ერთ ბაღში, თხილის ბუჩქის გვერდით, ატმის ხე იდგა და შურით შესცქეროდა მეზობლის თხილით დახუნძლულ ტოტებს.
- რატომ ასხია ჩემზე მეტი ნაყოფი? - განუწყვეტლივ ბუზღუნებდა უგუნური ხე, - აბა, ეს არის სამართელი? ნეტავ, მეც ამდენი ატამი მესხას! რითი მჯობს!
- ნუ გშურს სხვისი! - უთხრა ერთხელ მის გვერდით მდგომმა ქლიავის ხემ, - ნუთუ ვერ ხედავ, რომ თხილს შენზე ძლიერი ტანი და მოქნილი ტოტები აქვს? ტყულად ჯუჯღუნსა და შურს ჯობს იმაზე იზრუნო, რომ უკეთესი ატმები მოისხა.
- მაგრამ შავი შურით დაბრმავებულმა ატამმა არ მოინდომა ქლიავის კეთილ რჩევას დაჰყოლოდა და არც არანაირმა ლაპარაკმა არ გაჭრა.
ატამმა მაშინვე უბრძანა თავის ფესვებს, უფრო ღრმად ჩამძვრალიყვნენ მიწაში, მაგრად ჩასჭიდებოდნენ, მეტი სასიცოცხლო წვენი და ტენი გამოეწოვათ მისგან. ტოტებს უბრძანა კვირტები ემრავლებინათ, ხოლო ყვავილებს ნაყოფად ქცეულიყვნენ.
როცა ყვავილობამ ჩაიარა, ხე თავიდან ბოლომდე მწიფე ნაყოფით დაიხუნძლა.
წვნიანი ატმები დღითიდღე მძიმდებოდნენ, ისე, რომ ტოტებს მათი დაჭერა უმძიმდათ.
და აი, ერთ დღეს ატმის ხემ სიმძიმისაგან დაიკვნესა და ჭახანით გადატყდა. მწიფე ატმები კი მიწაზე ჩამოცვივდა და უშფოთველი თხილის ძირში დალპა.
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |