მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 318 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: მურმან ლებანიძე

 

სიცრუე

* * * * * * * * *

ძღვნად მეფე ჯაკომონს

 

მწამს სიცრუე...

ო, ჯაკომონ,

არა შენი,

არა ჩემი -

სხვა სიცრუე მწამს.


მწამს სიცრუე,

თუკი მუნჯი

მას გაანდობს ყრუს,

ყრუ უამბობს

დამხრჩვალ ვირთხას,

აუძგერებს გულს,


მკვდარი ვირთხა შეხტება

და ზეცას ჰკრავს თავს...

ამისთანა სიცრუე,

კი, ბატონო, მწამს!!!

 

ზღვაში რამდენი თევზია

* * * * * * * * *

ძღვნად თევზისმოყვარე ფეხცანცარა ციცუნიას

 

გარს უსხედან სუფრას სამნი,

ლუდსა სვამენ დამათრობელს -

გენუელი მებადურნი

ჭიქით ხელში კამათობენ.


გადის მთელი წელიწადი

კამათსა და სმაში:

- თქვი, რამდენი თევზი ცხოვრობს

ხმელთაშუა ზღვაში?!


- ბარე შვიდზე მეტი ცხოვრობს,

ვფიცავ, შვიდზე მეტი,

ოღონდ, სარდინების გარდა! -

იფიცება ერთი.


- აჰ, ათასზე მეტიც

ცხოვრობს!

გეფიცებით თავსა!

სათვალავში არ ჩავდივარ

ნაფოტას და ხამსას!


- მილიონზე მეტიც დაჰქრის

და ზღვის ტალღებს აპობს! -

ეუბნება მესამე და -

სამივ მართალს ამბობს.

 

ცისარტყელა

* * * * * * * * *

ლექსი ბანანიტოს

 

ერთ-ერთი ნახატისათვის

იღუშება ზეცა,

წვიმს, ავდარი ბორგავს.

უცებ, შეხე, ქუჩაში -

გოგონა და ქოლგა!


მოაბიჯებს პაწია,

თუ ჭრელ ქოლგას მოჰყავს!

და შვიდფერი ქოლგა

ცისარტყელას მოჰგავს!


ყვავილივით გაშლილა,

თუმც ავდარი ბორგავს,

თვალს ახარებს,

გულს ახარებს

ცისარტყელა-ქოლგა!

 


კატების გაზეთი

* * * * * * * * *

ძღვნად ფეხცანცარა ციცუნიას, დასამშვიდებლად -

გაზეთ "სამაგალითო მატყუარას" კითხვის შემდეგ.

 

საინტერესო ამბავს

არ შევსწრებივარ ასეთს:

კატების ჯგუფი სტამბავს

თურმე საკუთარ გაზეთს.


ბეჭდავენ გაგრძელებებით

მოთხრობებსა და ზღაპრებს,

კატების ცხოვრებიდან

ლექსებს და ახალ ამბებს...


არ უყვართ გაზარმაცებულ

კატებს პირწმინდად კითხვა,

განცხადებებს კი გაშლიან

და ჩასცქერიან დიდხანს:


"დავიქირავებ დივანს,

ტახტსაც არ ვწუნობ ძველს!"

"მჭირდება საკუჭნაო

დავყაბულდები სხვენს!"


"ვეძებ გულკეთილ დედაბერს,

ზამთარს რომ წინდას ქსოვს

(კუდზე ხელი არ წამავლონ,

დედაბრის ბალღებს ვთხოვ)".


"ვარ მონადირე ცნობილი,

მედალი მიმკობს ყელს,

ვეძებ ბეღელში სამსახურს -

ვუყარაულებ ქერს".


"არ გეახლებით ხორცეულს,

არც მჭლეს და არცა მსუქანს,

ხორცისმჭამელი არა ვარ,

ვეძებ მერძევის დუქანს".


სადილის შემდეგ ნამცეცს

არ დატოვებენ არც ერთს

და უსახლკარო კატები

დიდხანს ჩასცქერენ გაზეთს.


თვალებით ჭამენ საწყლები

განცხადებების დასტას -

ათას ტყუილს და მართალს,

რომანებივით წარმტაცს.


როდი ეთმობათ გაზეთი,

რა ქნან, დრო გაჰყავთ ამით,

გამოსასვლელნი არიან

რადგან კონცერტზე ღამით.

 

ვირის ამბავი

* * * * * * * * *

ძღვნად ცრუთა ქვეყნის ერთ-ერთ ვირს,

რომელიც ბდღვინავდა, იქნებ ხალხს ლომი ვეგონოო

 

ამა წიგნის დამწერი

ერთ სახედარს იცნობდა:

ავი იყო, ზვავი იყო

და შავ ტლინკებს ისროდა...


მაგრამ, დიდი ვირიაო,

თუმცა ირგვლივ ისმოდა,

ვირმა, ვირი რომ იყო,

თვითონ როდი იცოდა!..


და თქვა ერთხელ ვირმა ასე:

"დამერწმუნეთ ყველაო,

ვერვინ გადამაჯეროს,

სპილო ვარ და მჯერაო!


არ მამშვენებს ფაფარი,

თუმც ლომივით ვქუხვარო,

ჩანს, რომ ლომი არა ვარ,

რასაც ძალზე ვწუხვარო!


არცა ადვოკატი ვარ!

იქნებ ძმა ვარ სახათრო

ვინმე დიდი გენერლის -

ხვალ მინისტრად გამხადონ!


ან, იქნება, პაჟიც ვარ,

მეფის კარზე წინ ვარო?

მითხარ, სარკევ, თუ ძმა ხარ,

მითხარ, მაინც ვინ ვარო?"


მაგრამ სარკემ მიუგო:

"მამაშენის შვილი ხარ,

შენ სახედრის შვილი ხარ

და, უბრალოდ ვირი ხარ!"


"რაო, ვირი? - შესძახა, -

გამეცალე იქითო,

მაგ თავხედურ სიტყვაზე

პასუხს გაგცემ წიხლითო!»


... სარკე დამსხვრეულია,

ბრჭყვინავს სარკის მინები...

მაგრამ ამით შემცირდა

ქვეყნად რიცხვი ვირების?!

 


ყიყლიყო, მამალო!

* * * * * * * * *

ძღვნად რომოლეტას

 

- ყიყლიყო, მამალო! -

შვენით გავლა ყინჩად...

მიდიოდა შარაზე

სამი მამალაყინწა,


უკან სამი დედალი

მიჰყვებოდა დინჯად...

- ყიყლიყო, მამალო! -

შვენით გავლა ყინჩად...


იქნებ ფეტვის მარცვალი

და სიმინდი სურდათ?

იქნებ სურდათ ბოსტანი

ერთად გაექურდათ?


მაგრამ თუკი ქალაქში

იჩქაროდნენ გუნდად,

მაშინ, ჩემი არ იყოს,

დაშვრებოდნენ ცუდად:


გაიგებდნენ იქ,

რომ ვერ დასდებს ბადალს

ასი დიდი ტყუილი

ერთ პაწია მართალს!


ჯელსომინოს ჯიბეები

* * * * * * * * *

 

ჯელსიმინო ჯიბეებს

სათითაოდ აბრუნებს:

ცალ ჯიბეში - ცხვირსახოცი,

მეორეში - საფულე...

ოღონდ იმ საფულეში

კაპიკიც არ ჩხაკუნებს.


ჯოვანინო-კარგვია

ჯოვანინო-კარგვიას

ტრამვაი დაჰკარგვია!

ხმა დაკარგა - გაცივდა.

თმა დაკარგა - გასცვივდა.


მადაც დაკარგული აქვს,

ვაჰ, თუ საუკუნოდ...

(ვინც იპოვოთ მისი მადა,

ითხოვს, დაუბრუნოთ!)


ჯოვანინო-კარგვიას

ტრამვაი დაჰკარგვია!

მზე დაკარგა ცაში,

ყავარჯენი გზაში,


იმ დღეს თავიც დაკარგა,

მაგრამ არ ღირს წვალებად,

სულმთლად ცარიელი იყო,

თავი არ გვენანება!


ჯოვანინო-კარგვიას

ტრამვაი დაჰკარგვია!

საკუარი მისამართი,

საკუთარი სახლი,

პაპიროსის კოლოფი,

კატა, ქოლგა, ძაღლი.


ყველაფერი დაკარგა

სხვისიცა ხა თავისიც...

მაინც მხიარულია,

არ დაკარგა ხალისი!

 

ჭაღარა

* * * * * * * * *

ძღვნად ბენვენუტო მუხლჩაუხრელს

 

- თქვი, კალატოზო, არ დამრჩე

ამ შეკითხვაზე ვალში:

რამდენი ღერი ჭაღარა

გექნება მაინც თმაში?


- რამდენი სახლი ვაშენე

და მზეს ვუწიე ცაში,

იმდენი ღერი ჭაღარა

გამომერია თმაში!


- მასწავლებელო, ძვირფასო,

თქვენც მიპასუხეთ მაშინ:

რამდენი ღერი ჭაღარა

გექნებათ მაინც თმაში?


- ო, ბევრი ჩემო პაწიავ,

ბევრი გავზარდე ბავშვი,

თითოზე თითო ჭაღარა

გამომერია თმაში!


- შენც მიპასუხე, პაპილოვ,

დაგენაცვლები ხმაში,

რამდენი ღერი ჭაღარა

გექნება მაინც თმაში?


- როცა იყავი პატარა,

აკვანში გვიწექ ვაჟი,

რამდენიც გამოვიგონე

შენთვის ზღაპარი მაშინ,

იმდენი ღერი ჭაღარა

გამომერია თმაში!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ