს".

 

244

 

მღრდელმან მიუგო: "თუ არ გიცია,

რაზედაც ტირის, მე არ ვიცია.

შენ გეცოდინება,

მისი ცრემლთ დინება,

მითხარ, რად არის?"

 

245

 

მიუგო კაცმან: "თვით მოგახსენოს,

ჰკითხე, თუ მისთვის მე რამე მევნოს.

რად მას აქვს ყვირილი,

თავს ცემა, ტირილი,

არცა მე ვიცი".

 

246

 

მღრდელმან დედაკაცს ჰკითხა: "დედაო,

მითხარ შენ სტირი აწ რაზედაო?"

მან მღრდელს რქვა კანკალით:

"რასათვის დაგვკალით

თქვენის ხელითა?"

 

247

 

მღრდელმან მიუთხრა: "როგორ დაგკალი?

გამაგებინე მე გზა და კვალი,

ასეთი რა ვქენი?

საწყენი აწ თქვენი

შემატყობინე!"

 

248

 

უთხრა:"აღაპი რომ მოგვიშალე,

ორნივ ცოლ-ქმარნი მოვკვდებით ხვალე".

შიშით წანწარევდა;

სიტყვასა წარევდა

ხანდახან სხვასაც.

 

249

 

მღრდელმან დედაკაცს მიუთხრა, ჰკითხა:

"ხვალ თქვენ მოჰკვდებით, მითხარ, ვინ გითხრა?"

მან თქვა: "ჩემი ქმარი

ძილად წვა, სიზმარი

ნახა მან ეგრეთ".

 

250

 

მიუგო მღრდელმან: "მოტყუებულხარ,

შენ მაგაზედა ნურასა სწუხარ.

არ არის ეგ სწორი,

გსმენია შენ ჭორი;

ჭორს ნუ აჰყვები!

 

251

 

რაც სწადებია შენს ქმარს საქნელად,

არა ნდომია ქვეყნად სათქმელად.

მისთვის დაუფარავს,

საქმე მოუპარავს,

ვერა გნდობია.

 

252

 

რაც შენგან ქმარმან დღეს საქმე კარგი

ქნა, სულისათვის არს დიდი მარგი.

აღაპსა, ჭამასა

შენის ქრმის მამასა

ეს ურჩევნია

 

253

 

დღეის აღაპად აწ ესე კმარა,

რომ ჭირთა შინა ძმას მოეხმარა;

ნუ ხართ თქვენ უცები,

ზოგნი ტუტუცები

დედაკაცები.

 

254

 

ადექ, წავიდეთ, დავსხდეთ, ვილხინოთ,

დავლიოთ ღვინო და ვიღიღინოთ;

რას ქვიან სიზმარი,

ტყუის შენი ქმარი,

განგებ უქნია!"

 

255

 

ეფიცებოდა თავის ცოლს ქმარი:

"ტყუილად გითხარ მე ის სიზმარი;

თუ გამჟღავნდებოდა,

აღარ მოხდებოდა

დღეს ეს საქმენი.

 

256

 

თუ შენთვის მეთქვა, სხვაგან გამცემდი,

არც არა მაგდენს ხარჯსა მამცემდი,

საქმეს წაახდენდი,

აღარ მაახდენდი,

გამაჯავრებდი.

 

257

 

მე შენ ტყუილი ამიტომ გითხარ,

მე კარგად გიცნობ, შენ როგორიც ხარ;

რასაცა მაისმენ,

წამზედ ვერ მაითმენ,

მაშინვე იტყვი.

 

258

 

ადექ, წავიდეთ, ნუღარა სტირი,

შენ დაიბანე ხელი და პირი.

ჩვენ მიგველიან

ერითურთ მღვდელიან

ქორწილად სხდომას".

 

259

 

წამოაყენა და წარიყვანა,

საჩქაროდ ცრემლი მან მაიბანა.

მივიდნენ ქორწილად;

მაყარს ხრმალ-მოწვდილად

შეასწრა თვალი.

 

260

 

ცოლმან ქმარს უთხრა: "აგერ სიკვდილი,

როგორ მზად გვიდგას ხრმალ-ამოწვდილი!

ვეჭვ, შენ ვერა ხედავ,

შენ მისთვისა ბედავ

აქ შექცევასა".

 

261

 

მას კაცს უკანვე გაექცა ცოლი,

ქმარი უძახდა უკან გამყოლი:

"რამ გარდაგრიაო,

ეს მაყარიაო

ხმალ-ამოწვდილი".

 

262

 

ცოლმა ქმარს უთხრა, "წავალო შინა,

ვინც უნდა იყოს, მან შემაშინა,

გული მიღონდება.

სულ ის მაგონდება,

რაც ნახე სიზმრად".

 

263

 

კაცი მობრუნდა, გულს მიხვდა წყენა;

თვისი სიდედრი გამოუყენა.

დედამ ჩააგონა,

იქავ მაიყონა

ის დედაკაცი.

 

264

 

დასხდენ სადილად ჩირდილთ ქვეშ გრილად,

მოყვნენ ლხინს წყნარად, ღვინის სმას წვრილად.

შადა შააპარეს,

სევდა განაქარვეს

მგლოვიარეთა.

 

265

 

გამართეს ლხინი ზმითა, შაირით,

გალობით, მღერით, ჩანგით, დაირით;

ფუნდრუკ-ხუნტრუცებით

ქალ-ვაჟნი ხუცებით

იქმოდენ სამას.

 

266

 

ოდეს ახადეს ქალს პირბადია,

პირთ სანახავად ვერცხლის ბადია,

ოთხის წლის ჭედილი,

რქებ ოქროთ ჭედილი,

მიართვა კაცმან.

 

267

 

ადგა, წავიდა მალვით მუნ კაცი,

სადაც შეტჭმოდათ ქალ-ყრმათა ქაცვი,

მან გათიბა მოლი,

მათი დასაწოლი

მუნ განამზადა.

 

268

 

როცა დრო იყო, წაუძღვა წინა,

ორივ საძილოდ იქ დანაწვინა.

მდადი, ძმა, მაყარი

არ იყვნენ გამყარი,

გვერთ უდგნენ მცველად.

 

269

 

მან მეფემ ციხეს აღარ ახანა,

თავს წანაყვირა ნაღარა-ხანა;

სტყორცნა ზარბაზანი,

გაუხდა ზათქანი,

დაჩეხა კარი!

 

270

 

ის ზარბაზანი რომ მან დასცალა,

მაგდენი ხანი აღარ აცალა;

ხელახლა გატენა,

განიშნა კართკენა

ზარბაზნის ტუჩი.

 

271

 

დაადვა ცეცხლი. რა შაიფეთქა,

გასტყვრა, გაუხვდა ზემო თავს ხეთქა.

ღმერთმანი აუწვა,

რასაც წამს დაუწვა,

მუცელ-ქმნულ შექმნა.

 

272

 

ის გოგო ჩემზედ გახდა ორსული,

რა დრო შეიქმნა შობად მოსული,

მე ვიშევ; სახელად

მათ დასაძახელად

მარქვეს "ქაცვია".


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ