| 305 
 ქალი მივიდა, სად ყვავილს ჰკრეფდენ არ წასულიყვნენ, მას ქალს ეძებდენ მოსთქმიდენ, ტიროდენ, ხმა-მაღლა ყვიროდენ, სახელს უძახდენ. 
 306 
 მირბოდა ქალი, შორიდამ ნახეს, აგერ მოვაო, მათ დაიძახეს. იმათ გაუხარდათ, დიდათა უყვარდათ მათ ერთმანერთი. 
 307 
 მივიდა, ჰკითხეს: "სად გაიპარე, ამდენს ხანს პირი რად დაიფარე?” თქვა: "ყვავილთ საკრეფლად, კარგისა საძებრად გავყევ ჭალასა” 
 308 
 როგორც შორიდამ სტვირთა ხმა ესმა, ან რაც ამბავი მას უთხრა მწყემსმა, თავთ გარდასავალი, ვითარ ვლო სავალი, მიუთხრა ყველა. 
 309 
 მათ ჰრქვეს: "გვეგონა, გიკბინა გველმან, ანუ შეგჭამა დათვმა და მგელმან; ვსტიროდით, ვსჩიოდით, ტყეში დავსდიოდით, შენ დაგეძებდით. 
 310 
 შენს ძებნაშია ვჰპოვეთ მუტრუკი, გასუქებული კარგი ტუტრუკი: ხვალ ჩვენ წილი ვყაროთ, ერთადა შევყაროთ, ვინც რამე ვპოვეთ”. 
 311 
 მეორეს დღესა წილთა საყრელად ცხვარი გარეკეს ჭალითგან ველად; ჯვარედინთა გზათა წილს იქმოდენ მზათა უცხოს მგზავრთათვის. 
 312 
 მწყემსის მაგიარ ჯოხი დანასვეს, ქუიდ დახურეს,ჩოხა ჩააცვეს; მათ თვალთა სამხელად უწოდეს სახელად ქაცვია-მწყემსი" 
 313 
 ზედ გამოაბეს ნაპოვნი ვირი, მას აოუდვეს პირში აღვირი. თვით განდგნენ განზედა, ჯვარედინს გზაზედა დანაწყვეს წილი. 
 314 
 ვისაც ეპოვნა სულ არაფერი, მან წილად დადვა კოჭბითა ფერი; მუტრუკის მპოვნელმან წილში გამთხოვნელმან ტარ-კვირისტავი 
 315 
 მან ქალმან დადვა ნემსი და ძაფი, გარდაზდიოდა თავს ოფლის ქაფი ქნა შიშით კანკალი, თქვა: "ღმერთო, მამკალი, თუ სხვას ხვდეს მწყემსი. 
 316 
 
 ღმერთო მომხედე მე უბადრუკსა! მწყემსის სანაცლოდ ვირის მუტრუკსა ნუ მარგენ წილადა მე გასაწბილადა, არგინე სხვასა! 
 317 
 არ განვაშორებ შენს უღელს ქედსა, ოღონდ ნუ გამყრი მას ჩემსა ბედსა, მე იმისთვის ხელსა გულს სახმილსა ცხელსა ნუ მამიკიდებ! 
 318 
 სადაც რომ იყოს ის ჩემი სული, იყოს დაფარულ შენგნით დაცული; საცა იყოს ბნელი, გასაძლისი ძნელი, მას განაშორე!" 
 319 
 ქალებმა შორით შეასწრეს თვალი, ნახეს, რომ მგზავრი არს მამავალი; გარდაუდგნენ წინა, წილის ყრისათვინა დაუკრეს თავი. 
 320 
 მოვიდა კაცი ჭკვათამყოფელი; ჰკითხა: "რა გაქვსთო გასაყოფელი?" ქალთა ჯოხი ცმული, ვირი ზად დამბული, აჩვენეს კაცსა. 
 321 
 უთხრეს: "ჯოხზედ რომ ჩოხა აცვია, სახელად ჰქვია "მწყემსი ქაცვია" ვირი ხომ ვირია, უძეს აღვირია, ორივ ჩანს თვალით". 
 322 
 კაცმან ქალთ უთხრა: "წადით სამთავე, ერთად დანიშნეთ ჩხირნი საცნავე; ქუდშიგან ჩაყარეთ, თვალთ ხელი მაფარეთ. მე კი ამოვკრეფ" 
 323 
 ქალებმა უთხრეს: "მზათა გვიწყვია, შენ ხომ დაწყობა არ შეგიტყვია? თვალთ რად დაიფარავთ, ხომ არ მაიპარავთ, გვიცნობ ვერც ერთსა". 
 324 
 მან ცარიალი ქაღალი ხელთა ქალთ მისცა, უთხრა: "წილთა საყრელთა ნიშნებზედ მოუსვით, ხანი გამოუშვით მუნ ერთი წუთი. 
 325 
 რაც მაგ ქაღალდზედ დაიწერება, თქვენგნით ის უფრო დაიჯერება. ვის რა ეფერების, მაში ეწერების, აქ მომიტანეთ. 
 326 
 მე წავიკითხავ, თქვენ გაიგონეთ; გინდ დაიწუნეთ, გინდ მაიწონეთ". ხმა ვერ ამოიღეს, ქაღალდი წაიღეს სამთავ ქალებმან. 
 327 
 თავიანთ ნიშნებს ზედა მოუსვეს ცოტა რამ ხანი მათ მაგოუშვეს. ქაღალდზედ დააჩნდა ბეჭდისებრ დაასხდა მათი ნიშნები. 
 328 
 
 კაცს მოუტანეს წერილი ქალთა. კაცმან გაშალა თავისი კალთა, უთხრა, დადევითო, ყური უგდევითო. აიღო ხელთა. 
 329 
 "ცარიალს ქაღალდს თქვენს ხელში ნაჭერს ზედ ეტყობიან, თქვენც ხედავთ ნაწერს; უგდევით ყურია, არ გმართებთ შურია ერთმანერთისა. 
 330 
 ვისიც წილად ძეს მუნ კოჭბით ფერი, მან ქმარი ძებნოს თვისი საფერი! თუ ვერა იპოვნოს, მან სული იცხოვნოს, ქმნას მოლოზნობა. 
 331 
 ვისიც წილად ძესტარ-კვირისტავი, იმისი იყოს ტან, ვირის თავი. ასე ამბობს მწერი: "მას შეუსხდეს მწერი, ოდეს ზედ შეჯდეს". 
 332 
 ვისიც წილად ძეს ძაფი და ნემსი, იმისი იყოს "ქაცვია მწყემსი", უწოდოს აქ მასა, ნუ გასტეხ აღთქმასა, რაც ღმერთს აღუთქვა! 
 333 
 ნახეთ ცოლ-ქმრობის ბიდი და წერა, საფერს საფერი როგორ აფერა მათ შუვამავალი არ ყვანდათ მრავალი, თვით ხვდნენ ერთმანეთს. | 
 
| დავითიანი / პოემა  • • •  • • •   დავითიანი / შინაარსი | 





 ფეხმძიმობა
 ფეხმძიმობა





















