მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 842 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი თვალხატულა პეპელა, რომელმაც დაქორწინება გადაწყვიტა. რაღა თქმა უნდა, ცოლად საუკეთესო ყვავილის შერთვა სურდა.

ყურადღებით მიმოიხედა გარშემო. ყვავილები, როგორც გაუთხოვარ ქალიშვილებს შეშვენით, თავიანთ ღეროებზე წყნარად ისხდნენ, მაგრამ ისე ბევრნი იყვნენ, არჩევანის გაკეთება არც ისე იოლი აღმოჩნდა.

პეპელამ ერთხანს არჩია, არჩია, ბოლოს მობეზრდა და მინდვრის გვირილასაკენ გაფრინდა. ფრანგები მას  მარგარიტას ეძახიან და ირწმუნებიან, რომ ამ ყვავილს მისნობა შეუძლია, რაც წმინდა წყლის სიმართლე გახლავთ: “ვუყვარვარ ?არ ვუყვარვარ ?“ -ეკითხება მისანს ყველა თავის ენაზე და თან ყოველ შეკითხვაზე თითო ფურცელს აცლის. პეპელაც სწორედ ამ მიზნით ეწვია გვირილას, მაგრამ მოწყვეტის ნაცვლად ფოთლებს ჰკოცნიდა და თან მოწიწებით სთხოვდა:

- დედილო მარგარიტა, მინდვრის გვირილავ, ვიცი მისანი ბრძანდებით! მითხარით, ვინ არის ჩემი საბედო. დამეხმარეთ, გეთაყვა, იქნებ მეც მეღირსოს ოჯახის შექმნა!

მაგრამ გვირილამ ხმა არ გასცა, რადგან ძალიან განაწყენდა. აბა, როგორია, ქალიშვილი იყო და დედილო გიწოდონ?

პეპელამ კვლავ გაუმეორა თხოვნა და როდესაც პასუხი ვერც ამჯერად მიიღო, საბედოს საძებნად გაფრინდა.

ეს ამბავი ადრე გაზაფხულზე მოხდა. ირგვლივ ახლადამოსული ენძელები და ღიღილოები ჰყვაოდნენ.

- არა უშავთ რა, მაგრამ ძალზე ნორჩები არიან. - გაიფიქრა სასიძომ. პეპელას, როგორც ყველა ჭაბუკს, ასაკოვანი ქალიშვილები უფრო მოსწონდა.

ახლა სხვა ყვავილებს მიაშურა პეპელამ, მაგრამ გულის სწორი მაინც ვერ აარჩია, რადგან მისი აზრით ყოჩივარდები მომწარონი არიან, იები - სენტიმენტალურები, ტიტები - პრანჭიები, ნარგიზები - სადანი. ცაცხვის ყვავილებს ტანი ერთი ციდა აქვთ, ნათესავები კი უამრავი ჰყავთ, ვაშლის ყვავილები ვარდებს ჰგვანან, მაგრამ ძალზე უმწეონი არიან: დაუბერავს ქარი და თან წაიღებს, ღირს კი ასეთის ცოლად შერთვა?

დიდი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მიაგნო მისთვის მოსაწონ ყვავილს. ეს იყო ნაზი, ნატიფი, თეთრ-ვარდისფრად შეფერილი ცერცვი. ასეთები არც სამზარეულოში შეირცხვენენ თავს, - გაიფიქრა პეპელამ და ის იყო ხელის თხოვნასაც აპირებდა, რომ იქვე გვერდით დამჭკნარ ყვავილს მოჰკრა თვალი.

- ვინ არის ეს? - იკითხა პეპელამ.

- ჩემი და გახლავთ, - უპასუხა ცერცვმა.

- მაშ, თქვენც ასეთი გახდებით?

დამფრთხალი პეპელა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

მესერს იქით ჩიტისვაშლას ყვავილების მთელი ჯგუფი იწონებდა თავს, მაგრამ ეს ყვითელსახიანი გოგონები მისი გემოვნებისანი არ იყვნენ. აბა, თუ ბიჭი ხარ, სცადე და გაიგე, როგორი გემოვნებისა გახლდათ პეპელა.

გავიდა გაზაფხული, მას ზაფხულიც მიჰყვა, დადგა შემოდგომა, პეპელა კი ვერა და ვერ დაქორწინდა. გაჩნდნენ კოხტად მორთულ-მოკაზმული ახალი ყვავილები, მაგრამ მის სიბერეშეპარულ გულში გაზაფხულისდროინდელი სიჭაბუკისა და სიხალისის დაკარგვით გამოწვეულ დარდს დაესადგურებინა უკვე.

იქნებ შემოდგომის ყვავილებთან ვცადო ბედი? - აუკიაფდა გულში იმედის ნაპერწკალი და თმახუჭუჭა პიტნისაკენ გაფრინდა.

- მას არა აქვს ლამაზი ყვავილები, სამაგიეროდ ის ხომ სულ ერთიანად კეთისურნელოვანია, - გაიფიქრა პეპელამ.

მიეახლა და დაუჩოქა კეთილსურნელოვანს.

- გთხოვთ, ცოლად გამომყვეთ! - დაიჩურჩულა თავდახრილმა და გულზე ხელდადებულმა.

მაგრამ პიტნას ფოთოლიც არ შეურხევია, მხოლოდ ეს უთხრა:

- ჩვენ ორივენი უკვე ხნიერები ვართ, დამეგობრება კიდევ შეგვიძლია, მაგრამ დაქორწინება?.. რა სისულელეა.

ასე დარჩა პეპელა უცოლოდ და უოჯახოდ.

მალე ცუდი დარები დაიწყო, თოვლჭყაპითა და გადაუღებელი წვიმებით. მთელი ძალით დაუბერა ცივმა ქარმა. ბებერი ტირიფები სიცივისაგან კანკალებდნენ. საწყალი პეპელა სასეირნოდ ვეღარ გამოდიოდა, რადგან საზაფხულო პალტოს გარდა სხვა სამოსი არ გააჩნდა.

ერთხელ მან როგორღაც მოახერხა ოთახში შეფრენა, სადაც ღუმელი ენთო და ზაფხულივით თბილოდა. აქ ცხოვრება ნამდვილად შეიძლებოდა, მაგრამ ლაღ ცხოვრებას მიჩვეული, ძალზე დადარდიანდა.

- მე მზის, თავისუფლების და თუნდაც პაწია ყვავილის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!- სთქვა მან, გაფრინდა და პირდაპირ ფანჯრის მინას დაეჯახა.

ოთახში მყოფმა ადამიანებმა შეამჩნიეს იგი და ძალზე მოეწონათ. მოიტანეს დიდი ქინძისთავი, ააცვეს მასზე და სხვა იშვიათობებთან ერთად პეპელაც ყუთში შეინახეს.

- ახლა მეც ყვავილივით ღეროზე ვზივარ! - სთქვა პეპელამ,- ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალზე სასიამოვნოა, მაგრამ რაღაცით ჩამოჰგავს დაქორწინებას: იქ ოჯახზე ხარ მაგრად მიჯაჭვული, აქ კი ქინძისთავზე.

- ვერაფერი ნუგეშია! - შეეპასუხნენ ოთახის ყვავილები.

"ოთახის ყვავილებს ბევრი არაფერი დაეჯერებათ, - ისინი მეტისმეტად კარგად იცნობენ ადამიანებს”. - კვლავ ინუგეშა თავი პეპელამ და ამოიოხრა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: აკაკი გელოვანი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ