გედმა მოქნილი ყელი წყლის ზედაპირისკენ დახარა და დიდხანს უყურა თავის ანარეკლს. და გედი ზუსტად მიხვდა დაღლილობისა და ძრწოლის მიზეზს, ძვალსა და რბილში რომ ატანდა, როგორც ზამთრის სიცივეების დროს.
ახლა მან ზუსტად იცოდა, რომ დადგა სიცოცხლესთან განშორების გარდაუვალი ჟამი.
გედის ბუმბული ისეთივე მშვენიერი და ქათქათა იყო, როგორც შორეული ჭაბუკობისას. ამდენ ცხოვრებისეულ დავიდარაბასა თუ უბედურებაში, სიცხესა თუ ყინვაში, მან შეძლო უმწიკვლოდ შეენარჩუნებინა თავისი სამოსელის სიწმინდე.
და ახლა გედი მზად იყო მშვიდად და ღირსეულად გამოთხოვებოდა სიცოცხლეს.ლამაზი ყელი ნელა, ფრთხილად გაასწორა და მედიდურად მისცურა ბებერ, მტირალა ტირიფთან, რომლის ქვეშაც უყვარდა ხოლმე მოცდა, სანამ ზაფხულის პაპანაქება გადაივლიდა.
მოსაღამოვდა და ჩამავალმა მზემ ტბა წითლად შეღება.
გამეფებულ საღამოს სიჩუმეში გედის სიმღერა გაისმა. ადრე არასდროს უმღერია გედს ასე სულისშემძვრელად, გულწრფელად და სევდისმომგვრელად ნაღვლიანად.
იგი ბუნების, ცის, წყლის, მიწის სიყვარულით შთაგონებული მღეროდა.
- გედი მღერის, - გადაუჩურჩულეს ერთმანეთს გამოსათხოვარი სიმღერით აღფრთოვანებულმა თევზებმა, ფრინველებმა, ტყეების, ველების, მინდვრების ყველა ბინადარმა. - ეს მომაკვდავი გედის სიმღერაა.
ნაზი, სევდიანი სიმღერა ექოდ გაისმოდა მთელს არემარეზე, და მერე მზის უკანასკნელ სხივებთან ერთად გარდაიცვალა.
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |