273
თქვა მწყემსმან: "ვთქვათ,რომ კაცი დავქრთამოთ, მას მივსცეთ ვერცხლი, ვასოთ, ვაჭამოთ, იმით დავიფაროთ, რაც რამ მოვიპაროთ, იმისგან მოვრჩეთ.
274
ვინც რომ არც სმითა, არცა ჭამითა არ მოიგების მისებრ ქრთამითა იმას რაღა უყოთ, პირი რით დაუყოთ რომ დაგვიფაროს?!”
275
ქალმან მწყემსს კითხა: "ვინ არს აგეთი, რომ არ მიიღოს მან სამში ერთი: ვერც მოვიგოთ ქრთამით, ვერც სმითა და ჭამით?” მწყემსმან თქვა: "ღმერთი!
276
ღვთისა მეშინის, ჯერ ყრმა ვარ წმინდა, ამას ვეკრძალვი, თუმცა რომ მინდა; შიშითა, ძრწოლითა შენთანა წოლითა ჯერ ვერ ვიხარებ!
277
წადი, სადაც გყავს შენ მეგობარი, ნუ შეიქნები მათი მგმობარი! პირობით იყავით, ნაპოვნი იყავით, იყარეთ წილი.
278
თუ ღმერთი ჩემს თავს შენ გარგენს წილად მშობლით ვიკურთხვით ჩვენ საქორწილად. შეგირთავ ცოლადა, გვერთ დასაწოლადა. ვყოფ სჯულიერად”.
279
ქალმან გაშინჯა,არ იყო ავი: წამოდგა, მწყემსსა დაუკრა თავი, მწყემსმა პირს აკოცა, კარგ სიტყვით დალოცა და გაისტუმრა.
280
წავიდა ქალი,გზას განეშურა. დასაღამოვდა,მზეც ჩაეწურა. სიდამეც მოვიდა, იქითვე წავიდა სირბილ-ძუნძულით.
281
მწყემსმან იფიქრა, მეტად შეწუხდა. თვალნი საწვიმრად მას აუქუხდა: თქვა: ჭკვა წამივიდა, ეს რა მამივიდა, რამ დამაბნელა!
282
ასე შევიქენ უცოდინარი, ვერ მოვიფიქრე სამჯობინარი. გაუშინჯავადა, საქმე ვქენ ავადა აჩქარებულად!
283
ღვთისა წყალობა განვაგდე ბედი, ახლოს მოსული შორით მორბედი. მე ბედი და წერა შევიფერე ვერა, განვაგდე ნებით.
284
ჩემის გაყრისა არ იყო მწადი, მე კი მიუთხარ, "უკანვე წადი". ჭალას უდაბურში მარტოკა გაუშვი მე საყვარელი!
285
რად საცხოვარი არცად გავყარე, მას თან არ გავყევ, რად გავეყარე, ეს რად არა ვქენი, რასთვის შევიქენი ასე უცები?
286
ვიქმენ ზარმაცად, დაძვრა დამზარდა, მას თან არ გავყევ, საცა დამგზავრდა გავხადე ოხრადა, საკვნეს-საოხრადა, ჩემ სატირლადა.
287
ვამე, თუ ღმერთმან მე ეს მიწყინოს, მე დასაწვავად ის აღმიტყინოს, რომ ჩემი ტრფიალი გავხადე ტიალი, მე განვეშორე!
288
ხორცს ვესათნოე მცონარებითა, სულს კი არ გავყევ უკან რებითა, შევიქენ უდებად. სახმილთა უდებად ვით გარდავრჩები?
289
ვამე თუ, სულო, გისწრას ღამემა და შეგაშინოს გზაზედ რამემა! დაგიხვდეს გზის მცველი, ავაზაკ, მზირ-მძარცველი, არ გყვანდეს მშველი!
290
ვამე, თუ, სულო, ღვიმესა ბნელსა ჩავარდე სადმე შენ ხნარცვსა ძნელსა, ეხვეწო შენს მხსნელსა, შენ აღმომყვანელსა და არ გისმინოს!
291
გაჯავრებულმან არ გიგდოს ყური, იძიოს რამე მან შენზედ შური; აღარ გაგიკითხოს, საქმე გაგიკიცხოს, ნიშნიც მოგიგოს.
292
ვამე თუ,სულო,გიყარონ წილი, სხვას ვისმე ერგოს შენზედ ქორწილი! შევიქნა მე წბილი. შენ, - სული მე ტკბილი - მით დამეკარგო?!
293
შენ ასეთს ვისმე ხელთ ჩაუვარდე, რომ იმას გულით შენ არ უყვარდე. მან არა გახაროს, ჩაგაგდოს ღრმა ხაროს, მოგიდვას ცეცხლი.
294
ვამე თუ, სულო, არ გაჰქვნდეს მადლი; მრუდად მეხმაროს კოდ-სასწორ-ადლი, მან გზა აგირიოს, ცოდვა მოგირიოს ჩემს ნაქნარს მადლსა!
295
ვამე თუ, სულო, არ მოგიწონონ! ჩემგნით მოწყული, რაც მოგიწონონ! ცოდვამან დასძლიოს, სახმილს მიგაძლიოს, დაუშრეტელსა.
296
ვამე თუ, ხორციც, არ დარჩეს მთელი, მოკვდეს, დაუდგეს თვალთა ნათელი; ყურებითა სმენა, სასაუბროდ ენა, მას მოეშალოს.
297
ვამე თუ, ხორციც უძრავად, ტანი გახდეს ვანიდამ მალ გასატანი აყროლდეს, ასუნდეს საყვარელს არ სურდეს, მისიღა ჭვრეტა.
298
აღარა იამოს დასანახავად, მალე წაიღოს დასამარხავად; მიწას მიაბაროს, მინიჩბ-მიაბაროს და გამობრუნდეს.
299
ვამე თუ, ხორციც შეჭამოს მგელმან, ანუ მიწაში მატლმან და გველმან. რად ვქენ საძაგელმან, საწვავ-სადაგელმან, არ გავყევ სულსა!
300
ხორცს გვერთ დაუდექ ტიალად სული; მშივრად გაუშვი შორს გზას წასული, არ გაყვა საგძალი, ექმნების რა ძალი სიარულისა?
301
ვამე თუ, სულო, შენა გციოდეს, ანუ გწყუროდეს, ანუ გშიოდეს; ან რამე გტკიოდეს, მით ცრემლი გდიოდეს, ჩემგნით გულს გაკლდეს!
302
ღმერთო, ნუ მიზამ ცოდვის პასუხსა, ნურას მომივლენ საქმეს საწუხსა; შენ, ჩემო გამჩენო, მომკვლელო, დამრჩენო შენ გეაჯები!
303
იესოს ქრისტეს, ღმერთს მაცხოვარსა, თაყვანს გცემ და გთხოვ ამ სათხოვარსა: იმ ჩემს საწყალს სულსა, შორს გზას წასულსა, შენ მაეხმარე!
304
მას ჩემს საყვარელს, ღმერთო, მოყვარე; დავშორებულვარ, აწ შამამყარე გულითა მართლითა, პირითა ნათლითა შეურცხვენელად! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |