იყო და არა იყო რა, იყო ქალაქ გავერატეში ერთი გაკნაჭული, ჩხირივით ხმელი, მოცუცქნული ქალი. სუყველა ერთპირად ღობემძვრალა ჩიტის სახელს ეძახდა.
დილიდან საღამომდე სხვა საქმე არა ჰქონდა, იდგა და ითვლიდა, ცხვირს ვინ რამდენჯერ დააცემინებდა. საღამოთი კი შეყრიდა ხოლმე თავისნაირ ენაჭარტალა დედაკაცებს და ანგარიშს აბარებდა, იმან ამდენჯერ დააცემინა, იმან იმდენჯერო. მერე ენად გაიკრიფებოდნენ, და იყო ერთი გაუთავებელი კილვა და ძრახვა. იმდენს ილაქლაქებდნენ, იმდენს იჭორავებდნენ, სანამ საძილედ კინწი არ მოსწყდებოდათ.
- აი, ჩვენი აფთიაქარი რომ არის, - ჩურჩულ-კურკურით ატყობინებდა ღობემძვრალა, - ზედიზედ შვიდჯერ დააცემინა!
- რას ამბობ!
- ღმერთმანი, შვიდჯერ! ცხვირი გამიხმეს, თუ ტყუილს გეუბნებოდეთ. მეშვიდედ რომ დააცემინა, თითქოს გამოზომაო, გაჭიმული შვიდის ნახევარი იყო, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. თათხავდნენ, ათრევდნენ და, ბოლოს, ასკვნიდნენ: ეგ ჩვენი აფთიაქარი სასაქმებელ ზეთს ნამდვილად აუდუღარი წყლით აზავებსო.
- ახლა მღვდელს არ იკითხავთ? შვიდი რა სათქმელია, თოთხმეტჯერ დააცემინა! - უკენჭავდა ჭარტალა დედაკაცებს მღელვარებისაგან სახეწამოჭარხლებული ღობემძვრალა.
- კარგად დაინახე? ვინმეში ხომ არ გეშლება?
- ღმერთმანი, ის იყო! ცხვირი გამიხმეს, თუ თოთხმეტზე ნაკლები დაეცემინებინოს.
- რა გვეშველება, რა გვეშველება!
ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. თათხავდნენ, ათრევდნენ და, ბოლოს, ასკვნიდნენ, ეგ ჩვენი მამა ქრისტეფორე ძალიან ბევრ ზეთს უშვრება სალათასო.
ერთხელ ღობემძვრალამ ამ თავის ამფსონ ქალებს ერთად მოუყარა თავი. კარგა ბლომად მოგროვდნენ, კვირაში რამდენი დღეც არის, იმაზე მეტი იყვნენ, - წაიყვანა და სინიორ დელიოს ფანჯარასთან გაისუსნენ. მაგრამ სინიორ დელიომ ერთხელაც არ დააცემინა. ან რატომ დააცემინებდა? არც გაციებული იყო და არც თუთუნი დაუსუნია.
- უყურე ერთი! არ აცემინებს! - ვეღარ მოითმინა ღობემძვრალამ. - აქ რაღაც უწმინდურებაა!
- ნამდვილად ეგრეა! - კვერი დაუკრეს ქალებმა.
ლაპარაკი შეესმა თუ არა, სინიორ დელიომ ერთი მუჭა დაფქული წიწაკა ჩაყარა შპრიცში და უჩუმრად თავზე გადააფრქვია ფანჯარასთან ატუზულ ჭორიკანებს.
პირველმა თვითონ ღობემძვრალამ დააცემინა.
- აფცხი!
მერე დანარჩენებიც აჰყვნენ.
- აფცხი, აფცხი, აფცხი!
აცემინეს და აცემინეს, ძლივსღა გაჩერდნენ.
- მე თქვენზე მეტჯერ დავაცემინე, - თქვა ღობემძვრალამ.
- რა საკადრისია, ჩვენოდენჯერ არ დაგიცემინებია! - სიტყვა გაუტრიზავეს ქალებმა, იდავეს, იკაპარჩხანეს და, ბოლოს, თმაში სწვდნენ ერთმანეთს. სულ მთლად შემოიხიეს, რაც ტანთ ეცვათ. თანაც სუყველას თითო წინა კბილი ჩაემტვრა.
ის დღე იყო, და ღობემძვრალას იმ ქალებისთვის ხმა აღარ გაუცია. წავიდა, იყიდა უბის წიგნაკი, ფანქარი და ქალაქში მარტოკამ დაიწყო სიარული. როგორც კი ვინმე ცხვირს დააცემინებდა, უბის წიგნაკში ხელად ჯვარს დასვამდა. ერთთავად გაფაციცებული დადიოდა, ვინმეს დაცემინება არ გამომეპაროს და ჯვრის დასმა არ დამავიწყდესო.
როცა თავისი წუთისოფელი მოჭამია და იმ ქვეყანას წერილი წაიღო, ღობემძვრალას უბის წიგნაკი ხალხმა იპოვნა. გადაშალეს, ბევრი თვალეს, მაგრამ იქ დასმულ ჯვრებს რა დათვლიდა!
- უყურეთ ერთი, - ამბობდა ხალხი, - ჯვრებით ალბათ რაღაც კეთილ საქმეებს აღნიშნავდა. თანაც რა ამბავია, რამდენი სიკეთე ჰქონია ამ მამაცხონებულს დათესილი, ეს თუ სამოთხეში არ მოხვდა, მაშ, აბა, სხვა ვინ უნდა მოხვდეს!
* * * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















