ერთმა ჭკუამჩატე კაცმა მზე დაჰგმო და დაიფიცა: "მზეზე აღარასოდეს გამოვალ, განრისხებული ვარ მასზე. დღისით საერთოდ მივატოვებ სიარულს, მზე რომ არ დავინახო და მხოლოდ ღამე ვივლიო. აბა ეგ რა მზეა, თუ მეც, ვარდსაც და უწმინდურ ნაგავსაც, ერთნაირის სითბოთი ათბობს და ანათებს - არ ყოფილა ეგ ჭეშმარიტი მზე.
საერთოდ, ჩემის აზრით, ეგ რაღაც თვალთმაქცების მიერ შეკოწიწებული ბუშტია, რომელიც დროებით ანათებს და მალე ჩაქრება, მზე კი სართოდ არ არსებობს. ეს სიტყვა გაიძვერა და თვალთმაქცი ხალხის მოგონილია მასების მოსატყუებლად და დასამონებლადო".
მაშინ ურჩია ამ კაცს თავისმა გონიერმა მოყვასმა: "მე და ჩემმა ღმერთმა, მზეზე სიარულს ნუ მიატოვებ, თორემ ეგ, უწინარეს ყოვლისა, თავად შენ გავნებს: დაგაჩიავებს, დაგაავადებს, დ ბოლოს დაგღუპავს კიდეც, მზეს კი ამით არაფერი დააკლდება, მზე ისევ მზედ დარჩება. გარდა ამისა, მზე მხოლოდ მცენარეებს როდი ასულდგმულებს, არამედ ადამიანებსაც.
ეგ აზრები კი შენმა უხილავმა მტერმა ჩაგაგონა ისე, რომ შენ თავადაც ვერ მიმხვდარხარ. მზე კეთილსაც და ბოროტსაც იმიტომ ეფინება თანაბარის სიცხოველით, რომ პირველი გააძლიეროს სიკეთეში, ხოლო მეორე სიკეთედ გარდაქმნას. ყოველივეს თავისი დანიშნულება აქვს და იგივე ნეხვი, რომელსაც მზე ათბობს, დაიშლება, მიწას შეერწყმის და სასუქად ივარგებს მცენარეთათვის. მზის განსჯას კი სჯობს, საკუთარი თავი განსაჯო და იხსნა საუკუნო წარწყმედისაგანო".
















