ერთ დილით დედამ შვილს უთხრა:
- აიღე, ჯუზეპე, თოფი, სანადიროდ წადი, ხვალ შენი დის ნიშნობაა და კურდღლის ხორციანი ფაფა მოინდომა.
დაავლო ჯუზეპემ თოფს ხელი და წავიდა სანადიროდ. ჯერ თავის კარმიდამოს არც გაშორებოდა, რომ კურდღელს მოჰკრა თვალი. ყურცქვიტა ღობიდან გამოძვრა და შურდულივით გავარდა მინდვრისაკენ. ჯუზეპემ თოფი დაუმიზნა და ჩახმახიც დააცემინა, მაგრამ რად გინდა რა! გასროლის მაგივრად, თოფმა კაცის ხმით "ბუხ!" დაიძახა, და ტყვია იქვე მონადირის ფეხებთან დაეცა.
გაკვირვებულმა ჯუზეპემ პირი დააღო, ტყვიას დასწვდა, კარგა ხანს ხელში ათვალიერა, მერე ახლა თოფს უკირკიტა. ხან გადაატრიალა, ხან გადმოატრიალა, ვერსად ხინჯი ვერ უპოვნა. მაშ, ის «ბუხ» რა ოხრობამ დაიძახაო, ბრაზი მოუვიდა. ლულაშიაც კი ჩაიხედა, შიგ ვინმე ხომ არ ჩაძვრაო. აბა თოფის ლულაში ვინ ჩაძვრებოდა!
"ეჰ, რა ტყუილად შემეხვეწა დედაჩემი, წადი, იქნებ როგორმე კურდღელი მოკლაო, - ფიქრობდა ჯუზეპე. - ის ჩემი დაც უკურდღლისხორცოდ დამრჩა"...
ამის ფიქრში იყო, და გავიხედოთ - ისევ ის კურდღელი არ გამოხტა! კოხტად თავდახურულს ნარინჯის ყვავილი მიებნია თეთრ ლეჩაქზე, არც აქეთ იხედებოდა, არც იქით, სულ სკუპ-სკუპით მიხტოდა თავჩაღუნული.
"იღბალს უყურე ერთი! - შესძახა ჯუზეპემ. - დედალი კურდღელი ყოფილა! ეგეც ჯვრისდასაწერად მიდის! ჯანდაბას!.. სულ არარაობას, ხოხობს მაინც მოვკლავ".
შევიდა ბიჭი ტყეში და ცოტა წინ წადგა თუ არა, რას ხედავს - ბილიკ-ბილიკ მართლა ხოხობი არ მოგოგმანებს! თანაც შიშის ნატამალი არ ეტყობა და თავიც ისეთნაირად უჭირავს, იტყვი, ქვეყნად ნადირობის პირველი დღეა და თოფი რა არის, არც კი იცისო.
ჯუზეპემ ხელად ფეხზე შეაყენა თავისი ორლულიანი, ხოხობი მიზანში ამოიღო და ჩახმახიც დასხლიტა, მაგრამ, რის გასროლა, რა გასროლა, თოფმა ორჯერ "ჭახ! ჭახ!" დაიძახა - აი, როგორც პატარა ბიჭებმა იციან, როცა ხის თოფს აჭახუნებენ, და ტყვიამ იქვე წითელ ჭიანჭველებზე მოადინა რაკვანი. ჭიანჭველები დაფრთხნენ, არიქა, თავს დაგვესხნენო, და ნაძვის ქვეშ მიიმალნენ.
- კარგი საქმეა, მე და ჩემმა მზემ! - ბრაზიანად წაიდუდუნა ჯუზეპემ. - რაღა მინდა რა! დედაჩემი, ვიცი, სულ ტუჩებს დამიკოცნის, ხელცარიელს რომ დამინახავს!
ამასობაში, სიფრთხილეს თავი არა სტკივაო, ხოხობი ბალახებში შეძვრა, მაგრამ ბიჭმა მიხედვ-მოხედვა ვერც მოასწრო, ისევ ბილიკზე მოჰკრა თვალი. ოღონდ ახლა მარტო აღარ იყო, უკან თავისი ლაპრები ასდევნებოდნენ. წალიკ-წალიკ, ბაწარაღებით მოხუსხუსებდნენ. უხაროდათ, რა კარგია, მამა რომ ვერა გვხედავს, გიყვარდეს, იმის ზურგს უკან ვიცელქებთ და ვიეშმაკებთო. მალე დედა ხოხობიც გამოგოგდა. თავი ისე ყინჩად ეჭირა, ისეთნაირად მოფარფაშებდა, თითქოს ეს-ეს არის პირველი პრემია მიანიჭეს და აღარ იცის რა ქნასო.
- შენ რატომ არ იფარფაშებ რა! - წაიბუტბუტა ჯუზეპემ, - ქმარიცა გყავს და შვილებიც. ჩემს დას რაღა პირით ვეჩვენო? რას ვესროლო, აბა, რა მოვკლა?
ამ ბუტბუტ-დუდუნში წეღანდელზე გულმოდგინედ გატენა თოფი და, იქნებ ბედმა ახლა მაინც გამიღიმოსო, გაიხედ-გამოიხედა. იცქირა, იცქირა, მაგრამ გარშემო სულდგმული არა ჭაჭანებდა რა, მარტო ერთი შაშვი ჩამომჯდარიყო ტოტზე. იჯდა არხეინად და უსტვენდა, თითქოს ეუბნებოდა, აბა, თუ ბიჭი ხარ, მოდი და მესროლეო.
ჯუზეპემაც, იცოცხლე, ესროლა, მაგრამ თოფი არც ახლა გავარდა, მხოლოდ ერთი "ბახ!" დაიძახა მხიარულად, როგორც პატარა ეშმაკი ბიჭი შესძახებს ხოლმე, როცა ყაჩაღებზე დაწერილ სურათებიან წიგნს ათვალიერებს. «ბახს» თან რაღაც სიცილისნაირიც მიაყოლა. შაშვი ხომ ლამის ტოტიდან ჩამოვარდა სიხარულით!
- ვიცოდი, ასეც იქნებოდა! - ჩაილაპარაკა ჯუზეპემ. - დღეს თოფებს ალბათ აჯანყება აქვთ.
- რა ქენი, მოკალი რამე, შვილო! - ჰკითხა დედამ შინდაბრუნებულ ჯუზეპეს.
- როგორ არა, მოვკალი, დედაჩემო. მართალია, ხორცი გამიფრინდა, მაგრამ სამაგიეროდ ფრთები მოვიტანე. ოღონდ არ ვიცი, ფაფასთან გემრიელი იქნება თუ არა.
* * * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















