მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 947 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

508

 

ადამის ტომთა კაცთ ძეთა ძენი

იყვნენ ზოგ-ზოგნი ჭკვიანი, ბრძენი;

კაცნი დიდებულნი, ღვთის ძედ წოდებულნი

სიწმინდის გამო.

 

509

 

ცხოვრობდენ წელსა ცხრა-ასზედ მეტსა,

სამოცს, ორმოცსა და ათერთმეტსა,

სიცოცხლის სიგძითა, ასულით და ძითა

განმრავლდენ კაცნი.

 

510

 

კაცთ შვნეს ასულნი, ლამაზნი ქალნი,

ღვთის ძეთ რან ნახეს, ზედ დარჩათ თვალნი.

შეირთვეს ცოლებად, შვილთა საყოლებად

თავ-თავისთვისა.

 

511

 

ღმერთს არ ეკეთა გრძლად ყოფნა ხორცად,

ას-ოცის წლისა ქმნა დასახოცად

თვალთ ლამაზთ ნდომამა და გულთა ცდომამა

ეს მოახდინა.

 

512

 

ცხრა-ასისაგან ასისა მოკლნა, -

რვა-ასის წლისა დღე შეუმოკლნა, -

ესრეთ შესძლო თვალმან და ლამაზმან ქალმან,

შენ რომ იკითხე.

 

513

 

ღვთის ძეთ შვნეს შვილნი გოლიათ-გმირნი,

შესახედავად გულთ გასაგმირნი,

მაღალნი, დიდები, არ აქვნდათ რიდები

არასფერისა.

 

514

 

არას ისმენდნენ ღვთის ბრძანებასა,

იქმოდენ ყველას თავის ნებასა.

ქმნეს უშჯულოვება, უსამართლოება

განმრავლდა ქვეყნად.

 

515

 

ყოველთ ხორციელთ ქმნეს თვისი ნება,

თავის გზას მისცეს ქვეყნად ხრწნილება;

უსამართლობითა, არ გულმართლობითა

გახრწნეს ქვეყანა!

 

516

 

რა ეს სცან ღმერთმან, გულს მიხვდა წყენა,

და შეინანა მათი გაჩენა!

ღმერთმან ამ საქმითა, ინება დანთქმითა

წარღვნა ქვეყნისა.

 

517

 

ღმერთმან სულ ქვეყნად აკვირვა თვალნი

და ვერცად ნახა კაცნი მართალნი!

ერთი ნოე პოვა, იმას ესათნოვა

სიმართლის გამო.

 

518

 

ნოემ შვა სამ ძე: სემ, ქამ, იაფეთ.

ჰრქვა ღმერთმან ნოეს: "ძელთ ჭრად ისწრაფეთ!

მწადს წყალთ დიდობანი; აგე კიდობანი

ოთხ კედლად ბუდებ.

 

519

 

შიგნით და გარეთ მოკირე კირით;

წვიმა მოჰხდების ექვსისა კვირით

დღისითა, ღამითა, წუთითა, ჟამითა

შეუწყვეტელად.

 

520

 

სამასის წყრთისა იყოს სიგრძენი,

ორმოცის წყრთისა მისი სივრცენი,

ოც-და-ათეული წყრთითა განწყრთეული

სიმაღლე მისი.

 

521

 

კარგად გაწყობით მაგრად შეკარი,

იგვრდივად უქმენ კიდობანს კარი;

ორ-სამ სართულებად იყოს დართულებად

ქვე საყოფელად.

 

522

 

აწ მე მოვხადო ქვეყნად რღვნა წყლისა,

განსახრწნელადა ხორცთა ყოვლისა,

არიან რომლისა სული სიცოცხლისა

ცას ქვეშ ქვეყნადა.

 

523

 

მათ ყველას ექმნას წყლის გამო დანთქმა,

მე შენთან ჩემი ვამკვიდრო აღთქმა!

 

524

 

იყოს რაც ქვეყნად ქვეწარმავალნი,

ნათესაობით, გვარით მრავალნი,

ყოვლნი ხორციელნი, არ მარტო ტიელნი,

წყვილნი, თუ ტოლნი:

 

525

 

პირუტყვ-მხეც-მფრინველ და ქვემძრომელნი

მშვიდნი, გინა თუ მრისხველ-მწყრომელნი;

მამალნი, დედალნი, მამაცნი და ხრდალნი

თვითოს გვარისა.

 

526

 

წმინდათაგანი შვიდ-შვიდი ტოლნი,

და არაწმინდა თვითო ქმარ-ცოლნი

შეკრიბე თესლადა, კიდობნად შესვლადა

მამალ-დედალნი.

 

527

 

შენთვის და მათთვის სასმელ საჭმელნი,

სიობისათვის არ ნედლნი, ხმელნი,

ერთის წლის სამყოფნი, მით კიდობნად მყოფნი

შენ გამოზარდე.

 

528

 

ღვთის ბრძანებულნი ქვეყნის ცხოველნი

ნოემ კიდობნად შესხნა ყოველნი.

ეგრეთვე საჭმელი, ქვევრებით სასმელნი

დადგა კიდობნად.

 

529

 

ნოეს კამბეჩი დავიწყებოდა,

სადღაც სიცხითა ლაფში წვებოდა;

კიდობანს გარეთ ყვიროდა მწარეთა

დიდისა ხმითა.

 

530

 

სახელს უძახდა ნოეს კამბეჩი:

"რასათვის ვრჩები სულ უკან ბეჩი?

რასათვის მაგდებო და არ შემაგდებო

მეც კიდობანში?

 

531

 

ნოემ ჰრქვა კამბეჩს: "ვეჭობ, კამბეჩი

მაგისთვის გერქვას, ყოფილხარ ბეჩი;

რღვნის შიშით გვაქვს ძრწოლა, ლაფშიგან ჩაწოლა

რა დროსი იყო?

 

532

 

კინაღარ დარჩი მაგ კარგის ბანით!

მალე ამოდი, ჩამოძვერ ბანით…"

თვისი ენა კამბეჩს დაავიწყდა მას ბეჩს

ნოეს ძახილით

 

533

 

ამად იძახის კამბეჩი "ნოეს"!

თუ შენ გეგონოს არ სარწმუნო ეს, -

როცა მას ნახევდე, შენ მე დამძრახევდე,

თუ მე ვსტყუოდე!

 

534

 

ოდეს სულ შეკრბენ მას კიდობანსა;

ღმერთმან დახურა გარედამ ბანსა;

დაუცო, დაჩურთა სარკმელ-სანათურა

ხუხრუტანები.

 

535

 

განახვნა ღმერთმან ცის საქონელი

და ჩამოღვარა გასაბანელი;

ქვეყნის მწიკვლთ საწმენდი, წარწყმდა წარსაწყმენდი,

მოიცვა წყალმან!

 

536

 

ორმოცი დღე და ორმოცი ღამე

კოკურებ ასხა წვიმამ მუდამე.

განმრავლდა რა წყალნი, წარირღვნენ საწყალნი

ქვეყნად მყოფელნი!

 

537

 

რასაც რომ ღმერთმან ხორცი ახორცა,

კიდობანს გარეთ ყველა დახოცა.

აღარ დარჩა კაცი, აღარც დედაკაცი,

არც სხვა ხორც-სხმულნი.

 

538

 

გადიდდა ასე, გამაღლდა წყალნი,

თხუთმეტს წყრთას ქვეშ ქმნა მთანი მაღალნი.

სულ მოკვდენ ყოველნი, რაც ხორცნი ცხოველნი

იყვნენ ცას ქვეშე.

 

539

 

ზედ კიდობანი იტაცებოდა,

შიგ მსხდომთ სიცოცხლე ეოცებოდა.

ნოე ფეხზედ დგა, ილოცებოდა.

სხვათ შიშით მუხლი ეკეცებოდა.

 

540

 

ვირემ მთათ წყალი შესცილდებოდა,

იქით და აქეთ კლდეთ ეხლებოდა,

მიმოაწყდებოდა და არ გატყდებოდა

ღვთის ძლიერებით.

 

541

 

ას-ერგას დღემდის ქუხილი, ელვა,

წვიმა და ქარი, და წყალთა ღელვა;

კიდობნისა რყევა, გულზიდება, რწყევა

შიგ მსხდომარეთა!

 

542

 

ერთი ფიცარი შუვა ხიდილი,

შიგნით სიცოცხლე, გარეთ სიკვდილი!

სიკვდილმან ძმა-დობა, უყო მათ დანდობა,

არავინ მოკლა.

 

543

 

მაშინ დამიყვრდნენ ყოველნი მტერნი;

ქორნი, კაკაბნი, ალალნი, მწყერნი;

კაც, ასპიტნი გველნი, ცხვარნი, თხა და მგელნი;

კატა და თაგვნი.

 

544

 

ვეშაპ, ფასკუნჯნი, მარტორქა, სპილო,

- ერთად სამყოფლად არ საადვილო, -

ლომ-ვეფხვნი, ანთარნი, ფოცხვერნი, აფთარნი,

და ვასილისკო -

 

545

 

დაემეგობრენ ერთმანეთს ყველა!

არას აწყენდის მსუქანს ბატს მელა;

კურდღელთა მწევარნი არ იყვნენ მდევარნი,

ქათამთა-ტურა.

 

546

 

სიკვდილ-სიცოცხლე იქმნენ ვით ძმანი,

მოკვდავთ საკვდავად გაკმინდა ხმანი.

სიკვდილმან კლა ვერა, ვირემ არ განერა

რღვნას კიდობანი.

 

547

 

მეშვიდეს თვესა ღმერთმან ინება

კიდობნად მყოფთა შვება, ლხინება;

ბრძანა დადგინება, შესწყვიტა დინება

ზეციდამ წყლისა.

 

548

 

კიდობანიცა მაღალსა მთასა

ზედა შეაგდო არარატთასა.

დადგა და დაყენდა, აღარა არყევდა

კიდობანს წყალი.

 

549

 

წყალმან მრავალი აკლო, შემცირდა:

მეათეს თვემდი მთა წყალს შესცილდა;

ერთ თერთმეტის თვისას თავს აჩენდა მთისას,

მოაკლდა ასე.

 

550

 

ნოემ გაუშვა სარკმლით ყორანი:

"სცანი, თუ ღმერთმან წყალთ უყო რანი?"

ყორანმა სცან მთანი, გაშალა მან ფრთანი

მუნით საფრენლად.

 

551

 

აღარ მობრუნდა ამბის სათქმელად,

ვირემ არ გახდა ქვეყანა ხმელად.

ის დღე გამოვიდა, რომ აღარ მოვიდა

გაუშვა ტრედი.

 

552

 

ტრედმან ეძება, ვერ პოვა ხმელი,

შესასვენებლად ფეხთ-დასადგმელი;

დაღალული ფრენით, დაჯდა პირის ღრენით

კოდობანზედა.

 

553

 

ნოემ განახვნა ბაგა, სარკმელი,

კიდობნით გარეთ გამოყო ხელი;

ტრედი აიყვანა, ისევ შეიყვანა

კიდობანშია.

 

554

 

ნოემ შვიდიოდ დღე მაიცადა,

შვიდს დღეს უკანა კიდევა სცადა,

წყალს რა მოევლინა, კიდეც წარავლინა

იგივე მტრედი.

 

555

 

ტრედი გაფრინდა, განხდა ნაპირად,

შრტო ზეთისხილთა მიიცა პირად;

მოუტანა ნოეს, ჰრქვა: "არს სარწმუნო ეს,

ჩანს წყალთ მოკლება!"

 

556

 

ნოემ კიდევა შვიდს დღეს ითმინა;

შვიდს დღეს უკანა კიდევ აფრინა

ტრედი მესამედა, გზავნა მეამბედა,

გაუშვა სარკმლით.

 

557

 

ტრედმა ნავარდი შექნა ტყე-ველად,

ბნელში ნაჯდომმან შესაქცეველად.

ტყეში დაიძინა, აღარა შესძინა

კიდობნად მისვლა.

 

558

 

ნოემ აჰხადა ზეით სართული,

რაც კარად-ბანად აქვნდა დართული.

გარდახედა მთითა, წყალს მოაკლდა ღვთითა,

გამოჩნდა ხმელი!

 

559

 

ხმა შემოესმა ნოეს ღვთისაგან:

"ნოვე! გამოდი კიდობნისაგან

შენდ და შენი ცოლი, ძენი შენი და მათი ცოლი

აგრევ ყოველნი.

 

560

 

რანიც არიან სულ ხორც-შესხმულნი,

კიდობნად მსხდომნი შენგნით შესხმულნი

პირუტყს-მხეც-მფრინველნი, მოძრავი, სულთ მქშინველნი

გამოიყვანე.

 

561

 

კიდობანი დგეს მანდავ მთაზედა,

თქვენ სულ გამოდით ქვეყნად ხმელზედა.

განმრავლდით, აღორძინდით, დასახლდით, დაბოძგინდით

ქვეყანაზედა!


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - პოემა  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ