მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 747 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

"ქაჯავეთს რად იარები,

გიორგი, მგლისა ფერაო"

ხალხური

 

იყო ერთი ციხე-კოშკი, რომელსაც ერქვა ამაღლების ციხე. ეს ციხე მთაზე იდგა უხსოვარი დროიდან და არავინ იცოდა ვინ იყვნენ მისი მკვიდრნი.

ხალხში ამბობდნენ, კაცის ხელს არ აუგიაო ეგ ციხე. იმ მთაზე დიდი მუხა მდგარა ოდესღაც. ყოველ ფერისცვალება ღამეს ცა იხსნებოდა და ციდან ცეცხლის კიბე ჩამოეშვებოდა ხოლმე. კიბით ცეცხლის შვილები ჩამოდიოდნენ და მართავდნენ ფერხულს მუხის გარშემო.

ბერმუხას არ სწვავდა მათი ალი, ვინც მათ თვალს მოჰკრავდა, ან მოკვდებოდა, ან ცეცხლის შვილად გადაიქცეოდა თავად. ასეთ კაცს სოფლად აღარ დაედგომებოდა, რადგან ხანძრის შიშით ყველა თავს არიდებდა. ამიტომ იგი მიდიოდა ცეცხლის შვილებთან, მათ კიბეს აჰყვებოდა და გაუჩინარდებოდა მათთან ერთად. სამაგიეროდ, ის წელიწადი სვებედნიერი იყო სოფლისათვის, ყველა იშვებდა და იხარებდა...

მთის ძირში ჭალა იყო, რომელსაც ჭინკების ჭალას ეძახდა ხალხი. ამ ჭალაში წვერწითელა ჯადოქარი ცხოვრობდა. ერთ ფერისცვალება ღამეს კიბე აღარ გადმოვიდა ციდან. ამით ისარგებლა ჯადოქარმა, აცოცდა მთაზე, მიეპარა ბერმუხას, შავი კატა დაჰკლა მის ძირში, ასხურა ფესვებს სისხლი და მიიმალა.

ბერმუხა გახმა, ხალხი ძრწოლამ შეიპყრო. ყველა მოუთმენლად ელოდა ფერისცვალება ღამეს, სურდათ ენახათ, კვლავ გადმოვიდოდნენ თუ არა ციდან ცეცხლის შვილები.

მოაწია ფერისცვალება ღამემ. ცეცხლის კიბის გადმოსვლის ნაცვლად ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი, გამხმარ ბერმუხას მეხი დაეცა და ერთიანად დასწვა. სამაგიეროდ, გარიჟრაჟზე მის ადგილას ხალხმა დაინახა ალმასის ვეება ციხე-კოშკი, რომელსაც ამაღლების ციხე დაარქვეს.

დიდად უცნაური რამ იყო ეს ციხე. ყოველთვის ყველა როდი ხედავდა მას. მისი დანახვა შეიძლებოდა მხოლოდ კალოობას, თანაც ისეთი კაცი თუ დაინახავსა, ვისი კალოც დღედაღამ განუწყვეტლივ ლეწავდა. ამაღლების ციხის დამნახველ კაცს ფეხბედნიერს ეძახდნენ სოფელში.

ზოგნი ამბობდნენ, არავითარი ამაღლების ციხე არ დგასო იმ მთაზე. რამდენჯერ ვყოფილვართ მანდ, ცარიელი ხრიოკი მთააო და სხვა არაფერი. მაგრამ ხალხს მაინც სწამდა ამაღლების ციხის არსებობა, რადგან სოფლის რჩეული ხალხი ხედავდა ხოლმე ციხეს, სოფელს კი სჯეროდა მათი.

ამბობდნენ, მხოლოდ ისეთი კაცი თუ ავა ამაღლების ციხეზე, რომელიც მგელს შეაბამს თავის კევრში და ალეწინებსო კალოს.

სოფელში იყო ერთი ფეხბედნიერი კაცი, სახელად მგელთავა, რომელმაც მგლისებრი ყმუილი იცოდა. მგელთავამ გადასწყვიტა ამაღლების ციხეზე ასვლა. წავიდა ერთ ღამეს ტყეში, ყმუილით მგელი გამოიტყუა, დაიჭირა, კევრში შეაბა და ალეწინა კალო ერთი დღე-ღამე. შემდეგ წავიდა სოფლის უხუცეს ბრძენთან და ჰკითხა რჩევა.

ბრძენმა ურჩია: ერთ წელიწადს ყველას დაეუბრე, ბნელში დაჯექი და დადუმდი. მეორე წელიწადს მხოლოდ სინათლეში იარე, ყველას ესაუბრე და ემსახურე. მესამე წელიწადს ისწავლე მზის ამოსვლისას დაძინება და მზის ჩასვლისას გაღვიძება, წყლის მაგივრად მთვარის შუქის სმა და პურის მაგივრად მზის შუქის ჭამა, ლოგინის მაგივრად კუბოში ძილი და ცრემლის მაგივრად სისხლით ტირილი; ერთ წელიწადს დანას, ცელს, ნამგალს, ცულს ტარში არ მოავლო ხელი, არაფერი დაითვალო, საჩვენებელი თითით არავის არაფერი უჩვენო, სული არაფერს შეუბერო, სახლს სახურავი გადააძრე, ეზოს ღობე შემოარღვიე. მეორე წელიწადს ისევ გადახურე სახლი, ეზოს ღობე შემოავლე, შემდეგ ვარსკვლავები დაითვალე, სოფლის თავში რომ წყაროა, მთლიანად დალიე, ანთებული თორნე ერთი სულის შებერვით ჩააქრე და სამხრობისას შენს ჩრდილს გადაახტი.

მერმე იშოვე ცვილის წაღები, ფოლადის ეკლიანი. ქამარი შემოირტყი შიშველ წელზე, ყინულის ყავარჯენი დაიჭირე, საგზლისათვის მარილის გუდა გადაიკიდე და გაუდექიო გზას. თუ გინდა, რომ ცვილის წაღები არ შემოგადნეს, არსად ჩამოჯდე, თუ გსურს ეკლის ქამარმა წელი არ დაგიწყლულოს, არ ამოიოხრო, თუ გსურს ყინულის ჯოხი არ გაგიტყდეს, ზედ არ დაებჯინო, მარილის გუდაშიც არ ჩაიხედო, რაც უნდა მოგშივდეს და ბოლოს ახვალო ამაღლების ციხეზე.

- „რა მანძილია ამაღლების ციხემდე?" - ჰკითხა მგელთავამ.

- „ზოგისთვის წამი, ზოგისთვის საუკუნე, - მიუგო ბრძენმა. - მთავარია, არ გეგონოს, რომ შენ მიდიხარ ციხისაკენ, გახსოვდეს, რომ ციხე თავად მოდის შენკენ, ან გშორდება. ნაბიჯს კი მაინც არ შეუნელო, არც აუჩქარო“.

- „ვინ ცხოვრობს ციხე-კოშკში?“

- „ცვრის მზეთუნახავი და მისი ძიძიშვილები“.

- „ვინ ააგო ციხე?“

- „ცვრის მზეთუნახავი მზეს დაუბრებია და ძიძიშვილებს აუგიათ მისთვის ალმასის ციხე-კოშკი; თავად ძიძიშვილები კი ამინდის შვილები არიან“.

- „ციხეს რა გააღებს?" - ჰკითხა მგელთავამ.

- „სინანულის ველზე ერთი სულელი შეგხვდება, შეკაზმულ ცხენზე უკუღმა მჯდარი და ის გეტყვის“, - მიუგო ბრძენმა.

მგელთავა განცვიფრდა, რას როშავსო ბრძენი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და კვლავ ჰკითხა:

- „რა მომელის ციხეში?“

- „იმედის ცაზე რომ მეგზურს იპოვი, ის გეტყვის“, - მიუგო ბრძენმა.

მგელთავას დიდად ემძიმა ბრძენის რჩევა და გაიფიქრა: ერთი დღის სავალზე მოჩანს ციხე, რად მინდა ამდენი სამზადისი, მგელს ხომ ვალეწინე კალო, რაც იყოს, იყოს, წავალ და რაც მომივა, მომივაო.

გაუდგა გზას და მართლაც ერთ დღეში ავიდა ციხეზე. კარი ღია დაუხვდა, ალბათ შეცდაო ბრძენი, იფიქრა და დანდობილად შეაბიჯა კოშკში.

შევიდა უცხოდ გაბრწყინებულ ოქროს დარბაზში და ხედავს: თეთრი მარმარის ტახტზე თოვლის უთეთრესი მზეთუნახავი დამჯდარა და ალერსიანად ეპატიჟება. ალბათ ეს არის ცვრის მზეთუნახავიო - გაიფიქრა და გვერდით მოუჯდა. მსახურმა ფერიებმა ლალის ტაბლა დაუდგეს, ავახშმეს და სურნელოვანი ნექტარი შეასვეს. მგელთავა დაქანცული იყო და წამსვე ჩაეძინა.

სიზმარში ხედავს, რომ მზეთუნახავის ტახტი ვეება შავ კლდედ ქცეულა, რომელზედაც უზარმაზარი სახრჩობელა ამოზრდილა. სახრჩობელაზე უამრავი ხალხი ჰკიდია. თავად მზეთუნახავი სვავისთავა მაჯლაჯუნად იქცა და ჩამოჯდა სახრჩობელაზე. დროდადრო წამოფრინდება და გულ-ღვიძლს უკორტნის ჩამოხრჩობილთა გვამებს და თან ყივის საზარელი, ჩახლეჩილი ხმით, აუტანელი სიმყრალე დგას ირგვლივ, კლდეც გვამებითაა მოფენილი უნდა გაქცევა მგელთავას, მაგრამ მუხლებამდე კლდეშია ჩაკირული. კლდე ზანზარებს და ჩამოქცევას ლამობს.

უეცრად ციდან ვარსკვლავი მოსწყდა და მგელთავასაკენ წამოვიდა, შემდეგ ვერცხლის ჩიტად იქცა, დააჯდა მხარზე და ეუბნება:

- „მგელთავა, მგელთავა, მე ბედის ჩიტი ვარ, იცოდე, ცრუ კოშკში მოხვედი, ცრუ მზეთუნახავთან. ეს მოტყუებული ხალხის გვამებია, იცოდე, შენც ეგ ხვედრი მოგელის. მომყევი და მე გაგიყვან სიზმარეთიდან“.

მგელთავა მიჰყვა ვარსკვლავ-ჩიტას, მაგრამ უეცრად იელვა და კლდეს ელვის მესერი შემოეგრაგნა. ჩიტი გადაფრინდა მესერზე, მგელთავაც გადაახტა მესერს, მაგრამ დანაცრდა და გაიფანტა კლდეზე. ჩიტმა მთლიანად აკენკა ნაცარი და ჩიჩახვით გამოიტანა სიზმარეთის ქვეყნიდან.

გაიღვიძა მგელთავამ და ხედავს, მზეთუნახავის ტა ხტის ადგილას ვეება ცეცხლის ორმო გაჩენილა. ორმოდან მწვანე გველეშაპს ამოუყვია თავი და შხამიან ცეცხლს აფრქვევს ირგვლივ. დაიხედა ტანზე მგელთავამ და თავადაც გველეშაპის ქერეჭი აქვს. გრძნობს, საცაა გველეშაპად უნდა იქცეს თავად.

ამასობაში სიზმრის ჩიტმა რამდენჯერმე შემოუფრინა გველეშაპს, შემდეგ ხახაში ჩაუფრინდა და დააძინა. გველეშაპი ორმოში გაუჩინარდა. ჩიტი ამოფრინდა ორმოდან და ეუბნება:

- „მგელთავა, მგელთავა, ორმოს უნდა გადაახტე, თორემ ვეღარ გახვალ კოშკიდან“.

მგელთავამ შეჰკრა კამარა და გადაახტა ორმოს. ამ დროს გველეშაპი უეცრად აფეთქდა ორმოში და უამრავ ლითონის მორიელად იქცა, რომელთაც დაგესლეს მგელთავა, მაგრამ მას გველეშაპის ქერეჭი ჰქონდა უკვე და არა ავნო რა შხამ-მა. ჩიტი ფრენით გაუძღვა ტალანებში და კოშკიდან გამოიყვანა. მგელთავამ მადლის თქმაც ვერ მოასწრო, ისე აფრინდა ჩიტი ცაზე და კვლავ ვარსკვლავად იქცა, ხოლო კოშკი გაუჩინარდა. მიმოიხედა და კვლავ დაინახა ამაღლების ციხე ერთი დღის სავალზე. მგელთავა მიხვდა თავის შეცდომას, დაბრუნდა სოფელში და სამზადისს შეუდგა.

სამ წელიწადს მოუნდა სამზადისს, იშოვა ყოველივე, რაც ბრძენმა ურჩია და კვლავ გაუდგა გზას. თავდაპირველად ისევ ეგონა, ერთი დღის სავალიაო ციხემდის, მაგრამ გავიდა ერთი დღე, ორი დღე და ციხეს თითქოს კიდევ უფრო დაშორდა.

გზად მშვენიერი წყარო და მწვანე მოლი შემოხვდა, იფიქრა, ჩამოვჯდები, დავისვენებო, მაგრამ გაახსენდა ბრძენის ნათქვამი და განაგრძო გზა. ახლა ეკლის ქამარმა შემოუჭირა შიშველ წელზე და დააწყლულა, მაგრამ არ ამოიოხრა, - წყლულები წამსვე შეხორცდნენ. ახლა დაიწყო კლდოვანი და ღორღიანი გზა, იფიქრა, დავეყრდნობიო ყინულის ყავარჯენს, მაგრამ ისევ გაახსენდა ბრძენის ნათქვამი, მარილის გუდაშიც არ ჩაიხედა, თუმც მაგრად იყო მოშიებული. ამაღლების ციხეს კი ეფრო და უფრო შორდებოდა.

ინანა მგელთავამ, რად ავყევი ჭორებს, ძეხორციელი როდის ასულა მაგ ციხეზე. ან მე რა ღირსი ვარო მანდ ასვლისა. თანაც უკან დაბრუნებისაც რცხვენოდა, რა პირით ჩავიდე სოფელში, ერთხელ ხომ უკვე დავბრუნდიო გაწბილებული. ამ ფიქრებში იყო გართული, რომ უეცრად დიდი ჭაობიანი ველი გადაიშალა მის წინაშე.

მცირე ხნის შემდეგ ერთი ცხენოსანი გამოჩნდა ველზე, ცხენი უკუღმა იყო შეკაზმული, კაციც უკუღმა იჯდა ცხენზე. სხვადასხვა ფერის ტოტებიანი შარვალი ეცვა, სხვადასხვა ფერის წაღები, თავზე ჭრელი ჩაჩი ეხურა

- „ძმობილო, რისთვის მოსულხარ?“ - დაუძახა მან მგელთავას.

„ამაღლების ციხეზე მივდივარ“, - მიუგო მგელთავამ.

- „გზა აგრევია, - უთხრა ცხენოსანმა, - საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იარო. შენი სოფლისაკენ წადი და ამაღლების ციხეს მიადგებიო“.

„ეს მართლაც სულელი ყოფილა“, - გაიფიქრა მგელთავამ და უეცრად დაინახა, რომ მისი ფიქრი ცაზე დაიწერა ცეცხლის ასოებით.

მგელთავა შეკრთა.

ცხენოსანმა გაიცინა და უთხრა: 

- „ზოგჯერ ბრძენის რჩევას სულელის დარიგება გერჩიოს. იარე, როგორც გითხარი და ამაღლების ციხეს მიადგებიო“.

- „მაშინ ესეც მითხარი, ვინ არიან ციხის მკვიდრნი და რით შეიძლება მისი გაღება“.

- "ცეცხლის გასაღებით“, - მიუგო სულელმა.

- „ვინ მომცემს გასაღებს?“

- „ამას ვეღარ გეტყვი“.

- „მაშ, ვინღა მეტყვის?“

- „ყინულისაბჯროსანი მუნჯი მცველი ამაღლების ციხისა, რომელიც ალაყაფის კართან დაგხვდება. ციხის მკვიდრებზეც იგი მოგითხრობს“.

მგელთავა ისევ სოფლისაკენ მიმავალ გზას დაადგა. ახლა კი შეამჩნია დანამდვილებით, რომ აღარც დაღლილობა აწუხებდა, აღარც ეკლის სარტყელი უჭერდა, უფრო იმედიანადაც იყო.

სოფელს რომ მიუახლოვდა, დახე საოცრებას! ამაღლების ციხე ზედ სოფლის შუაგულში ამოზიდულიყო. აუჩქარა ნაბიჯს. გზად რამდენიმე თანასოფლელი შემოხვდა, ვერც ერთმა ვერ იცნო. ალბათ, მოგზაურობამ გამომცვალაო, იფიქრა მან, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მას საერთოდ ვეღარ ხედავდნენ თანასოფლელნი. რამდენიმე მათგანს სახელიც დაუძახა, მაგრამ ამაოდ. მისი ხმაც აღარავის ესმოდა.

მიუახლოვდა ამაღლების ციხის გალავანს და აქ დარწმუნდა, რომ ხალხი ვერც ამ ციხეს ხედავდა. მიმოდიოდნენ მის გარშემო, საუბრობდნენ ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი შეცვლილაო. ფეხბედნიერნიც კი ვერ ამჩნევდნენ ვერც ციხეს და ვერც მგელთავას. დაღონდა, მაგრამ გაახსენდა სულელის ნათქვამი და გადაიყარა დარდი.

ამაღლების ციხე მართლაც საოცრება იყო. ალმასის თორმეტი გოდოლი ჰაერში ეკიდა ოქროს ჯაჭვით, საძირკვლად ღრუბლები ჰქონდა, შორიდან ისე მოჩანდა, თითქოს ვეება თეთრ ყვავილზე იდგა. მთავარ გოდოლს თავს ადგა მრგვალი ცისარტყელა. არც ერთი სარკმელი არ ჰქონდა ციხეს, არც ერთი კარი. გალავნის ალაყაფთან ყინულისაბჯროსანი მცველი იდგა დამუნჯებული.

მგელთავა რამდენჯერმე შეესიტყვა მცველს, მაგრამ ამაოდ. მცველი ხმას არ იღებდა და არც იხედებოდა მისკენ, შემდეგ დააკვირდა და შეამჩნია, რომ მცველი საოცრად ჰგავდა მას. არა, ჰგავდა კი არა, ეს თავად მგელთავა იყო, ყინულისაბჯროსანი და ყინულისლითამიანი.

ახლა ფიქრით შეესიტყვა თავის თავს მგელთავა, მცველმაც ხმა გაიღო, ოღონდ მისსავე ფიქრში:

- „ვინ არიან მკვიდრნი ამ ციხისა?“

- „ღრუბლების მამა, წვიმის მერიქიფე, კლდის მკვნეტელი და ცეცხლის მჭედელი“.

- „სხვა?“

- „მათი ლაშქარი“.

- „სხვა?“

- „ცვრის მზუთუნახავი, გველქალი სიარა, მფრინავი ხმალთევზა და ქათამ-ვეშაპი“.

- რას აკეთებენ ამ ციხე-კოშკში?“

- „ცვრის მზეთუნახავი თავის მანდილს ნიავად აქცევს და საფრენად უშვებს. მანდილი დაქრის მთელს ქვეყანაზე, სადაც მართალ კაცს წამოეწევა, ზღვასთან ან უდაბნოსთან შეჭიდებულს, გადაეფარება ზედ, იმედსა და ძალას მისცემს. ასეთი კაცის გული ქნარად იქცევა და რეკავს იმ დღიდან გამუდმებით.

გველქალი სიარა თავის სუნთქვას ქარად აქცევს, დასისინებს მთელ ქვეყანაზე, ვინც მას შეისუნთქავს, გესლისაგან განიკურნება და შხამიანი ცეცხლის ჩაქრობას შესძლებს ერთი შებერვით. მფრინავი ხმალთევზა სხეპავს ყველას, ვინც წყალს აშორდება, მაგრამ ჰაერში ვეღარ ფრენს, ვინც გახირულია ზღვასა და ცას შორის. ქათამ-ვეშაპის საკენკია ყველა ის, ვინც ყოველგვარ საკენკს კენკავს“.

- „ვისია კოშკი?“

- „ღრუბლების მამისა“.

- „ვინ ააგო?“

- „კლდის მკვნეტელმა“.

- „ცაზე ვინ ჩამოჰკიდა?“

- „წვიმის მერიქიფემ“.

- „ჯაჭვი ვინ გასჭედა?“

- „ცეცხლის მჭედელმა“.

- „როდის შემიშვებენ კოშკში?“

- „როდესაც შენივე თავისა გახდები“.

- „მაშინ თქვენი აღარ ვიქნები?“

- „ჩვენიც იქნები და შენივე თავისაც“.

- „როდის გამიღებ ალაყაფს?“

- „როდესაც სიჩუმეში მაჯობებ“.

მგელთავა დადუმდა.

დუმდა რამდენიმე დღეს, სანამ თავადაც ყინულით არ დაიფარა, მცველის მსგავსად.

მაშინ მცველი თავად შეესიტყვა ყინულისაბჯროსან მგელთავას:

- „მგელთავა, მიჰყევი ირმის კვალს“, - უთხრა და გაუღო ალაყაფი. მგელთავა შევიდა ეზოში და ოთხი ქარის ტრამალზე აღმოჩნდა. კოშკი ისევ გაუჩინარდა.

- „ერთ ადგილას ვიდექი, ცას თვალი არ მოსწყვიტო და მეგზურს იპოვი“, მიაძახა მცველმა და დახშო კარები.

საშინელი ქარი უბერავდა ოთხივე მხრიდან, ვერც წინ შესძლო წასვლა მგელთავამ, ვერც უკან, ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ.

- „რა გაივლის ამ ტრამალს“, - გაიფიქრა მან და გაახსენდა, რომ ერთ ადგილას უნდა მდგარიყო და ცისათვის ეყურებინა მხოლოდ. ვარსკვლავები ჯერ უძრავად იყვნენ, შემდეგ ერთბაშად ამოძრავდნენ თავბრუდამხვევი სისწრაფით, თითქოს უთვალავი ციცინათელა შესევიაო ცას.

უფრო და უფრო დააკვირდა ცას მგელთავა და დახე საოცრებას! ვარსკვლავები თანდათან დალაგდნენ და უშველებელი რქაბორჯღალა ირემი გამოსახეს ცაზე, შემდეგ უეცრად იელვა, ელვა თითქოს ვარსკვლავებში გაჯდა და გაქვავდა, წამით დაბნელდა ყოველივე და როდესაც კვლავ განათდა, მგელთავას წინაშე იდგა ცისფერი, გამჭვირვალე ელვაქვის ირემი, რომელსაც ცეცხლებრ ვარვარა რქები ჰქონდა და ონიქსის ციმციმა თვალები.

მგელთავა მიხვდა, რომ ეს იყო აღთქმული მეგზური. მოახტა ზურგზე და გაქუსლა.

ირემი საშინელი სისწრაფით გაფრინდა, მგელთავა გავარვარებულ რქებში სწვდა მას, ხელები წამსვე ფრთებად ექცა და მოსწყდა ირმის ზურგს. დიდხანს იფრინეს ირემმა და მგელთავამ, ფრენის დროს ცაზე იისფერ-ოქროვანი მტვრის ნაკვალევს სტოვებდნენ. ბოლოს ერთი თვალუწვდენელი კლდის ქიმზე დაფრინდნენ, რომელიც ძლიერ ჰგავდა ცრუ კოშკში ნანახ შავ კლდეს. მოიხედა მგელთავამ და ხედავს, იისფერ-ოქროვანი მტვრიდან უთვალავი ციმციმა პეპლები აღმოცენებულან. ათასფრად მოელვარე პეპლების გროვა შემოერტყა კლდეს, შეჯგუფდა და ბოლოს გადაიქცა ვეებერთელა მფრინავ ხალიჩად, რომელიც მდორედ მოცურდა კლდესთან და გადაეფარა უფსკრულს; ამ ხალიჩას ერქვა „პეპლების ლოცვა“.

- „ვისაც ამგვარი ხალიჩა არ მოაკითხავს აქ, სვავ-ძაღლას კერძი ხდება. დროზე გადადი ხალიჩაზე, თორემ კლდის მკვნეტელი დახრავს კლდეს, შემდეგ კი სვავ-ძაღლას ვეღარ წაუხვალ. მე აქამდის უნდა მომეყვანე, ახლა ამათი ჯერია. მიჰყევი პეპლების კვალს“, - უთხრა ირემმა და გაქრა.

მგელთავა გადაჯდა ხალიჩაზე და გაფრინდა. კლდემ დაიქუხა და ჩამოინგრა, უფსკრულიდან კი სვავ-ძაღლა ამოვარდა წამსვე საზარელი ყეფა-წკავწკავით და კლდის ნანგრევებზე მორთო ვიშვიში.

- „აი, სადამდის, მოგდია ცრუ მზეთუნახავმა“, - მოესმა მგელთავას ირმის ხმა. თუმცა ირემი აღარ დაუნახავს.

მალე შეამჩნია, რომ მისი ხალიჩა ფრენიდან თანდათან ცურვაზე გადავიდა და მის წინაშე გადაიშალა ბრინჯაოს ლივლივა ზღვა. ხელები ფარფლებად ექცა მგელთავას, ხალიჩა თანდათან დადნა და იგი აღმოჩნდა ლივლივა თეთრი ვეშაპის ზურგზე, რომელმაც ცურვით მიიყვანა იგი ვერცხლის უნიჩბო და უიალქნო ნავთან, რომელიც უძრავად იდგა ღუზაზე შუა ზღვაში, ოდნავადაც არ ირწეოდა.

ვეშაპმა უთხრა:

- „მე ქაფის ვეშაპს მიწოდებენ. ამ ნავის მეტი ვერაფერი გაგიყვანს სამშვიდობოს, მისი აფრა ხმალთევზამ დაფხრიწა, ხოლო ღუზა წყალქვეშ უჭირავს ქვიშის გოლიათს. სანამ ზღვა არ აღელდება, ქვიშის გოლიათი არ გაუშვებს ხელიდან ღუზას. ამისათვის კი უნდა ჩაყვინთო ფსკერზე და გააღვიძო ღელვის ასფეხა, რომელსაც სძინავს ფსკერის ქვიშაში. ყვინთვის დროს შესაძლოა ხმალთევზა მოგეტანოს, მაგრამ ნუ შეგეშინდება, ხმალთევზა წყალქვეშ არ არის საშიში, მას მხოლოდ წყალზევით მოაქვს ზიანი, მაგრამ ღელვა თუ არ ატყდა, მაშინ უფრთხილდი“.

მგელთავამ ჩაყვინთა ფსკერზე და გააღვიძა ღელვის ასფეხა ხმალთევზა მართლაც მიეტანა, მაგრამ ზიანი ვერ მიაყენა, გარს უვლიდა მხოლოდ, უცდიდა, დაიწყებოდა თუ არა ღელვა. ამასობაში საშინელი ღელვა ატყდა, ცათამწვდენი ტალღები აიქოჩრნენ ზღვის ზედაპირზე. ხმალთევზა სადღაც გაუჩინარდა, ხოლო ქვიშის გოლიათი ერთიანად დაიფშვნა. ღუზა განთავისუფლდა, ხოლო ზღვა ისევ დაწყნარდა. მგელთავამ კვლავ ამოყვინთა და ვერცხლის ნავში ჩახტა.

მალე ამ ნავს წამოეწია იისფერ-მომწვანო ნიავ-მანდილი. მანდილი ნავის აფრად იქცა და ნავიც გაცურდა რწევა-რწევით.

- „ალბათ, ცვრის მზეთუნახავის მანდილია ეს“, - გაიფიქრა მგელთავამ და უეცრად იგრძნო, რომ გული ქნარად გადაექცა.

ამ დროს ქარიც ამოვარდა და მიეტანა სისინით ნავს.

- „ალბათ სიარას ქარია“, - გაიფიქრა მგელთავამ, დააღო პირი და ერთბაშად გადაყლაპა ქარი. გული დაუამდა, გესლის გაქარვება იგრძნო. ქარმა ქნარიც აახმიანა მის მკერდში, არნახული ჰანგები მოესმა საკუთარი მკერდიდან.

ნავმა თანდათან შეუნელა სვლა, ხოლო ფარფლები ისევ ფრთებად ექცა მგელთავას.

- „ჩანს, კვლავ გამთელდა ქვიშის გოლიათი. აფრენის დროა“, - გაიფიქრა მან და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ზღვაზე ხმალთევზა.

მგელთავამ კამარა შეჰკრა და აფრინდა. ხმალთევზამ გვერდით ჩაუქროლა შხუილით, კინაღამ გადასხეპა.

- „ეგ ხმალთევზა ცრუ მზეთუნახავის ბოროტი ფიქრია, კიდევ ერთხელ გადაეყრები მას და არ შეგეშინდეს“, - ამოსძახა ზღვიდან ვეშაპმა.

დიდხანს იფრინა მგელთავამ, ახლა უკვე მეგზური აღარ ჰყავდა და თავად იკვლევდა გზას. ბოლოს დაინახა ზღვაში მბრუნავი კუნძული, საშინელი მორევი იყო მის ირგვლივ. კუნძულის შუაგულში ძაბრისებრი წისქვილი იდგა, რომელშიც ქაჯები ჰყრიდნენ ფქვილს, ხოლო წისქვილი მას ისევ მარცვლეულად აქცევდა.

უამრავი ფრთოსანი დასტრიალებდა კუნძულს, ფრენისაგან დამაშვრალნი, ქაჯები უყრიდნენ მათ ნაირგვარ საკენკს, მაგრამ ვინც კი დაფრინდა კუნძულზე და საკენკის კენკვა დაიწყო, ქათმად იქცა და გამაძღარმა ვეღარ შესძლო კვლავ ცაში აფრენა. შემდეგ უეცრად ზღვიდან ამოვიდა ქათამ-ვეშაპი და ყველა ერთიანად გადასანსლა.

- „ქათამ-ვეშაპი სვავ-მზეთუნახავის უკანასკნელი ჩრდილია შენს გზაზე, ამიერიდან აღარსად შეგხვდება, გზა მშვიდობისა!“ - ამოსძახეს ქაჯებმა.

მგელთავამ ფრენა განაგრძო.

ფერისცვალება დღეს ხმელეთიც გამოჩნდა. მთელი სანაპიროს გასწვრივ ტყე იწვოდა. უშველებელი, ცეცხლის ენები ცას სწვდებოდნენ. ჰაერი საშინლად იყო ჩახუთული კვამლისაგან. „შხამიანი ცეცხლია, ეტყობა“, - გაიფიქრა მგელთავამ და ამ დროს ბალღის ტირილი მოესმა ტყიდან.

მგელთავა არ შეეპუა ხანძარს შევარდა ტყეში, მას გველეშაპის ქერეჭი ჰქონდა და არ ედებოდა ალი. მტირალი ბალღი იპოვა, გამოიტაცა ტყიდან. შემდეგ დაუყვავა და ნიავ-მანდილში გაახვია.

უეცრად ტყიდან ცრუ-კოშკის მწვანე გველეშაპი გამოვარდა შხამიანი ცეცხლის ფრქვევით. მგელთავამ ამოუშვა პირიდან სიარას ქარი და ჩაუქრო ცეცხლი. ტყის ხანძარიც მაშინვე ჩაქრა. გველეშაპი უღონოდ გაიშხლართა მიწაზე, მგელთავა მივიდა გველეშაპთან, ყინულის ჯოხი ჩაუყო ხახაში და გაუთოშა ცეცხლოვანი შხამის ჯირკვალი. მერე შეიხსნა ფოლადისეკლიანი ქამარი, კისერზე გამოაბა და თან გაიყოლია.

ეს გველეშაპი ტყის წვერწითელა ჯადოქარს გასჩენოდა კლდის ქალაბიჭა ალქაჯისაგან, რომელიც მზეთუნახავად ასაღებდა თავს ცრუ-კოშკში. ორივენი შორიდან ადევნებდნენ თვალს ყოველივეს. რა დაინახეს, მგელთავამ შეიპყროო გველეშაპი, შეშინებულნი გადაიხვეწნენ და ზღვას მისცეს თავი.

ბალღი ამაღლების ციხის პატრონისა აღმოჩნდა. გველეშაპს წყალი მოეწყვიტა ციხისათვის, ტყისათვის ხანძარი გაეჩინა, ღამღამობით კი შემოესალტებოდა ხოლმე ალმასის ციხეს და ლოკავდა ოქროს ჯაჭვს, რომლითაც ციხე ცაზე ეკიდა. სურდა ჯაჭვის გაწყვეტა და ციხის მკვიდრთა ამოწყვეტა. შემდეგ კი სოფელსაც მოსპობდა. სასოწარკვეთილ ციხის მკვიდრთ გადაეწყვიიტათ ბალღის შეწირვა გველეშაპისათვის.

მგელთავამ გაიარა საღვთო ტყე. ამაღლების ციხის კართან ახალი ცეცხლისაბჯროსანი მცველი დაუხვდა, ოღონდ არა მუნჯი, არამედ მჭევრმეტყველი. მგელთავა მიესალმა მცველს და ბალღი ჩააბარა. ეს მცველი უკვე აღარ ჰგავდა მას. სამაგიეროდ მგელთავას თავად აღეძრა სურვილი, დამსგავსებოდა მცველს.

- „შენა ხარ მხსნელი ამ ციხისა, - უთხრა მცველმა. - მაგრამ ვერც შენ შეხვალ მანდ, ვიდრე სიზმარში არ ნახავ ცეცხლის გასაღებს და ცხადში არ გადმოიტან. ამისათვის კი გველეშაპთან ერთად უნდა დაიძინო“.

- „გველეშაპს ძილი არ ეკარება“, - უთხრა მგელთავამ.

- „იავნანა უმღერე და დააძინე“.

მგელთავამ უმღერა გველეშაპს იავნანა, მკერდში ქნარი აუხმიანდა უცხო ჰანგებად. გველეშაპმა დაიძინა. მალე მგელთავასაც ჩაეძინა მის გვერდით.

სიზმარში ნახა, რომ გველეშაპი ცეცხლის წისქვილად იქცა, რომელშიც დაფქვეს მგელთავა და მისგან გამოვიდა ალმასის ფქვილი. ამ დროს სიარას ქარმა დაუბერა და ფქვილი სინდიყის წვიმად აქცია. წვიმა შეაგროვა ოქროს ბარძიმში წვიმის მერიქიფემ და მიართვა ღრუბლების მამას.

სინდიყი ღვინოდ აქცია ღრუბლების მამამ, აკურთხა და მოაპკურა იქვე დანთებულ ქურას ცეცხლის მჭედლისას, კლდის მკვნეტელმა მარილი მოაყარა ცეცხლს და გააქვავა, ცეცხლის მჭედელმა კი გაქვავებული ცეცხლისაგან გამოსჭედა ცეცხლის გასაღები, რომელსაც ღრუბლების მამის დაღი ჰქონდა ზედ.

მგელთავა დასწვდა გასაღებს და გამოეღვიძა, თან გასაღებისათვის თვალი არ მოუწყვეტია. ადგა და გაემართა კოშკისაკენ - ცალ ხელში სიზმრის გასაღები ეჭირა, მეორეში კი გველეშაპის საბელი.

მიაკარა თუ არა გასაღები კოშკის კარს, დაიგრიალა კოშკმა და გაიღო კარი. მგელთავას ერთბაშად მოერია მთელი გამოვლილი გზის დაღლილობა, - თვალთ დაუბნელდა და მუხლი მოეკვეთა. უეცრად კოშკიდან ცისფერი ელვა-ქვის ირემი გადმოხტა, თვალისმომჭრელად შეანათა სახეში და გამოაფხიზლა: - „მგელთავავ, აღარ გადახვიდე სიზმარში, თორემ გასაღებსაც დაკარგავ და გველეშაპიც ჩაგნთქავს. გადმოდი ზღურბლზე და გადმოიყვანე გველეშაპი“, - დაუძახა ირემმა.

მგელთავა შევიდა კოშკში გველეშაპიანად, ირემი გაქრა, ხოლო მგელთავამ იგრძნო, რომ თავად გადაიქცა ირმად, თუმც მგლის ბუნება როდის დაუკარგავს. გამოეგებნენ კოშკის მკვიდრნი: ღრუბლების მამა, წვიმის მერიქიფე, კლდის მკვნეტელი და ცეცხლის მჭედელი.

- „რა გზით მოხვედი?“ - ჰკითხა ღრუბლების მამამ. 

- „სინანულის ველი გამოვიარე, ოთხი ქარის ტრამალი, იმედის ცა, სვავ-ძაღლას კლდე, ბრინჯაოს ზღვა, ქაჯების კუნძული და საღვთო ტყე“.

- „რამ მოგიყვანა?“ - ჰკითხა წვიმის მერიქიფემ.

- „ბრძენის რჩევამ, სულელის დარიგებამ, ირმის კამარამ, პეპლების ლოცვამ, ასფეხას ღელვამ, მზეთუნახავის ნიავ-მანდილმა, გველეშაპის იავნანამ და ცეცხლის გასაღებმა“.

- „ვინ არიან შენი მეგზურნი? - ჰკითხა კლდის მკვნეტელმა.

- „ვარსკვლავ-ჩიტა, ქაფის ვეშაპი, ღელვის ასფეხა და ელვა-ქვის ირემი“.

- „რად მოსულხარ?“ - ჰკითხა ცეცხლის მჭედელმა.

- „ამაღლების ციხის სახსნელად“, - მიუგო მგელთავამ.

- „როგორ უნდა იხსნა ციხე?“ - ჰკითხა ოთხივემ.

-  „ამინდის შვილები უნდა შევარიგო ცეცხლის შვილებთან“, - მიუგო მგელთავამ.

თურმე თავდაპირველად ამინდის შვილები დამდურებიან ცეცხლის შვილებს. ამის გამო ცეცხლის შვილებს ვეღარ ჩამოუშვიათ თავიანთი კიბე ფერისცვალება ღამეს. ამით ისარგებლა თურმე წვერწითელა ჯადოქარმა და მოახერხა ბერმუხის ძირში დაკვლა შავი კატისა.

ბერმუხა რომ გახმა, განრისხებულმა ცეცხლის შვილებმა ციდან გადმორეკეს ამინდის შვილები, ალმასის ციხეში დაამწყვდიეს და მიუსაჯეს მანდ ცხოვრება, ვიდრე რომელიმე ფეხბედნიერი არ გადასდებდა თავს მათ სახსნელად. ის საზარელი ჭექა-ქუხილიც ცეცხლის შვილების რისხვა ყოფილა; ცვრის მზეთუნახავიც ამის გამო დამდურებია მზეს.

მგელთავა შეიყვანეს კოშკში, ცვილის წაღების ნაცვლად გველისთვალა ხამლები ჩააცვეს, ეკლის ქამრის ნაცვლად ცისარტყელა შეარტყეს წელზე, ყინულის ჯოხის ნაცვლად ელვის კვერთხი მისცეს ხელში, ხოლო მარილის გუდაში ვარსკვლავები ჩაუყარეს. შემდეგ „მგელთავას“ ნაცვლად „მგელირემა“ უწოდეს და ამაღლების ციხის მეფედ დასვეს.

მგელირემამ ამაღლების ციხეში დაასახლა გველეშაპი და თავის მიერ გადარჩენილი ბალღი მიუჩინა მწვრთნელად. ამაღლების ციხეს უწოდა მეორე სახელი: „გველეშაპის სკოლა“, ცვრის მზეთუნახავი მზესთან შეარიგა, ამინდის შვილები - ცეცხლის შვილებთან, ხოლო თავისი სოფელი ამაღლების ციხე-ქალაქად აქცია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ