- წავალ, დედა, ცოტას გავივლი.
- წადი, შვილო, ოღონდ ფრთხილად იარე, აქეთ-იქით ცქერა ნუ იცი.
- კარგი, დედა, ნახვამდის! - ძალიან დაბნეული ხარ, შვილო, ძალიან.
- კარგი, დედა. წავედი, აბა.
ჯოვანინო მხიარულად გამორბის სახლიდან და, სანამ თავიანთ უბანს გაივლიდეს, სულ იმის ცდაშია, აქეთ-იქით არ გავიხედო და ყურადღება არ გამეფანტოსო. წარამარა ჩერდება და თავ-ტანს ისინჯავს - ყელაფერი თავის ადგილზე მაქვს თუ არაო, თანაც ეღიმება, სულელი არავის ვეგონოო.
გახარებულია, რა დაკვირვებული ბიჭი ვარო, ბეღურასავით დახტის და მალე სუყველაფერი ავიწყდება. ხან ვიტრინების ცქერა იტაცებს, ხან მანქანებს ვერ აშორებს თვალს და ხანაც ღრუბლებს აშტერდება. აი, სწორედ ახლა იწყება მთელი უბედურება.
ვიღაც სინიორი საყვედურის კილოთი ეუბნება:
- ეგრე რამ დაგაბნია, ბიჭო? ვერა ხედავ, თითები დაგკარგვია!
- რას მელაპარაკები! მართლა რა დაბნეული ვინმე ვარ!
ჯოვანინო თითებს ეძებს და ცარიელ ქილას პოულობს. ვინ იცის, იქნებ ცარიელი არც არის. დაიცა, ჯერ ნახოს. ნეტავი შიგ რა იყო, სანამ დაცარიელდებოდა. არა, სულ მუდამ ასე ცარიელ-ტარიელი ხომ არ იქნებოდა, როგორც ახლაა.
ამასობაში ჯოვანინოს სულ გადაუვარდა გულიდან, რომ თითები აქვს საძებნელი, მერე საიდანღაც კოჭლი ძაღლი გამოხტება და ის ქილაც გადაავიწყდება. რა ლარი და ხაზი უნდა, ბიჭი ძაღლს დაედევნება, და მოსახვევამდე არც არის მისული, რომ
მკლავი სწყდება და ეკარგება. მე შენ გეტყვი, გაიგებს თუ რა! შენც არ მომიკვდე - ისე გარბის, ვითომ არაფერიც არ მომხდარიყოს.
- ჯოვანი! — ეძახის ვიღაც კეთილი ქალი. - ჯოვანი! ხელი დაგეკარგა, ბიჭო!
ეძახოს რამდენიც უნდა! ჯოვანინო აინუნშიაც არ აგდებს.
- არა უშავს რა, - ამბობს ის ღვთისნიერი ქალი, - წავალ, დედამისს წავუღებ.
ჯოვანინოს დედა შინ არის.
- თქვენი შვილის ხელი მოგიტანეთ, სინიორა.
- დედა, დედა! რა მყავს ამისთანა დაბდური! რა დაბნეულია, რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე!
- რას იზამ, ყველა ბავშვი ეგრეთია.
მერე ახლა სხვა ქალი მოდის.
-სინიორა, აი ფეხი ვიპოვნე, ნახეთ ერთი, თქვენი ჯოვანინოსი ხომ არ არის?
- იმისია, აბა ვისი იქნება! მაგის ძირგახვრეტილ ფეხსაცმელს რა დიდი ცნობა უნდა. ნეტავი სულ არ გამჩენოდა! თქვენ მაინც მასწავლეთ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე.
- რას იზამ! ყველა ბავშვი ეგრეთია.
ცოტა ხნის მერე ახლა დედაბერი მოდის, იმას მეფუნთუშე მოსდევს, მეფუნთუშეს - მეთევზე, მეთევზეს - მევაგონე, და აი, მოხუცი პენსიონერი მასწავლებელიც მოხუსხუსებს. ყველას რაღაცა მოაქვს ჯოვანინოსი, ზოგს ფეხი, ზოგს ყური, ზოგსაც ცხვირი.
- არა, ჩემი შვილისთანა დაბნეული არავის ეყოლება ქვეყანაზე, - დარდიანად ამბობს ჯოვანინოს დედა.
ბოლოს ასკინკილათი შემორბის თვითონ ჯოვანინო: ცალფეხა, ცალხელა და ცალყურაა, მაგრამ მაინც არხეინად არის. რა ქნას დედამ, შვილია და ებრალება, ჯერ ხელს აიღებს და მიაბამს, მერე ფეხსაც მიაკერებს...
- ყველაფერი კარგად მომერგო, არა, დედა? ხედავ, რა ყოჩაღად მოვიქეცი!
- ჰო, ყოჩაღად მოქცეულხარ, შვილო, კიდევ კარგი, თავიც არ დაკარგე!
* * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















