სიმინდს ვთოხნიდი წყალი შემომაკლდა თოხი დავაყუდე, მათარა ავიღე და წყაროზე წავედი.
წყარო ზემოთ იყო, სათიბების იქით ბილიკს რომ მივუყვებოდი, კუს გადავეყარე გავიფიქრე, ამ კუს შვილიშვილებს მივგვრი-მეთქი.
ავიყვანე. ჯერ შეიმალა, მერე ფარჩხავდა და ასავსავებდა ფეხებს, მაგრამ ამაოდ - ხელიდან ვერ მეშვებოდა საკმაოდ მძიმეც იყო - რად მინდა, რომ ასე ვატარო-მეთქი სუფთა ადგილას ზურგზე დავაწვინე, - კუ ხომ თვითონ ვერ გადაბრუნდებოდა, - ჩამოვივლიდი და წავიყვანდი.
მივედი წყაროსთან, წყალი დავლიე, ხელ-პირი დავიბანე, გავგრილდი, მათარაც გავავსე და უკან წამოვედი სადაც კუ დავტოვე, იმ ადგილას მეორე კუც დავინახე, ზურგზე ამობრუნებულ კუსთან მისულიყო, ფეხებგაფარჩხული და კისერწაწვდილი უყურებდა.
ერთი ვნახო, რას იზამენ მეთქი გავჩერდი და ვუყურებდი.
ზურგზე ამობრუნებული კუ ფეხებსა და თავს ასავსავებდა მეორე კუ მივიდა, თავი შეაწვდინა წინა ფეხის სახსარზე, დაიძაბა, შეაბობღდა იმ ფეხზე ზურგზე ამობრუნებულმა კუმ გადმოიწია, გადმოიწია ღონივრად, გადმობრუნდა, ერთი მიმოიხედა და აჩქარებული გადავიდა ბალახიანში. მიჰყვა მეორე კუც. მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდით, აღმა-აღმა, თან თითქოს აღელვებულნი მილაპარაკობდნენ, მიარხევდნენ ბალახებს.
ისე მომეწონნენ, ღიმილითა და ხელის ცისკენ აწევით დავემშვიდობე:
- კეთილად გევლოთ!
დღე იყო ნათელი, ნათელი, ივნისისა!
კუნელის კენწეროზე მწყერჩიტა იჯდა და მაღლიდან დაგვგალობდა ყველას.