მოგზაურობის გიჟიაო, რომ იტყვიან, სწორედ ჯოვანინო ჩიტირეკიაზე იყო ზედგამოჭრილი. იმდენი იარა, იმდენი იხეტიალა, თვითონაც ვერ გაიგო, როგორ მიადგა ერთ უცნაურ ქვეყანას. იმ ქვეყანაში სულ კვერცხივით მრგვალი სახლები იდგა.
ახლა სახურავებს არ იკითხავ, რანაირი სახურავები ჰქონდათ? იმისთანა კი არა, როგორიც სხვა ქვეყნებშია - გაშვერილ-გამოშვერილი, სუყველა ერთიანად ნაპირებ-აზნექილი, ბოლოში მრგვალად აღუნული იყო. ქუჩების გასწვრივ მთელ სიგრძეზე ვარდი ყვაოდა, და ჯოვანინოს აბა რა გული მოუთმენდა ერთი მაინც არ მოეწყვიტა და გულის ჯიბეში არ ჩაებნია.
ისიც კარგად იცოდა, უეკლო ვარდი რომ არ არის, და სანამ წაეტანებოდა, ათი თვალი გამოიბა, ხელები არ დავიგაზოო. მაგრამ ტყუილი სიფხიზლე გამოუვიდა - არაფერი არ შეერჭო და არც ეჩხვლიტა. ან რა უნდა შერჭობოდა, ან რას უნდა ეჩხვლიტა, როცა არც ერთ ეკალს წვერი არა ჰქონდა. გეგონება, რეზინის ნემსებიაო, თითებში უღიტინებდნენ.
- საკვირველი ამბავია! - ხმამაღლა თქვა ჯოვანინომ.
ამის თქმა იყო, და ვარდებიდან პირმცინარე ყარაულმა ამოყო თავი.
- ალბათ არ იცოდით, ვარდის მოწყვეტა რომ აკრძალულია, არა? - ჰკითხა მან ჯოვანინოს.
- მართალი გითხრათ, მაგაზე არც მიფიქრია. ძალიან ვწუხვარ, - უპასუხა ბიჭმა.
- თუ ეგრეა, მაშ მხოლოდ ნახევარ ჯარიმას გადაიხდით, - უთხრა ყარაულმა და თან სახე ისე გაებადრა, ნამდვილად იტყოდი, პინოქიო რომ სათამაშოების ქვეყანაში წაიყვანა, ის არის, ის ოქროპირი კაციაო. ყარაულმა წიგნაკი მოიმარჯვა, ქვითრის გამოწერას შეუდგა. და ჯოვანინომ თვალებს არ დაუჯერა - ქვითარს ის ყარაული წაუთლელი ფანქრით წერდა, სრულიად წვერწაუთლელი ფანქრით!
- ეჰე! - თავისდა უნებურად შესძახა ჯოვანინომ. - ბოდიში, ხმალს ხომ არ მაჩვენებთ?
- დიდი სიამოვნებით, - უთხრა ყარაულმა.
ისიც თუ ხმალი იყო, მაშ მართლა ხმალი რაღაა! არც ფხა ჰქონდა, არც წვეტი!
- მაინც რა ქვეყანაა ამისთანა? - ჰკითხა ჯოვანინომ.
- უკუთხო და უკუნჭულო ქვეყანას ეძახიან, - უპასუხა ყარაულმა. თანაც ისეთი მოწიწებით წარმოთქვა ყოველი სიტყვა, თითქოს სული უნდა შთაბეროს ამ სიტყვებს და გააცოცხლოსო.
- მაშ, აბა ლურსმანს რანაირად ხმარობთ?
- არც რანაირად. ჩვენში უკვე დიდი ხანია ლურსმანი წებოთი შევცვალეთ. ახლა კი ნუ მომერიდებით და ორჯერ გამაწანით სილა.
ჯოვანინომ იმხელა პირი დააღო, გალავნიან ციხე-კოშკს გადაყლაპავდა.
- რასა ბრძანებთ, - წაიბუტბუტა ჯოვანინომ. - ოფიციალური პირის შეურაცხყოფას, ისიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არავინ მაპატიებს. ძალით რატომ ჩავიგდო ციხეში თავი! თანაც, სილის გაწვნაზე თუ მიდგა საქმე, მე უფრო მეკუთვნის, რომ გამაწნათ.
- არა, აქ წესად გვაქვს შემოღებული, - თავაზიანად აუხსნა ყარაულმა. - მთელი ჯარიმა ოთხი სილაა, ნახევარი ორი.
- ყარაული ჯარიმდება?
- ყარაულიც.
- არა, ეგ რა სამართალია! რა წესია!
- ნამდვილად, უსამართლობაა, - კვერი დაუკრა ყარაულმა. - ჩვენებს იმდენად სძულთ ეს წეს-ჩვეულება, იმდენად უჭირთ და უმძიმთ უდანაშაულო ადამიანისათვის სახეში ხელის შემორტყმა, რომ სულ იმის ფიქრში არიან, კანონი არაფერში არ დავარღვიოთო. აი ახლა ორჯერ რომ გამკრავთ სილას, სხვა დროს უფრო მეტად იფრთხილებთ.
- არ მინდა და არც გაგკრავთ! თითსაც არ დაგაკარებთ! მოფერებით კი მოგეფერებით...
- რა ვქნა, მაგ პირობით ჩვენს ქვეყანაში ვერ დაგტოვებთ, არ შემიძლია, - ჩაილაპარაკა ყარაულმა.
მეტი რა გზა ჰქონდა, ჯოვანინომაც დააგდო ის უკუთხო და უკუნჭულო ქვეყანა. თუმცა დღემდე ისევ იმის ოცნებაშია, ნეტავი კიდევ იქ დამაბრუნა, სადმე ერთი კვერცხივით კოხტა სახლი ამაშენებინა და ცოტა ხანს მაინც მაცხოვრა მთელ დედამიწის ზურგზე იმ მართლაც ყველაზე ზრდილობიან ხალხშიო.
* * * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















