მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 912 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

406

 

თუ კაცსა გული არა აქვს მთელი,

ცუდია მისთვის თვალთა ნათელი.

სჯობს, თვალი დაწუხდეს, გული კი არ წუხდეს

კაცისა სევდით.

 

407

 

სიბრმე უდროოდ კაცს არ აბერებს,

თუ გული მთლად აქვს, კიდეც ამღერებს!

თუ გულს რამ ეწყინა, სატკენი ეტკინა,

მალე მოკვდების.

 

408

 

რადგან გულით არს სიცოცხლე, კდომა,

სჯობს, გულს უსრულო, არ თვალთა ნდომა;

ნუ ზდევ თვალთ ნდომასა, გულთა წახდომასა,

გული სჯობს თვალთა.

 

409

 

თვალთ სიამოვნე არს ერთი წამი,

გულთ სიამოვნე - მრავალი ჟამი.

თვალთ ნამუშაკევი არს ნაეშმაკევი

გონება ღვთისა.

 

410

 

თვალი შორს წავა; რასაცა ნახავს,

ამბავს მოუტანს, გულთანა ძრახავს;

რასაც მაიწონებს, გულში გაიწონებს

ნდომის ლახვარსა.

 

411

 

რასაც კარგს ნახავს, გულს მოუნდება,

თუ ვერ იშოვნა, მით აჭმუნდება:

დაიწყებს ღონებას, ჯავრს მისცემს გონებას,

წაიხდენს თავსა.

 

412

 

ნახა, კაცისა გული მოკვდება,

ყოველი ასო სულ თან გაჰყვება.

თვალი არს მცდენელი, კაცთა წამხდენელი,

შემასმენელი.

 

413

 

რადგან თვალებსა არ აქვს დანდობა,

არც ძმობა გვმართებს და არცა დობა,

ჩვენთა თვალებისა გზისა-კვალებისა

მიდევნ-მიყოლა.

 

414

 

თვალთა ნდომამა ევა აცდინა,

ღვთისა მცნებასა გარდაახდინა,

ეშმაკთ თქმა ისმინა, გულით ვერ ითმინა

უთვალობანი.

 

415

 

ოდეს ადამ ბრმად ღმერთმან დაბადა,

ნათელი ეცვა ტანთა კაბადა.

იყო გონებითა, არ დაღონებითა

ტანთ საცმელთათვის

 

416

 

არას ზრუნავდა, ეძინა ტკბილად.

ღმერთმან ამოსჭრა მას გვერდი რბილად, -

ადამ იყო კაცად, ევა დედაკაცად

უქმნა გვერდითა.

 

417

 

ევაც ბრმა იყო ადამის მზგავსად,

ადამის შემწედ და მისათავსად.

დასხნა სამოთხესა, არა სამს-ოთხს ხესა

მრავალთა ხილთა.

 

418

 

ღმერთმან უბრძანა ადამს და ევას:

"თქვენ ნუ დაუწყებთ მას ერთს ხეს რხევას!

სხვა რაც ხილი იყოს, ყველა თქვენი იყოს,

იმას კი ნუ შჭამთ.

 

419

 

ნუ იმ ხილს თქვენ შჭამთ, მისგან მოჰკვდებით;

როგორც იყავით, ისევ გახდებით.

ნუ გასტეხთ მცნებასა, თქვენ ჩემს ბრძანებასა

ზედა დადექით!"

 

420

 

გველმან ეშმაკმან მიუთხრა ევას:

"მე მოგითხრობო შენ კაის რჩევას;

ვერა ჰხედავ შენა, როგორ დანაშვენა

ღმეთმან სამოთხე?!

 

421

 

სიმშვენიერე სამოთხის ხილთა,

ანუ მფრინველთა ტკბილად ძახილთა

არ ითქმის ენითა, ვერ გასმენს სმენითა,

არ ძალმიც ქება!

 

422

 

რასაც ხის დაცვას გეტყოდათ ღმერთი

იმ ხეს ასხია ხილი ასეთი,

თუ რომ ის შეშჭამე, შენ იმავე წამე

სუყველას ჰნახავ".

 

423

 

ევა სცადა, ჭამა, ხილი იხილა,

ეშმაკის რჩევით თვალი იხილა.

რაც მან თვალით ნახა, გულით ვერ დასახა

ენით სათქმელად.

 

424

 

ევამ ჰრქვა ადამს: "ვიხილე თვალი,

სასიარულოდ ვსცან გზა და კვალი;

განვაგდე მე ძნელი აწ ღამე მე ბნელი,

დღე გამითენდა!"

 

425

 

ადამ ჰრქვა ევას: "მითხარო შენა,

თვალთა ნათელი რამ აღგიშენა?"

მიუთხრა ევამა: "იმ ხისა რხევამა,

რომელსაც ვსცევდით.

 

426

 

რასაც ხის დაცვა ღმერთმან გვიბრძანა,

ის ხილი გველმან მე მომიტანა.

რა ისი შევჭამე, მაშინვე ერთ წამე

თვალთ ამეხილა.

 

427

 

აჰა, ის ხილი, შენცა შეშჭამე,

დღე განითენე, განაგდე ღამე!"

- ადამცა შეშჭამა, იმასაც ერთ წამა

თვალთ აღეხილა.

 

428

 

რა დაინახეს წითელ-ყვითელი,

შემოეცარცვათ ტანთა ნათელი,

მოუნდათ ლაბადა, ჩაიცვეს კაბადა

ლეღვის ფურცელი.

 

429

 

ტანთ სიშიშვლეთა ორთავ სრცხვენოდათ,

მოწყენით იქმნენ, არ მოლხენოდათ;

ტანთ სიშიშვლითა, სირცხვილის შიშითა

დაცაიმალნენ.

 

430

 

უწოდა ღმერთმან: "ადამ, ადამო!

სად მიმალულხარ? აქ ჩემთან გამო!"

ადამ ხმა-ყო მალე: - "შიშით დავიმალე

სიშიშვლის გამო".

 

431

 

ჰრქვა ღმერთმან ადამს: "რად ხარ მშიშველი?

ვინ გითხრა შენა, რომ ხარ შიშველი,

უკეთუ არ შჭამე, რომლისა გამცენ მე

მხოლო არ ჭამა?

 

432

 

ადამ მიუგო: "რომელიც მამე

შენ დედაკაცი, მის სიტყვით ვშჭამე.

ჯერ თვითან შეჭამა, მერე მე მაჭამა

იმ ხილთაგანი".

 

433

 

ღმერთმან დედაკაცს ჰრქვა: "ჰყავ რასთვინა?"

დედაკაცმან ჰრქვა: "გველმან მაცდინა

ჭამა იმ ხილისა, მით თვალთ ახილვისა,

გველმან მირჩივა".

 

434

 

ჰრქვა უგალმან გველს: "რამეთუ ეს ყავ;

ყოვლს პირუტყვთ-მხეცთგან წყეული იყავ!

ხვიდოდე მკერდითა მუცელზედ თრევითა,

მიწასა სჭამდე!

 

435

 

დედაკაცისა და შენსა შორის,

მისთა თესლთა და შენს თესლთა შორის

დავდვა მე მტრობა, არა პირფერობა

ერთმანერთისა!

 

436

 

იგი საკვდავად შენს თავს უმზერდეს,

დასაკრავადა დიდს კეტს უღერდეს:

შენ იმისთა პრჭალთა, მის ვაჟთა თუ ქალთა,

უმზერდე კბენად!

 

437

 

დედაკაცსა ჰრქვა: "განმრავლებითა,

განამრავლე, და მწუხარებითა,

სულთქმნითა შენითა, კვნესითა, ქშენითა

შვნე შვილნი შენნი!

 

438

 

ქმრის მიმართ იყოს მიქცევა შენი!

გეუფლებოდეს შენ ქმარი შენი!

შენ ქმარსა მონებდე, უსმენ-უგონებდე,

რასაც გეტყოდეს!"

 

439

 

ხოლო ადამსა ჰრქვა: "რად მაიხდინე,

შენის ცოლისა სიტყვა ისმინე.

და შენა შეშჭამე, რომლისა გამცენ მე

მხოლო არ ჭამა?

 

440

 

წყეული იყავნ საქმეთა შენთა!

ჭმუნვითა შჭამდე ყოველთა დღეთა

თივასა ველისას, ნაოფლსა სველისას

სჭამდე პურსა შენს -

 

441

 

ვიდრე მიქცევად შენდა მიწადა,

რომლით მოღებულ იქმენ კაცადა;

რამეთუ შენა ხარ მიწა და წყალ-ცეცხლ-ქარ

მიწადცა იქცე!"

 

442

 

ნახეთ, თვალთ ნდომამ ამათ რა უყო

ყელთ სასიკვდინე გარდაცვა გულყო.

სცანთ, მათ ქნეს სარფა რა, აჭამა ფანფარა

ედემთ ხილთ ნაცვლად.

 

443

 

ადამს და ევას ტანთ სამოსელი,

არც აბრეშუმი, არც ბანბა, სელი. -

ნათელი განძარცვა, ტყავფუჩი ტანთ აცვა,

განაძო გარეთ.

 

444

 

თვალთ ლამაზთ ნდომამ მრავალი წმინდა

კაცი მოკლა და კიდეც წარწყმინდა;

წარღვნა მოიყვანა, წყლით დანთქა ქვეყანა,

ენა ურივნა.

 

445

 

თვალმან გულს ამცნო ცათა შვენება,

გულმან დაუწყო გოდოლს შენება;

ქვეყნითგან ზეცადა მით აღსვლას ეცადა,

ღმერთს აწყენინა.

 

446

 

ნუ მისცემ გულზედ უფლებას თვალთა,

თორემ აგირევს გზათა და კვალთა,

წაგიყვანს მრუდადა, გატარებს ცუდადა,

დაგღალავს რებით.

 

447

 

თვალი გულის არს წინამძღვარი,

მეტად ხარბი და გაუმაძღარი;

ნდომით არ ამდიდრებს, არცა დანამკვიდრებს

ერთფეროვნებით.

 

448

 

კაცს რომ ტანთ ეცვას, არა სციოდეს;

მაძღარი იყოს, არა შიოდეს, -

ფერითა საცმელთა, გემოთი საჭმელთა

სხვას მოანდომებს.

 

449

 

ქაცვიამ უთხრა თავის მამასა:

"რაც თქვენ მიბრძანეთ, სრულ ვყოფ ამასა,

არ მივსდევ თვალთ ნდომას, არცა გულთა ცდომას,

ვზდევ ღვთის ნაბრძანებს.

 

450

 

რასაც მე ღმერთი სარჩოს მიბოძებს,

სახლ-კართ შეუდგამ სვეტებს, მით ბოძებს;

მე სხვა არვინ ვიცი გულში დანამტკიცი

მაქვს ღვთის მინდობა.

 

451

 

მე არ გავიღებ ამაში ფასსა,

არც ლამაზს ვეძებ, არც თვალად ნასსა;

რაც ბედმან მახვდინა და წილში მარგინა,

იმას შევირთავ!

 

452

 

მე ერთი ქალი შემხვდა ჭალასა,

არვინ ატანდა მოსვლად ძალასა;

თავისის ნებითა, ვარდთ გვირგვინებითა

მოვიდა ჩემთან.

 

453

 

შემომაძლივა ვარდის კონები,

სიტყვა მომიგო მოსაწონები:

"ჰა, შენ ჩემო, ვარდი! შენს ხელთ ჩამოვარდი

შენად საცოლოდ!"

 

454

 

არ ჩამოვართვი მის დროსა ვარდი;

უთხარ: უკანვე ქენი ნავარდი,

თუ შენ გერგი წილად,ფიცხლავ საქორწილად

მამას ვსთხოვ დასტურს.

 

455

 

ახლა შევიტყვე, სამს ქალს ჩემზედა

წილი უყრიათ წერა-ბედზედა;

მას ქალსა ვრგებივარ, მე მისი ბედი ვარ!

ბედს ვერ წაუვალ".

 

456

 

მამამ შვილს უთხრა: "რას ჰქვიან ბედი?

როდის და დაგინდობს, საწუთრო ყბედი,

შენ ასე გატაროს, რომ არ გაგამწაროს,

რაგინდ ტკბილ იყო?

 

457

 

რადგან შენს საქმეს ღმერთზედა აგდებ,

ბედის ხსენებას რად არ განაგდებ?

რას ჰჰრქვიან აწ ბედი? -

ყრმა ვიყავ, დავბერდი, - ჯერ ვერ მიცნია

 

458

 

შვილო, ყრმა ხარ და თუნდა დაჰბერდე,

რაც ღმერთმან მოგცეს, უნდა დასჯერდე;

კარგია თუ ავი, თეთრია თუ შავი,

უნდა ითავსო.

 

459

 

შემთხვევითი არს და არა ბედი

წყნარად მავალი, გინდა მორბედი,

რომ წანაწყდეს ლოდსა, გინა ოქროს ზოდსა,

უეცრად კაცი.

 

460

 

არ არს არსებით მყოფელი ბედი,

მან მოგცეს რამე, - ნუ გაქვს იმედი!

მეფეთ სიმაღლისა, გლახათ სიდაბლისა

სახელ არს ბედი.

 

461

 

საწუთროს სოფლის ჟამთა ცვლილობა, -

დღეს შერიგება, ხვალ აშლილობა,

გლახობა, მეფობა, სიძვირ-იეფობა

ღვთით არს, არ ბედით.

 

462

 

კაცს არას არგებს ბედის მინდობა,

ღვთის უვარყოფა არ შაენდობა,

ღმერთს მიანდევ თავი, შენი შესართავი

იმასა სთხოე.

 

463

 

ღმერთმან რისიცა გაგხადოს ღირსი, -

იყოს ბნელ ღამე, თუ ნათელ დღისი, -

მიიღე ორივე, მადლობა მოჰრივე

ღვთის ნაბოძებსა.

 

464

 

ნუ ემზგავსები უმეცართ ბიჭებს:

ნი მიაჩემებ ბედს ღვთისა ნიჭებს.

ღვთისგან შეწყალებას, ჭირს ლხინად ცვალებას

უწოდენ ბედსა.

 

465

 

რაც კაცი უღმრთოდ საქმეს გაბედავს,

დაბრმობილ არს და ვერასა ხედავს;

ორს პოებს, თუ ერთსა, თუ არ მადლობს ღმერთსა,

თავსაც დაკარგავს".


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ