ერთხელ მდინარეში ლოქო მურწას წამოეწია და გადაყლაპვა დაუპირა.
"ძმობილო, დაგავიწყდა, რომ მდინარის კანონის მიხედვით, დიდ თევზებს ეკრძალებათ პატარების გადასანსვლა", - უთხრა იქვე მყოფმა წანარმა.
"შენ ვისი უფასო ვექილი ხარ, - შეუღრინა ლოქომ, - განა თავად ვერ იტყვის, პირი არა აქვს თუ რაო?"
"პირი კი აქვს, მაგრამ წყლითა და შლამით აქვს სავსე", - მიუგო წანარმა.
ლოქომ ყური არ ათხოვა წანარის გაფრთხილებას და გადაყლაპა მურწა, თავი კი იმით "გაიმართლა", მურწა ხმას არ იღებს და დუმილი თანხმობის ნიშანიაო.
თურმე მურწა თავად იყო ანკესგადაყლაპული, იგი მეთევზეებს განზრახ ჩამოეშვათ მდინარეში ლოქოს მოსანადირებლად.
ასე რომ, მცირე ხნის შემდეგ ლოქოც აათრიეს ნაპირზე და შამფურზე ააშიშხინეს.
















