მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1065 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

466

 

შვილმან ჰრქვა მამას: "მითხარ, მამაო,

წარღვნა ვითარ ქმნა თვალთ ნდომამაო?

ასეთი რა ქნაო, ქვეყანა დანთქაო,

შეიძლო ვითო?"

 

467

 

მამამ ჰრქვა: "შვილო, აწ  დაბადება

სრულად ვით გითხრა, დაგვიანდება.

ძნელი არის, შვილო, არა საადვილო,

ქორწილს მოგაცდენს".

 

468

 

შვილმან მიუგო: "თუ დამრთავთ ნებას,

ეგ მირჩევნია ჩემს ქორწინებას;

რად მინდა ჯერ ცოლნი, ყმაწვილნი ჩემ ტოლნი

ცოდნითა მჩაგვრენ.

 

469

 

ცხვართა მწყემსობით ბრიყვად გამზარდეთ,

ახლა თქვენ ჩემად სწავლად დაზარდეთ,

ყველა თქვენა გძრახავს, რომელიც მე მნახავს

ასე უცებსა.

 

470

 

მამავ, ამბობენ ავთა სიტყვათა:

ჭკვიანმან კაცმან შვილი ბრიყვათა

რატომ გაზარდაო, რასთვის დაზარდაო

მის სწავლასაო!

 

471

 

მამავ, მოვიცდი ქორწინებასა,

თუ კი მასწავლით რასმე მცნებასა;

რას ვაქნევ ცოლი რთვას, ბრიყვს დამცინოდენ თავს

სწორ-ამხანაგნი!

 

472

 

სულ მაჯავრებენ თავის დაცინით,

ცხვრისებრ "ბეეჰთი", თხისებრ კიკინით.

ვფიცავ მაცხოვარსა, აღარ ვზდევ ცხოვარსა

მე დღეის იქით".

 

473

 

მამამ ჰრქვა "შვილო, ამად დავზარდი,

არც მე ვარ სწავლით კარგად ნაზარდი.

ერთს ამაზედ ვზარობ, აქა-იქა ვმგზავრობ,

ვერ მომიცლია.

 

474

 

არც მე მაქვს, შვილო, ცოდნა მაგდონი,

მძლივ მისწავლია "ან-ბან-გან-დონი".

შვილმან ჰრქვა მამასა: "მე გკითხავ ამასა,

რად არ ისწავლე?"

 

475

 

მამამ მიუგო: "ჩემსა ყრმობაში

სულ გარს მტრად გვადგა თურქ-ყიზილბაში;

მით აკლო სწავლამა, ჩვენში ლეკთ დავლამა

წიგნნი წარსტყვენნა!

 

476

 

დარჩნენ უწიგნო ბერებ-ხუცები,

ჩემის დროს ყრმანი უწვერთელ-უცები.

მე ამად შეწყობით, გარჩევით, შეტყობით

ვამბობ ვერასა".

 

477

 

"მამავ, მასწავლე, რაც შენ იცოდე,

მე მასა ვსჯერვარ, თუმცა იტყოდე:

მარტო თვალთა ნდომა, რღვნით ქვეყნის წახდომა

გამომიცხადე!"

 

478

 

მამამ ჰრქვა: "რადგან არ დაიშალე,

ბაღში ჩირდილში ქვეშ რამ გაშალე;

მუნ დავსხდეთ, წამოვსწვეთ; თუ რამ მიდგს, წამოვსწვეთ

ჩემ საღვინითა.

 

479

 

მე - თიხის კოკა, ზნოანი ჭური, -

რასაც ვადენდე, შენ უგდე ყური;

დალივე გულითა, არ წვრილად კულითა,

თას-ყანწ-კათხ-სირჩით.

 

480

 

ჯერ ეს მაჭარი შენ სვი ხარბადა,

მერმე მე გეტყვი ყველას ამბადა;

დალივე გულუხად, ნუღარ მთხოვ კულუხად

საგაისოდა".

 

481

 

შვილმან ჰრქვა: "მამავ, ლექსად წყობითა

მართლა არ მესმის მე შეტყობითა;

თქვენ ბრძანებთ იგავად, მე მესმის იგ ავად, -

მიბრძანეთ ამბად.

 

482

 

ლექსად ითქმიან შემოკლებითა;

ან მომატებით, ან მოკლებით;

სიტყვა განმარტებით, არ კლებით, არ მატებით

ამბის თქმა მსურის.

 

483

 

როგორც ეწეროს წინასწარ თქმული, -

წარღვნით ქვეყანა იყოს დანთქმული, -

ისრე გამაგონეთ, მართლა ჩამაგონეთ

მე, ბეჩს, მამაო.

 

484

 

მამავ, რომ ლექსავ, ყოყმნობ, აყენებ,

ფიქრით სენს რასმე თავს მიაყენებ;

ბრმა-ცალთვალა ხარო, ეგეც არ მოსთხარო,

რომლითაც ხედავ.

 

485

 

ბერიკაცი ხარ და მოკლებული,

ჭკვა არ შეგექნას დამოკლებული;

რად მიზდევ წერასა? ვაი, შენს წერასა!

რა ცუდად შვრები!

 

486

 

ვინ წაიკითხავს გრძლად შენს ნაწერსა,

სულ გაგინებენ თეთრს ულვაშ-წვერსა;

მაგ წიგნს გიწუნებენ, არად ირწმუნებენ

შენს ლაპარაკსა".

 

487

 

მამამ ჰრქვა: "შვილო, რაც გამაგონე,

არა ჰქენ ავად, რომ მამაგონე,

ავ-რიგად წანახდენს, ჭკუვას გარდაახდენს

კაცს მეტი ფიქრი.

 

488

 

მე ლექსად სიტყვებს ამად ვაწყობდი,

უფრო ტკბილად ჩნდა, ამას ვატყობდი;

არ მაქვნიდა იმედი, შენს ამბად ისმენდი

მოუწყენელად.

 

489

 

აქ მოდი, შვილო. ახლოს დამიჯე;

რაც რომ მოგითხრა, კარგად გაშინჯე!

მე სიტყვებსა სწორსა, არ თუ არაკს, ჭორსა,

გეტყვი მართალსა.

 

490

 

სიტყვას არც კლებით, არც მომატებით,

ყველას მოგითხრობ ჭეშმარიტებით.

მე რაცა ვსთქვა ენით, შენ ის ყურის სმენით

კარგად შეიტყევ.

 

491

 

შენს შვილს მიუთხარ ეს ამბებია:

მე მომითხრობდა პაპა-ბებია,

არს ბრძენთ ბრძანებული, არ მოგონებული

ცუდი ამბავი.

 

492

 

ესე ამბავი კარგია, შვილო,

საუკუნო არს, საშვილის-შვილო!

ესე ლაპარაკი არ არის არაკი,

გესმოდეს, შვილო.

 

493

 

სწავლად წინ ფეხი წამოდგი ნებით,

ყურით ისმენდე, გულთ მოდგინებით!

შვილო, შენს მამასა ნუ მიზამ ამასა;

რომ არ ისწავლო.

 

494

 

შვილო, იხმარე ჭკუვა და გონი,

შენ გაიგონე ეს გასაგონი:

დასია, დაგონი, საწვავ სადაგონი,

ნუ გრწამს ნურც ერთი.

 

495

 

შვილო, თუ ამას არ შაისმენდე,

რასაც შენ მიკვეთ, მას არ ირწმენდე,

ბერს-კაცს თეთრწვერასა ნუ მიკვეთ წერასა,

ცუდად ნუ გამრჯი.

 

496

 

ვარ ბერიკაცი დიდად ნასარჯი,

საწუთროსაგან მწარედ ნატანჯი

შიშველის ფეხებით აქა-იქ ჩეხებით

ტყვეობისაგან".

 

497

 

შვილმან მამასა მიუთხრა ფიცით:

"სწავლას მოვჰყვები გულისა მტკიცით;

მასწავლი ტკბილადა, რად გაგხდი წბილადა

მე შენ, მამაო!

 

498

 

უსწავლელობა არს წარსაწყმენდი,

თუ არ მდომოდა, თავს არ გაწყენდი;

სახლ-კარს დავირთევდი, ცოლსა შევირთევდი,

ვიქორწინებდი".

 

499

 

"კარგია,შვილო, რადგან აგრეა,

რომ ცოლის ნდომამ არ გარდაგრია;

შენის ჭკუვისაგან, შენ სხვის ბიჭისაგან

ჰქმენ უმჯობესი.

 

500

 

როგორც მე ნდომამ ჭკვას გარდმახდინა,

ისრე არ გიყო, არ წაგახდინა;

ვით მე ჭალას შინა ჩხიკვმან შემაშინა,

შაშვ-ქაცვმან, კაცმან.

 

501

 

ჭალასა შინა დამაქორწინა,

მოლი დამიგო, ცოლთან მაწვინა;

მსუსხევდა ჭინჭარნი, მიკბენდენ ჭინჭველნი,

მჩხვლეტდენ ეკალნი.

 

502

 

შვილო, ყოფილხარ ბიჭი ბიჭური,

არა გემთხვა რა ჩხიკვ-შაშვ-ღიჭური;

ვით მაშვრალს წყურვილმან, მე მიყო სურვილმან

გულთ განხურვება.

 

503

 

ვმადლობ ღმერთს, შვილო, ხარ გონიერი

მძლეთა მებრძოლთან ძალ-ღონიერი;

წყალთან წყურვილისა, ქალთან სურვილისა

გაქვს მოთმინება.

 

504

 

ამისთვის გწყალობს, შვილო, შენ ღმერთი,

რომ კარგი საქმე შენა ჰქენ ერთი:

ვარდთ გვირგვინებითა, თავის თავს ნებითა

გაძლევდა ქალი.

 

505

 

შენ რომ იმ ქალთან არ შეიგინე,

ღვთისა მცნებაზედ იგულთმოდგინე,

ჰქენი მოთმინება, ამისთვის ინება

შენთვის კეთილი!

 

506

 

ვით დედა-შენმან, კარგი ქალობა,

გულს აქნევინა ქვა-ფიქალობა;

ნდომანი ითმინა, მე არა მისმინა

ჯვარდაუწერლად.

 

507

 

ვინც ღვთის ბრძანებას არ ეურჩების,

მრავალს განსაცდელს გარდაურჩების.

გულის წმინდობითა, ღვთისა მინდობითა

განემარჯვების.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ