ერთმა მაიმუნმა განიზრახა მხეცთა მოტყუება. ღამის სიბნელეში ცხოველთა მეფის ტყავი წამოისხა, ტყე-ტყე დადიოდა და ლომისებურად ღრიალებდა: "მე ვარ მეფე თქვენი, დამემორჩილეთო".
ერთხანს მართლაც თაყვანს სცემდნენ ცხოველები, სანამ ბნელოდა, მაგრამ როდესაც გათენდა, მის ნაკვალევს დახედეს და თქვეს: "დახეთ, დახეთ, ერთი ბეწო თათები აქვს, აბა სად შეედრება ეს ჩვენი მეფის ტორებს!"
მისცვივდნენ თვითმარქვიას გაგულისებულნი, წააძვრეს ლომის ტყავი და თვალის დახამხამებაში დაგლიჯეს.
















