მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 623 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

I

 

ტყიდან სამი კეთილი ფერია გამოვიდა. ტანთ ბაბუაწვერას ბეწვისგან მოქსოვილი მსუბუქი კაბები ეცვათ, თავზე საპოვნელებისგან დაწნული გვირგვინები ეხურათ და მხრებზე ოქროსფერი თმები მზის ჩინჩხლებივით ჰქონდათ ჩამოშლილი.

ნეკერჩხლის ფოთლებისგან შეკერილი ფაჩუჩებით ისე მსუბუქად მოდიოდნენ, თითქოს მიწას ფეხს არც აკარებენო.

ფერიებმა მწვანე მდელოზე გვერდით ფარშავანგის ბოლოსაგან დაწნული კალათები მოიდგეს, მარწყვს შეექცნენ და საუბარი გამართეს:

- ბედნიერი ვართ, - თქვა ერთმა, - ჩვენს არემარეში მშვიდობა სუფევს და ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს ამ ქვეყნად.

- მშვიდობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, - დაემოწმა მეორე.

- მართალს ამბობთ, - ჩაერია მესამე, - მაგრამ მოდით, სხვებსაც ვკითხოთ, რა არის მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.

იქვე, კუნელის ტოტზე შემოსკუპებული პატარა ჩიტი თავის ენაზე რაღაცას ჭიკჭიკებდა. ფერიებმა ყველა სულდგმულის, აგრეთვე უსულო საგნების ენაც კარგად იციან და ჩიტს ჰკითხეს:

- ჩიტუნია, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

ჩიტი არც დაფიქრებულა, ფერიებს ჭიკჭიკით ჩამოსძახა:

- ბარტყები ბუდიდან გადაფრენას რომ დაიწყებენ, შორიახლოდან თვალს რომ ვადევნებ და მათ ჭყლოპინს ვუსმენო.

მერცხალს ჰკითხეს:

- მერცხალო, კუდმაკრატელავ, შენ რას გვეტყვი, რა არის ბედნიერება?

- გაზაფხულზე ისევ ჩვენს სამშობლოში დაბრუნებაო, - უპასუხა ფერიებს მერცხალმა.

ქარმა დაჰბერა, შორი გზიდან მოდიოდა, ხის კენწეროებს გადაუქროლა და სანამ გადაიკარგებოდა, ფერიებმა მოასწრეს ეკითხათ:

- ქარო, დაუდეგარო მოხეტიალევ, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა დიდი ხნის ქროლვის შემდეგ, თეთრ ქუნქულა ღრუბლების სასთუმალზე დასასვენებლად თავს მივდებო, - შეუჩერებლად თქვა ქარმა და გორაკს თავს გადაევლო.

იქვე ნაკადული ჩამორბოდა, ცივი და გამჭვირვალე.

ნაკადულს ჰკითხეს:

- ნაკადულო, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა მწყურვალე დამეწაფება, რომ ჰგონია მთლად შემსვამს და მე კი არაფერი მაკლდებაო, - ჩაიწკრიალა ნაკადულმა და თავის გზა განაგრძო.

მინდვრად, საგანგებოდ შეგროვებულ ქვებს შორის, მწყემსებს ცეცხლი დაენთოთ. ფერიები ცეცხლსაც მისწვდნენ.

- ყოვლადძლიერო ცეცხლო, რა არის ბედნიერება ამ ქვეყნად?

- როცა ტყუილუბრალოდ არ ვარ გაჩაღებული, ვინმე სითბოს მონატრებული ჩემს ალს ხელებს მაინც მიუშვერსო.

ფერიებმა ახლომახლო რომ ვეღარავინ დალანდეს, შორეულ მთებს გასძახეს:

- მთებო, ზვიადო მთებო, ჩვენო შეუვალო უდრეკო დარაჯებო, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- როცა ჩვენს მიწაზე მტერი და დამპყრობელი ფეხს ვერ შემოდგამსო, - დაიბუხუნეს გოლიათებმა და მხრები მრისხანედ შეარხიეს.

 

II

 

გზაზე ურემმა ჩამოარა. ურემზე მუხის ძველი აკვანი იდგა. წინ ასი წლის თეთრწვერა მოხუცი მოუძღოდა, გვერდით დედა და იმ სოფლის ბრძენი მოჰყვებოდა.

ფერიებმა მგზავრები შეაჩერეს და გამოჰკითხეს.

- აკვანო, აკვანო, გეტყობა დაძველებულხარ, ვინ იცის, რამდენი ნორჩი გყოლია მკერდში ჩაკრული. რა არის ბედნიერება ამქვეყნად?

- სხვენზე ატანილს რომ მომძებნიან და არტახებს გადამიჭერენო, - გაინანავა აკვანმა.

მოხუცმა:

- როცა იმ სოფლის მიწას მიებარები, სადაც დაიბადეო.

ბრძენმა:

- ჩემზე უფრო დიდი ბრძენი რომ ცხოვრობს მეზობელ სოფელშიო.

დედამ:

- როცა ისეთი შვილი გეზრდება, სამშობლოს რომ ასახელებსო.

ფერიებმა მოხუცს დიდხანს სიცოცხლე უსურვეს, დედას - სასახელო შვილის გაზრდა, ბრძენს სიბრძნე შეუქეს, აკვანს ყვავილები გადააყარეს და სიკეთე დაუბედეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ