დაჩოქილი აქლემი მოთმინებით ელოდა როდის დატვირთავდა პატრონი. მან უკვე დაადო ზურგზე ერთი ფუთა, მეორე, მესამე, მეოთხე...
“მგონი საკმარისია”, - ფიქრობდა დადარდიანებული აქლემი, მაგრამ პატრონს ვერ ეურჩებოდა.
ბოლოს და ბოლოს, როცა პატრონმა საქმეს თავი გაართვა, მან მბრძანებლურად გადაუტყლაშუნა შოლტი აქლემს. აქლემი ძლივს წამოდგა ფეხზე.
- წავედით! - უბრძანა პატრონმა და აღვირი მოქაჩა. ცხოველი ადგილიდან არ დაიძრა.
- რას დაყუდებულხარ, გაინძერი! - დაუყვირა გაბრაზებულმა კაცმა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოქაჩა აღვირი.
აქლემი გაჯიუტდა. ფეხები მიწას მიაბჯინა და ადგილზე გაქვავდა.
- ოჰ, შე ჯიუტო, - მიუხვდა პატრონი აქლემს გაჯიუტების მიზეზს და ხვნეშით ჩამოხსნა ზურგიდან ორი ფუთა.
- ახლა, მგონი, შევძლებ, - ჩაილაპარაკა აქლემმა და მორჩილად გაუდგა გზას.
ასე იარეს მთელი დღე მცხუნვარე მზის გულზე, და კაცმა გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, გათენებამდე, რომ მიგვეღწია უახლოვეს დასახლებამდეო.
თითქოს პატრონის ფიქრები გამოიცნოო, აქლემი უცებ შედგა.
- წინ! - რიხიანად შეუძახა პატრონმა, - კიდევ ცოტა და მივალთ.
- ფეხები მიგუგუნებს, დღეს საკმარისად ვიშრომე, სინდისიც კარგი საქონელია, - თავისთვის განსაჯა აქლემმა და სილაზე გაიშოტა.
პატრონს ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ რას იზამდა, იძულებული გახდა ფუთები აქლემიის ზურგიდან მოეხსნა და ღამის გასათევად ღია ცის ქვეშ დარჩენილიყო.
პატრონს, რომელიც მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობდა, ეტყობა, დავიწყებოდა, ძველი, პაპისეული, კეთილი ანდაზა - “ერთ აქლემს ორ პირ ტყავს არ აძრობენო.”
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |