353
შვილო, მონახე ქალი ასეთი. ჭეშმარიტებით სწამდეს მას ღმერთი. მოიყიდე კაცი, გინა დედაკაცი, მას აძებნინე.
354
ერიდე კახპას, ურცხვს, ლოთს და კაპასს, თორემ გიგინებს დედ-მამას, პაპას; მალ-მალ გიზამს ჩხუბსა, გაიმახვავს შუბსა, გაძგერებს გულსა.
355
გაქვს, თუ არა გაქვს, არ გაგიკითხავს; გეტყვის: "არ მაცმევ შაიდიშთ ნიფხავს! მოგიდებს ყისტებსა, წამოგკრავს ქიშტებსა, ჩაგამტვრევს ცხვირ-პირს".
356
ანჩხლი და ურცხვი, თუ არის მრუში, ზედ შემოგჯდების, თუ ხელით უშვი; მოგიდებს მიზეზებს, შემოგკრავს მით დეზებს, დაგიჩხვლეტს გვერდებს.
357
საითაც უნდა, იქითკენ წარებს, გარდმოგიჭირებს მათრახებს მწარებს; აგიდებს აღვირებს, გატირებს, გაყვირებს, ისე გატარებს.
358
თუ ცოლს მიეცი ქმარზედ უფლება ქმარი ლიაში უკუეფლება; გაისვრება ლაფით, მის ჭუჭყს საპნის ქაფით ვეღარავინ გარეცხს.
359
ისო ზირაქში ბრძენმან დასწერა დედაკაცისა პყრობა და ჭერა; კარ-გვარად ქადაგებს, აქებს და აძაგებს ისუ დედაკაცთ.
360
უმჯობეს არსო ლომთ-ვეშაპთანა, ვიდრე ბოროტის დედაკაცთანა. კაცისა ცხოვრებას, ასე განშორებას გვაუწყებს ისუ.
361
ნუ გსურს ლამაზი პირ-სირინიზი, არას გაამებს, თუ არის ბოზი. ბევრი ყავს მას მტერი, მდევნელი და მჭერი, მახის დამრწყმელი.
362
ძნელია, მცველმან ის ასე დაცოს, რომ მტაცებელმან არ წარიტაცოს; მზირს უდგას მპარავი, ვერ შესძლებს მფარავი მის სიფრთხილესა.
363
რაგინდ რომ მცველი იკრთობდეს ძილსა, მაინც ვერ შესძლებს ბევრსა ღვიძილსა; რა რომ თვალს დახუჭავს, მას მტერი აბუჭავს ძალით თუ ნებით.
364
თვით ქალსა მართებს, რომ თავი დაცოს, ქმარს თავი თვისი არცად წარტაცოს; არ განშორდეს მფარავს, არ მიეცეს მპარავს თავისის ნებით.
365
თუ ქალმან თავი თვითონ არ დაცო, რამდენიც უნდა შენ იმამაცო, ვერ შესძლებ დაცვასა, თუ შეიქს ტაცვასა თვით თავსა თვისსა.
366
ბოზი ლამაზი ბევრს კაცსა აცდენს; როგორც რომ უნდა, ისრე მოახდენს, მოსთხრის კაცს, წაახდენს, მცნებას გარდაახდენს, მოჰკლავს და წარსწყმენდს.
367
თუმცა შეადგა ლამაზი ბოზი, ძნელად გარდურჩეს კათალიკოზი, რომ არა აცდინოს და გარდახდინოს სჯულსა და წესსა.
368
ნუ გინდა ბოზი, ანჩხლი და ლოთი, თუ არ გინდოდეს შენს სახლში შფოთი; ამათა ზდევს ჩხუბი, ხელთ ხმალი და შუბი უჭირავთ მზათა.
369
ნუ გსურს ქალთ ქმრობა შავ თვალ-წარბისა, რომლისაც გული სხვასთან წარბისა; შეგიყრის მარაქას, წაგართმევს ბარაქას სახლსა და კარსა.
370
თუ ქალსა თვისი ქმარი არ უყვარს, ვარდივით ფშვიდეს, იტყვის: "ფუ, სულ ყარს!" იზიზღებს მიდგომას და ახლოს მიჯდომას თავის ქმრისასა.
371
ქმრის მოღალატე თუნდა ქმართან წევს, რომელიც უყვარს, გული მასთან სწევს; ქმარს ახსენებს არად, კუროს კაის გვარად მიაპყრობს პატივს.
372
ქმარს რომ უნდოდეს მასთან მიდება, ეტყვის: "დამეხსენ, მე არ მინდება" მალვითა, ფარვითა, ქურდულად პარვითა უცხოს კი მისცემს.
373
ქმართან პირზედა წყალს არ შეისხამს, კუროს რომ ნახავს, ხალებსაც ისხამს; ქმართან პირს ატირებს, მყვართან ლხინს გაპირებს: ორგულიბს ასრე!
374
ქმართანა შეიქს ტირილ-წუწუნსა, და კუროსთანა სტვენა-წრუწუნსა ქმარს მიიჩნევს ჭირად, კუროს მისაჭირად თავსა შაირცხვენს.
375
ქმარს თავზედ საბანს გადააფარებს ხელს კუროსაკენ გარდააპარებს; ქმარსა ენით ტიტინს, კუროს ხელით ღიტინს დაუწყებს მალვით.
376
რომელიც ქალი ქმარს სხვაზედ გასცვლის, საუნჯისაგან თავის სახლს დასცლის; გახდების შიშველი, წახდების, მიმშველი ვეღარვინ შემოსს.
377
მასწავლელს დამშლელს ვეღარ ითავსებს, ვინც თვითონ უნდა, სახლს იმით ავსებს; სახლს მოსთხრის, დაავსებს, დასტაქნებს დაავსებს ღვინით, სხვათ ასმევს.
378
თავის ქმარს უზამს ასეთს ხუმარსა, არ გამოუწყვეტს სახლში სტუმარსა. კუროს სიყვარულით, მისის სიხარულით მასპინძლობს მალ-მალ.
379
ცრუვსა და მავნეს სუყველას დასხამს, არაყს და ღვინოს წყალსავით ასხამს; არას უგდებს ყურსა, ღვინოსა და პურსა სახლში გამოსწყვეტს.
380
კუროს უმზადებს კარგსა სადილსა; და აღუსრულებს გულის წადილსა; ღვინოს ასმევს წყლურად, ქმარს გაუხდის წყლულად სულსა და გულსა.
381
კუროს მიართმევს ქადა-ნაზუქებს, გატენილს ყვერულს, კარგად ნასუქებს; როცა სადილს აჭმევს, ყავა-ჩაის ასმევს ხილსაც მიართმევს.
382
მალ-მალ მიართმევს არაყ-ღვინოსა, უნდა, რომ კურომ გაუღიმოსა; მალვით უზამს თვალსა: "შენ მთხოვ რასაც ვალსა, მოგართმევ მალე!"
383
აყურებინებს ქმარსა საწყალსა; სწყურის, არ ასმევს მას ცვარსა წყალსა. შიან, შესთხოვს პურსა, არას უგდებს ყურსა, - მყვართან აქვს გული.
384
ქმარს ეტყვის: "ადექ აიღე წალდი და შეშისათვის ტყეშიგან წადი; გამოგიცხო მჭადი, გიქმნა შეჭამადი ჭინჭრის ფუშრუკი".
385
როდესაც რომე ქმარს გაიტყუებს, ქვეშაგებს გაშლის, ბალიშებს, ყუვებს; მყვარს მოკიდებს ხელსა, მოეხვევის ყელსა, ჩაკოცნის ტკბილად.
386
უკუწვებიან რბილად შტაქუნსა და მოყვებიან ჩქარად ქაქუნსა; საბრალოს ქმარს ქვეშა მიწა, ქვა და შეშა ეგების ხმელად.
387
შეირთევ, შვილო, ცოლი ასეთი, ეს საქმე სჭირდეს იმას არც ერთი; ერიდე ამასა, მისმინე მამასა ეს რჩევა, შვილო!
388
ქალს ნუ უვარყოფ თვალად ნასობით, ნუ გწადს სიცოცხლე წელთა ასობით. ოღონც ფხიზლად ვლიდეს, ქმარს არ სხვაზედ სცვლიდეს, არ იყოს ანჩხლი.
389
ამგვარი ცოლი არ გიორგულებს, გაუფრთხილდების შენს ბაღში რგულებს; დასცავს, დაიფარავს, არას მაიპარავს შენს საქონელსა.
390
სახლ-კარს მიუგდებს თვალსა და ყურსა, ბარაქას დასდებს ღვინოს და პურსა. თუ მიიჩნევ ტკბილად, არც ის გაგიხდის წბილად, არ გაგცვლის სხვაზედ.
391
ერთმანერთისა გულმინდობილად ძილი, ღვიძილი გექნებისთ ტკბილად. ქვეშ დაგიგებს რბილად, ზედ დაგხურავს თბილად, დაგაწვენს ძილად.
392
არავინ წაგართმევს შენ იმას ძალით, არცა მოგპარავს მას ქურდი მალვით არ გექნების შიში, მისთვის კვნესა, ვიში, არც არა ფიქრი.
393
თუ კაცს არა აქვს მართალი ძილი, სიკვდილი არის მისთვის ღვიძილი; ვარდების გონებას, დაიწყებს ღონებას, წაიღებს ფიქრი.
394
თუ კაცი რასმე საოხრავს ოხრავს, თავისის ტანის ძვალებს გამოხრავს; ბევრისა ურვითა, შვიდითა თუ რვითა, დანამჭლობს ხორცსა.
395
კაცი მიმყოლი სევდა-ფიქრისა სიკვდილისაკენ ქართებრ მიქრისა: ფიქრი არ ასვენებს, აუშლის ავს სენებს, დანასნეულებს.
396
ჯავრი უდროოდ კაცს დანაბერებს, ასეთს ლახვარსა გულს დანაძგერებს; მასაც არ აჯერებს, მოჰკლავს, არ აბერებს მეტი ნაღველი.
397
რაკი დამეხავს ელვა-ქუხილი, დაისეტყვების ყანა თუ ხილი, რას არგებს წუხილი? მკვდარ-თვალ-დაწუხილი ვეღარ ადგების.
398
ლამაზის ცოლის პატრონი კაცი არს ფიქრისაგან შორს წარნატაცი, მისთვის შიშნეულობს და მისთვის სნეულობს, შინ არს, თუ გარეთ.
399
ფიქრობს: ვაი, თუ დედალი ჭრელი ვიდოდეს სადმე ფრთა-დაუჭრელი; ჩემთან კი ბუდობდეს, სხვათა კვერცხს უდებდეს, მე კი ვკვებევდე!!
400
იტყვის: ვაი, თუ გაფრინდეს შორსა, თავისის ნებით მიეცეს ქორსა; იმან ითვალტვინოს, მე კი ამადრტვინოს მისის ნაღვლითა!
401
იტყვის: ვაი, თუ ეს მინა ჩემი იყოს ვისიმე სხვის მინაჩემი; შიგ ასხას მან წყალი, დამაგდოს საწყალი მე უჭურჭლოდა.
402
იტყვის: ვაი, თუ ეს ჩემი ცოლი ავის საქმისა იყოს გამყოლი; მე არა უყვარდე, საყნოსლად უყარდე, სხვასა სუნევდეს!
403
რა არს ლამაზი დედალი ჭრელი თუ კი არ უყვარს საკენკის მყრელი? რა ხელი ეყრების, მასამც შაეყრების ხრინწ-წიტ-წიწაკი!
404
შენ გეყოლების შავი დედალი, შენს საქათმოში კვერცხის მდებალი; ამას იტყვის ქურდი: "შავია და ცუდი, რათ მოვიპარო?"
405
შენს კარ-მიდამო შეიქს კაკანსა, მოგართმევს კვერცხით სავეს ბაკანსა, გიჩეკს წიწილებსა, გიზრდის წვრილს შვილებსა, სხვა რაღა გინდა! |
დავითიანი / პოემა • • • • • • დავითიანი / შინაარსი |