მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7475 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ეს ამბავი ერთ დიდ კარმიდამოში მოხდა, სადაც ბევრი სხვადასხვა შინაური ფრინველი  ცხოვრობდა. შინაური იხვი საბუდარში, კვერცხებზე იჯდა და თავისი ჭუკების გამოჩეკას  მოთმინებით ელოდა.

როგორც იქნა, ნანატრი დღე დადგა და კვერცხის ნაჭუჭების მსხვრევის ხმაც გაისმა. დედა იხვმა დაინახა, როგორ გამოყვეს თავი კვერცხებიდან პაწია ჭუკებმა.

- მალე, მალე გამოძვერით ნაჭუჭებიდან, თქვენ ფრინველთა ეზო გელოდებათ, დააჩქარა  დედამ  პატარები  და  შვილები  გადათვალა: - ერთი, ორი, სამი, ოთხი... მაგრამ ის ერთი სად არის?

- დედამ საბუდრისაკენ გაიხედა და დაინახა, რომ ერთი, ყველაზე დიდი კვერცხი ჯერაც მთელი იყო.

რა უნდა ექნა იხვს? ისევ საბუდარში დაბრუნდა და დაელოდა, როდის დაიმსხვრეოდა ის  კვერცხი. რამდენიმე დღეში კვერცხი გაიბზარა და იქიდან თავი პაწია არსებამ გამოყო.

- ეს ვინ არის, ჩემს ჭუკებს სულაც არ ჰგავს, - გაიკვირვა დედა იხვმა და კვერცხის ნაჭუჭიდან გამომძვრალი პატარა გულდაგულ შეათვალიერა. ის თითქოს რაღაცით კი ჰგავდა მის პაწია ჭუკებს, მაგრამ მახინჯი იყო  -  ტანად დიდი, რუხი ფერის, თითქოს ნისკარტიც სხვაგვარი ჰქონდა, დანარჩენები კი ზომით ერთნაირები იყვნენ, ყვითლები და ლამაზები.

გულდაწყვეტილმა გადახედა დედა იხვმა მახინჯ შვილს, ყველა თავის ჭუკს ერთად მოუყარა თავი და დაარიგა:

- იცოდეთ, პატარებო, ჭკვიანად უნდა მოიქცეთ, უფროსებს პატივი უნდა სცეთ, აი, იმ მსუქან იხვს ხომ ხედავთ, ამ ეზოს ყველაზე პატივსაცემი ქალბატონია, ის უცხო ჯიშისაა და მგონი სხვებზე ლამაზიც არის, ფეხზე წითელი ლენტიც აქვს შებმული, ამიტომ მას განსაკუთრებული პატივით უნდა მოეპყრათ... კატას კი უფრთხილდით, მას ბასრი ბრჭყალები აქვს და შეუძლია დაგკაწროთ...

დედა იხვმა პატარების დამოძღვრა დაასრულა და ერთ  მწკრივად დაწყობილები ეზოში გავიდნენ, სადაც მათ გამოჩენას უკვე მოუთმენლად ელოდნენ სხვა შინაური ფრინველები.

- მშვენიერი შვილები გყავთ, ჩემო ძვირფასო, - შეეგება დედა იხვს უცხო ჯიშის ქალბატონი იხვი, - ოღონდ ეს ერთი რატომ არის ასეთი მახინჯი, ვერაფრით გამიგია?!

იმ დღიდან კარმიდამოში მახინჯ იხვის ჭუკს ყველა გადაეკიდა, საბრალოს ქათმები თავში უნისკარტებდნენ, და-ძმები მახინჯს ეძახდნენ და ახლოს არ იკარებდნენ, ისიც კი მოეჩვენა, რომ დედამაც აითვალწუნა. ამის ატანა პატარას აღარ შეეძლო, ამიტომაც ერთ დღეს ეზო გადაირბინა,  თავისი პაწია ფრთები გაშალა, ღობეს გადაევლო და პირდაპირ ეკლიან ბუჩქებში ამოყო თავი.

ცოტა ხანში პატარა ჭუკი ბუჩქებიდან გამოძვრა და ფრთების ფართხუნით გაიქცა. დიდხანს ირბინა და საღამო ხანს ერთ პატარა ტბას მიუახლოვდა, სადაც გარეული იხვები ბინადრობდნენ.

პატარა იხვებთან გაჭირვებით მიცურდა და თავი მდაბლად დაუკრა, მას დედის დარიგება კარგად ახსოვდა, უფროსებს ზრდილობიანად უნდა მოჰქცეოდა.

ეს ვინ არის, თითქოს იხვს წააგავს, მაგრამ რატომაა ასეთი მახინჯი და არც ჩვენ ჩამოგვგავს! - ნისკარტები  აიბზუეს  გარეულმა  იხვებმა.

- ნება მომეცით, მეც აქ, ამ ტბაში ვიცხოვრო,  -  ითხოვა იხვის ჭუკმა.

- იცხოვრე თუ გინდა, ოღონდ ჩვენ ახლოს არ გაგვეკარო,  - ნება დართეს გარეულმა იხვებმა.           

ამაზეც მადლობელი იყო პატარა, მშვიდად დაცურავდა ტბაში და ლამაზი იხვების ცქერით ტკბებოდა, მაგრამ ერთ დღეს უეცრად ტბის ნაპირზე საშინელი ხმაური ატყდა, იხვის ჭუკმა გვიმრის ფოთლებიდან თავი გამოყო და დაინახა, რომ ირგვლივ მონადირეები შეკრებილიყვნენ და თოფებს ისროდნენ:

- პიფ, პუფ, - ისმოდა ყველა მხრიდან და ამას ძაღლების ყეფაც ემატებოდა.

ტბის  ნაპირზე კი რამდენიმე მოკლული გარეული იხვი  ტივტივებდა. ძალიან  შეშინდა პატარა ჭუკი, სასწრაფოდ ამოხტა წყლიდან და ფრთების ფართხუნით გაიქცა. დიდხანს  ირბინა  პატარამ და საღამო ხანს ერთ ქოხს მიადგა, ქოხის კარი ნახევრად ღია დახვდა, შიგნით შეძვრა და დაიძინა.

გათენდა...  იმ  ქოხში ერთი დედაბერი ცხოვრობდა, მას საყვარელი კატა ჰყავდა. პატარა ჭუკს კარგად ახსოვდა დედის დარიგება, რომ კატებს უნდა მორიდებოდა, ამიტომ ფისოს ზრდილობიანად დაუკრა თავი და დედაბერის კალთას ამოეფარა.

- შენ კვერცხის დადება  შეგიძლია? - ჰკითხა დედაბერმა.

- არა, - გულწრფელად უპასუხა იხვის ჭუკმა .

- არც კნავილი და კუდის აპრეხა იცი ? - დაინტერესდა კატა.                                           

- არა, არც ეგ ვიცი, - თავი დახარა იხვის ჭუკმა.

- ჩვენ უსაქმური და უმაქნისი მობინადრე არ გვჭირდება, ახლავე გაშორდი  ჩვენს ქოხს, - დაუცაცხანეს კატამ და დედაბერმა და გარეთ გააგდეს.

ისევ ფრთების ფართხუნით გაიქცა, ირბინა, ირბინა და შორი ახლო მოზრდილი გუბე აღმოაჩინა, იქ მას ცურვას ვერავინ დაუშლიდა,ამიტომაც ჭუკი მთელი დღე წინ და უკან დაცურავდა.

ამასობაში შემოდგომა დადგა, აცივდა კიდეც. მალე თოვლიც წამოვიდა და გუბემ გაყინვა დაიწყო. იხვის ჭუკი შეუსვენებლად დაცურავდა წინ და უკან, რომ როგორმე თავისი გუბე გაყინვისგან ეხსნა, მაგრამ ბუნების კანონს წინ ხომ ვერ აღუდგებოდა... ერთ დღესაც ძლიერი ყინვის გამო საბრალო ჭუკიც გუბეს მიეყინა.

ბევრი აფართხალა ფრთები, ცდილობდა ყინულიდან თავი დაეღწია, მაგრამ ვერაფერი შეძლო. იფიქრა, ალბათ ეს არის ჩემი ბოლოო, რომ ბავშვის მხიარული ხმა გაიგონა:

- მამიკო, მამიკო, შეხედე, მგონი, პატარა იხვი იყინება, მოდი ვუშველოთ?!

მართლაც პატარა ჭუკმა იგრძნო, ძლიერმა ხელმა როგორ მოაცილა იგი ყინულს და სადღაც წაიღო.

ადამიანებმა ის შინ მიიყვანეს და აგიზგიზებული ბუხრის წინ დააწვინეს. რამდენიმე დღეში იხვის ჭუკი გონს მოეგო და სახლსაც შეეჩვია. ის და პატარა ბიჭუნა მშვენივრად თამაშობდნენ ერთად.

ასე გავიდა ზამთარი, მახინჯი ჭუკი ადამიანებს მიეჩვია, მაგრამ გული მაინც გარეთ მიუწევდა, სურდა თავისნაირები ეპოვა და მათთან გაშინაურებულიყო.

მალე გაზაფხულიც დადგა. ერთ დღეს ჭუკმა გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ ირგვლივ ყველაფერი ამწვანებულიყო და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. მან ფრთები გაშალა და იგრძნო, რომ გაცილებით ძლიერი იყო, ფრენაც მშვენივრად შეეძლო. გაშალა ფრთები და აფრინდა. იფრინა, იფრინა და ერთ ლამაზ გუბესთან მიფრინდა.

უცებ ფრთების თქარათქური შემოესმა და დაინახა, რომ მისკენ სამი ულამაზესი, თეთრი გედი მოფრინავდა. იხვის ჭუკი რომ დაინახეს, ისინი ტბის ზედაპირზე დაეშვნენ და მაშინვე მისკენ გაცურეს.

ალბათ არ სურთ ჩემნაირი მახინჯი ამ ტბაში ცხოვრობდეს და ჩემსკენ იმიტომ მოემართებიან, რომ ფრთებით გადამთელონ, თუმცა, ასეთ სიცოცხლეს მირჩევნია, ამ ლამაზი ფრინველების ფრთებქვეშ დავლიო სული, - გაიფიქრა ჭუკმა და თავი დახარა.    

უცებ მან კამკამა წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა და გაოცდა – ის აღარ ჰგავდა მახინჯ იხვის ჭუკს. იგი ულამაზეს, თეთრ გედად გადაქცეულიყო.

ამ დროს ტბასთან პატარა ბავშვები მიცვივდნენ.

- შეხედეთ, ჩვენს ტბაში ახალი გედი გამოჩნდა, ის ყველაზე დიდი და ლამაზია.

სამი თეთრი გედი კი მის გარშემო დაცურავდა და ეალერსებოდა. ახალგაზრდა გედს ვერც კი დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, რადგან მშვენივრად ახსოვდა  ის დრო, როცა მახინჯი ჭუკი იყო და უამრავ დაცინვას იტანდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკან დარჩა...

მახინჯი ჭუკი ახლა ულამაზესი გედი იყო, მან ყელი მოიღერა და აღტაცებულმა წამოიძახა: - ასეთ ბედნიერებაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო, მაგრამ ოცნებები ზოგჯერ ცხადშიც ხდება ხოლმე...

 

* * * * * * *

მთარგმნელი: აკაკი გელოვანი

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ჰანს ქრისტიან ანდერსენი - ზღაპრები • • •  ჰანს ქრისტიან ანდერსენი/ზღაპრები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ