უღრან ტყეში ცხოვრობდა ერთი ზღარბი, მეტად კარჩაკეტილი ცხოვრებით. დღენიადაგ სარჩო-საბადებელის შეგროვებით იყო გართული, არავის ესაუბრებოდა, არც ესალმებოდა.
ერთი მელა უდარაჯებდა ზღარბს, ვერ იქნა და ვერ მოახელა, რამდენჯერაც მიუახლოვდა, ზღარბი დაგორგალდა და თავისი ეკლებით ცხვირ-პირი დაუწყლულა.
ერთ დრეს მელამ ასეთი ხრიკი მოისაზრა. წავიდა, დიდი ფოთოლი გამოძებნა ტყეში, ზედ წამახული ფიჩხით რაღაც წააჩხაპნა და გახარებული მიიჭრა ზღარბთან: "ძმობილო, გამოიხედე, სასიხარულო ამბავი მომაქვს შენთან. ტყის მთავრობამ გამომაგზავნა, სიგელით დაუჯილდოებიხარ, დამპალი პანტისა და მაჟალოს შეგროვებისათვის, ტყეში სისუფთავის დამყარებისათვის".
ზღარბი გაბრიყვდა და ფოთოლს წაეტანა. მელამ იდროვა და წამსვე გამოფატრა სულწასული და პატივმოყვარე ზღარბი.