ერთი გველი დაბერდა და შხამი დაუშრა კბილებში. იფიქრა: "სანამ შხამი მქონდა, შიშის ზარს ვცემდი ყველა სულდგმულს, ახლა კი რამე ხრიკი უნდა ვიღონო, თორემ ზოგს კბილი აქვს, ზოგს - ნისკარტი, ზოგს - კლანჭი და ზოგს ჩლიქი, მე კი აღარა გამაჩნია რა, წარსული "დიდების" გარდა, ადრე თუ გვიან ხელს მომითავებენო".
გამოვიდოდა შუა გზაზე და უსისინებდა გამვლელ-გამომვლელს: დაშინდებიან და აღარავინ მომეკარებაო.
ერთხანს მართლაც ყველა ერიდებოდა, რადგან ახსოვდათ მისი წარსული "გმირობანი", ბოლოს ცხოველებმა იფიქრეს: "ვიდრე შხამი ჰქონდა, არავის უსისინებდა, უხმოდ მოგეპარებოდა და იქვე გაგათავებდა, ახლა კი, როგორც ჩანს, შხამი დაუშრა და სისინითღა ცდილობსო ჩვენს მოგერიებას".
გარს შემოერტყნენ გველს გაბოროტებულნი, რადგან ზოგისთვის შვილი დაეგესლა ოდესღაც, ზოგისთვის მშობელი, ზოგისთვის მეუღლე და ზოგისთვის - მოკეთე.
ბევრი ისისინა გველმა, მაგრამ ამაოდ: ზოგმა კბილი გაჰკრა, ზოგმა ნისკარტი, ზოგმა ჭანგი და ზოგმაც ჩლიქი, ასე რომ, ბოლოს ჩვენი გველის ნასახიც აღარ დარჩა.
აქედან შეგონება:
"როცა გზაზე დაინახო მოსისინე გველი,
მისგან ნუღარც შემოტევას, ნუღარც კბენას ელი."
















