მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6330 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

"ბატონის და მეფის ხელში

ნუ დაეძებ სამართალსა;

არაკს გეტყვი, შიგ არ გავრევ

არც ტყუილს და არც მართალსა…"


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი გლეხი, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა.

ერთ მშვენიერ დღეს გლეხი მიწას ხნავდა. უცებ სახნისი რაღაც რკინისმაგვარს წამოედო.

გლეხმა გააჩერა ხარები, მივიდა იმ ადგილას და რას ხედავს: ხნულის ღარში ოქროს როდინი გდია! პირველად თვალებს არ უჯერებდა, შემდეგ კი, როცა ჩოხის კალთით კარგად გაწმინდა და გააპრიალა, სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. დაანება თავი ხვნას და შინისაკენ გასწია.

- რატომ დაბრუნდი ასე ადრეო? - ჰკითხა ქალიშვილმა.

გლეხმა ძვირფასი ნივთი გამოუჩინა შვილს და ხელში შეათამაშა.

- ეგ ხომ ნამდვილი ოქროა! - გაკვირვებით წამოიძახა გოგონამ.

- დიახ, შვილო, ოქროს როდინია, ოქროსი!

- მერე, რა უნდა ვუყოთ? რაში გამოვიყენოთ?

- როგორ თუ რა ვუყოთ! ჩვენს ხელმწიფეს მივართმევ და უხვად დამასაჩუქრებსო.

- რას ამბობ, მამა! ხელმწიფეს რატომ უნდა მიართვა? იცოდე, ის აქეთ მოგედავება და ოქროს სანაყ ქვასაც მოგთხოვსო, - თქვა გოგონამ.

დიდხანს არწმუნებდა შვილი მამას, ხელმწიფისთვის ოქრო არ გამოეჩინა, მაგრამ სულ ტყუილად.

- ასეთი ძვირფასი რამ მხოლოდ ხელმწიფის საკადრისია და ამიტომ მას უნდა მივუტანოო, - თავისას არ იშლიდა გლეხი. მართლაც დაავლო ძვირფას ნივთს ხელი და ხელმწიფის სასახლეს მიადგა: - დიდებულო მეფეო, ოქროს როდინი ვიპოვე და საჩუქრად მოგართვითო!

- ოქროს როდინი? - გაიკვირვა მეფემ, - მერე, სანაყი ქვა რაღა უყავიო?

- მიწაში მარტო ეგ ვიპოვე, შენი ჭირიმე!

- რას ამბობ, შე ბრიყვო?! სადაც ეგ იპოვე, იქ ოქროს ქვასაც იპოვიდი! წადი ახლავე და ისიც მოიტანე, თორემ მაგ მატყუარა თავს ქვით დაგინაყავო!

დაღონდა გლეხი. გაახსენდა თავისი გოგონას დარიგება და ოხვრით ჩაილაპარაკა: - ახია ჩემზე! რატომ არ დავუჯერე ჩემს ქალიშვილსო.

ხელმწიფემ გაიგონა ეს სიტყვები და ჰკითხა:

- რაო, რა გითხრა შენმა ქალმაო?

- მითხრა, ხელმწიფეს არ წაუღო, თორემ ოქროს სანაყსაც მოგედავებაო, - უპასუხა გლეხმა.

- შენმა შვილმა წინასწარ საიდან იცოდა, რომ სანაყსაც მოგედავებოდი? რაკი შენი ქალი ასეთი ჭკვიანია, ახლავე აქ გამომიგზავნეო! - უბრძანა ხელმწიფემ.

წამოვიდა დაღონებული გლეხი სახლისკენ.

- ნუ გეშინია, - დაამშვიდა გოგონამ მამა, როცა ეს ამბავი შეიტყო, - ხელმწიფე, ალბათ, იმისთვის მიბარებს, რომ ჩემი ჭკუა გამოსცადოს, წავალ, იქნებ ვაჯობო კიდეც და ოქროს როდინის დარდიც მოგაშოროო, - ანუგეშა შვილმა და წასასვლელად გაემზადა.

მივიდა ქალი ხელმწიფესთან, თავი დაუკრა და მოახსენა:

- რას მიბრძანებთ, დიდებულო ხელმწიფეო?

- აბა, თუ ჭკვიანი ხარ, ახლა გამოჩნდება. ხვალ კვლავ გამოცხადდები ჩემთან, მაგრამ ისე, რომ არც შიშველი იყო და არც ტანისამოსი გეცვას, არც ფეხით მოხვიდე, არც ცხენით და არც ეტლით. თუ შეასრულებ ამ დავალებას, მამაშენს უკან დავუბრუნებ ოქროს, შენ კი ცოლად შეგირთავ, თუ არა, შენს თავს დააბრალეო!

გლეხის ქალი დათანხმდა და წამოვიდა.

მეორე დღეს ტანისამოსი გაიხადა, ბადეში ჩაჯდა, გამოება უკან ვირს და ისე მივიდა ხელმწიფესთან.

ხელმწიფეს ძალიან გაუკვირდა ქალის ასეთი მოხერხებულობა, პირობა არ დაარღვია, ოქროს როდინი გლეხს დაუბრუნა, მისი ქალიშვილი კი ცოლად შეირთო.

იმ დღიდან ცხოვრობდნენ ბედნიერად.

ასე გადიოდა წლები. დედოფლის მოხერხებულობისა და ჭკუა­გონების ამბავი მთელ ქვეყანას მოედო და სხვა სამეფოებსაც გადასწვდა.

ერთ წელიწადს ვიღაც მწყემსებს ნახირი მთაში გაერეკათ. ბინდმა მათ ქალაქის მახლობლად მოუსწრო.

მწყემსებმა ბანაკი დასცეს და ღამის გათენებაც იქვე გადაწყვიტეს. იმ ღამეს ერთი მეცხვარის ცხენმა კვიცი მოიგო, მეორე მწყემსმა კი მოიპარა კვიცი და თავის ხარს ფეხზე გამოაბა.

გათენდა. ცხენის პატრონმა კვიცი მოიკითხა. მივიდა ხარის პატრონთან და უთხრა:

- ძმობილო, ამ კვიცს შენთან რა უნდა? წუხელ ჩემს ცხენს მოუგიაო.

- რას ამბობ! ეს კვიცი შენი ცხენის კი არა, ჩემი ხარისაა და დედას რომ არ მოშორებოდა, მის ფეხზე მივაბიო, - უმტკიცებდა მეორე.

მწყემსებმა იდავეს, იჩხუბეს და რომ ვერ შეთანხმდნენ, ხელმწიფეს მიმართეს. მან კი ასეთი განაჩენი გამოიტანა: რადგანაც კვიცი გათენებისას ხართან აღმოჩნდა, მისი ყოფილა და არა ცხენისაო.

გამოვიდა ცხენის პატრონი სასახლიდან, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ამ დროს დედოფალს გადაეყარა.

- რა მოგსვლია, რა გატირებსო? - ჰკითხა ქალმა.

ასე და ასეა ჩემი საქმე, სიმართლის დადგენა ხელმწიფეს ვთხოვე, ის კი უსამართლოდ მომექცა და კვიცი ხარის პატრონს დაუთმოო.

- ნუ გეშინია, - უთხრა დედოფალმა, - შენი სიმართლე არ დაიკარგება. როგორც დაგარიგებ, ისე მოიქეცი: წადი, იშოვე სადმე ბადე, მოიტანე და ხელმწიფის სასახლის ეზოში გადაისროლე, ვითომ მებადური ხარ. ხელმწიფე რომ დაგინახავს, გკითხავს: რას აკეთებ, განა მიწაზე თევზის ჭერა შეიძლებაო? შენ კი უპასუხე: დიდებულო ხელმწიფევ, თუ მიწაზე თევზის დაჭერა არ შეიძლება, ის კი შეიძლება, რომ ხარმა კვიცი მოიგოსო?! ხელმწიფე მიხვდება თავის შეცდომას და კვიცს შენ დაგიბრუნებსო.

წავიდა მწყემსი. ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ქალმა დაარიგა და ბადე მეფის ეზოში მოისროლა.

- რას შვრები, კაცო, მიწაზე თევზის დაჭერა ვის გაუგონიაო? - გაოცდა ხელმწიფე.

- რატომ გაგიკვირდათ, დიდებულო მეფეო! თუ მიწაზე თევზის დაჭერა არავის გაუგონია, ის კი გაუგონია ვინმეს, რომ ხარმა კვიცი მოიგოსო?

ხელმწიფეს მაშინვე გაახსენდა თავისი უსამართლო განაჩენი და კვიცი პატრონს დაუბრუნა.

- ეს მწყემსი უსათუოდ ჩემი ცოლის დარიგებულიაო, - გაიფიქრა ხელმწიფემ, - ეს ქალი თუ თავიდან არ მოვიშორე, მთელ სამეფოში სახელსა და ნდობას დამიკარგავსო.

ერთ ღამეს განგებ მოიბრაზიანა თავი და ცოლს წაეჩხუბა:

- შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია! ოღონდ თავიდან მომშორდი და უფლებას გაძლევ, აირჩიო, სასახლეში რაც კი რამ მოგეწონება და ძვირფასია შენთვის, და თან წაიღოო.

- კარგიო, - უთხრა ქალმა, - დღემდე ტკბილად ვცხოვრობდით, გაყრითაც ტკბილად გავიყაროთ, უკანასკნელად კიდევ ვივახშმოთ ერთად და გზა დავულოცოთ ერთმანეთსო!

ხელმწიფეს გული მოულბა და დათანხმდა.

ვახშამზე მეფემ ღვინო ზომაზე მეტად მიირთვა და მალე ჩაეძინა. ქალმა ცხენზე შეისვა მძინარე ქმარი და თავისი მამის სახლში მიიყვანა.

ხელმწიფეს დილაადრიან გაეღვიძა. ჭერსა და კედლებს მოავლო თვალი და თავისთვის ჩაილაპარაკა: - სადა ვარ? ნუთუ ეს ჩემი სასახლეაო?

- დიდებულო ხელმწიფევ, შენ ახლა მამაჩემის სახლში ხარ, აქ გეძინა და აქვე გაიღვიძე, - უპასუხა თავით მჯდომმა გლეხის ქალმა.

- აქ რა მინდა? ან ვინ მომიყვანაო?! - გაკვირვებით იკითხა ხელმწიფემ.

- როგორ თუ აქ რა გინდა! გუშინ ჩვენ რომ გავიყარეთ, შენ ხომ უფლება მომეცი: აირჩიე, რაც კი შენთვის ყველაზე ძვირფასია და თან წაიღეო. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შენა ხარ და თან იმიტომაც წამოგიყვანეო.

ხელმწიფე კიდევ ერთხელ გააოცა ქალის გამჭრიახობამ, მოეხვია ცოლს და შერიგება სთხოვა. იმავე საღამოს შესხდნენ ცხენებზე, დაბრუნდნენ სასახლეში და გააგრძელეს ტკბილად და ბედნიერად ცხოვრება.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ