თავი პირველი
სოფელში
მე ქუჩაში ნაპოვნი და სხვისი აღზრდილი ვარ. რვა წლამდე მეგონა, სხვა ბავშვებივით დედა მყავდა. ავტირდებოდი თუ არა, ვიღაც ქალი ნაზად ამიყვანდა ხელში, მომეფერებოდა და მეც იმწამსვე ვჩუმდებოდი.
საღამოს, ძილის წინ, მაგრად ჩამიკრავდა გულში და ხვევნა-ალერსით ჩამაძინებდა.
დეკემბრის ცივ ღამეებში, როცა ჩვენი ქოხის ყველა ფანჯარას ყინვა მოხატავდა, ეს ქალი მომიჯდებოდა გვერდით, გაყინულ ფეხებზე ხელს მისვამდა, მათბობდა და თან ტკბილად დამღიღინებდა.
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს.
როცა მინდორში დავდიოდი და ძროხას ვმწყემსავდი, თუ უცებ ქარიშხალი მოგვისწრებდა, ეს ქალი მაშინვე ჩემთან გაჩნდებოდა, თბილ ტანსაცმელს ჩამაცმევდა და გაცივებას გადამარჩენდა.
თუ ჩემს ტოლ-ამხანაგებთან რაიმე უსიამოვნება მომივიდოდა, იქაც ის იყო ჩემი ქომაგი. მოვიდოდა, საქმის გარემოებას გამომკითხავდა, ნუგეშისცემით დამამშვიდებდა და რაღა გასაკვირია, თუ საკუთარ დედად მიმაჩნდა.
მაგრამ ბოლოს გავიგე, რომ ნაშვილები ვყავდი.
მე აღვიზარდე სოფელ შავანონში, საფრანგეთის ერთ-ერთ უღარიბეს სოფელში. თუმცა მცხოვრებნი შრომისმოყვარენი არიან, მიწაა მწირი და უნაყოფო, ამიტომ მოსავალიც ნაკლები იცის. ახლო-მახლო ნაკელიც არ იშოვება, რომ ადამიანმა ნიადაგი გაანოყიეროს.
ამიტომაც ამ სოფლის გარშემო არსად არის ხეირიანად დამუშავებული ადგილები. ყველგან ვეებერთელა მინდვრებია. მხოლოდ აქა-იქ თუ მოგხვდებათ თვალში ბუჩქნარი. ბუჩქნარს რომ გაშორდებით, თვალუწვდენელი ველები იწყება, სადაც ხესაც იშვიათად ნახავთ.
სამაგიეროდ, მდინარის ნაპირებზე გაშენებულია დიდებული წაბლნარი და აღმართულია მამაპაპური მუხები.
ერთს ამგვარ ადგილას, მდინარის პირას იდგა პატარა ქოხი. აი, ამ ქოხში გავატარე ჩემი სიყმაწვილე.
რვა წლისა ისე შევიქენი, ჩვენს სახლში მამაკაცი არ მინახავს. ეს კი ვიცოდი, რომ ჩემი დედობილი ქვრივი არ იყო. მისი ქმარი კალატოზი ყოფილა და სამუშაოდ პარიზს წასულა. ჩემს აღმზრდელს ხშირად მოსდიოდა მისი ამბავი. ჩვენს სოფლელ მუშებს მოჰქონდათ მისი წერილები, ხან კი ფუ- ლიც.
_ ქალბატონო ბარბარენ! - ეტყოდნენ ხოლმე ჩამოსული მეზობლები, - თქვენმა ქმარმა მოგიკითხათ, კარგად არის და კაი სამუშაოც აქვს.
ქალი ამით კმაყოფილდებოდა. ქმარი კარგად ჰყავდა, სამუშაოც ჰქონდა და ცოტაოდენ ფულსაც უგზავნიდა. საჯავრო რაღა გვაქვსო, იტყოდა ხოლმე თავისთვის.
ერთხელ, ნოემბრის თვეში, ჩვენს ჭიშკართან ვიღაც უცნობი შეჩერდა. მე იქვე ვიდექი და ფიჩხს ვამტვრევდი. უცნობმა დიდხანს მიყურა, ოღონდ ხმა არ გამცა. ბოლოს მკითხა:
- დეიდა ბარბარენი აქა დგას?
- დიახ, ბატონო! მობრძანდით!
უცნობმა ჭიშკარი გააღო და ნელი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში.
ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ტალახში ასე ამოსვრილი კაცი. თავიდან ფეხებამდე გათხუპნულიყო. ტანისამოსზე ალაგ გამხმარი და ალაგ ისევ სველი ტალახი ეცხო. შორიდან მოსული ჩანდა, ეტყობოდა, ცუდი გზებით ევლო.
დედა ბარბარენმა მოჰკრა თუ არა ყური ჩვენს მუსაიფს, გარეთ გამოვარდა. კართან ეს უცნობი დახვდა.
- პარიზიდან ახალი ამბავი მოგიტანეთ, - უთხრა უცნობმა.
პარიზიდან ამბავი ხშირად მოგვდიოდა, მაგრამ როგორც უცნობის ლაპარაკიდან ჩანდა, კარგი ამბავი არ მოეტანა.
- ოჰ, ღმერთო ჩემო! - შეჰკივლა დედამ და შუბლზე ხელი შემოიკრა, - ჟერომს ხომ არაფერი შეემთხვა?
- ნუ გეშინიათ. თქვენი ქმარი, მართალია, ძლიერ დაიმტვრა, მაგრამ ცოცხალია. სიკვდილს გადარჩება, დამახინჯდება კი. ახლა საავადმყოფოშია. ორივენი ერთ ოთახში ვიწექით. მე უკვე შინ მივდივარ. როცა აქეთ მოვდიოდი, მთხოვა თქვენთან შემომევლო და მისი ამბავი გადმომეცა. აი, მეც შევუსრულე თხოვნა. მშვიდობით, მაგვიანდება. ოცი ვერსი კიდევ მაქვს გასავლელი და, ხედავთ, უკვე ღამდება...
დედა ბარბარენს უნდოდა დაწვრილებით შეეტყო, რა შეემთხვა ქმარს და უცნობს სთხოვა:
- ბატონო, ჩვენთან დარჩით, ბნელი ღამეა. როგორც ამბობენ, გზის პირას ტყე სავსეა მგლებით. ღამით მგზავრობა ძლიერ საშიშია. რატომ იჭირვებთ საქმეს?! ამაღამ აქ მოისვენეთ და დილას წაბრძანდით!
დედა ბარბარენის ტკბილმა სიტყვებმა სტუმარი მოალბო და ღამის გასათევად ჩვენთან დარჩა. დაჯდა ცეცხლის პირას და ვახშმის დროს ყველაფერი დაწვრილებით გვიამბო.
- თქვენი ქმარი ხე-ტყის ქარხანაში მსახურობდა. ერთ დღეს ჩამოინგრა დაწყობილი მორები და თქვენი ქმარი ქვეშ მოიყოლა. თუმცა მორებიდან ძლივს გამოათრიეს, სასიკვდილოდ მაინც არ დაშავებულა, მხოლოდ საშინლად დამტვრეულია და გალახული. როდესაც დასახიჩრებისათვის დახმარების მიცემაზე მიდგა საქმე, ქარხნის პატრონმა აქეთ უთხრა საყვედური და გაუწყრა: იქ დადგომა არავის უბრძანებია, შენი ნებით მიხვედი და ფულის თხოვნის უფლება არა გაქვსო.
კაცს რომ ბედი არ ექნება, სწორედ ეს არის! საბრალო თქვენი ქმარი, საცოდავი ჟერომი! მის ადგილას სხვა, უფრო მოხერხებული კაცი რომ ყოფილიყო, მთლად გაკეთდებოდა. თქვენს ქმარს კი არაფერი მიუღია, - თქვა ეს და ცეცხლს მიაფიცხა სველი შარვალი. თან თავისთვის დროგამოშვებით ბუტბუტებდა: «მოუხერხებლობა, სიგლახე, უნიჭობა!»
ამ სიტყვებს ისეთი მწუხარე კილოთი ამბობდა, ეტყობოდა, არ ინაღვლებდა ამწამსვე დამახინჯებულიყო, ოღონდ უზრუნველად გაეტარებინა მთელი სიცოცხლე.
- მე კიდევაც ვურჩიე, ქალბატონო, თქვენს ქმარს, რომ ქარხნის პატრონისთვის ეჩივლა.
- მაგრამ საჩივარსაც ფული უნდა, უფულოდ ვისთან რას გახდება, - უთხრა დედა ბარბარენმა.
- სამაგიეროდ საქმეს მოიგებს და ფულიც ექნება; აბა, რას იზამს?! მგზავრის ლაპარაკმა დედა ბარბარენი საშინლად ააღელვა და პარიზს
წასვლა დააპირა, მაგრამ რადგან ეს ქალაქი შორს იყო და მგზავრობაც ძვირი დაუჯდებოდა, დარჩა და მწუხარებით იგონებდა თავის დასახიჩრებულ ქმარს.
ერთ დღეს პარიზიდან ამბავი მოვიდა; ჟერომს საჩივარი აღეძრა და ფულის გაგზავნას თხოულობდა.
მალე ამ წერილს მოჰყვა მეორეც, სადაც ჟერომი იწერებოდა: თუ ფული არა გაქვთ, ძროხა გაყიდეთ და მალე მომაშველეთო.
«ძროხა გაყიდეთ!» ეს მძიმე და სამწუხარო მოსასმენია გლეხისთვის! ვინც სოფელში ცხოვრობს, მხოლოდ ის მიხვდება, რა გულსაკლავი და
ცრემლის მომგვრელია მათი გაგონება.
ჩვენზედაც ასე იმოქმედა "ძროხის გაყიდვის" ამბავმა, ძროხის მოშორებამ, რომელიც ჩვენი ოჯახის არა მარტო მარჩენალი, თითქოს მეგობარიც იყო. ჩვენთან შეზრდილს მუდამ ვეფერებოდით და ვეხვეოდით კისერზე. ისიც თავისებურად გვესიყვარულებოდა და, როგორც შეეძლო, გამოხატავდა მადლობას.
აი, ასეთი მეგობარი უნდა გაგვეყიდა, ასეთ საყვარელ არსებას უნდა გამოვთხოვებოდით, რომ ორიოდე ფრანკი გვეშოვა და პარიზში ჟერომისათვის გაგვეგზავნა.
მალე ყასაბიც მოვიდა, ძროხას ახედ-დახედა და ზურგზე ხელი გადაუსვა.
- საქები ძროხა არ არის, მაგრამ თუ იაფად მომცემ, ვიყიდი, ისიც შენი
პატივისცემისათვის, თორემ ამაში ვერაფერს მოვიგებ! - უთხრა დედას ყა- საბმა და ძროხა კიდევ აათვალიერ-ჩაათვალიერა.
ეტყობოდა კი, რომ გულში ძლიერ მოსწონდა, მაგრამ ჩვენ არ გვამჩნევინებდა, განზრახ იწუნებდა.
საბრალო ძროხამ თითქოს იგრძნო, რომ მის თავს კარგი ამბავი არ იყო, ბღაოდა და ბოსლიდან გამოსვლას არ აპირებდა.
- აჰა, ყმაწვილო, შოლტი, შედი და აქეთ გამოდენე, - მითხრა ყასაბმა და ხელში გრძელი შოლტი მომცა.
- არა, არა, მე თვითონ შევალ და გამოვიყვან, - უთხრა დედა ბარბარენმა. შევიდა, რქებზე მობმულ თოკს ხელი მოჰკიდა და ტკბილი, წყნარი ხმით დაუყვავა: «მოდი, მოდი, ჩემო კარგო! მოდი, ნუ გეშინია».
ძროხამ ყურები ჩამოყარა და მშვიდად გამოჰყვა. წინ დედა ბარბარენი მოუძღოდა, უკან ძროხა მოსდევდა. ყასაბმა ძროხა ფორანს მიაბა, დედას ფული დაუთვალა, ცხენები გარეკა და ძროხაც ძალაუნებურად გაჰყვა.
ჩვენ ძროხის საცოდაობას ვეღარ ვუყურეთ და შინ შევედით, მან ისეთი საბრალო ხმით დაიწყო გზაში ბღავილი, რომ ორივეს გული ამოგვიჯდა და დიდხანს ვტიროდით.
ეს იყო და მას აქეთ ძროხა აღარ გვყოლია. იჯრაზე ხმელა პურს ან მარილწაყრილ კარტოფილს თუ ვჭამდით, თორემ რძე, ყველი ან კარაქი სადღა იყო!
ყველიერი ახლოვდებოდა. შარშან ყველაფერი გვქონდა: «რძე, ყველი, კვერცხი, ხაჭაპური, იმიტომ რომ ძროხა გვყავდა; წლეულს კი არც ძროხა გვყავს და არც რძე გვექნება, ჩვენთვის არც ყველიერი დადგება-მეთქი, ვწუხდი.
ეს დედამაც შეამჩნია. დედა ბარბარენს მეზობლების შეწუხება არ უყვარდა, მაგრამ დღეს ამას არ მოერიდა და მეზობლებში გამგზავნა: ვის რძე გამოართვა, ვის კარაქი, ვის ყველი, ყველიერი დადგა თუ არა, დედამ ყველაფერი ძველებურად მომიმზადა.
- მოდი, ნახე, რა მშვენიერი თეთრი პურია! - დამიძახა დედამ. - ახლა კალათაში ჩაიხედე რა გიყიდე?
კალათა სავსე იყო კარაქით, კვერცხით, ყველითა და ვაშლით. კვერცხები დედამ დატეხა, ყველი მე დავჭერი და დედამ მშვენიერი ხაჭაპური გამოაცხო. ჩვენს ოთახში მადისაღმძვრელი სუნი დადგა. ამ დროს ჭიშკარი გაჭრიალდა.
«ვინ უნდა იყოს ამ დროს? ალბათ მეზობლის ქალია. შეშა ან ცეცხლი ენდომება-მეთქი», - ვიფიქრე.
ამასობაში დედამ გადმოიღო კიდეც გამომცხვარი ხაჭაპური და ყველაფერი დამავიწყა.
უცებ ვიღაცამ კარს ჯოხი ჰკრა და შემოაღო.
- ვინა ხარ! - მიაძახა დედა ბარბარენმა.
კარში უცნობი თეთრტანსაცმლიანი კაცი იდგა. სანთელი მივანათეთ.
- ქეიფობთ განა?! - იკითხა ბოხი, უხეში ხმით და ჩვენკენ წამოვიდა.
- ღმერთო ჩემო! - შეჰკივლა დედა ბარბარენმა და კისერზე მოეხვია. - შენა ხარ, ჟერომ?!..
შემდეგ მომიბრუნდა და ჩუმად მითხრა:
- შვილო, ეს მამაშენია.
თავი მეორე
მამა
გახარებული გავექანე, მინდოდა კისერზე მაგრად მოვხვეოდი, მაგრამ ხელი მკრა და მრისხანედ იკითხა:
- ეს ვინ არის?
- რენეა.
- მერე? შენ რომ მეუბნებოდი...
- გეუბნებოდი, მაგრამ... ტყუილი გამოდგა. იმიტომ, რომ...
- ჰო, იმიტომ, რომ ტყუილია!
შემდეგ აიღო ჯოხი და დამაშტერდა. მე შევნიშნე და შორს დავდექი.
"რა ჩავიდინე ასეთი? რა დავაშავე? რად მიყურებს ასე მტრული თვალით", - ვფიქრობდი შეშინებული.
- როგორც გეტყობათ, თქვენ სალხინოდ ხართ მომზადებული. მეც მგელივით მშია. დღეს არაფერი მიჭამია. გაქვს რამე ვახშმად?
- მაქვს ყველი, კვერცხი და ცოტაოდენი რძეც, - უთხრა დედამ.
- რძე, ყველი და კვერცხი რა შიმშილის მოსაკლავი საჭმელია?
- მეტი არაფერი მაქვს! შენ არ მოგელოდით, ჩვენთვის კი ესეც საკმარისი იყო.
- როგორ თუ არაფერი? მაშ უვახშმოდ დავრჩე? - თქვა გამწყრალმა და მიიხედ-მოიხედა.
- აი კარაქი, ეს საჭმელი არ არის?..
აიხედა ზევით და ღორის ხორცის დასაკიდებელი ადგილი შეათვალიერა. ნახა, რომ ღორის ხორცი აღარ ეკიდა, მხოლოდ აქა-იქ რამდენიმე შეკვრა ხახვი და ნიორი იყო.
- აი, ხახვიც! - ჰკრა ჯოხი და ხახვი ჩამოყარა. - ორი-სამი თავი ხახვი, ერბო-კვერცხი, რძე და ყველი, მეტი რა გვინდა, მშვენიერი ვახშამია!
დედა ბარბარენს სიტყვა არ შეუბრუნებია. ქმრის ბრძანება იმწამსვე შეასრულა. ჟერომი ცეცხლს მიუჯდა.
ჟერომი ორმოცდაათი წლისა იქნებოდა. სასტიკი, პირქუში გამომეტყველება ჰქონდა.
ოდესღაც კისერი ეღრძო და გვერდზე ჰქონდა მოქცეული, რაც კიდევ უფრო ამახინჯებდა და საშიშ შეხედულებას აძლევდა.
დედა ხაჭაპურებს აცხობდა, ის კი გულმოსული ყველაფერზე ბრაზობდა.
მე სულ იმაზე ვფიქრობდი, ნუთუ ეს მკაცრი და მრისხანე ადამიანი მამაა-მეთქი.
ჩემს სიცოცხლეში არ მიფიქრია, რა იყო მამა... დედა და მამა ერთი და იგივე მეგონა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დედა წვრილი ხმით ლაპარაკობდა, მამა კი ბოხი, უფრო მოუხეშავი ხმით.
პირველად მამა რომ დავინახე, მეგონა ციდან ჩამოვარდა-მეთქი, და შიშით გამცრა ტანში. სულ იმას ვფიქრობდი: - რად მომიქნია ჯოხი? რატომ არ მიმიკარა, როცა მოხვევა მინდოდა? რად მიშლიდა, თუ მამა იყო? დედა თუ ყოველთვის მეალერსებოდა და გვერდიდან არ მიშორებდა?
- რას გაშეშებულხარ? რაღას უყურებ? მოიტანე თეფშები და გაშალე სუფრა, - მომიბრუნდა და წყრომით მითხრა.
მე მაშინვე შევასრულე ბრძანება. გავშალე სუფრა, დედამ საჭმელი დააწყო, მამა კი სუფრას მარტო მიუჯდა.
ჟერომი გაჩუმებული ჭამდა, თან მიყურებდა.
მე კი აღარც ჭამა შემეძლო და აღარც სმა. ვწუხდი, ვღელავდი, მიკვირდა: ვინ არის ეს კაცი-მეთქი და დროგამოშვებით ფარულად შევავლებდი ხოლმე თვალს, მაგრამ თუ ამ დროს ისიც შემომხედავდა, კრძალვით ჩავღუ- ნავდი თავს.
- ნუთუ ეს ყოველთვის ასე ცოტასა ჭამს? - ჰკითხა დედას.
- არა, ჭამს ისე, როგორც რიგი და წესია.
- თუ უნდა სულ ნურაფერს შეჭამს, ჩემთვის უკეთესი იქნება.
დედა თავს დასტრიალებდა და საჭმელ-სასმელი მოჰქონდა. ამით თავს იქცევდა, რადგან არც დედას სიამოვნებდა მასთან მუსაიფი.
- არა გშია? - უცებ მომიბრუნდა და მკითხა.
- არა, - მივუგე მე.
- მაშ, რაღას დგახარ? წადი, დაწექი და დაიძინე; თუ ახლავე არ დაგიძინია, ვაი შენს დღეს!
დედამ გამომხედა და თვალით მანიშნა, სიტყვა არ შემებრუნებინა.
რა საჭირო იყო მისი დარიგება?! პასუხის გაცემა არც მიფიქრია. უსიტყვოდ წავედი და დავწექი.
როგორც ყველა გლეხის სახლი, ჩვენი ქოხიც ერთი ოთახისაგან შედგებოდა: ის იყო საწოლიც და სამზარეულოც. ერთ კუთხეში იდგა მაგიდა და კარადა, იქვე ჭურჭლის შესანახი თარო იყო გაკეთებული, მეორე მხარეს სკამლოგინი იყო გაშლილი. დედის ლოგინსა და ჩემს საწოლს შუა წითელი ჩითის ფარდა იყო ჩამოფარებული. მეც ავწიე ეს ფარდა და შევგორდი ჩემს ლოგინში.
დაწოლით კი დავწექი, მაგრამ ვერასგზით ვერ დავიძინე. საშინლად ვიყავი აღელვებული; ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა თავში...
«მაშ ეს კაცი მამაჩემია?! რად მეპყრობა ასე უგულოდ, მრისხანედ?» - ვფიქრობდი და ვცდილობდი დამეძინა.
გაიარა ცოტა ხანმა, ვიღაც ზანტად და მძიმედ მოვიდა ჩემს საწოლთან. მე არ მეძინა; ვიგრძენი, დედაჩემი არ უნდა ყოფილიყო.
- გძინავს თუ არა? - მოისმა მამის მრისხანე ხმა.
ხმა არ გამიცია, რადგან ის საშიში სიტყვები: «დაიძინე, თორემ ვაი შენს დღესო!» - თითქოს ისევ ჩამესმოდა ყურში.
- სძინავს, სძინავს! - უთხრა დედამ. - ეგ ისეთი ბავშვია, როგორც კი დაწვება, იმწამსვე იძინებს, მითხარი, თუ რამე გინდა.
მინდოდა მეთქვა: დედა ცდება, არა მძინავს-მეთქი, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გავბედე. თითქოს დამნაშავე ვიყავი, რომ ვერ დავიძინე.
- სასამართლოში რით გათავდა შენი საქმე? - ჰკითხა დედამ.
- წავაგე. მოსამართლეებმა მითხრეს: რადგან იმ ადგილას არ უნდა დამდგარიყავი, სადაც იდექი, არაფერი არ გერგებაო, - უთხრა ეს და სუფრაზე მუშტი დაჰკრა. - საქმე წავაგე, ფული ვერ ავიღე, დავმახინჯდი და მათხოვრობა უნდა დავიწყო, მეტი რაღა დამრჩენია! მაგრამ ყველა ამ უბედურების მიზეზი ეს ბავშვია. რატომ არ დამიჯერე, რატომ ისე არ მოიქეცი, როგორც დაგიბარე?!
- იმიტომ, რომ არ შემეძლო.
- ყრმათა თავშესაფარში მიგეცა.
- იქ ვერ წავიყვანე, ჩემი აღზრდილია და მეცოდებოდა.
- რატომ გეცოდებოდა? შენი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ შენი შვილი ხომ არ არის?
- მერე რა ვუყოთ, რომ ჩემი არ არის? მე მინდოდა ისე მოვქცეულიყავი, როგორც შენ დამიბარე, მაგრამ ავად გახდა და ვერ შეველიე.
- ავად გახდა?
- ჰო, ავად გახდა, ავადმყოფ ბავშვს ხომ ვერ წავიყვანდი. თავშესაფარში? იქ მაშინვე მოკვდებოდა.
- მერე როდის მორჩა?
- გვიან მორჩა. ერთი ავადმყოფობა რომ მოიხადა, მეორე შეხვდა. ისე საშინლად ახველებდა, კაცს გული ეტკინებოდა. როცა ხველებას დაიწყებდა, მთლად ჩემს პატარა ნიკოს ჰგავდა. მეც შემეცოდა და ვიფიქრე: თავშესაფარ- ში არ მივცემ, თვითონ აღვზრდი-მეთქი, რადგან ვატყობდი, რომ თავშესაფარში ეს ბავშვი უსათუოდ მოკვდებოდა.
- მერე?
- მერე დრო მიდიოდა. გიცდიდი. გიცდიდი დიდხანს. გადავწყვიტე მეცადა, სანამ არ მოხვიდოდი.
- რამდენი წლისაა ახლა ბავშვი?
- რვისა.
- ახლაც შეიძლება მისი იქ მიცემა.
- შეიძლება, ჟერომ, მაგრამ ამას შენ არ გააკეთებ.
- რატომ, ვინ დამიშლის? განა არ იცი, რომ მაგისი შენახვა არ შეგვიძლია!
ამის შემდეგ ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მეც ვისარგებლე, შემთხვევით და სული მოვიბრუნე. აღელვების გამო სული ყელში მომებჯინა, კინაღამ დავიხრჩვი.
- რანაირად გამოცვლილხარ იმ დასაქცევ პარიზში? უწინ სულ სხვა აზრისა იყავი, ჟერომ! - უთხრა დედა ბარბარენმა ქმარს.
- შეიძლება, მაგრამ პარიზმა დამამახინჯა. რანაირად უნდა ვიცხოვროთ, არ ვიცი. ფული ჩვენ არა გვაქვს, ძროხა გავყიდეთ... ხომ ხედავ, რომ თავის სარჩენი არაფერი გვაქვს. სხვის ბავშვს რანაირად გავზრდით.
- სხვისი კი არა, ჩემია, ჩემი.
- სტყუი, არც შენია და არც ჩემი. არ ეტყობა, რომ გლეხის ბავშვი არ არის? ვახშმის დროს სულ იმას ვუცქეროდი. მისი ნაზი აგებულება, თეთრი, სუსტი ხელები განა გლეხის ბავშვისას ჰგავს?
- ჩვენს უბანში მაგაზე უფრო მშვენიერი და ლამაზი ბავშვი არ მოიძებნება.
- ლამაზი კი არის, მაგრამ სუსტია. მისი სილამაზე ხომ ვერ გვარჩენს? რა მუშა გამოვა ამგვარი სუსტი არსებისაგან? ეს ქალაქელი ბავშვია და ჩვენს სოფელში მუშად სად გამოგვადგება?!
- ეს კია, მაგრამ ბავშვი ისეთი ჭკვიანი, გულკეთილი და ნიჭიერია, რომ ყოველთვის იზრუნებს ჩვენზე.
- სანამ, გაიზრდება, ხომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ. მერე ვის შეუძლია შრომა, მუშაობა? მე, როგორც მხედავ, არც მუშაობა შემიძლია და არც რისიმე შოვნა.
- რომ გამოუჩნდნენ მშობლები, რას ეტყვი?
- მშობლები? სად არიან მერე? მომსვლელები თუ იყვნენ, ამ რვა წლის განმავლობაში ვერ მოვიდოდნენ? ვიფიქრე, მისი მშობლები უხვად დაგვასაჩუქრებენ ამისი აღზრდისთვის-მეთქი, მაგრამ სულელი ვიყავი და იმიტომ ვფიქრობდი ასე. მართალია, ბავშვი ძვირფას სახვევში იყო შეფუთნილი, მაგრამ რა დასაჯერებელი იყო, რომ უსათუოდ მოძებნიდნენ. მისი მშობლები ეგებ კიდევაც დაიხოცნენ.
- ცოცხლები რომ იყვნენ? რომ მოგვთხოვონ? დარწმუნებული ვარ, მოვლენ და ბავშვს მოგვთხოვენ.
- მერე? მოგვთხოვენ და ჩვენც ვუთხრათ, რომ თავშესაფარში იზრდება, მორჩა და გათავდა. ბევრს ნუღარ მალაპარაკებ! დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია. ხვალვე წავუყვან ქალაქის თავს და მივცემ თავშესაფარში, - თქვა და გარეთ გავიდა.
მე მსწრაფლ წამოვვარდი ლოგინიდან და დედას დავუძახე:
- დედა.
დედა იმწამსვე ჩემს საწოლთან გაჩნდა.
- დედა, თავშესაფარში უნდა მიმცეთ?
- არა, ჩემო რენე, არა - მითხრა დედამ, მომხვია ხელი და გადამკოცნა. ამ ტკბილმა ალერსმა ცოტა დამამშვიდა და ტირილს თავი დავანებე.
- შენ ალბათ არ გეძინა, შვილო? - მკითხა დედამ.
- არ მეძინა, მაგრამ არა ვარ დამნაშავე.
- მე არ გეუბნები, შვილო, დამნაშავე ხარ-მეთქი. ალბათ, ყველაფერი გაიგონე, რაც ჟერომმა ილაპარაკა.
- დიახ, გავიგონე: არც შენ ყოფილხარ ჩემი დედა და არც ის - მამა.
ეს სიტყვები სხვადასხვანაირად წარმოვთქვი. რამდენადაც იმ ამბავმა გამაჯავრა და მაწყენინა, რომ დედა ბარბარენი ჩემი დედა არ ყოფილა, იმდენად მეამა, რომ ჟერომი მამაჩემი არ გამოდგა.
ეს ჩემი სულიერი მდგომარეობა ხმაზედაც შემეტყო. დედა ბარბარენს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
- დიდი ხანია მინდოდა შენთვის ყველაფერი მეთქვა, ჩემო კარგო, მაგრამ, ერთი, რომ პატარა იყავი და, მეორეც, მეცოდებოდი. დედაშენი ვინ არის, არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი, არც ეს ვიცით. ერთ დილას, პარიზში, როცა ჟერომი სამუშაოდ მიდიოდა, ხეებით დაბურულ ქუჩაზე საიდანღაც ბავშვის ტირილი შემოესმა. ყური დაუგდო. ტირილი ბაღიდან ისმოდა.
თებერვლის ცივი დილა იყო. ჟერომი ბაღისაკენ გაექანა. ბაღის კართან კუთხეში მიგდებული, ტილოში გახვეული ბავშვი ნახა. ჟერომმა გაიხედ-გამოიხედა, ბავშვის აყვანა უნდოდა, მაგრამ ხის ჩრდილში ვიღაცას მოჰკრა თვალი. ჟერომი დააშტერდა, უნდოდა ეცნო, ვინ იყო, მაგრამ უცნობი თანდათან მიიმალა ხშირ ხეებში.
ჟერომი მიხვდა, რომ ეს ბავშვი მისი დაგდებული იყო. არ იცოდა, რა ექნა, ბავშვის ტირილი შორს ისმოდა. ამ ხმაზე სამუშაოდ მიმავალმა მუშებმაც მოიყარეს თავი. ყველამ ურჩია ბავშვი პოლიციაში წაეყვანა. შიმშილით შეწუხებული ბავშვი ტიროდა. მუშებმა მეზობლად მცხოვრები ქალი მოიყვანეს და ბავშვი რძით გამოაძღეს.
გამაძღარი ბავშვი გაჩუმდა. ქალებმა გახსნეს და მშვენიერი, ჯანმრთელი, ექვსი თვის ბავშვი ჩაისვეს კალთაში. ისეთ სუფთა და ძვირფას სახვევში იყო გამოხვეული, რომ უბრალო კაცის შვილობა არ ეტყობოდა, ვიღაც დიდკაცის შვილი უნდა ყოფილიყო.
- ალბათ მოიპარეს და მერე აქ დააგდეს. თუ თქვენთაგანი არავინ იკისრებს ამის გაზრდას, თავშესაფარში წავიყვან და იქ აღზრდიან. ბავშვი დიდია, ჯანმრთელი და მშვენიერი, ვინ არ გაზრდის ამას! - თქვა პოლიციელმა. - ეტყობა, მდიდარი მშობლების შვილია. ძებნას დაუწყებენ, იპოვნიან და კარგად დაასაჩუქრებენ მის აღმზრდელსო.
ჟერომს მოეწონა ეს სიტყვები და პოლიციელს უთხრა: ბავშვს მე წავიყვან და აღვზრდიო.
ჩვენ მაშინ შენოდენა ბავშვი გვყავდა და ძნელი არ იყო ორივეს რჩენა და შენახვა.
ამნაირად შევიქენი შენი დედა. რამდენიმე თვის შემდეგ შვილი მომიკვდა. მისი სიკვდილის შემდეგ შენ იყავი ჩემი ერთადერთი ნუგეში, დარდების გამქარვებელი და ამის გამო კიდევ უფრო შემიყვარდი. შენმა სიყვარულმა ისიც კი დამავიწყა, რომ ჩემი ნამდვილი შვილი არ იყავი.
საუბედუროდ, ჩემს ქმარს სულ ახსოვდა ეს ამბავი. სამი წელიწადი გავიდა და შენს მშობლებზე არაფერი ისმოდა.
ჟერომმა მაშინ კი საბოლოოდ გადაწყვიტა თავშესაფარში შენი მიცემა, მაგრამ მე არ დავეთანხმე, არ გაგიშვი.
- დედა, შენი ჭირიმე, იქ ნუ მიმცემ და სადაც გინდა გამგზავნე! - შევძახე და მოვეხვიე კისერზე.
- არა, შვილო, ნუ გეშინია, არსად გაგიშვებ. ჩემი ხარ და ვერც ვერავინ წამართმევს შენს თავს. ჟერომი არც ისეთი უგულო კაცია. შენ, შვილო, ჟერომის მოსვლამდე დაწექი და დაიძინე, ნურაფრისა გეშინია! - მომხვია ხელი დედამ, მაკოცა და დამაწვინა.
მინდოდა დამეძინა, მაგრამ რა დამაძინებდა?! საშინლად ვღელავდი. გაურკვეველი ფიქრები მაწუხებდა: «მართლაცდა, ვინ არის ჩემი ნამდვილი დედა? სად არის იგი? რა არის ეს თავშესაფარი?!
ალბათ, რაიმე დიდი საშიში დაწესებულებაა, რადგან მისი გაგონება შიშის ჟრუანტელს მგვრის მთელ სხეულში. ამის შემდეგ ძილი აღარ გამეკარა. ჟერომსაც ყოველ წამს მოველოდი, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, დააგვიანდა და ამასობაში მეც მიმეძინა.
თავი მესამე
სენიორ ვიტალისის დასი
ძილში მთელი ღამე არ მომისვენია. შიშმა შემიპყრო. დილით ლოგინს გადავავლე თვალი, კარგად დავაცქერდი: ვფიქრობდი, ვაი თუ შინ არა ვარ-მეთქი.
დილას ჟერომს ჩემთვის ხმა რა გაუცია; სიხარულით ფეხზე აღარ ვიდექი: ვფიქრობდი, დედამ ჩააგონა და თავშესაფარში აღარ მივყავარმეთქი. გული დამშვიდებული მქონდა.
მაგრამ ვაი, რა გავიგონე! ჯერ შუადღე არ იყო მოტანებული, რომ მითხრა: - ქუდი დაიხურე და გამომყევიო.
ცოტა არ იყოს, შევშინდი. უსიტყვოდ გავხედე დედას და ვაგრძნობინე ჩემი ვედრება: მიშველე, ნუ წამიყვანს-მეთქი.
მაგრამ მანაც საიდუმლოდ მანიშნა: დაემორჩილე, წაყევი, ნუ გეშინიაო. მეც დავუჯერე დედას და გავყევი.
ჩვენი სახლიდან სოფლამდე ერთი საათის სასიარულო გზა იყო. მივდიოდით, ხმას არც ერთი არ ვიღებდით. ის არ მელაპარაკებოდა, მე კი შიშით არ ვცემდი ხმას. კოჭლობ-კოჭლობით მიდიოდა, ხანდახან თუ მოიხედავდა უკან, ისიც იმისთვის, მომყვება თუ არაო.
დავემორჩილე ბედს, ჩავღუნე თავი და წავყევი. დარწმუნებული კი ვიყავი, რომ კარგ ადგილას არ მივყავდი.
ბოლოს გაქცევა გადავწყვიტე. ამ ფიქრით შეპყრობილი ვცდილობდი თანდათან ჩამოვრჩენოდი და სადმე თხრილში მივმალულიყავი, მაგრამ შემატყო, მომკიდა ხელი და გვერდით გამიყოლა. მეტი გზა არ იყო, ბედს უნდა დავმორჩილებოდი.
- ამასობაში სოფელში მივედით. ყველამ ყურადღება მოგვაქცია, რადგან ძალით მიმათრევდა. სწორედ საბელზე გამობმულ ძაღლს ვგავდი.
ერთი დუქნის კარებში პატრონი იდგა, შემოგვხედა თუ არა მივგიპატიჟა; ჩვენც შევედით.
დუქანი ადრეც მქონდა ნანახი; ამიტომ ბევრი რამ არ გამკვირვებია. ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია: ნეტა, რას აკეთებენ დუქანში, რა დაწესებულებაა-მეთქი. რადგან ხშირად მინახავს, როგორი აღაჟღაჟებულნი გამოდიოდნენ იქიდან კაცები, ყვიროდნენ, მღეროდნენ და ფეხზეც ვეღარ დგებოდნენ რიგიანად.
ახლა კი, რაც მაინტერესებდა, ყველაფერი გავიგე.
ჟერომ ბარბარენი მედუქნის პირდაპირ დაჯდა, მე კი ცეცხლს მივეფიცხე და მათ დავუწყე ყურება. დუქნის ერთ კუთხეში თეთრწვერა მოხუცი იჯდა. გრძელი ტანსაცმელი ეცვა. ასეთი ტანისამოსი ჯერ არ მენახა და მიკვირდა. თავზე ნაცრისფერი მაღალი ქუდი ეხურა. შიგ სხვადასხვა ფერის ფრთები ჰქონდა გარჭობილი.
ერთი გრძელი ფრთა ზურგზე ეშვებოდა. შიგნით ხავერდის მოკლე სამოსი ეცვა, ზემოდან ცხვრის ტყაპუჭი მოეხურა. მაღალყელიანი წინდები ეცვა და გრძელი წითელი ლეკვერთხები ჰქონდა ზედ შემოჭერილი. სუფრას იდაყვით დაყრდნობოდა. მისი სკამის ქვეშ იწვა სამი ძაღლი: თეთრი და შავი, ერთიც ნაცრისფერი ფინია, მშვიდი, ცბიერი გამოხედვა ჰქონდა.
განცვიფრებული ვაკვირდებოდი ამ მოხუცს. ჟერომ ბარბარენი და მედუქნე ხმადაბლა საუბრობდნენ. მივხვდი, ჩემზე ლაპარაკობდნენ. ჟერომ ბარბარენი ეუბნებოდა მედუქნეს:
- ეს ბავშვი ქალაქის თავთან მიმყავს, იქნებ, ბიჭის შესანახად რაიმე საშუალება აღმომიჩინოს.
მოხუცი თითქოს ყურს არ უგდებდა მათ ლაპარაკს, მაგრამ უცებ ხელი ჩემკენ გამოიშვირა და თქვა:
- ეს ბავშვი გაწუხებს?
- დიახ, - მიუგო ჟერომმა.
- და მერე შენა გგონია, რომ ამ ბავშვის შესანახად ადმინისტრაცია რაიმეს მოგცემს?
- რასაკვირველია, მომცემს. ამ ბავშვს მშობლები არა ჰყავს. ჩემს ანაბარად არის, მე კი ძლიერ ღარიბი ვარ. ვფიქრობ, ეს სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა.
- მე კი ვფიქრობ, რომ ვერაფერს მიიღებ. რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ყოველთვის სრულდება?
- მაშინ თავშესაფარში მივცემ. თუ ჩემი ნება არ არის, კანონი ძალად ხომ არ მარჩენინებს?!
- რაკი ოჯახში მიიღეთ, მისი შენახვაც გიკისრიათ.
- მაშინ ვიკისრე, ახლა აღარ მინდა. სადაც უნდა, იქ წავიდეს, მე რას დავეძებ!..
- მაშ თუ აგრეა, მე გასწავლი, რანაირად მოიშორო თავიდან, - უთხრა მოხუცმა.
- ოღონდ მასწავლე და ერთ ბოთლ ღვინოს დაგალევინებ.
- აბა, უბრძანე, მოიტანონ!
- მართლა?
- მართლა.
მოხუცი ადგა და ბარბარენის პირდაპირ დაჯდა. გული ამიკანკალდა, მინდოდა მალე შემეტყო, რას ეტყოდა მოხუცი, რა მომელოდა.
- თქვენ გსურთ ზედმეტი მჭამელი მოიცილოთ, ასეა, არა?
- დიახ, იმიტომ, რომ...
- არა, მე მიზეზი არ მაინტერესებს. მხოლოდ მსურს შევიტყო, მართლა გსურთ ეს ბავშვი თავიდან მოიშოროთ?
- დიახ, მსურს.
- მაშ მომეცით და მე ვუპატრონებ.
- თქვენ მოგცეთ ეს მშვენიერი ბავშვი? აბა, შეხედეთ, რა ბიჭია?
- ვხედავ, რაც არის.
- რენე, მოდი ახლოს.
მივედი, მთლად აკანკალებული.
- ნუ გეშინია, პატარა ბიჭო! - მითხრა მოხუცმა.
- აბა, კარგად დააკვირდით! - მიმართა ბარბარენმა.
- არ ვიწუნებ. განა გითხარით, მახინჯია-მეთქი? არა, ვგონებ, მახინჯი რად მინდა? რაკი ეს ბავშვი თქვენთვის საჭირო არ არის, მე წავიყვან.
- მერე რომ იცოდეთ, რა მუშაობა იცის.
- განა არ ეტყობა, რომ სუსტი მუშა იქნება?
- სუსტი იქნებაო! რასა ბრძანებთ! ეს ბავშვი ვაჟკაცივით მძლავრი და ჯანმრთელია: შეხედეთ მაგის ფეხებს, დაუკვირდით მკლავებს!
- ძალიან წვრილი ფეხები აქვს, თვითონაც თხელი კაცი იქნება, - თქვა მოხუცმა, როცა ხელი მომკიდა და კარგად გამსინჯა.
- აბა, კარგად დააკვირდით! - მიმართა ბარბარენმა.
- მაჯებიც ფეხებივით სუსტი აქვს. ასეთი კაცი ვერც შრომას აიტანს და ვერც სიღარიბეს.
- როგორ ვერ აიტანს, რასა ბრძანებთ?!
მოხუცმა თავისი გამხდარი ხელით კიდევ გამსინჯა და თავი გაიქნია. მოხუცის ამგვარმა საქციელმა ჩვენი ძროხის გაყიდვის დღე გამახსენა.
მანაც ისევე გამსინჯა, როგორც ყასაბმა ჩვენი ძროხა, თავი გაიქნია და თქვა: არაფრად არა ღირსო, მაგრამ ბოლოს მაინც იყიდა და წაიყვანა.
«მოხუციც ნამდვილად მიყიდის და წამიყვანს, მაგრამ სად ხარ, საწყალო დედა! რატომ არ უყურებ, ჩემს თავზე რა ამბავი ტრიალებს!» - ვამბობდი გულში.
- ქალაქში დაბადებული და აღზრდილი ბავშვია, სოფელში სამუშაოდ არ გამოდგება, - უთხრა მოხუცმა; - ეს ხომ ერთ წელიწადზე მეტს ვერ იმუშავებს ყანაში, ძლიერ სუსტი და უღონოა.
- ერთ წელიწადს კი არა, ათი წლის პირობას გაძლევთ.
- მე ერთი თვის იმედიც არა მაქვს.
მე ვიდექი ბარბარენსა და მოხუცს შუა. ხან ერთი მკრავდა ხელს და მეორესთან მიმაგდებდა, ხან მეორე.
- ეჰ, რაც არის, არის! წავიყვან,- თქვა მოხუცმა. - მაგრამ იცოდეთ, რომ კი არ ვყიდულობ, მხოლოდ ვქირაობ ამ ბავშვს, წელიწადში ოც ფრანკს გადაგიხდით.
- მხოლოდ ოც ფრანკს?
- დიახ, ოცი ფრანკი კარგი ფულია. ფულს წინდაწინვე მიიღებთ.
- კი, მართალია, მაგრამ ჩემთან რომ დარჩეს, თავშესაფრიდან თვეში ათ ფრანკს მომცემენ.
- მანამდის ხომ უნდა არჩინოთ!
- თვითონ იმუშავებს და ირჩენს თავს.
- შრომაში რომ ვარგებულიყო, თავშესაფარშიც არ წაიყვანდით, იქიდან სხვა ოჯახში მიაბარებენ და თქვენ მაინც არაფერი გერგებათ. უმჯობესი არ არის, მე მომცეთ?
მოხუცმა ჯიბიდან ტყავის ქისა ამოიღო, ქისიდან ოქროები ამოალაგა და სუფრაზე დააწყო.
- კარგი, მაგრამ მაგისი მშობლები რომ გამოჩნდნენ? - ჰკითხა ბარბარენმა.
- თუ იმედი გაქვთ, რომ ბავშვის მშობლები გამოჩნდებიან, რატომ იშორებთ თავიდან?
- ეგებ თქვენ ნახოთ ისინი?
- მაშინ მოგება შუაზე გავიყოთ. 300 ფრანკს მოგცემთ.
- არა, ოთხასი ფრანკი მომეცით.
- ეს ბევრია; მისი სამსახური ამდენი არ ეღირება.
- რა უნდა გააკეთებინოთ?
ამ კითხვაზე მოხუცმა ცბიერად გადახედა ჟერომ ბარბარენს და უთხრა:
- ხანდახან საღამოობით, ღრუბლიან ამინდში, საშინლად მოწყენილი ვარ ხოლმე. მოვხუცდი, მარტოხელა ცხოვრება მიჭირს. ეს იქნება ჩემი მეგობარი, ამხანაგი და გამრთობი სიბერეში, აი, რა უნდა გამიკეთოს.
- ამგვარი საქმისათვის სწორედ გამოსადეგი იქნება.
- ნურც მაგას იტყვით. ხშირად მოუხდება ხტუნვა, ცეკვა, თამაში. ის სენიორ ვიტალისის დასში უნდა ჩაეწეროს.
- მერე, სად არის ეს დასი?
- სენიორ ვიტალისი მე გახლავართ. ჩემს დასსაც ამ წამში გაგაცნობთ, - თქვა მან და გადაიწია ტყაპუჭი, საიდანაც რაღაც უცნაური ცხოველი გამოჩნდა. ხან ამოყოფდა თავს, ხან კი ისევ ცხვრის ტყავში მიიმალებოდა. პირველად მეგონა, რომ ტყავქვეშ მოხუცს პატარა ძაღლი ჰყავდა, მაგრამ, როცა დავაკვირდი, დავრწმუნდი, ძაღლი კი არა, რაღაც სხვა ცხოველი იყო, რომელიც არასოდეს მენახა.
განცვიფრებული ვუყურებდით ამ ცხოველს. სირმით შემოვლებული წითელი ტანისამოსი ეცვა. ტიტველი ხელ-ფეხი შავ ბალანს დაეფარა და სრულებით არ წააგავდა ცხოველის ხელ-ფეხს: ტანზე პატარა, ჩემი მუჭისოდენა შავი თავი ება. პირისახე განიერი ჰქონდა. ცხვირი ზევით აწეული, ნესტოები, ტუჩები მოყვითალო. განსაკუთრებით მისმა ცოცხალმა და მოძრავმა თვალებმა გამაკვირვა. «მაიმუნია», მივხვდი უცებ. მაიმუნზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი, მაგრამ ნახვით დღემდე არ მენახა.
- ეს პირველი მსახიობია ჩემს დასში! - თქვა ვიტალისმა და მიუბრუნდა მაიმუნს: - სენიორ სულიკო, თავი დაუკარი საზოგადოებას!
მაიმუნმა ტუჩებზე ხელი მიიდო და კოცნა გამოგვიგზავნა.
- ახლა ბატონი კაპი გამობრძანდება და კრებას გაეცნობა, - თქვა მოხუცმა და მიგვითითა თეთრ ფინიაზე.
პატარა ფინია ჯერ უცბად დადგა უკანა ფეხებზე, წინა ფეხები გულზე მიიკრა, მერე ანიშნა თავის ტოლებს, რომ ახლოს მოსულიყვნენ. ორი ძაღლი, რომელნიც თავის უფროსს თვალებში მისჩერებოდნენ, იმწამსვე უკანა ფეხებზე დადგნენ, წინა ფეხები გულზე დაიწყვეს, ორი ნაბიჯი წინ წადგეს, სამი უკან და საზოგადოებას მოწიწებით დაუკრეს თავი.
- ამ ფინიას კაპი ჰქვია, - თქვა მოხუცმა, კაპი, ანუ კაპიტანი, ესე იგი, ძაღლების უფროსი. ეს ძაღლი ყველაზე ჭკვიანია და ჩემს ბრძანებას დანარჩენ ძაღლებს გადასცემს ხოლმე. ეს ახალგაზრდა, კოხტა ფინია, აი, შავი ბალნით რომ არის შემოსილი, სენიორ ზერბინოა; მეორე - მშვენიერი ინგლისელი სენიორა დოლჩე. ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობთ და საზრდოსაც ერთად ვშოულობთ. კაპ!
კაპმა წინა ფეხები გულზე დაიწყო და იმწამსვე ვიტალისის წინ გაჩნდა.
- კაპ, ჩემო გულითადო მეგობარო! ერთი მოდი და უთხარი ამ ბავშვს, რომელი საათია.
კაპმა ფეხები ჩამოუშვა, პატრონთან მივიდა, ცხვრის ტყავი გადაუწია, ჟილეტის ჯიბეები მოძებნა, იქიდან საათი ამოიღო, გააღო და ორჯერ დაიყეფა, შემდეგ სამჯერ დაიწკმუტუნა.
დავხედეთ - და მართლაც ორი და სამი მეოთხედი გასულიყო.
- გმადლობთ, ბატონო კაპ, ახლა ერთსაც გთხოვთ: დაუძახეთ ქალბატონ დოლჩეს და ბაწარზე გადახტ-გადმოხტით, თქვენი სიმარდე გვაჩვენეთ.
კაპი მარდად მივარდა თავისი პატრონის ჟილეტის ჯიბეს, მოძებნა ბაწარი, ამოიღო და ზერბინოს ანიშნა, რომ მის პირდაპირ დამდგარიყო. ზერბინო წამოიმართა, კაპმა გადაუგდო ბაწრის ერთი თავი, ზერბინომ აიღო და გაჭიმა. დოლჩემ დაინახა თუ არა გაჭიმული ბაწარი, ზედ რამდენჯერმე გადახტ-გადმოხტა და გახარებული თავის პატრონს თვალებში მიაჩერდა.
- აი, ხომ ხედავთ, რა ჭკვიანები არიან ჩემი გაზრდილები! მათი ჭკუა კი- დევ უფრო დაფასდება, როცა სხვას შევადარებ. ეს ბავშვი ამ საქმისათვის მიმყავს. ეს წარმოადგენს სულელის როლს და ამ სულელთან ჩემი გაზრდილების ჭკუა უფრო თვალსაჩინო იქნება.
- სულელის როლს წარმოადგენს?.. - დაიწყო ბარბარენმა.
- ამასაც უსათუოდ ჭკუა უნდა, - გააწყვეტინა ვიტალისმა. - ეს ბავშვი მალე შეისწავლის ყველაფერს, მაგრამ ამას მომავალი გვეტყვის. თუ ჭკუა აქვს, ჩემთან წამოვა. მთელ საფრანგეთს მოვატარებ, ცხოვრებას გავაცნობ. აქ კი საქონელი უნდა მწყემსოს და მინდვრებში იხეტიალოს. თუ სულ უგუნუ- რი არ არის, არც იტირებს და არც ხმას ამოიღებს, რადგან მტირალა და მყვირალა ბავშვი სენიორ ვიტალისს არ უყვარს და არც თან წაიყვანს. ამისთანა ბავშვის ადგილი თავშესაფარია, სადაც არც საჭმელი ვარგა და შრომაც დიდია.
მე არც ისე სულელი ვარ, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა არ მცოდნოდა, მაგრამ ცოდნა სხვა არის და ასრულება კიდევ სხვა.
რასაკვირველია, ამ მოხუცის დასი ძლიერ კარგი თავშესაქცევი და სამხიარულოც იყო, მაგრამ მაშინ სამუდამოდ უნდა მოვშორებოდი დედა ბარ-ბარენს. ისიც ძლიერ მაშინებდა, რომ თუ ვიტალისს არ წავყვებოდი, თავშესაფარში მიმიყვანდნენ და დედა ბარბარენს მაინც სამუდამოდ დავშორდე- ბოდი!
ამ ფიქრმა ძლიერ დამაღონა. დიდხანს ვიდექი გაშტერებული და ბოლოს ცრემლი დამეკიდა წამწამებზე. ვეღარაფერს ვხედავდი. ვიტალისმა შენიშნა და აწითლებულ ლოყებზე ნაზად მომისვა ხელი.
- ეტყობა, გონიერი ბავშვია; იცის, რა არის მისთვის კარგი და რა - არა. ხვალ...
- არა, ბატონო, ნება მომეცით დედა ბარბარენთან წავიდე...
ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული თხოვნა, რომ კაპმა დაიყეფა და სუფრასთან მიიჭრა.
სუფრაზე მაიმუნი წამოსკუპებულიყო. როცა ყველამ მე მომაქცია ყურადღება, მაიმუნმა ისარგებლა შემთხვევით, თავისი პატრონის ღვინით სავსე ჭიქას ხელი წაავლო და ღვინის დალევა დააპირა. მაგრამ კაპმა დაიყეფა და პატრონს შეატყობინა.
- სენიორ სულიკო! - შეუყვირა მრისხანედ ვიტალისმა, - დიდი წუწკი და მსუნაგი ხარ! დადექი კუთხეში, პირით კედლისკენ შებრუნდი. ზერბინო, თვალყური ადევნე: თუ გაინძრეს, სილა გააწანი. თქვენ კი, კეთილო ძაღლო კაპ, ნება მიბოძეთ დიდი მადლობა მოგახსენოთ კარგი საქციელისათვის.
მაიმუნი წავიდა და კუთხეში დადგა. ეტყობოდა, ძლიერ გულმოსული იყო. პატარა ფინიამ კი ამპარტავნულად მიიღო მადლობა და თავიც დაუკრა.
- აბა, დროა გავათავოთ ვაჭრობა, სამას ფრანკს გაძლევთ, გნებავთ?
- არა, ოთხასი მომეცით.
დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ ბოლოს ვიტალისმა გააწყვეტინა:
- ბავშვს მოსწყინდა ჩვენი საუბარი, უთხარით, გარეთ გავიდეს, ტოლებში ითამაშოს.
- კეთილი, - უთხრა ბარბარენმა და შემდეგ მომიბრუნდა:
- ადექ, გარეთ გადი და ითამაშე. სანამ არ დაგიძახებთ, არ შემოხვიდე. გაიგე?
მაშინვე ავდექი და გარეთ გავედი.
გული მწუხარებისაგან ისე შემეკუმშა, რომ ფეხი ვეღარ გადავდგი. იქვე ქვაზე დავჯექი და მწარე ფიქრებს მივეცი თავი. თვალწინ წარმომიდგა როგორ ლაპარაკობდნენ დუქანში ჩემზე, ამან უფრო შემაშინა, თითქოს ჭიანჭველებმა დამირბინეს მთელ სხეულში.
შემცივდა, მთლად ავკანკალდი. ეს დრო იმათ არაფრად უღირდათ, ჩემთვის კი მთელი საუკუნე იყო. ბოლოს დუქნიდან მარტო ბარბარენი გამოვიდა. შევხედე და ვიფიქრე, ალბათ, რაღაც ამბავია ჩემს თავს-მეთქი.
- წამოდი შინ! - მითხრა ბარბარენმა.
- შინ? - ვკითხე განცვიფრებით.
ნეტა შეცდომით მომესმა, თუ შინ მივყავარ და დედას აღარ მაშორებს-მეთქი? - ვიფიქრე გუნებაში.
ეს ყველაფერი მინდოდა ბარბარენისათვის მეკითხა, მაგრამ შევატყვე, ცუდ გუნებაზე იყო და არაფერი ვკითხე.
მთელი გზა ისე გავიარეთ, ერთმანეთისათვის ხმა არ გაგვიცია. რამდენიმე ნაბიჯიღა დაგვრჩა სახლამდის. ბარბარენი მომიბრუნდა და ყურში მითხრა:
- გაფრთხილებ, რაც დღეს დუქანში გაიგონე, არ დაგცდეს სხვასთან, არც შინ, არც გარეთ.
თავი მეოთხე მშობლიური კერა
- რა გითხრა ქალაქის თავმა? - ჰკითხა დედა ბარბარენმა ქმარს, როცა შინ მივედით.
- არაფერი, არც კი გვინახავს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ დუქანში ჩემს ამხანაგებს შევხვდი, მე ჩემი ვუთხარი, იმათ თავისი თქვეს, ამასობაში დრო გასულიყო, დავიგვიანე, მაგრამ, სამაგიეროდ, ხვალ წავალ.
მე გადავწყვიტე, ალბათ, ბარბარენი ძაღლების პატრონს ვერ მოურიგდა და სხვის ხელში ჩავარდნას გადავრჩი-მეთქი, მაგრამ ის კი ძლიერ მაწუხებდა, რომ ხვალ ქალაქში წამიყვანდა და თავშესაფარში მიმცემდა.
ბევრი რამ მქონდა სათქმელი დედა ბარბარენისათვის, მაგრამ ქმარი წამითაც არ გვტოვებდა მარტო. მომწყინდა, მთელი დღე ვიწექი და მეძინა. ვერ ვიშოვნე თავისუფალი დრო, რომ ჩემი გულისტკივილი დედა ბარბარენისათვის გამენდო და გამემჟღავნებინა. ბოლოს გადავწყვიტე დილას მოვ- ლაპარაკებოდი, მაგრამ აქაც მოტყუებული დავრჩი: დილით თვალიც ვერ მოვკარი, სადღაც ადრიანად წასულიყო.
ეზოში რომ დავუწყე ძებნა, ჟერომ ბარბარენმა მკითხა:
- ვის ეძებ?
- დედას.
- დედა სოფელში წავიდა და სადილობამდის არ დაბრუნდება.
ამ ამბავმა ძლიერ შემაწუხა; გუშინ დედას სოფელში წასვლა არ უნდოდა, დღეს რაღამ მოაფიქრებინა ჩვენი დატოვება და მარტო წასვლა? ჩვენც ხომ მალე უნდა წავიდეთ; ნასადილევს სოფელში მივდივართ და სადილობამდის მაინც დაბრუნდეს-მეთქი, - ვფიქრობდი შეწუხებული.
როცა ჩემს მომავალს წარმოვიდგენდი, სიმწრის ოფლი მდიოდა და გული მწუხარების შხამით მეწამლებოდა. წინასწარ რაღაც უბედურებას ვგრძნობდი.
ჟერომ ბარბარენმა სასტიკი სახით გადმომხედა, ამან კიდევ უფრო ამაღელვა. დასამშვიდებლად ბაღჩაში გადავედი. დედამ იქ ერთი კვალი მომიჩინა. მეც მშვენივრად დავამუშავე, სხვადასხვა ყვავილები და ბოსტნეული დავთესე. დავიხარე ძირს და ერთი ძირი სტაფილო მოვთხარე. მინდოდა პირი ჩამეტკბარუნებინა.
ამ დროს მომესმა ჟერომ ბარბარენის მრისხანე ხმა.
«ნეტავ რა უნდა ჩემგან»? - ვიფიქრე და სახლისაკენ გავექანე. სამზარეულოსთან ვიტალისი იდგა თავისი ძაღლებით. შევხედე და მეწყინა. ახლა კი მივხვდი, რად მეძახდა ჟერომ ბარბარენი. ვიტალისი ჩემს წა- საყვანად მოვიდა, დედა კი განგებ გაგზავნა სოფელში, რომ ეს ამბავი არ შე- ეტყო.
წინდაწინვე ვგრძნობდი, ბევრიც რომ მეთხოვა, ჟერომ ბარბარენი არც შემიბრალებდა და არც მომისმენდა. ამიტომ პირდაპირ ვიტალისთან მივირბინე:
- ბატონო ვიტალის, მიყავით იმდენი სიკეთე, ნუ წამიყვანთ, ნუ დაიდებთ ჩემს ცოდვას! - ვუთხარი და ტირილი მოვრთე.
- ნუ გეშინია, პატარა ბიჭო! ჩემთან ბედნიერი იქნები, არაფერს წააგებ; მე არ მიყვარს ბავშვების ცემა. ჩემი გაზრდილები ისეთი მხიარულნი და ხუმარები არიან, რომ მტერსაც კი გააცინებენ. ვისი დატოვება გენანება? - მკითხა ვიტალისმა ნაზი მშობლიური ხმით.
- დედა ბარბარენის, - მივუგე მე.
- ყოველ შემთხვევაში, ორში ერთ-ერთი უნდა აირჩიო: ან თავშესაფარში უნდა წახვიდე ან ვიტალისს წაჰყვე, - მითხრა მრისხანედ ბარბარენმა და ყური ამიწია.
- დედა, დედა!
- დედა კი არა, ისე მომაბეზრე თავი, რომ ამ ჯოხით გცემ და სახლიდან გაგაგდებ! - მითხრა ჟერომ ბარბარენმა.
- ბავშვს ენანება დედის დატოვება, - უთხრა ბარბარენს ვიტალისმა. - რას ერჩით, რატომ უნდა სცემოთ? რა ქნას, კეთილი გული ჰქონია, კეთილი გული კი კაიკაცობის ნიშანია.
- თუ აგრე შეიბრალებთ, კიდევ მეტს იყვირებს!
- კარგი, კმარა ამაზე ლაპარაკი, დროა საქმეზე ვილაპარაკო, - თქვა და სუფრაზე ფული დააწყო.
ვიტალისმა დაწყობა ვერ მოასწრო, რომ ჟერომ ბარბარენმა იმწამსვე ჯიბისკენ გააქანა.
- ბარგი სადღაა? - ჰკითხა ვიტალისმა.
- აი ბარგიც! - უთხრა ჟერომ ბარბარენმა და მისცა ფუთაში გახვეული ნივთები.
ვიტალისმა ფუთა გახსნა, შიგ ორი პერანგი და ორი მისი ამხანაგი იყო.
- შენ შემპირდი, ბავშვის ტანისამოსიც იქნებაო, აქ კი მარტო საცვლებია.
- რაც არის, ეგ არის! რა ვქნათ, მეტი არაფერი აქვს.
- დარწმუნებული ვარ, რომ სტყუი, მარამ არა მცალია, გზას ვადგავარ და აღარ გედავები. აბა, პატარა ბიჭო, წამო! შენი სახელი?
- რენე.
- აბა, რენე, აიღე შენი ფუთა და წინ გამიძეხ.
მე შებრალება შევთხოვე მასაც და ბარბარენსაც, მაგრამ არც ერთმა არ შემიცოდა.
ვიტალისმა მომკიდა ხელი და წამიყვანა.
რა უნდა მექნა? უნდა წავსულიყავი, მეტი რა ღონე მქონდა!
კარიდან ფეხის გადადგმა ისე მემძიმებოდა, რომ მეგონა მთელი თუ არა, ნახევარი ჩემი გული და სიცოცხლე იქვე დარჩა-მეთქი.
ქუჩაში გამოვედი და აქეთ-იქით ვიცქირებოდი. თვალები ცრემლებით ამევსო, ისეთს ვერავის ვხედავდი, რომ მეთხოვა რამე; არავინ იყო არც გზაზე, არც ყანაში.
უცებ ღრიალი მოვრთე: დედა, დედა-მეთქი, მაგრამ ჩემს ყვირილს ყურადღება არავინ მიაქცია და ავტირდი.
ვიტალისი ხელს არ მიშვებდა.
- მშვიდობით, მშვიდობით! - მოგვაძახა ჟერომ ბარბარენმა და სახლში შევიდა.
მივხვდი, საშველი აღარ იყო.
- წამო, შვილო, წამო, ჩემო რენე! - გამიმეორა ვიტალისმა და წამიყვანა. ის ნელა მიდიოდა, მეც გვერდით გავყევი.
მიხვეულ-მოხვეული გზა მთაზე მიიკლაკნებოდა. ზემოდან კარგად მოჩანდა დედა ბარბარენის სახლი, რომელიც, საუბედუროდ, თანდათან პატარავდებოდა და თვალთაგან მეკარგებოდა.
ამ გზაზე ხშირად მივლია ჩემს ბავშვობაში და ვიცოდი, რომ უკანასკნელ მოსახვევში ვეღარ დავინახავდი იმ ქოხს, სადაც ჩემი ბავშვობა გამიტარებია. ჩემი მომავალი ცხოვრება მაშინებდა, რადგან კარგს არაფერს მოველოდი.
აი, ავედით კიდეც მთის წვერზე. ვიტალისს ისევ მაგრად ეჭირა ჩემი ხელი და არ მიშვებდა.
- ნება მომეცით, აქ დავისვენო! - ვუთხარი ვიტალისს.
- შეგიძლია დაჯდე და დაისვენო! - მითხრა და ხელიც გამიშვა, მაგრამ კაპს ანიშნა, ჩემთვის თვალი არ მოეშორებინა. ძაღლი იმწამსვე მიხვდა და ჩემ უკან დადგა. გაქცევა რომ დამეპირებინა, კაპი კანჭებში მეცემოდა და გამაჩერებდა.
მწვანეზე დავჯექი, კაპიც გვერდით მომისკუპდა.
აქედან კარგად მოჩანდა დედა ბარბარენის სახლი. მის დანახვაზე თვალები ცრემლით ამევსო, ჩვენ წინ გადაჭიმულიყო ვეებერთელა მინდორი, სადაც აქა-იქ იდგა მაღალ-მაღალი ხეები, რომელთა შორისაც დედა ბარბარენის სახლი კოხტად გამოიყურებოდა.
მაშინვე ვიცანი დედა ბარბარენის სახლი, მისი ბუხრიდან მოყვითალო კვამლი ამოდიოდა.
წარმოვიდგინე, ვითომ პატარა სკამზე ბუხრის წინ ვიჯექი, ფეხი ცეცხლზე მქონდა მიფიცხებული, უცებ ქარი ამოვარდა და ბუხრის კვამლი პირდაპირ თვალებში შემომაბოლა.
თუმცა შორს ვიყავი, ჩვენს ეზოში მაინც ყველაფერს ვხედავდი: როგორ ჩხრეკდა ნაგავს ჩვენი ქათამი; მაშინვე ვიცანი, თუმცა აქედან მტრედისხელა მოჩანდა. ვხედავდი იმ წამოხრილ მსხლის ხესაც, ცხენივით რომ გადავაჯდებოდი ხოლმე. ვხედავდი აგრეთვე მწვანე მინდორში თეთრად დაკლაკნილ პატარა რუს, რომლის გვერდითაც, თუმცა აქედან არ ჩანდა, იდგა ჩემი ხელითვე გაკეთებული პატარა წისქვილი, ჩემი პატარა სახვნელი, ჩემი ურიკა, კურდღლების თავშესაფარი, ჩემი ბოსტანი...
ყველაფერი თავის ადგილას იყო. მაგრამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ყველაფერი სამუდამოდ თვალიდან უნდა დამკარგოდა.
უცებ გზაზე თეთრ თავსაფარს მოვკარი თვალი. თეთრი თავსაფარი ხან გამოჩნდებოდა, ხან ისევ ხეებში ჩაიმალებოდა.
ხშირად გული თვალზე მეტსა ხედავს. მაშინვე ვიცანი დედა ბარბარენი...
- აბა, ჰე, ადექი! არ გეყო დასვენება? დროა წავიდეთ! გეტყობა, ვერა ხარ ვაჟკაცი! სუსტი მუხლები გქონია! ჯერ რა გაიარე, რომ დაიღალე? ასე შორს ვერ წავალთ, - მითხრა ვიტალისმა.
მე ისევ ვიდექი და სახლისკენ გაშტერებით ვიცქირებოდი.
ნამდვილად დედა ბარბარენი იყო: თეთრი თავსაფრით და ცისფერი კაბით. აჩქარებით მიეშურებოდა სახლისკენ.
ჭიშკარი გამოაღო, შინ შევიდა და ფანჯრები გააღო.
სულ დამავიწყდა, სად ვიყავი; ზეზე წამოვვარდი და თვალმოუშორებლად სახლისაკენ დავიწყე ცქერა. დედა ბარბარენი სახლში დიდხანს არ დარჩენილა, მაშინვე გამოვიდა და ეზოში დამიწყო ძებნა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და რაც ძალა მქონდა დავიყვირე.
- დედა, დედა! - მაგრამ ჩემი ხმა მდინარის ხმაურში ჩაიკარგა.
- რა დაგემართა? ხომ არ გაგიჟდი? - მკითხა ვიტალისმა. პასუხი არ გამიცია, ისევ დედას დავუწყე ცქერა.
რა იცოდა დედამ, რომ აქვე ვიყავი. ის კი ქუჩაში მეძებდა. უფრო ხმამაღლა ავყვირდი, მაგრამ, ამაოდ.
ყველაფერს მიხვდა ვიტალისი და თვითონაც იქით დაიწყო ცქერა. ალბათ, თეთრი თავსაფარიც დაინახა და ჩუმად თქვა:
- საბრალო!
თანაგრძნობის სიტყვებმა გამამხნევა და ცრემლმორეული შევევედრე:
- გამიშვით შინ!
პასუხად ვიტალისმა ხელი ჩამკიდა და მითხრა:
- ხომ დაისვენე? ახლა დროა გზას გავუდგეთ. მინდოდა ხელი წამერთმია, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- კაპ, ზერბინო! - დაუძახა ძაღლებს.
ძაღლები იმწამსვე ჩემთან გაჩნდნენ: ერთი წინ დამიდგა, მეორე - უკან. რაღას ვიზამდი, ძალაუნებურად ბედს უნდა დავმორჩილებოდი.
მთის წვერიდან დაღმა დავეშვით. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გავიხედე სახლისაკენ, მაგრამ აღარც ჩვენი მინდვრები ჩანდა და აღარც სახლი.
მათ მაგიერ ჩვენ თვალწინ მაღალ-მაღალი გორები იშლებოდა და ცის თვალუწვდენელ სივრცეში იკარგებოდა.
თავი მეხუთე
გზაში
მალე დავრწმუნდი, რომ ვიტალისი კეთილი კაცი იყო. დიდხანს მოვუნდით მთიდან ჩასვლას. დაბლა თვალუწვდენელი ველები იყო გადაჭიმული! ხე და ბუჩქი არსად ჩანდა. მხოლოდ მწვანე ბალახი ბიბინებდა.
ვიტალისმა გამიშვა ხელი:
- ახლა შეგიძლია გვერდით გამომყვე. ხომ დარწმუნდი, რომ გაქცევა აღარ შეგიძლია. ხედავ, როგორ მოგჩერებიან კაპი და ზერბინო: როგორც გაიქცევი, იმწამსვე დაგიჭერენ.
- გაქცევა არც მიფიქრია; რომ გავიქცე, ვისთან გავიქცე? - ვუთხარი და მძიმედ ამოვიხვნეშე.
- წუხხარ, - მითხრა ვიტალისმა, - მაგრამ ცრემლი შეგიმსუბუქებს მწუხარებას. იმაზეც იფიქრე, რომ შენთვის ცუდი არ მინდა. თავშესაფარში უფრო გაგიჭირდებოდა. ბარბარენი და მისი მეუღლე, რომლებმაც გაგზარდეს, შენი მშობლები არ არიან. ბარბარენის ცოლი კეთილი ქალი ყოფილა და ძალიანაც უყვარხარ; მაგრამ რა ექნა, მის ქმარს არ უნოდა, მათთან დარჩენილიყავი. ის დამახინჯებულა, მუშაობა არ შეუძლია, ცხოვრების სახსარი არ გააჩნია, თორემ, შენ გგონია, ბოროტი კაცია? წარმოიდგინე, ჩემო პატარა ბიჭო, რომ ცხოვრება ბრძოლაა; ხშირად ადამიანი იძულებულია თავისი სურვილები გულშივე ჩაიკლას.
რასაკვირველია, ყველაფერი მართალი იყო. მაგრამ მაშინ მაინც ვერ დავიჯერე მისი რჩევა. დედის მოშორება საშინლად მაღონებდა.
«დედას ვეღარ ვნახავ, ვერ ვნახავ იმას, ვინც გამზარდა, მომიარა, მომეფერა», აღელვებულს გული ყელში მებჯინებოდა, მეგონა, ვიღაც მახრჩობს-მეთქი.
- კარგად დაუკვირდი ჩემს სიტყვებს, - მითხრა ვიტალისმა, - და დარწმუნდები, რომ ჩემთან ყოფნა საშიში არ არის.
მაღალი ტანის, თეთრწვერულვაშიანი მოხუცი თავზე მადგა და ისეთი ნაზი, მშობლიური სიტყვებით მარიგებდა, რომ აბორგებული გული თანდათან მიმშვიდდებოდა.
ამ დროს ჩვენ ძლიერ მოსაწყენ ადგილებში მივდიოდით. თვალს არაფერი დაუნახავს გორაკებისა და მოტიტვლებული მთების გარდა. ბავშვობაში, როცა ოცნება გამიტაცებდა ხოლმე, უცხო ქვეყანაში მოგზაურობა სულ სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი. დღეს მსგავსსაც ვერაფერს ვხედავდი. ეს მინდორ-ველები სრულიად არ წააგავდა ოცნებით წარმოდგენილ საუცხოო სურათებს.
დიდხანს ვიარეთ შეუსვენებლად. ჩემი ბატონი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა. სულიკო ხან მხარზე უჯდა, ხან ტყაპუჭქვეშ იყო დამალული; ძაღლები ცდილობდნენ არ ჩამოგვრჩენოდნენ. ვიტალისი დროგამოშვებით მიუბრუნდებოდა ხოლმე და ხან ფრანგულად, ხან რაღაც ჩემთვის გაუგებარ ენაზე ემუსაიფებოდა.
როგორც ეტყობოდა, ვიტალისი და მისი დასი დაღლილობას არ გრძნობდნენ. მე კი ისე დავიქანცე, ფეხებს ძლივს მივათრევდი. მაინც არ ჩამოვრჩენილვარ. ძლიერ მინდოდა დასვენება, მაგრამ თქმას ვერა ვბედავდი.
- შენ, ალბათ, საბო გამძიმებს; მაგრამ როგორც იუსელს მივალთ, ტყავის ჩექმებს გიყიდი, - მომიბრუნდა ვიტალისი.
ამ სიტყვებმა ცოტა გამამხნევა. ჩექმებზე ხშირად მიოცნებია. ჩვენს სოფელში ტყავის ჩექმები მარტო სოფლის მამასახლისს და მედუქნეს ეცვათ. კვირა-უქმე დღეებში, როცა ეკლესიაში შედიოდნენ, ჩქამი არ ისმოდა. ხოლო გლეხების შესვლისას ერთი ბრახაბრუხი ატყდებოდა ხოლმე. ჩვენ ხომ ფეხზე მძიმე ხის საბოები გვეცვა.
- იუსელი შორს არის?
- ასე ძლიერ გინდა ჩექმები? - მითხრა სიცილით ვიტალისმა. - კეთილი. მივალთ თუ არა იუსელს, ღილებიან ჩექმებს, ხავერდის ქურთუკსა და ქუდს გიყიდი. იმედია, გაგიხარდა და თავს დაანებებ ამდენ ტირილს. მაშინ იუსელამდე დარჩენილ ექვს მილს ვერც გაიგებ, ისე გაივლი.
ღილებიანი ჩექმები! ქურთუკი! ქუდი! რა ძვირფასი ტანისამოსი მექნება, ნეტავ დედას ვენახე! რა უბედურებაა, რომ იუსელამდე კიდევ დიდი მანძილია! ვღელავდი და მეგონა, იქამდე ვერასოდეს მივიდოდი.
ჩვენდა საუბედუროდ, ამინდმაც გვიღალატა: ცა ნაცრისფერმა ღრუბლებმა დაფარა. ცოტა ხანი და შხაპუნა წვიმა დაუშვა.
ცხვრის ტყავმა გადაარჩინა ვიტალისი და მისი მაიმუნი. მე და ძაღლები კი თავიდან ფეხებამდე დავსველდით. ძაღლები დროგამოშვებით იბერტყავდნენ ტანს და სისველეს იშორებდნენ, მე კი რა შემეძლო?!
- გაცივების ხომ არ გეშინია? - მკითხა ვიტალისმა.
- არა, არ მახსოვს, ოდესმე გავცივებულიყავ და არც ახლა მეშინია.
- ძლიერ კარგი, ჩემთვისაც სასიამოვნოა: აი, იმ სოფელში მივიდეთ და წვიმის გადაღებას დაველოდოთ.
სოფელი ახლოს იყო, მაგრამ ღამე არავინ გაგვათევინა.
მათხოვარი ბავშვითა და ძაღლებით, ისიც ტალახში დასვრილ-დათითხნილი, ყველას აშინებდა, არავინ მიგვიღო.
საშინლად ვწუხდი, რომ ხის ძირში ან სადმე ტრიალ მინდორში უნდა დავრჩენილიყავით იმ ღამეს, თანაც იუსელამდე კიდევ ოთხი მილი გვქონდა გასავლელი.
ბნელდებოდა. წვიმა დაუზოგავად გვასველებდა, მუხლებს სიცივისა და დაღლილობისაგან ვეღარ ვხრიდი.
ბოლოს ერთ კეთილ გლეხს მივადექით. მან ნება მოგვცა სამზარეულოში გაგვეთია ღამე, მხოლოდ იმ პირობით, რომ ცეცხლი არ გაგვეჩაღებინა. ჩვენ ესეც გაგვიხარდა, წვიმისაგან მაინც დავიფარავდით თავს.
მადლობა ვუთხარით და დავბინავდით.
ვიტალისმა ზურგიდან მოიხსნა საგზლის ტომარა. ერთი პურის ნატეხი ოთხად გაყო და დაგვირიგა.
აქ პირველად ვნახე, რა მორჩილებაში ჰყავდა აღზრდილი ვიტალისს თავისი დასი. იმ დროს, როდესაც სოფელში კარიკარ დავდიოდით და ღამის გასათევს დავეძებდით, ზერბინო სადღაც შევარდნილიყო, პურის ნატეხი მოეტაცა და ჩვენთან მოარბენინა.
ვიტალისმა შეხედა თუ არა, უთხრა:
- ზერბინო, საღამოსათვის შეინახე.
ის შემთხვევა გამახსენდა, როცა ბატონი პურს გვირიგებდა.
ზერბინო დარცხვენილი იჯდა ბატონის პირდაპირ და თვალებში შესცქეროდა.
- ქურდი გამოვიდეს და აი, იმ კუთხეში დადგეს, - უცებ წამოიძახა მრისხანე ხმით ვიტალისმა. - ის უვახშმოდ უნდა დარჩეს!
ზერბინო იმწამსვე გამოვიდა, კუთხეში მივიდა, თივაში ჩაწვა და ჩაიძინა. მხოლოდ დიდხანს მოისმოდა მისი გულნატკენი წკმუტუნი.
ამის შემდეგ ვიტალისმა ის პური ჩვენ გაგვიყო. დედა ბარბარენისაგან არც ისე სათუთად ვიყავი აღზრდილი, მაგრამ ამგვარმა ცხოვრებამ მაინც თავისი დაღი დამასვა. სადღა იყო ცხელი წვენი ყოველღამ რომ მიმზადებდა დედა.
რა სიამოვნებით მივუჯდებოდი ხოლმე საღამოს ბუხარს და ვთბებოდი! ღამით კი ჩავწვებოდი გაქათქათებულ ლოგინში, სუფთა საბანში გავეხვეოდი და ჩავიძინებდი!
ახლა კი, ღმერთო ჩემო, იმ მშვენიერი საწოლის მაგიერ თივა მიგია და ცხელი წვენის ნაცვლად დაობებული პურის ნატეხს ვლოღნი!
დაღლილ-დაქანცული, ხის საბოსაგან ფეხებდაბეგვილი და მთლად გაწუწული სიცივისაგან ვკანკალებდი.
დიდმა ხანმა გაიარა, მაგრამ დაძინება ვერა და ვერ მოვახერხე.
- რატომ კანკალებ, გცივა?
- დიახ, ბატონო, ცოტათი. ვიტალისმა მაშინვე გახსნა ტომარა.
- სველი პერანგი გაიხადე და ეს მშრალი ჩაიცვი, მერე თივაში ჩაწექი, გათბები და დაგეძინება.
იმწამსვე გამოვიცვალე პერანგი და თივაში ჩავეფალი, მაგრამ კარგა ხანს ვერ გავთბი და არც დამეძინა.
ნუთუ ამისთანა ცხოვრება მომელის მე უბედურს? - ამგვარ ამინდში სიარული, უძილობა, უბინაობა, სიცივითა და შიმშილით შეწუხება? ამასთან არავინ მეყოლება, რომ ან შევუყვარდე, ან შევებრალო, ან ტკბილი სიტყვა მითხრას-მეთქი, - ვფიქრობდი და ვიტანჯებოდი.
ატირებას აღარაფერი მაკლდა, რომ ხელი მოვაფათურე, კაპი ტრიალებდა ჩემთან.
ჩუმად მოსულიყო, მოვეძებნე და ხელს ენით მილოკავდა. მისი ალერსი ძლიერ მესიამოვნა. ხელში ავიყვანე და გულზე მივიკარი.
ძაღლიც სიხარულით აწკმუტუნდა. თათი ხელზე დამადო და თვალებში მომაჩერდა. დაღლილობაც დამავიწყდა და მწუხარებაც; თავისუფლად ამოვისუნთქე და გულში ვიფიქრე: არც მე ვყოფილვარ ობლად, მეცა მყოლია გულშემატკივარი, მეგობარი-მეთქი.
თავი მეექვსე
სწავლა
დილას ადრე ავდექით და გზას გავუდექით. ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებდნენ.
მეც კარგ გუნებაზე ვიყავი და თვალს ვადევნებდი, რანაირად ხტოდნენ და ცელქობდნენ ჩვენი ძაღლები. დროგამოშვებით კაპი უკანა ფეხებზე დგებოდა და მიყეფდა, თითქოს მეუბნებოდა: გამხიარულდი, გამხიარულდიო.
კაპი ძლიერ ჭკვიანი ძაღლი იყო. არ ლაპარაკობდა, თორემ სხვა ყველაფერი იცოდა. პირველი გაცნობის დღიდანვე დავმეგობრდით და უსიტყვოდაც კარგად ვაგებინებდით ერთმანეთს აზრებს.
ჩემს სიცოცხლეში ქალაქში არ ვყოფილვარ. ამიტომ იუსელს მისვლას დიდი აღტაცებით მოველოდი.
მივედით იუსელსაც, მაგრამ ეს ქალაქი თავისი ძველი შენობებით და კოშკებით დიდად არ მომწონებია. ის კი არა, ულამაზოც მეჩვენა. ახლა მე ჩექმის დუქნის გარდა არაფერი მაგონდებოდა; სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა თუ მიყიდის-მეთქი ვიტალისი დაპირებულ ღილებიან ჩექმებს.
მალე დუქანში მივედით. ერთი ბნელი და ბინძური ოთახი იყო სავაჭრო მოედნის ახლოს; გასაყიდად გამოეფინათ ყოველგვარი ძველი ნივთი: დაჟანგული თოფები, მოსირმულსაყელოიანი ძველი ტანისამოსი, ლამპები, დაჟანგული კლიტეები და გასაღებები.
სამი საფეხური ჩავიარეთ და დუქანში შევედით. საშინლად ბნელოდა; ეტყობოდა, სინათლის შუქი ოთახის ძვირი სტუმარი იყო.
ვიფიქრე, ნუთუ ისეთი კარგი ნივთი, როგორიც ფეხსაცმელებია, ამისთანა საძაგელ ადგილას იყიდება-მეთქი?
ამასობაში ღილებით შესაბნევი რბილი ჩექმები ჩამაცვეს, რაღაც სიმშვიდე და სიმსუბუქე ვიგრძენი. კეთილმა ბატონმა ამას არ დამაჯერა, მტრედისფერი ხავერდის მოკლე ქურთუკი, შალის შარვალი და ნაბდის ქუდი მიყიდა.
ამის შემდეგ ვიტალისმა ჩემს გულში პირველი ადგილი დაიკავა. იმაზე უმდიდრესი და უკეთილშობილესი ქვეყანაზე კაცი არ მეგულებოდა.
თუმცა ხავერდიც გახუნებული იყო და ქუდიც ცოტა გაცვეთილი, ჩემთვის ეს ტანისამოსი მაინც ძვირფასი იყო.
ღამის გასათევ დუქანში ვიტალისმა მაკრატელი ამოიღო და შარვალი დამიმოკლა. ვუცქეროდი და მიკვირდა.
- შენ სხვა ბავშვებს არ უნდა ჰგავდე, - მითხრა ვიტალისმა. - ახლა საფრანგეთში ვართ, მაგრამ იტალიურად ჩაგაცვი; როცა იტალიაში ვიქნებით, ფრანგულად გამოგაწყობ.
მაინც ვერაფერი გავიგე და მიკვირდა.
- ჩვენ კომედიანტები ვართ, - ამიხსნა ვიტალისმა, - ამიტომ საზოგადოებას გარეგნული შეხედულებაც უნდა იზიდავდეს და ცნობისმოყვარეობას აღუძრავდეს. სხვებივით რომ გამოვეწყოთ, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს და ვერც ვერაფერს ვიშოვით!
ამგვარად ფრანგი უცებ იტალიელად გადავიქეცი.
წინდები ვიტალისმა წითელი ლენტებით მომირთო, ქუდი ყვავილებით შემიმკო.
სხვისა არ ვიცი და მე ძლიერ მომწონდა თავი. ეტყობოდა, ასეთივე აზრისა იყო ჩემი მეგობარი კაპიც.
მან დიდხანს მიცქირა და, როცა სახეზე კმაყოფილება შემნიშნა, თანაგრძნობის ნიშნად თათი გამომიშვირა. მაიმუნი კი წინ დამიდგა და ჩემს ჩაცმულობას დასცინოდა. ცოტა ხნის შემდეგ დოინჯი შემოიდო და თავი გვერდზე გადააგდო, თითქოს მეუბნებოდა: შენი ჩაცმულობა იმდენად სასაცილოა, თავი ვერ შემიკავებია და სიცილით ვსკდებიო. ბატონმა ეს გართობა მალეDშეგვაწყვეტინა.
- დროა მუშაობას შევუდგეთ, ხვალ მახლობელ სოფელში ბაზრობაა, იქ წარმოდგენები უნდა გავმართოთ. მთავარი როლი შენ უნდა გათამაშო.
- რას ნიშნავს როლის თამაში? - ვკითხე მე. ვიტალისმა ამიხსნა.
- უნდა წარდგე საზოგადოების წინაშე და თქვა, რასაც მე გასწავლი. საზოგადოება უნდა გააცინო; მაგრამ მანამდე როლი ზეპირად უნდა ისწავლო.
გაკვირვებული ვიდექი და ვუყურებდი, არაფერი მესმოდა.
- მე გასწავლი, რა უნდა წარმოადგინო და როგორ. ხომ იცი, მხოლოდ სასეირნოდ არ წამომიყვანიხარ! მაშ იცოდე, შრომა მოგელის, დიდი შრომა. შენი მოვალეობა ჯერჯერობით მარტო კომედიების თამაში იქნება.
- მერე, რომ არ ვიცი, რა არის კომედია და მისი თამაში? - შევბედე შიშისაგან გაფითრებულმა.
- რომ არ იცი, მიტომაც გეუბნები, მე გასწავლი-მეთქი. ხომ მოგწონს, როცა კაპი უკანა ფეხებზე დინჯად დადგება ხოლმე, როცა დოლჩე ბაწარზე მარდად გადახტ-გადმოხტება? შენ გგონია, ეს ერთ ან ორ დღეში შეისწავლეს? არა, მათ გაწვრთნასა და ხელოვან მსახიობებად გამოყვანას ძლიერ ბევრი დრო და შრომა მოვანდომე. შენც ისე უნდა დაისწავლო როლი. აბა, დავიწყოთ!
დღემდის მეგონა, რომ მუშაობა მარტო მიწის თოხნა, შეშის დაჭრა და ქვის თლა იყო. სრულიადაც არ ვიცოდი, რომ მუშაობა და შრომა სხვანაირადაც შეიძლებოდა.
- ჩვენს კომედიას სახელად ჰქვია «გენერალ სულიკოს მსახური» ანუ
«სულელი ის არ არის, ვისზედაც ასე ფიქრობენ», - მითხრა ვიტალისმა. შინაარსი ასეთია: გენერალ სულიკოს ჰყავდა კარგი მოსამსახურე კაპი, მაგრამ კაპი მოხუცდა. ბატონს უნდა კაპის მაგიერ სხვა იშოვოს. კაპი შეჰპირდა თავის ბატონს მოსამსახურის მოყვანას და მოუყვანა კიდეც, ოღონდ ძაღლი კი არა, პატარა სოფლელი ბიჭი, რენე.
- მე არა?
- დიახ, სწორედ შენ, სოფლიდან იმ მიზნით მოდიხარ, რომ სულიკოს მოსამსახურედ დაუდგე.
- მაიმუნებს რომ არა ჰყავთ მოსამსახურეები?
- კომედიაში ჰყავთ. შენ მიდიხარ სულიკოსთან, მაგრამ მას პირველად სულელად მიაჩნიხარ.
- მერე ეს რა თავშესაქცევი ამბავია?
- რა ვქნათ, ოღონდ სხვებმა გაიცინონ... ვთქვათ, მართლაც დადექი ბატონთან; ბატონმა გიბრძანა, სუფრა გაშალეო, შენც ასრულებ მის ბრძანებას. აბა, გაშალე სუფრა!
იქვე სუფრაზე დანა-ჩანგალი, თეფშები და ხელსაწმენდები ეწყო.
- რანაირად უნდა გავშალო? - ვკითხე და პირღია, ხელებჩამოშვებული დავდექი მაგიდასთან.
არ ვიცოდი, რა მექნა, ჩემმა ბატონმა შემომხედა, უცებ ტაში შემოჰკრა და გადაიხარხარა.
- ვაშა, ვაშა! ყოჩაღ! მშვენივრად შეასრულე შენი როლი, მშვენივრად!
- მაინც არ ვიცი, რა ვქნა!
- რომ არ იცი, სწორედ იმიტომაც შეასრულე კარგად. ხვალაც ასე მოიქეცი, ამგვარად ეჩვენე საზოგადოებას და ბევრს იცინებენ.
«გენერალ სულიკოს მსახური» პატარა კომედია იყო და მისი წარმოდგენა ოც წუთს არ გაგრძელებულა, მაგრამ თითქმის სამ საათს ვემზადებოდით.
ვიტალისი ერთსა და იმავეს ათასჯერ გვამეორებინებდა მეცა და ძაღლებსაც. მიკვირდა ვიტალისის მოთმინება და სიმშვიდე ჩვენი სწავლების დროს. სოფელში ძაღლებს ძლიერ სასტიკად ვეპყრობოდით, ვიტალისი კი ერთხელაც არ გაჯავრებულა, თუმცა კარგად გავაწვალეთ.
- თავიდან დავიწყოთ! - იტყოდა ხოლმე დინჯად, თუ რამე შეგვეშლებოდა. - კაპი ყურს არ უგდებ, არც შენ, სულიკო.
ეს იყო და ეს; მაგრამ მისი ნათქვამი კმაროდა.
- შეგიძლია, ეს კომედია წარმოადგინო? - მკითხა ერთი წარმოდგენის შემდეგ.
- არ ვიცი.
- გეტყობა მოგწყინდა.
- არა, თავს ვიქცევ ამ თამაშით.
- კეთილი, ასეც უნდა ყოფილიყო: ნიჭიერი ბიჭი ხარ და ყურს მიგდებ; ყურადღებით და მორჩილებით ყველაფერს მიაღწევ. შეადარე ძაღლები მაიმუნს. მაიმუნი უფრო ნიჭიერიც არის და ცქვიტიც, მაგრამ დაუჯერებელია... ის მაშინვე სწავლობს ყველაფერს, მაგრამ მეორე წამში აღარაფერი ახსოვს. ძაღლებს ესმით თავიანთი მოვალეობა, მაიმუნებს არა, ამიტომ ყველაფერი ეზარებათ ხომ გაიგე?
- ვგონებ, გავიგე. მაგრამ ერთი მიბრძანეთ: რანაირად შეეჩვიეთ ამგვარ მოთმინებასა და სიმშვიდეს.
ვიტალისმა გაიღიმა და მითხრა:
- გეტყობა, შვილო, რომ სოფლელი ხარ. იქ ცხოველებს მარტო ჯოხით იმორჩილებენ. მე სხვა აზრისა ვარ. ალერსითა და სიმშვიდით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე მუქარითა და ცემით. ჩემს ცხოველებს სასტიკად არასოდეს მოვქცევივარ; მათი სწავლების დროს ყოველთვის გული რომ მომსვლოდა და წყრომით მოვქცეოდი, ეს ხასიათი დღემდე აღარ მომყვებოდა. მათი სწავლების დროს მეც ვეჩვეოდი სულის სიმშვიდეს.
ჩემი მეგობრები - ძაღლები და მაიმუნი - კაი ხნის მიჩვეული იყვნენ საზოგადოების წინაშე თამაშს. მათ ათასჯერ ჰქონდათ გამეორებული ერთი და იგივე. მე კი ჯერ შეუჩვეველი ვიყავი და შიშის მიზეზიც ეს იყო.
წარმოდგენის დაწყებამდე ვღელავდი და ვფიქრობდი: «რას მეტყვის ვიტალისი, რომ ცუდად წარმოვადგინო. ან რას იტყვიან მაყურებლები, თუ ვერაფერი ვთქვი-მეთქი»? ამგვარი ფიქრები ძალიან მაწუხებდა.
იმ ღამეს ძალიან მოუსვენრად მეძინა. ძილში ვხედავდი, ვითომ სასაცილო შესახედავი ვიყავი; ვინც თვალი მომკრა, ყველა სიცილით კვდებოდა.
ჩემი მღელვარება თანდათან მატულობდა, სანამ იმ მოედნამდის არ მივედი, სადაც წარმოდგენა უნდა გაგვემართა. ვიტალისს თავი მაღლა აეწია, გულ-მკერდი წინ გამოეშვირა, მხიარულ ჰანგებს უკრავდა სალამურზე და ისე მიგვიძღოდა წინ.
ვიტალისს უკან კაპი მიჰყვებოდა, კაპს ზურგზე აჯდა მაიმუნი, რომელსაც ინგლისელი გენერლის მუნდირი და წითელი შარვალი ეცვა; მუნდირის საყელო ოქრომკედით იყო ნაქარგი, თავზე სამკუთხა ქუდი ეხურა, ქუდს გვერდზე გრძელი ფრთა ჰქოდა გაკეთებული; შორიახლო მიძუნძულებდნენ ზერბინო და დოლჩე, ბოლოში მე მივდიოდი.
სალამურის სასიამოვნო ხმა შორს ისმოდა. ხალხი ბუზივით შემოგვესია,ზოგი ეზოდან ჭიშკარში გამოდიოდა, ზოგი ღობეზე შემდგარიყო, ზოგი ფანჯრიდან იყურებოდა და ყველანი ცდილობდნენ ჩვენთვის შეეხედათ. ყველაზე ადრე გარს ქუჩის ბიჭუნები შემოგვეხვივნენ; მათ დიდებიც მოჰყვნენ და როცა დანიშნულ მოედანზე გავედით, გარშემო მთელი ბრბო გვერტყა.
მაშინვე ოთკუთხედი მოვხაზეთ, კუთხეებში ოთხი სვეტი ჩავდგით და თოკი გავაბით. ამ ოთხკუთხედში მსახიობები მოვთავსდით. პირველად წრეში ძაღლები შემოვიდნენ და მაყურებელს თავიანთი ხელოვნება აჩვენეს: ითამაშეს, იხტუნეს. მე ვერაფერს ვხედავდი და არც არაფერი მესმოდა, აღელვებული ვიმეორებდი ჩემს როლს. მახსოვს მხოლოდ, რომ ვიტალისი ვიოლინოს უკრავდა და მსმენელები იცინოდნენ.
ხალხი თანდათან მატულობდა. მაყურებლები დიდი ცნობისმოყვარეობით მოგვჩერებოდნენ.
პირველი განყოფილება გათავდა. კაპმა კბილებით აიღო ხის ჯამი და უკანა ფეხებზე შემდგარმა ხალხს ჩამოუარა. თუ ვინმე ჯამში ფულს არ ჩააგდებდა, კაპი მის წინ დადგამდა ჯამს, ყეფდა და თათით ჯიბეს ფხოჭნიდა. ეს ამხიარულებდა საზოგადოებას, იყო ერთი სიცილ-კისკისი და ხუმრობა.
«ჭკვიანი ძაღლია, - ამბობდა ხალხი. - იცის, ვის აქვს სქელი ჯიბე». ამგვარად ვისაც კი კაპი მიმართავდა, ყველას ძალაუნებურად ჯიბისკენ უნდა წაეღო ხელი და უხვად დაესაჩუქრებინა.
კაპმა მალე გაათავა თავისი საქმე და ამაყად მივიდა ბატონთან ფულით სავსე ჯამით.
ახლა ჩემი და სულიკოს ჯერი დადგა.
- მოწყალეო ხელმწიფენო, - უთხრა საზოგადოებას ვიტალისმა, - მეორე განყოფილებაში წარმოგიდგენთ სასაცილო კომედიას «გენერალ სულიკოს მსახური» ანუ «სულელი ის არ არის, ვისზედაც ასე ფიქრობენ». მე არც პიესას ვაქებ და არც მსახიობთ, ამას კი გეტყვით, რომ ძლიერ დაუკვირდით, ყური მოიმზადეთ გასაგონად და ხელი - ტაშის დასაკრავად!
რადგანაც ორ მოქმედ პირს, კაპსა და მაიმუნს, არ შეეძლო ლაპარაკი, მოქმედება გამოიხატებოდა ხელის, ფეხისა და ტანის მოძრაობით. ამიტომ მათი მოქმედება რომ უფრო გასაგები გამხდარიყო, ვიტალისი ხანდახან თვითონ ჩაუმატებდა ხოლმე სიტყვებს. ვიტალისმა უცებ მხედრული დაუკრა და საზოგადოებას სულიკოს მოახლოება აცნობა.
სულიკო ინგლისელი გენერალი იყო, ინდოეთში ომის დროს გამდიდრებული. უწინ მას კაპი ემსახურებოდა, მაგრამ როცა გამდიდრდა, ძაღლის მაგიერ ადამიანი დაიყენა მსახურად.
ცხოველები დიდი ხანია ადამიანის მსახურნი არიან. დროა ეს ჩვეულება შევცვალოო, - ფიქრობდა გენერალი, მედიდურად დადიოდა აქეთ-იქით, და ახალი მსახურის მოსვლას ელოდა. ხელში სიგარა ეკავა, დროგამოშვე- ბით პირიდან კვამლს ბურთივით ისროდა და საზოგადოებას პირში აბოლებდა.
გენერალმა ამდენი ხნის ლოდინი ვეღარ მოითმინა, გაჯავრდა, თვალები ააბრიალა. გულმოსული ტუჩებს იკვნეტდა და ფეხებს აბრახუნებდა.
მაგრამ, აი, ჩვენი ჯერიც დადგა.
კაპმა ქურთუკში ჩამავლო კბილი და მაიმუნთან მიმიყვანა. გენერალმა შემომხედა თუ არა, ორივე ხელი გაშალა: ეს რა მოსამსახურე მომიყვანესო!
შემდეგ მომიბრუნდა, დამყნოსა, დამათვალიერა, მერე მხრები აიჩეჩა გაკვირვების ნიშნად.
ამ დროს გენერალი ისეთი სასაცილო იყო. რომ მაყურებლები სიცილით იხოცებოდნენ. ყველა მიხვდა, რომ გენერალს სულელი ვეგონე და კიდევაც ეთანხმებოდნენ მის აზრს.
როცა გენერალმა კარგად დამათვალიერა, ბრძანა, ჩემთვის საუზმე ეჭმიათ.
- გენერალი ფიქრობდა, მოსამსახურე როცა გაძღება, ჭკუაც მოემატებაო,
- აუხსნა საზოგადოებას ვიტალისმა, - აბა, ვნახოთ!
მივუჯექი პატარა სუფრას, რომელზედაც ჩემთვის საუზმე იყო მომზადებული. სუფრაზე თეფში იდო, თეფშზე ხელსაწმენდი და დანა-ჩანგალი ელაგა.
«რა უნდა ვუყო ამ ხელსაწმენდს?» - ვფიქრობდი ჩემთვის. კაპმა მანიშნა, როგორ უნდა მომეხმარა, მაგრამ ვერ მივხვდი. ავიღე და ცხვირი მოვიხოცე.
გენერალი სიცილით კინაღამ გადაიქცა. კაპმა კი კოტრიალი დაიწყო. მივხვდი, ცუდად მოვიქეცი და შეცდომის გასწორება მოვინდომე. ხელსაწმენდი შევატრიალ-შემოვატრიალე, მაგრამ ვერაფერი გავუგე. ბოლოს და ბოლოს ძლივს მოვიფიქრე, გამოვკარი და ყელსახვევად გავიკეთე. ამან კიდევ უფრო გაამხიარულა საზოგადოება. გენერალი გულიანად იცინოდა, კაპი კი ისევ ფეხაშვერილი კოტრიალებდა.
ბოლოს გაჯავრებული გენერალი მომვარდა, სკამიდან ჩამომაგდო, თვითონ დაჯდა და ჭამა დაიწყო, მან მშვენივრად იცოდა ხელსაწმენდის ხმარე- ბა. უცებ გაუყარა ერთი ყური მუნდირის კილოში, დანარჩენი მუხლებზე გადაიფარა, მარდად მოტეხა პური და გულიანად ჩალუკმა, ზედ ღვინოც დააყოლა.
ნასადილევს კბილის საწმენდი მოითხოვა და კბილის ჩიჩქნა დაიწყო. მაყურებლები აღტაცებით გვიცქეროდნენ და ტაშს გვიკრავდნენ. წარ-
მოდგენა გათავდა. კმაყოფილმა საზოგადოებამ ქება-დიდებით გაგვისტუმრა შინ.
- რა ჭკვიანი მაიმუნია და რა სულელი მოსამსახურე ჰყავდა! - იმეორებდა გზაში ყველა.
როცა ბინას მივუახლოვდით, ვიტალისმა ხელი მომკიდა და ქება დამიწყო; რა მშვენივრად წარმოადგინე შენი როლიო. მეც დიდი სიამოვნებით მივიღე მისი ქება და გული სიხარულით ამევსო.
თავი მეშვიდე
კითხვას ვსწავლობ
იუსელში სამ დღეს დავრჩით. მერე კი ისევ გზას გავუდექით. თითოეულ ქალაქში მარტო სამ ან ოთხ წარმოდგენას ვმართავდით, რადგან ერთი და იგივე უნდა გაგვემეორებინა, ეს კი საზოგადოებისათვის მოსაბეზრებელი იყო. მე ჩემს ბატონს გავუთამამდი და ვკითხე, სად მივდივართ-მეთქი.
- იცნობ ამ ქვეყანას?
- არა!
- მაშ სულ ერთი არაა, სადაც არ უნდა წავიდეთ?
- მართალია, მაგრამ მაინც კარგია ვიცოდე, სად მივდივართ.
- რა უნდა იცოდე?
აქ კი ვეღარაფერი ვუთხარი. უძრავად ვიდექი და გავცქეროდი გზას, ტყეებში რომ მიიკლაკნებოდა.
- ვთქვათ, გითხარი, - განაგრძო მან, - რომ ორილაკს მივდივართ, მერე ბორდოს, იქიდან კიდევ მთებში, შენ ხომ მაინც ვერაფერს გაიგებ?!
- იცნობთ ამ მხარეს? - ვკითხე მე.
- აქ არასოდეს ვყოფილვარ.
- მაშ გზას როგორ გაიგნებთ?
-კითხვა არ იცი? - მკითხა.
- არა.
- იცი წიგნი რა არის?
- ვიცი, მინახავს საეკლესიო წიგნები, ლოცვებს რომ კითხულობენ, ტყავის ყდაში ჩასმული სურათებიანი წიგნებიც მინახავს.
- მე როდისმე გაჩვენებ წიგნს, სადაც ყველაფერი წერია. იმ ადგილების აღწერა და სახელებიცაა, სადაც ახლა მივდივართ. ვისაც ქვეყნებში უვლია, აუწერია ეს ქალაქები და წიგნებში დაუბეჭდავს. იმ წიგნებს წავიკითხავ და ყველაფერი ისე მეცოდინება, თითქოს თვითონ მენახოს და ვიცნობდე.
ეს სიტყვები ჩემთვის სრულებით ახალი ამბავი იყო. ნელ-ნელა ვიგებდი ჩემი ბატონის სიტყვებს.
სკოლაში მხოლოდ ერთ თვეს ვიარე, ამიტომ თითქმის არაფერი მისწავლია, ასოებსაც ვერ ვარჩევდი ერთმანეთისაგან.
- ძნელი სასწავლია კითხვა? - ვკითხე ვიტალისს დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ.
- ძნელია მისთვის, ვისაც სურვილი არა აქვს სწავლისა. შენ გინდა სწავლა?
- ძალიან!
- კარგი, თუ აგრეა, ვნახოთ.
მე იმწამსვე მინდოდა დამეწყო კითხვა. ასე მეგონა, რაკი ხელში წიგნს ავიღებდი და ასოებს მაჩვენებდნენ, მაშინვე წავიკითხავდი.
მეორე დღეს გზაში ბატონმა ფიცრის ნაჭერი ნახა და თან წამოიღო.
- აი, ამ წიგნში უნდა ისწავლო კითხვა, - მითხრა ვიტალისმა.
წიგნი?! მე ჯერ ფიცარს დავხედე და მერე ვიტალისს მივაჩერდი: ვიფიქრე, ნუთუ დამცინის-მეთქი!
მაგრამ შევატყვე, რომ არ ხუმრობდა და უფრო ყურადღებით დავუკვირდი ფიცარს. უბრალო წითელი ხის ფიცარი იყო. არც რამე ეწერა და არც ეხატა.
- გაკვირვებს ჩემი სიტყვები? - მკითხა ვიტალისმა.
- დიახ... მეგონა, დამცინოდით.
- არც მიფიქრია, შვილო; უვიცობის დაცინვა სისულელეა. მოითმინე, როცა იმ ტევრამდის მივალთ და დავისვენებთ, გაჩვენებ. რანაირად შეიძლება ფიცარზე სწავლა.
მალე მივედით ტევრთან. ზურგიდან ტომრები ჩამოვიხსენით და ლორთქო ბალახზე წამოვწექით.
მაიმუნი ხეზე შეხტა და ტოტებს რხევა დაუწყო, თითქოს კაკალს ბერტყავსო, ძაღლები ჩვენ ახლოს მიწვნენ. ვიტალისმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ფიცრიდან პატარ-პატარა ოთხკუთხედები გამოჭრა. ძალიან გუმოდგინედ ვუცქეროდი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რანაირად შეადგენდა წიგნს ამ პატარ-პატარა ოთხკუთხედებით. ვიცოდი, რომ წიგნი ფურცლებისაგან შედგებოდა, ფურცლებზე პატარ-პატარა შავი ასოები იყო გამოხატული, მაგრამ სად არის ქაღალდი, სად არის შავი ნიშნები-მეთქი, - ვფიქრობდი გულში.
- პატარა ფიცრებზე ხვალ ასოებს ამოვჭრი, ამ ასოებით ისწავლი ანბანს. მერე კი სიტყვებს შეადგენ. თუ იმდენად გაიგებ, რომ ასოებისაგან სიტყვას შეადგენ, მაშინ წიგნის წაკითხვაც შეგეძლება.
გავივსე ჯიბე ფიცრის ასოებით და, სადაც კი გავჩერდებოდით, ყველგან ვსწავლობდი, მაგრამ ასოების დაწყობა და სიტყვის შედგენა ძლიერ მიძნელდებოდა. ხანდახან შეწუხებული ვნანობდი კიდეც, რომ სწავლა დავიწყე.
ჩემთან ერთად კაპიც სწავლობდა კითხვას. ვიტალისმა იფიქრა: ძაღლმა საათის შეტყობა თუ ისწავლა, ასოებსაც შეისწავლის და დაიხსომებსო.
სწავლის დროს ასოებს ბალახზე ვაწყობდი. რადგან კაპის ლაპარაკი არ შეეძლო, თათით ამოიღებდა ხოლმე იმ ასოს, რომელსაც მასწავლებელი ასწავლიდა.
პირველად მე ვჯობდი კაპს, ყველაფერს კარგად ვიხსომებდი, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ მალე მავიწყდებოდა. კაპი კი, რასაც ერთხელ ისწავლიდა, აღარ ავიწყდებოდა.
ამიტომ, როცა მასწავლებელს ვერ ვუპასუხებდი, მეტყოდა ხოლმე:
- კაპი უფრო მალე ისწავლის წერა-კითხვას, ვიდრე შენ, რენე.
კაპს ყველაფერი ესმოდა და თავის პატრონს მხიარულად ელაქუცებოდა.
ძლიერ მრცხვენოდა, ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ კითხვა კარგად მესწავლა. და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც კაპს ასოებით მარტო თავისი სახელის შედგენა შეეძლო, მე უკვე წიგნს ვკითხულობდი.
- ასოების კითხვა ხომ დაისწავლე, ახლა არ გინდა ნოტების წაკითხვაც იცოდე?
- მერე თქვენსავით შემეძლება სიმღერა?
- გინდა სიმღერის საწვლა?
- რასაკვირველია, სიმღერას თქვენსავით ვერასოდეს ვისწავლი, მაგრამ ძლიერ კი მსურს გამოვცადო ჩემი ხმა.
- გსიამოვნებს სიმღერა?
- ძლიერ. ბულბული ხომ კარგად გალობს, მაგრამ თქვენი სიმღერა უფრო მგრძნობიარეა; ტირილსაც მომგვრის ხოლმე და სიცილსაც. როცა მღერით, ყოველთვის დედა ბარბარენი მახსენდება და ასე მგონია, მის გვერდით ვზივარ. ძლიერ ვწუხვარ, რომ იტალიური ენა არ ვიცი; თქვენ ხომ იტალიურად მღერით.
მეორე დღეს ჩვენმა ბატონმა ხის ოთხკუთხედები გააკეთა და მათზე ნოტები ამოჭრა.
ამის შემდეგ დავიწყე ნოტების სწავლა, მაგრამ წიგნის კითხვასთან შედარებაც არ შეიძლებოდა: ნოტების სწავლა ორჯერ უფრო ძნელი აღმოჩნდა.
ვიტალისი ძაღლებს ბევრს უთმენდა, მაგრამ ჩემი სწავლის დროს ხშირად გამოდიოდა მოთმინებიდან. ორივე ხელს ზევით ასწევდა ხოლმე და მუხ- ლებზე დაირტყამდა. მაიმუნს ნაბრძანები ჰქონდა ჩემთან ყოფილიყო და გაკვეთილი მოესმინა. ისიც იდგა და ყველაფერს თავისებური დაცინვის კილოთი იმეორებდა. ისიც ვიტალისის მსგავსად მაღლა სწევდა ხელებს და მუხლებზე ირტყამდა.
- ხედავ, სულიკოც კი დაგცინის, - მეტყოდა ხოლმე ვიტალისი.
რომ არ მშინებოდა ან ჩემი მასწავლებლის პატივისცემა არ მქონოდა, ვეტყოდი: მაიმუნი არათუ მე, ჩემს მასწავლებელსაც დასცინის-მეთქი, მაგრამ შიში და მორიდება მაჩერებდა. გულში კი ვწყევლიდი მაიმუნს და დიდხანს არ დამვიწყებია მისგან მოყენებული შეურაცხყოფა.
დიდი ხნის შრომის შემდეგ ვიმღერე ერთი სიმღერა, რომელიც ვიტალისს ქაღალდის ნაგლეჯზე დაეწერა.
იმ დღეს სიხარულით გაბრწყინებულმა ვიტალისმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და მითხრა:
- თუ სხვებსაც ასე შეისწავლი, ოდესმე გამოჩენილი მომღერალი გამოხვალ.
ამის შემდეგ თავისუფალ დროს სულ იმას ვცდილობდი, ხის ასოებით შედგენილი სიტყვები წამეკითხა ან მემღერა.
ბევრი რამ მასწავლა ვიტალისმა. როდესაც დედა ბარბარენთან ვხცოვრობდი, სუსტი ვიყავი. ამიტომ «ქალაქელ ბავშვს» მეძახდნენ. ხანგრძლივმა მოგზაურობამ გამომაწრთო და გამაკაჟა. მთელი დღეები სუფთა ჰაერზე ვიყავი, მუხლი გამიმაგრდა, ფილტვებმაც ღონივრად იწყო მოძრაობა და პირისახეც შემეცვალა. ახლა არც სიცივე მწყენდა და არც სიცხე, არც წვიმა და არც მეტი შრომა. დაღლილობასაც აღარ ვგრძნობდი ისე, როგორც უწინ.
თავი მერვე
მთებსა და ველებში
სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დავდიოდით და წარმოდგენებს ვმართავდით. ამგვარად შემოვიარეთ სამხრეთ საფრანგეთის უმეტესი ნაწილი. მოგზაურობის წინასწარი გეგმა არ გვქონდა, გზას მივყვებოდით, არ კი ვიცოდით სად უნდა მივსულიყავით. თუ სადმე ცოტათი შეძლებულ სოფელს ან ქალაქს წავაწყდებოდით, იქ დარჩენას გადავწყვეტდით და ისეთი ამბით შევიდოდით, რომ ყველა გაკვირვებული გვიყურებდა.
მე ძაღლებს დავვარცხნიდი და ჩავაცმევდი. დოლჩე ზერბინოს გამოაწყობდა. კაპი თვალებზე საღებავს წაუსვამდა, რომ ყბედ ბებერს დამსგავსებოდა. მაიმუნს გენერლის პალტოს მოახურავდა. მაიმუნი ხვდებოდა, წარმოდგენა იწყებაო, და ყოველ ღონეს ხმარობდა, ტანისამოსი არ ჩაეცვა, მაგრამ კაპი მაინც ყოველთვის იმორჩილებდა.
შემდეგ ვიტალისი დაგვაწყობდა, თვითონ სალამურს აიღებდა და სოფელში ან ქალაქში შეგვიძღვებოდა. თუ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ვიწყებდით წარმოდგენას. თუ შევამჩნევდით, რომ შემოსავალი კლებულობდა, სოფელს ვტოვებდით და სხვა სოფელში მივდიოდით.
ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე დღეს ვრჩებოდით და ზედიზედ ვმართავდით წარმოდგენებს. მაშინ დილაობით უფრო თავისუფალი ვიყავი. გავხდიდი ხოლმე კაპს მსახიობის ტანსაცმელს და მთელი დღე ქუჩა-ქუჩა დავდიოდით, ვიტალისიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით გვიშვებდა მეც და კაპსაც.
- შენი ამხანაგები სკოლაში წიგნებს უსხედან და სწავლობენ, - მეტყოდა ხოლმე ვიტალისი, - შენ თვალწინ კი მთელი ცხოვრებაა გაშლილი, დაუკვირდი და შეისწავლე, რაც საჭიროა ცხოვრებისათვის; თუ რამის გაგება ვერ შეძლო, მკითხე და აგიხსნი. თუმცა შეიძლება ზოგი რამ ვერც მე გავიგო. იყო დრო, როდესაც ჩემს მოვალეობას მარტო გაწვრთნილი მხეცების დირექტორობა არ შეადგენდა. არც იმაზე ვფიქრობდი, რანაირად წარმედგინა საზოგადოებისათვის კაპი ან სულიკო, მაშინ სულ სხვა საქმე მქონდა...
ერთხელ ერთ ღარიბ სოფელში გავათიეთ ღამე და დილაადრიან გავუდექით გზას.
დიდხანს ვიარეთ მტვრიან გზაზე, რომელიც შუაზე ჩაუდიოდა მშვენიერ ვენახებს და თვალუწვდენელ სივრცეში იკარგებოდა. ცოტა ხნის მგზავრობის შემდეგ თვალწინ უცნაური სურათი გადაგვეშალა.
მდინარის ზვირთები გიჟურად ასკდებოდა იმ ბორცვის გვერდებს, რომელზედაც შევდექით ქალაქზე გადმოსახედად. მდინარის ნაპირას სახლის სახურავები და სამრეკლოები მოჩანდა. ბუხრებიდან ამოსული სქელი კვამლი ღრუბელივით დასწოლოდა ქალაქს, მდინარეში და სანაპიროზე ურიცხვი ხომალდი იდგა; ფრიალებდა ნაირფერი იალქნები. ერთმანეთში არეულიყო ჭრიჭინი, გალობა, რკინის რახუნი, ჩაქუჩის რაკუნი და ეტლების რახრახი.
- ეს ქალაქი ბორდოა, - მითხრა ვიტალისმა.
ამგვარი სურათი ჩემთვის, ქალაქის უნახველი ბაშვისათვის სწორედ სათვალთმაქცო და გასაკვირი იყო.
დადუმებული ვიდექი და ყველაფერს ვათვალიერებდი.
გაოცებული ვუყურებდი ხომალდებს. ზოგი ზევით მიდიოდა ზოგსაც იალქნები გაეშალა და ქვევით მიცურავდა, ზოგი ერთ ადგილას იდგა უძრავად, ზოგი უიალქნო იყო. მაღალი მილებიდან სქელ კვამლს უშვებდა და ისე მიდიოდა.
ვიტალისმა შემატყო, რომ ყველაფერი მაკვირვებდა და მითხრა:
- ახლა წყალდიდობის დროა, ზოგიერთი ხომალდი ბრუნდება მოგზაურობიდან, მათ საღებავი გადაშორებია და დაჟანგულა, ზოგიც ზღვაში გასვლას ეშურება. ზოგი კი დგას და არ იძვრის, ღუზა წყალში ჩაუშვია.
რამდენი ახალი სიტყვა მითხრა ვიტალისმა, რამდენი ახალი ამბავი! მივედით ნავსადგურში. ყველაფერი მაოცებდა და ვიტალისი ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემასაც ვეღარ ასწრებდა.
წინათ ვთქვი, ყოველ ქალაქში ორ-სამ დღეზე მეტს არასოდეს ვრჩებოდით-მეთქი. «სულიკოს მოსამსახურის!», «გენერლის საიდუმლოს», «მართლმსაჯულების გამარჯვების» და «ავადმყოფის მორჩენის» წარმოდგენის შემდეგ მაშინვე გამგზავრების თადარიგს შევუდგებოდით ხოლმე.
ბორდო კი დიდი ქალაქია და მაყურებელიც ბევრი გვყავდა. გადავდიოდით ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში, დღეში სამჯერ-ოთხჯერ ვმართავდით წარმოდგენას და არავინ გვეუბნებოდა:
- კმარა, კმარა, ახლა სხვა რამე წარმოადგინეთო.
ბორდოდან გავყევით ვეებერთელა ვაკეს, რომელიც პირენეის მთებამდეა გაჭიმული. ეს ლანდას ვაკეა. ამ ვაკეზე თითქმის ერთ კვირას მივდიოდით და გზაში არც მინდვრები გვინახავს, არც ვენახები. ყველგან ბუჩქნარი და უსწორმასწორო ხეები გვეჩხირებოდა თვალში. სახლებს აქა-იქ თუ შენიშნავდი.
- აი ლანდას მივედით, - მითხრა ვიტალისმა. - აქედან ოცი-ცდახუთი მილი უდაბნოში უნდა ვიაროთ; მოემზადე, ნუ შეშინდები.
მოსაწყენი და გრძელი გზა იყო. მივდიოდით, მაგრამ, დასასრული არა ჩანდა.
ძალიან შევწუხდი, მოწყენილობამ კინაღამ სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა. ამის შემდეგ ბევრჯერ ზღვაზე მოგვიხდა მგზავრობა და მაშინაც იმავე მწუხარებასა და მოწყენილობას ვგრძნობდი.
მივდიოდით და მაინც თითქოს ერთ ადგილას ვიდექით: მთელი გზა ერთფეროვანი იყო. ყველგან დაბალი ბუჩქი და ხავსი, ზღვასავით აღელვებული გვიმრა.
ვიტალისმა მითხრა: საღამომდე სოფელში მივალთ და ღამეს იქ გავათევთო.
საღამომ მოაწია, მაგრამ სოფელი არსად ჩანდა. თვალი ვერ მოვკარი ვერც მობალახე საქონელს და ვერც სახლებიდან ამოსულ კვამლს, რომლის დანახვასაც ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი.
საშინლად დავიქანცე, დილიდან თითქმის სულ არ დაგვისვენია. დავაჭყიტე თვალები და შორს გავიხედე. ჩემს წინ ისევ ბუჩქნარით დაფარული ლანდას ვაკე იყო გაჭიმული. ბნელდებოდა.
ჩემი ბატონიც ძლიერ დაიქანცა, თუმცა შორი გზით სიარულს კაი ხნის მიჩვეული იყო. გზის პირას დაჯდა და დაისვენა.
მე არ დავმჯდარვარ. გვიმრით დაფარულ პატარა გორაკზე ავედი და გადავიხედე, ეგებ სადმე ახლოს ცეცხლი დავინახო-მეთქი.
კაპს დავუძახე, მაგრამ წამიყრუა, თითქო ჩემი ხმა არც გაეგონოს. კაპი ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა არ სურდა რაიმე ბრძანების ასრულება.
- გეშინია? - მკითხა ვიტალისმა.
მშიშარა არ ვიყავი და ამბის შესატყობად მარტო წავედი.
დაღამდა. ბნელი ღამე დადგა; მხოლოდ ბრწყინვალე ვარსკვლავების შუქი ანათებდა ოდნავ დედამიწას. ცაზე აქა-იქ ნისლი იყო გაკრული. როცა არემარეს დავაკვირდი, შევნიშნე, რომ ნისლი ყველაფერს უცნაურ იერს აძლევდა. ბუჩქები, გვიმრა, პატარ-პატარა ხეები თავისი უსწორმასწორო ტანით და ფოთლებით შორიდან ცოცხალ არსებას წააგავდა; გეგონებოდათ, ლანდას მიდამოებში ბნელ ღამეს საიდუმლო მოჩვენებანი დაუბინავებიაო.
ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, რასაკვირველია, ამგვარი სანახაობის შეეშინდებოდა, მაგრამ მე თუმცა მიკვირდა, შიშს სრულებით არა ვგრძნობდი.
რაც უფრო ზევით ავდიოდი, იმდენად უფრო მაღალი გვიმრა და ბუჩქნარი მხვდებოდა, და მალე აღარც ვჩანდი. ბუჩქებს ტოტები ჩემკენ ისე გამოეშვირა, კაცის ხელები გეგონებოდა. არც გორაკიდან ჩანდა ცეცხლი ან რაიმე ნაგებობა. დავდექი და ყური დავუგდე: ეგებ საქონლის ბღავილი ან ძაღლის ყეფა მაინც გავიგონო-მეთქი.
ერთხანს სუნთქვაც კი შევიკავე.
ირგვლივ უცნაური დუმილი გამეფებულიყო.
ამან უფრო შემიწუხა გული, შეიპყრო მთელი ჩემი არსება. უცებ შევდრკი, მაგრამ მეც არ ვიცი, რამ შემაშინა! ალბათ, მყუდროების, მარტო ყოფნისა და სიბნელის შემეშინდა. თითქოს რამე უბედურება უნდა შემმთხვეოდა, დავაკვირდი სიბნელით მოცულ არემარეს. შორს რაღაც გრძელი ლანდის მსგავსი არსება მოჩანდა. გვიმრაში მოდიოდა და ტოტებს მოაშრიალებდა. გულს ვიიმედებდი: ალბათ, მეჩვენება, ხე და მისი ჩრდილი იქნება-მეთქი.
მაგრამ ეს ხმაური რაღაა? არც ქარის სტვენაა. ტოტები რაც უნდა მსუბუქი იყოს, თავისით ვერ გაინძრევა, ან ქარი უნდა არხევდეს ან ადამიანი.
ვეებერთელა შავი ტანი ჩემკენ მოიზლაზნებოდა. ნეტა რაა? ადამიანს არა ჰგავს; ალბათ ჩემთვის უცნობი ცხოველია, ან ღამის ფრინველი, ან უცნაური ობობა უშველებელი თათებით... რაღაც საშიშარი რამ მოიმართებოდა ბუჩქებზე.
ეს საოცრება პირდაპირ ჩემკენ მოიჩქაროდა,
ახლა კი ვიკადრე და გავიქეცი. სიჩქარეში ხშირად ბუჩქებს წამოვედებოდი ხოლმე და რბილ ბალახზე ვეცემოდი.
შემთხვევით მოვიხედე უკან და რა დაინახა ჩემმა თვალებმა - უცნაური სახე უკან მომდევდა.
ჩემდა საბედნიეროდ ნისლი მოშორდა ვაკეს. უფრო სწრაფად მოვკურცხლე, მაგრამ საოცრებაც აჩქარდა.
ძლივს ვითქვამდი სულს, ბატონთან მივიჭერი და წავიქეცი. ძაღლები წკავწკავით და ყეფით შემომესივნენ.
მე მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შევძელი:
- მხეცი.
მაგრამ ამ ძაღლების ყეფაში შემომესმა უცნაური ხარხარი. ვიტალისმა მხარზე ხელი დამადო და მომაბრუნა.
- მოიხედე! - მითხრა სიცილით.
სიცილმა გონს მომიყვანა. თვალი გავაყოლე მის ხელს.
მოჩვენება, რომელმაც შემაშინა, გზაზე იდგა და არ იძვროდა. ვიტალისის ხმამ და ძაღლების ყეფამ, ცოტა არ იყოს გამამხნევა.
ახლა უფრო თამამად დავაკვირდი...
- ნეტავ, რა უნდა იყოს? ცხოველია თუ კაცი?
მას ტანიც ადამიანისა ჰქონდა, ხელიც და ფეხიც, მაგრამ მხეცის ტყავით ჰქონდა ზურგი დაფარული და ჯოხივით წვრილი ფეხები ყანჩის ფეხებს მიუგავდა.
ჩემი პატრონი მივიდა და ჰკითხა:
- აქედან სოფელი შორს არის?
- აქ ახლომახლო სოფელი არ არის, მხოლოდ ფარეხია. თუ გნებავთ, წაგიყვანთ და ღამეს გაგათევინებთ.
მაშასადამე, ადამიანი ყოფილა! მაგრამ ასე გრძელი ფეხები რატომა აქვს? მაინც ვერ გავბედე მისი კარგად დათვალიერება. უნდა ამეღო ჩემი ტომარა და გამოვდგომოდი ვიტალისს, მაგრამ დადუმებული ვიდექი და ვერც
კითხვა გამებედა.
- ახლა იცი, ვინ შეგაშინა? - მითხრა მან გზაში.
- კარგად არც ახლა ვიცი. ეტყობა, ამ მხარეში დიდი ტანის კაცები ყოფილან...
- დიახ, როცა ოჩოფეხებზე დგანან, - მითხრა და ამიხსნა: - ამ ქვეყნის მცხოვრებლები ყოველთვის ოჩოფეხებზე დადიან, რადგან ბევრი ჭაობია და ძნელად სავალი სილიანი ადგილები.
მშიშარა ბავშვებს კი ეს კაცები უზარმაზარ მხეცებად ეჩვენებათ, - დაუმატა ვიტალისმა.
თავი მეცხრე
სამსჯავროს წინაშე
არ ვიცი, რამდენი დღე და ღამე ვიარეთ ამ მთა-გორებში. პირენეის მთების მტრედისფერი მწვერვალები ღრუბლების გროვას წააგავდა და მგზავრობის დროს ყოველთვის მარჯვნივ რჩებოდა.
ერთ სარამოს დიდ ქალაქში მივედით. ქალაქი მდინარის პირას გაშლილიყო. სახლები წითელი აგურით იყო ნაშენი. ქუჩები მოეკენჭათ და სიარული ჭირდა, განსაკუთრებით ქვეითი კაცისათვის.
ვიტალისმა მითხრა:
- ეს ქალაქი ტულუზაა, აქ დიდხანს დავრჩებით.
მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, წავედით და წარმოდგენის გასამართავად ადგილების ძებნას შევუდექით.
ამგვარი ადგილი ტულუზაში ბევრი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ბოტანიკური ბაღის ახლოს. ვნახეთ მაღალი ხეებით გარშემორტყმული მინდორი. აქედან გზები რამდენიმე მხარეს მიდიოდა. ყოველი გზის გაყოლებაზე ტყე იყო გაშენებული. არჩევანიც ამ ადგილზე შევაჩერეთ.
უცებ ჩვენ გარშემო აუარებელი ხალხი შეიკრიბა. გზის თავში პოლიციელი იდგა და, ეტყობოდა, კარგი თვალით არ უყურებდა ჩვენს წარმოდგენას. ბოლოს გვიბრძანა: აქედან წადითო.
ჭკვიანად მოვიქცეოდით, ბრძანებას რომ დავმორჩილებოდით და პოლიციასთან აყალმაყალი არ აგვეტეხა. უნდა გვცოდნოდა, რომ ჩვენ შორის დიდი განსხვავება იყო და ის ყოველთვის გვაჯობებდა. მაგრამ ჩემმა ბატონმა ამ საქმეს ასე არ შეხედა.
თუმცა უბრალო მოხუცი იყო და ძაღლებს ატარებდა, მეტად ამაყი და თავმოყვარე გახლდათ. ის დარწმუნებული იყო, რომ პოლიციელის ბრძანების აუსრულებლობისათვის ვერაფერსაც ვერ უზამდნენ, თუკი კანონსა და პოლიციის განკარგულებას არ დაარღვევდა. რადგან არსად იყო გამოცხადებული, რომ ამა და ამ ადგილას წარმოდგენა აკრძალულიაო, ვიტალისი იმ ადგილს არ მოშორდა.
ვიტალისს ჩვეულებად ჰქონდა, გაჯავრების ან დაცინვის დროსაც ადამიანს ზრდილობიანად მოპყრობოდა. იმისთანა კილოთი ელაპარაკებოდა პოლიციელს, გეგონებოდათ, საზოგადოების წარჩინებულ პირს ელაპარაკებაო.
- სახელოვანო ხელისუფლების წარმომადგენელო! - მოიხადა ქუდი ვიტალისმა, - მაჩვენეთ უმაღლესი მთავრობის ბრძანება, რომ ჩვენისთანა უბრალო მსახიობებს აკრძალული აქვთ თავისი ხელოვნების ჩვენება ამ საზოგადო მოედანზე.
პოლიციელმა უპასუხა:
- ყბედობას ისა სჯობია, გამიგონო.
- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, როგორც კი მაჩვენებთ ამგვარ განკარგულებას, წამსვე დაგემორჩილებით და წავალთ.
ამ სიტყვებზე პოლიციელმა ზურგი შეგვაქცია და ხმა გაწყვიტა. ვიტალისმა დამცინავი ღიმილით გააყოლა თვალი.
მეორე დღეს მეორე პოლიციელი სწორედ წარმოდგენის დროს მოვიდა.
- ძაღლებს პირსაკრავი უნდა გაუკეთოთ! - სასტიკი ხმით უბრძანა ვიტალისს.
- ვის? ჩემს ძაღლებს პირი უნდა ავუკრა?
- დიახ, უნდა აუკრათ. ამის შესახებ პოლიციის განკარგულებაც არის და თქვენ უსათუოდ უნდა იცოდეთ!
ტულუზაში პირველად «მორჩენილ ავადმყოფს» ვთამაშობდით და დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა. წარმოდგენის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. პოლიციელის შენიშვნამ საქმე შეაჩერა, ერთი დავა და უსიამოვნება გამოიწვია.
- ნუ გვიშლით, მოგვშორდით! დაამთავრებინეთ წარმოდგენა! - გაისმა ყოველი მხრიდან.
ამ დროს ვიტალისმა გაიქნია ხელი და უცებ გაყუჩდა ხალხი. მერე მოიხადა ქუდი და პოლიციელს მძიმედ დაუკრა თავი:
- ხელისუფლების სახელოვანო წარმომადგენელო! თქვენ მიბრძანეთ, ძაღლებს პირსაკრავი გავუკეთო?
- დიახ, გიბრძანეთ და მალე უნდა შეასრულოთ ჩემი ბრძანება.
- როგორ? პირი ავუკრა ჩემს კაპს, ზერბინოსა და დოლჩეს? არასოდეს! ამას ვერ ვიზამ, - უთხრა ვიტალისმა. - რანაირად უნდა გამოუწეროს წამალი სწავლულმა ექიმმა კაპმა ავადმყოფ სულიკოს, თუ ტუჩი აკრული ექნება?! ექიმის შესაფერი სხვა მორთულობა რომ არსებობდეს, მაშინ ჩემს კაპსაც გავუკეთებდი.
ამ სიტყვებმა დიდი სიცილ-ხარხარი გამოიწვია. საზოგადოების მოწონებით გულმოცემულმა ვიტალისმა განაგრძო:
- მეორე, რანაირად შეუძლია ჩვენს მშვენიერ მომვლელ დოლჩეს ურჩიოს თავის ავადმყოფს, რომ საჭიროა მისთვის ნაწლავების გამორეცხვა, თუ პირი აკრული ექნება? ვთხოვ საზოგადოებას, მიპასუხოს ამაზე და თავისი აზრიც გამოთქვას.
პატივცემულმა საზოგადოებამ სიტყვიერი პასუხი არ მისცა, მაგრამ სიცილით დააჯილდოვა. საზოგადოება ვიტალისს თანაგრძნობით ტაშს უკრავდა, პოლიციელს კი სიცილს აყრიდა. მაიმუნი პოლიციელის უკან იდგა და დასცინოდა: ხან გულზე დაიწყობდა ხელებს, ხან ფერდებზე იცემდა, ხან კი იბღინძებოდა და ხალხს აცინებდა.
ვიტალისის სიტყვებმა პოლიციელი გააბრაზა, საზოგადოების სიცილმა კი სულ გადარია. პოლიციელი შებრუნდა და დამანჭული მაიმუნი დაინახა. ორივენი მიშტერებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ეჯიბრებოდნენ: აბა, ვინ უფრო დიდხანს გაუჩერებს თვალსო. მხოლოდ ხანგრძლივმა, განუწყვეტელმა სიცილმა მოუღო ბოლო ამ სცენას.
- ხვალაც თუ არ ექნა თქვენს ძაღლებს პირსაკრავები, - დაგვემუქრა პო- ლიციელი, - იცოდეთ, ოქმს შეგიყენებთ და სამსჯავროში მიგიყვანთ!
- ხვალამდის, ბატონო, ხვალამდის! - უთხრა ვიტალისმა და მძიმედ დაუკრა თავი.
რადგან პოლიციელი აღარ იყო, წარმოდგენა განვაგრძეთ. მეგონა ბატონი მეორე დღესვე იყიდდა პირსაკრავებს, მაგრამ ის არ ჩქარობდა, არ კი ვიცი, რატომ.
მთელ საღამოს ერთხელაც არაფერი წამოსცდენია პოლიციელთან მომხდარი უსიამოვნების შესახებ.
მე გავბედე და ვკითხე:
- ბატონო, თუ გნებავთ, რომ ხვალ კაპი პირაკრული გავიყვანოთ, პირსაკრავი დღესვე უნდა ვიყიდოთ და მივაჩვიოთ, თორემ ხვალ არ გაიჩერებს.
- შენა გგონია კაპს რკინით შევუკრავ პირს?
- პოლიციელმა რომ არ მოგვასვენოს?
- გეტყობა, გლეხი ხარ. როგორც გლეხს, პოლიციელის ან ჟანდარმის დანახვაზე ყველაფერი გავიწყდება. ნუ გეშინია! ამ საქმეს ისე მოვაწყობ, არც პოლიციელი მოვა და არც ჩემს ძაღლებს შევაწუხებ. ამასთან პოლიციელს ისე მოხერხებულად დავცინებ, საზოგადოებას სიცილით დავხოცავ. ამით ხალხს ჩვენს წარმოდგენებს უფრო მოვაწონებთ.
შენ ხვალ მაიმუნი წაიყვანე და მოედანზე ქნარი დაუკარი. როცა ბევრი ხალხი შეიკრიბება და პოლიციელი მოვა, იმწამსვე ჩემი ძაღლებით გამოვჩნდები და ჩვენი კომედიაც მაშინ დაიწყება.
არ მინდოდა მოედანზე მარტო წავსულიყავი, მაგრამ ვიცოდი, ბატონი არაფერს დამიჯერებდა. დარწმუნებული კი ვიყავი, რომ დღეს პილიციელი გვაჯობებდა.
მეორე დღეს, როგორც ნაბრძანები მქონდა, დავდექი ამორჩეულ ადგილას და ქნარი დავუკარი. ჩემ გარშემო აუარებელი ხალხი შეგროვდა.
უკანასკნელ დროს ისე მშვენივრად ვისწავლე ქნარის დაკვრა და ზედ დამღერება, რომ ყველა აღტაცებაში მომყავდა. ამ წარმოდგენას ზოგიერთი გუშინდელი მაყურებელიც ისმენდა. მათ გუშინაც ენახთ ვიტალისის და პოლიციელის შეტაკება და დღეს თავიანთი ნაცნობებიც წამოეყვანათ.
როგორც ყველგან, ისე ქალაქ ტულუზაშიც, ბევრს უყვარდა ამგვარი ჩხუბისა და კინკლაობის ყურება, ბევრს უნდოდა შეეტყო, რანაირად დაიხსნიდა თავს მოხუცებული იტალიელი გაჭირვებული მდგომარეობიდან და როგორ აჯობებდა თავის მოწინააღმდეგეს.
თუმცა ვიტალისს ორი სიტყვის მეტი არ უთქვამს საზოგადოებისათვის: მშვიდობით, ბატონებოო, საზოგადოება მაინც მოუსვენრად მოელოდა წარმოდგენას, სადაც ვიტალისი პოლიციელს თავისებურად, შხამიანად დასცინოდა.
ამის გამო აუარებელი ხალხი შეკრებილიყო. როდესაც მე და ჩემი მაიმუნი დაგვინახეს, ძლიერ ეწყინათ და განცვიფრებით კითხულობდნენ:
- მოხუცი იტალიელი სადღაა, ნუთუ არ მოვა?
- როგორ არა, სულ მალე მოვა, - მივუგე და სიმღერა დავიწყე. პირველად პოლიციელი გაჩნდა. მაიმუნმა მოჰკრა თუ არა თვალი,
დიდკაცის სახე მიიღო, გაიბერა, თავი უკან გადახარა და ჩემ გარშემო ამპარტავნულად, დინჯად დაიწყო საირული. ხალხმა თავი ვეღარ შეიკავა და სიცილ-კისკისით ტაშისცემა დაიწყო.
პოლიციელი შეშფოთდა და მწყრალი თვალით გადმომხედა. ამით თითქოს ცეცხლზე ნავთს ასხამდა. ხალხი უფრო გულიანად ახარხარდა. მეც ძლივს შევიკავე თავი, მაგრამ თან ვწუხდი, რამე რომ ეკითხა, არ ვიცოდი, რა პასუხი მიმეცა.
პოლიციელის სახის გამომეტყველება კარგს არაფერს მიქადდა. ზიზღი და გულმოსულობა თანდათან ემატებოდა. გაჭიმული თოკის ახლოს გამივლიდა და გამომივლიდა, მრისხანედ გადმომხედავდა. ვატყობდი, ჩვენი საქმე ცუდად იყო.
მაიმუნი, რასაკვირველია, ვერც ვერაფერს ხედავდა და ვერც ვერაფერს გრძნობდა. ის მხოლოდ პოლიციელს ბაძავდა. მის მსგავსად გაივლიდა და გამოივლიდა გაჭიმული თოკის ახლოს და მუქარით მიბრიალებდა თვალებს. ხალხი უყურებდა და იცინოდა.
მე არ მინდოდა, რომ მაიმუნს გაეგრძელებინა დაცინვა, მაგრამ ვერც დაჭერას ვახერხებდი.
აღარ მახსოვს, რანაირად მოხდა, მხოლოდ შევხედე, უცებ პოლიციელი თოკს გადმოახტა და ჩემთან მოვარდა. თურმე ეგონა, რომ მაიმუნს მე ვასწავლიდი პოლიციელი სასაცილოდ როგორ აეგდო, რათა ამით ხალხი გამემხიარულებინა. პოლიციელი მომვარდა და სილა გამარტყა. მაგარმა სილამ წამაბორძიკა და კინაღამ წამაქცია.
სანამ, თვალის გახელას მოვასწრებდი, ვიტალისი, თითქოს დედამიწიდან ამოძვრაო, ჩემსა და პოლიციელს შუა ჩადგა და პოლიციელს მაჯაში ხელი ჩაავლო.
- მე არ გაძლევთ ნებას, რომ ბავშვს სცემოთ, თქვენ სისაძაგლეს სჩადიხართ!
პოლიციელს უნდოდა ვიტალისისათვის ხელი წაერთმია, მაგრამ მოხუცი მაგრად უჭერდა და არ უშვებდა.
რამდენიმე წამის განმავლობაში განრისხებულნი მისჩერებოდნენ ერთმანეთს.
მშვენიერი შესახედავი იყო ჩემი ბატონი. მისი მაღალი ტანადობა და მრისხანე სახის სასტიკი გამომეტყველება ნათლად ამჟღავნებდა პოლიციელისადმი ზიზღსა და სიძულვილს.
მეგონა, პოლიციელს მარტო ამგვარი მბრძანებლური სახის გამომეტყველება გააქრობს-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. უცებ პოლიციელმა ღონივრად გაიწია, ვიტალისს მაჯა გამოგლიჯა, ღონივრად ჩასჭიდა ხელი მოხუცს საყელოში და ისე უხეშად წაჰკრა მუჯლუგუნი, რომ ვიტალისი კინაღამ წაიქცა. მაგრამ უცებ წელში გაიმართა, მარჯვენა ხელი გაშალა და პოლიციელს სილა გააწნა.
ვიტალისს თუმცა ღონე ერჩოდა, მაგრამ მოხუცებული იყო, პოლიციელი კი - უფრო ახალგაზრდა და ძალ-ღონით სავსე. მათ შორის, რასაკვირველია, თანასწორი ბრძოლა არ შეიძლებოდა.
- რა გნებავთ? - ჰკითხა ვიტალისმა.
- თქვენ დაპატიმრებული ხართ, წამომყევით.
- რათა სცემეთ ჩემს ბავშვს?
- გაჩუმდით და წამომყევით, ეს თქვენი საქმე არ არის. ვიტალისს პასუხი აღარ გაუცია, მომიბრუნდა და მითხრა:
- შენ წადი, ეს ძაღლები ბინაზე წაიყვანე, იქ იყავი და ჩემს ამბავს გაცნობებ.
მეტი სიტყვის თქმა ვერ მოასწრო; პოლიციელმა მოჰკიდა ხელი და პოლიციაში წაიყვანა.
საზოგადოების გამხიარულება გვინდოდა, მაგრამ წარმოდგენა სამწუხაროდ გათავდა. ძაღლებმა მიმავალი ვიტალისი რომ დაინახეს, უკან გამოეკიდნენ. მე დავუძახე. მაშინვე გამობრუნდნენ, რადგან მორჩილებას იყვნენ მიჩვეული.
ახლა შევნიშნე, რომ ყველას პირსაკრავი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ რკინის კი არა, აბრეშუმის ლენტებისაგან მოქსოვილი. კაპი თეთრბეწვიანი იყო და იმისთვის წითელი პირსაკრავი გაეკეთებინა, შავი ზერბინოსათვის
- თეთრი, ნაცრისფერი დოლჩესათვის კი მტრედისფერი.
ვიტალისს თავისი ძაღლები ამგვარი პირსაკრავით იმისთვის კი არ გამოუწყვია, რომ პოლიციელის ბრძანება შეესრულებინა, არამედ სურდა უფრო სასაცილო და მხიარული გაეხადა თავისი წარმოდგენა.
ხალხი გაიფანტა. მეც შინისაკენ წავედი, მაგრამ საშინელმა მწუხარებამ, და ჯავრმა შეიპყრო იმ დღეს ჩემი გული. ვიტალისს მივეჩვიე და სულითა და გულით შევიყვარე, ანდა ვინ არ შეიყვარებდა ამ ტკბილ მოხუცს. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, ერთი სიხარულით ვხარობდით და ერთი მწუხარება გვაწუხებდა. დილიდან საღამომდის ერთმანეთს არ ვშორდებოდით და ღამითაც თითქმის ყოველთვის ერთ ლოგინში ვწვებოდით.
ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც მშობელი მამა. მან მასწავლა წერა-კითხა, სიმღერა, მუსიკა, თვლა და ანგარიში. თავისუფალ დროს ყოველთვის ცდილობდა, რაიმე კარგი ამბით დაეტკბო ჩემი სმენა, ხშირად ცხოვრებასაც მაცნობდა ხოლმე. სადილობისას კარგ ნაჭერს თვითონ არასოდეს არ ირგუნებდა. ძლიერ ვუყვარდი და მეც ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მას ესიამოვნებოდა.
საყვარელი პატრონის მოშორებამ ძლიერ დამაღონა. ვფიქრობდი, როდისღა დაბრუნდებოდა, როდის ვნახავდით ერთმანეთს. პატიმრობით დაემუქრა. ნუთუ დიდხანს ეყოლება დაჭერილი? მერე მე რა მეშველება? რა ვქნა? რანაირად ვიცხოვრო?
ვიტალისს ყოველთვის ჰქონდა ჯიბეში ფული. მაგრამ ისე წაიყვანეს, მოცემა ვეღარ მოასწრო.
ჯიბეში რამდენიმე გროში მეგდო, მაგრამ რას გვეყოფოდა ძაღლებს, მაიმუნს და მე.
საშინელ მწუხარებაში გავატარე ორი დღე. ვიჯექი და ძაღლებს ვათამაშებდი. მათაც საშინლად მოიწყინეს.
მესამე დღეს ვიღაცამ მომიტანა ვიტალისის წერილი. წერილში მწერდა: მოქმედებითა და სიტყვით მოსამსახურე პირის შეურაცხყოფა მბრალდებაო. ჯერ გამოძიება წარმოებს და გამოძიების შემდეგ, შაბათს გამასწორებელ სატუსაღოში წამიყვანენო. ვერ შევიკავე თავი გულმოსულობის დროს და ისეთი დანაშაული ჩავიდინე, რომ იაფად არ დამიჯდებაო, - უმატებდა ბოლოს წერილში, - მაგრამ სიკვდილის შემდეგ სინანული გვიანღააო. საქმის გარჩევის დროს სასამართლოში მოდი და უყურე, შენთვის სასარგებლო იქნებაო.
აქვე მწერდა და მირჩევდა, რანაირად უნდა მოვქცეულიყავი. მოკითხვას, პირზე კოცნას მითვლიდა და მასთან კაპს, ზერბინოს და მაიმუნსაც მოკითხავს სწერდა.
იმ დროს, როცა წერილს ვკითხულობდი, კაპი ჩემს ფეხებ შუა იდგა, ქაღალდს სუნავდა, კუდს იქნევდა და ყეფდა, ეტყობოდა, იგრძნო რომ ბატონის გამოგზავნილი წერილი იყო. ამან ცოტა გაამხიარულა.
გავექანე და შევიტყვე, როდის გაირჩეოდა საქმე. საქმე დილის ათ საათზე იწყებოდა. შაბათს, დილის ცხრა საათზე, უკვე სასამართლოს კარებთან ვიდექი და, გააღეს თუ არა, შიგ შევედი.
სასამართლოს დარბაზი თანდათან ხალხით აივსო. აქ ზოგი ისეთი პირიც ვნახე, ვიტალისისა და პოლიციელის შეტაკებას რომ ესწრებოდა.
სასამართლოს მორთულობას პირველად ვხედავდი და, ცოტა არ იყოს, კიდევაც შემაშინა. ვიგრძენი, მეც რაღაც ხიფათი მომელოდა. რომ არავის დავენახე, მივედი და ბუხარს მოვეფარე, ძლივსღა მოვჩანდი.
პირველად ქურდების საქმე გაარჩიეს. მათ თავი დამნაშავედ არ ცნეს, მაგრამ მაინც ყველას სასჯელი გადაუწყვიტეს.
ბოლოს შემოიყვანეს ვიტალისი, აქეთ-იქით ორი ჟანდარმი ედგა, და ბრალდებულთა სკამზე დასვეს.
რა ჰკითხეს ვიტალისს პირველად ან რა პასუხი მისცა, - ვერ გავიგე, რადგან აღელვებული ვიყავი და ყური ვერ დავუგდე; მხოლოდ ცქერად გადავიქეცი.
ვუყურებდი ჩემს ბატონს, რომელიც იდგა და ისე აძლევდა პასუხს. ვიტალისს თავისი გრძელი თეთრი თმა უკან გადაეყარა და სირცხვილით შეწუხებულსა და გაჯავრებულ ადამიანს წააგავდა. შემდეგ მსაჯულს მივაჩერდი.
- მაშ თქვენ დამნაშავედ სცნობთ თავს იმაში, რომ, როცა პოლიციელი გიჭერდათ, მოქმედებითა და სიტყვით შეურაცხყოფა მიაყენეთ?
- დიახ, ბატონო მსაჯულო! როდესაც მივედი იმ ადგილას, სადაც ჩვენ წარმოდგენა უნდა გაგვემართა, დავინახე, რომ პოლიციელი იდგა და ჩემს ბავშვს სცემდა.
- ეს ბავშვი თქვენი შვილი ხომ არ არის?
- არა, ბატონო მსაჯულო, მაგრამ შვილზე მეტად მიყვარს. ვეღარ ავიტანე, რომ ბავშვსა სცემდნენ, მივვარდი, მკლავში ვეცი პოლიციელს და ნება აღარ მივეცი მეორედ კიდევ გაერტყა სილა.
- თქვენ თვითონ გაარტყით სილა პოლიციელს?
- დიახ, როცა კისერში ხელი მომკიდა და მუჯლუგუნი მკრა, მთლად დავიბენი, აღარ ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე და შემოვკარი.
- თქვენი ხნის კაცს უნდა მოეთმინა.
- ეგ მართალია, მაგრამ განა ყოველთვის ისე ვმოქმედებთ, როგორც უნდა ვიმოქმედოთ?
- ახლა პოლიციელსაც ვკითხოთ.
პოლიციელი მოყვა და დაწვრილებით უამბო მსაჯულს, თუ როგორ სცემეს, ისიც კი თქვა, რანაირად დასცინოდნენ მის ლაპარაკს და მოქმედებას.
ამ ჩვენების დროს ვიტალისი აქეთ-იქით იცქირებოდა და მათ ლაპარაკს ყურსაც არ უგდებდა. მაშინვე შევატყვე, რომ მე მეძებდა. მაშინ გამოვძვერი სამალავიდან და ისეთ ადგილას დავდექი, ვიტალისს ადვილად დავენახე.
შემხედა და სახე უცებ გაუბრწყინდა. მე ვიგრძენი, რომ ჩემი შეხედვით ბედნიერი იყო. მისმა სიხარულმა ჩემზედაც იმოქმედა; ჩავღუნე თავი და სიხარულის ცრემლები წამომივიდა.
- სხვა არაფერი გაქვს სათქმელი? - ჰკითხა მსაჯულმა ვიტალისს, როცა პოლიციელმა თავისი ამბავი დაასრულა.
- მეტი რა უნდა მოგახსენოთ, ბატონო მსაჯულო, - უთხრა ვიტალისმა.
- მხოლოდ გთხოვთ შემიმსუბუქოთ სასჯელი, რადგან ჩემი სიცოცხლე მარტო მე არ მეკუთვნის. მყავს ბავშვი, რომლის სამადლოდ გთხოვთ ცოტა ხნის სასჯელი გადამიწყვიტოთ. დიდხანს ნუ დაგვაშორებთ ერთმანეთს!..
მეგონა ბატონს მაშინვე გამოუშვებდნენ და ჩემთან წამოვიდოდა, მაგრამ ვაი რომ მოვტყუვდი. მსაჯულმა სასტიკი ხმით წაიკითხა თავისი განაჩენი.
ვიტალისი დამნაშავედ სცნეს მოქმედებითა და სიტყვიერად მომსახურე პირის შეურაცხყოფისათვის და ორი თვის ციხე და ასი ფრანკი ჯარიმა გადაუწყვიტეს.
ორი თვის ციხე!
ცრემლით სავსე თვალებით ძლივსღა დავინახე, რომ ჟანდარმებმა ვიტალისი საპყრობილეში წაიყვანეს იმ კარიდანვე, საიდანაც სასამართლოში შემოიყვანეს. კარი დახურეს და მარტო დავრჩი.
ორი თვე ერთმანეთს ვერ ვნახავთ! სად უნდა წავიდე?!
თავი მეათე
ბავშვი
თვალცრემლიანი, გულშეწუხებული დავბრუნდი შინ. კართან მედუქნე შემხვდა და მკითხა:
- რა ჰქენი? როგორ არის შენი ბატონის საქმე?
- დასაჯეს.
- რამდენი ხნით?
- ორი თვე ციხეში უნდა იჯდეს.
- ჯარიმა?
- ასი ფრანკი.
- ორი თვის ციხე! ასი ფრანკიც ჯარიმა! - გაიმეორა მედუქნემ.
მინდოდა მოვშორებოდი, დუქანში შევსულიყავი, მაგრამ გამაჩერა და განაგრძო:
- მერე ამ ორ თვეს რას აპირებ?
- არ ვიცი, ბატონო.
- ალბათ, ფული გექნება, თორემ უფულოდ, რითი გინდა ან თავი ირჩინო, ანდა ეს ძაღლები შეინახო?
- არა, ბატონო, ფული არა მაქვს.
- ეგებ ჩემი იმედი გაქვს?
- არა, ბატონო, არავის იმედი არა მაქვს, - სრული სიმართლე ვუთხარი.
- მართალს ამბობ, პატარავ, - განაგრძო მედუქნემ, - მაგრამ მეც ცოდვა ვარ. შენმა ბატონმა ისეც ბევრი წაიღო ჩემგან. დარწმუნებულიც რომ ვიყო, მისგან ძველ ნახარჯს მივიღებ, მაინც არ შემიძლია თქვენი შენახვა. დღეს თუ ხვალ სხვა ბინა უნდა მოძებნოთ და ოთახი გამითავისუფლოთ.
- აქედან გადავიდე? მერე სად უნდა წავიდე?
- სადაც გნებავთ. ეს ჩემი საქმე არ არის. მე შენი არც მამა ვარ, არც ბატონი. თქვენი შენახვა აღარ შემიძლია და უნდა მიბრძანდეთ.
გული დამწყვიტა მისმა სიტყვებმა და მეხდაცემულივით ვიდექი დადუმებული. კარგად რომ დავუკვირდი ჩემს ცხოვრებას, დავრწმუნდი, ის კაცი მართალი იყო, მისთვის ზედმეტი ბარგი ვიყავი.
- წადი, შვილო, წადი; წაიყვანე შენი ძაღლები და მაიმუნი. წადი აქედან. შენი ბატონის ნივთები, თუ გინდა, დატოვე. შენ კი მომშორდი, გამითავისუფლე ოთახი; როცა ვიტალისს ციხიდან გაათავისუფლებენ, ჩემთან მოვა და მაშინ გავსწორდებით.
ამ სიტყვებმა საიმედო შუქით გამიბრწყინა დაღვრემილი პირისახე და ვიფიქრე, შევებრალები და კიდევ დამტოვებს-მეთქი.
- ნება მომეცით, ბატონო ჩემო, რომ ჩემი ბატონის მოსვლამდე აქვე დავრჩე. როცა ის ციხიდან დაბრუნდება, ყველაფერში გაგისწორდებათ.
- შენს ბატონს შეუძლია მხოლოდ რამდენიმე დღის ნახარჯი მომცეს; ორი თვის დანახარჯის გადახდა ძლიერ გაუჭირდება.
- ვეცდები ამ ხნის განმავლობაში, რაც შეიძლება, ცოტა ვჭამო.
- ეგ შენა. შენი ცხოველები? არა, არა, შვილო, უსათუოდ უნდა წახვიდე. თქვენი შენახვა არ შემიძლია. წადი, წაიყვანე ეს ძაღლები, იარე სოფლებში და ირჩინე თავი.
- მერე სად უნდა მნახოს ჩემმა ბატონმა? ციხიდან პირდაპირ აქ მოვა, მე კი არ დავუხვდები. ეს შესაძლებელია?
- იმ დროისათვის შენც დაბრუნდი. მანამდის კი იარე სოფლებში, ქალაქებში, ფული იშოვე და თავიც ირჩინე.
- ბატონმა რომ წერლი გამომიგზავნოს? ეგებ დასჭირდა რაიმე?
- მე შეგინახავ, სანამ არ დაბრუნდები.
- თუ პასუხი მაშინვე მოითხოვა?
- ოჰ, თავი მომაბეზრე ამდენი სისულელით! ერთი სიტყვით, მე კი უნდა მომშორდე და, სადაც გინდა, წადი. ხუთი წუთი მომიცია ვადა; თუ ამ ხუთ წუთში არ წასულხარ, მაშინ სწორედ მერიდე. გესმის?
ახლა კი ვიგრძენი, რომ შებრალებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მაშინვე ავხსენი ძაღლები, მაიმუნი ტომარაში ჩავსვი, ქნარი გვერდზე გადავიკიდე და დუქნიდან გავედი. მედუქნე კარებამდე გამომყვა.
- თუ რაიმე წერილი მოვიდა, ნუ გეშინია, შეგინახავ! - მომაძახა. პოლიციელების მეშინოდა. ვჩქარობდი მალე გავშორებოდი ქალაქს, არც
ერთ ძაღლს პირსაკრავი არ ჰქონდა, ყიდვა კი არ შემეძლო: ჯიბეში მხოლოდ თერთმეტი სუ მედო.
ასე უპატრონო და გამოუცდელი ყმაწვილი ოჯახის თავი, მთელი დასის ხელმძღვანელი უნდა გავმხდარიყავი. ამ ფიქრებში გართული ტულუზას კაი მანძილით დავშორდი. რაღაც ლოდივით მაწვა გულზე; ვფიქრობდი, ვაითუ ვერ გავუძლო ამ სამძიმო მოვალეობას მეთქი. ვგრძნობდი, ძლიერ მძიმე ტვირთი მაწვებოდა კისერზე.
ჩქარა მივდიოდი. ძაღლებს თავი ზევით აეშვირათ და ისე მომდევდნენ, სულ თვალებში მომჩერებოდნენ. მათი ამგვარი ცქერა უსიტყვოდაც გასაგები იყო: საბრალოებს შიოდათ და საჭმელს მთხოვდნენ.
მაიმუნი ტომარაში მყავდა და ზურგზე მეკიდა. ის ხანდახან ყურზე მომითათუნებდა, თითქოს მეუბნებოდა, ყურადღება მომაქციეო. როცა მივიხედავდი, მუცელზე ხელის ტყაპუნს და მანჭვას იწყებდა. ამით იმასვე მეუბნებოდა, რასაც ძაღლები, ესე იგი მშია და მაჭამეო. ჩემი თერთმეტი სუ საუზმისა და სადილისათვის არ გვეყოფოდა; გადავწყვიტე ერთხელ გვეჭამა, შუადღეზე.
ტულუზიდან გამოსვლის დროს ვეღარ მოვასწარი შემეტყო, საით მიდიოდა ეს გზა. ოღონდ ტულუზას გავშორებოდი და სულ ერთი იყო, სადაც მივიდოდი.
ორ საათს შეუსვენებლივ ვიარეთ. ძაღლები საცოდავი თვალებით მიყურებდნენ; მაიმუნი კი ყოველ წამს მთხოვდა, მაჭამეო.
როგორც იქნა, მივაღწიეთ ერთ სოფელს: პურის საყიდლად პირველსავე დუქანში შევედით, გირვანქა-ნახევარი პურის ყიდვა მინდოდა.
- ორი გირვანქა წაიღეთ! - მითხრა მეპურემ, - ბევრი ხართ და ეგ პური რას გეყოფათ! მაგათ კარგად უნდა აჭამოთ!
ის მართალი იყო, მაგრამ ჩემი ჯიბის ამბავი არ იცოდა. გირვანქა პური ხუთი სუ ღირდა: ორი გირვანქა რომ მეყიდა, ათი სუ უნდა მიმეცა, მაშინ ჯიბეში ერთი სუს მეტი აღარ დამრჩებოდა.
ამიტომ მხოლოდ გირვანქა-ნახევარი პური ვიყიდე. დანარჩენი ფული კი შევინახე, რომ მეორე დღეს, სანამ რამეს ვიშოვიდი, შიმშილით არ დავხოცილიყავით.
დუქნიდან რომ გამოვედი, ძაღლები სიხარულით შემომეხვივნენ, მაიმუნი თმას მიწეწავდა და ამით მატყობინებდა, პური მომეციო. ხის ქვეშ დავსხედით. ძაღლები ჩემ პირდაპირ წამოწვნენ, მაიმუნი კი გვერდით მომიჯდა და ნერწყვის ყლაპვა დაიწყო. პური ხუთ დიდ ნაწილად დავჭერი, მერე ეს ნაჭრები პატარ-პატარა ნაწილებად დავყავი.
მაიმუნს ჩვენზე უფრო ცოტა საჭმელი ჰყოფნიდა. ის გაძღა, ჩვენ კი სული ძლივს მოვიბრუნეთ.
მისი წილიდან სამი ნაჭერი მორჩა. მე ავიღე და ტომარაში შევინახე, რომ საღამოს ძაღლებისთვის მიმეცა.
როცა ჭამა გავათავეთ, მოკლე სიტყვით მივმართე ჩემს დასს:
- ჩემო ძვირფასო მეგობრებო! სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ: ვიტალისს ორ თვეს ვეღარ ვნახავთ.
- უუ! - გულსაკლავად ამოიკვნესა კაპმა.
- ის იყო ჩვენი შემნახველი, მარჩენალი. ახლა საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდით. საჭმელი ჩვენ არა გვაქვს და ფული.
გავათავე სიტყვა თუ არა, კაპმა ყურები დაცქვიტა, უკანა ფეხებზე დადგა და გარშემო ტრიალი დაიწყო, თითქოს საზოგადოებას უვლიდა და ფულსა სთხოვდა.
- გინდა, რომ წარმოდგენა გავმართოთ, - განვაგრძე მე, - ეს ცუდი რჩევა არ არის. მაგრამ გვექნება რაიმე შემოსავალი? აი საქმე ასეა. ახლა ჯიბეში მაქვს კიდევ სამი სუ, დანარჩენი უნდა ვიშოვოთ. თქვენ ყველაფერი იცით ამ საქმისა და იმედი მაქვს რასაც გიბრძანებთ, ყველაფერს ცქვიტად და მარდად შემისრულებთ.
ძაღლები ისე გულმოდგინედ მისმენდნენ, გეგონებოდათ, ყველაფერი გაიგესო. ხტუნია და ცეტ მაიმუნს კი დიდხანს არ უსმენია ჩემთვის. მალე მოსწყინდა და ხეზე ასრიალდა, ტოტიდან ტოტზე ქანაობა დაიწყო.
რამდენიმე წამს დავისვენეთ და შემდეგ ისევ გზას დავადექით. კარგა ხნის სიარულის შემდეგ ერთ სოფელს მივადექით. დავათვალიერე სოფელი და გადავწყვიტე - მეორე დღესვე გაგვემართა წარმოდგენა. ეტყობოდა, სოფელი ღარიბი იყო, მაგრამ ბევრ შემოსავალს არ მივდევდი; ისიც კმაროდა, რომ სოფელი პატარა იყო, პოლიციელი არ იქნებოდა და წარმოდგენას ვერ ჩამიშლიდა.
გამოვაწყვე მსახიობები და ლამაზად მორთულნი შევედით სოფელში. ყველაფერი საუცხოოდ იყო მოწყობილი. მხოლოდ, ჩვენდა საუბედუროდ, ვიტალისი და მისი სალამურის ხმა გვაკლდა. გვაკლდა ვიტალისის ახოვანი შეხედულება, როცა ამგვარად გამოწყობილ მსახიობებს სალამუ- რით წინ მიგვიძღოდა და თავისი ვაჟკაცური გარეგნობით ხალხს იზიდავდა.
მასთან შედარებით მე რა შემეძლო: პატარა, გამოუცდელი ბიჭი ვიყავი. ამასთან ძლიერ მეშინოდა, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი წარმოდგენები ხალხს მოეწონებოდა და რაიმე შემოსავალი მექნებოდა.
როცა სოფელში შევდიოდი, აქეთ-იქით ვიცქირებოდი; მინდოდა შემეტყო ხალხის განწყობილება. მაინტერესებდა, მოახდინა რაიმე შთაბეჭდილება ჩემი დასის შესვლამ თუ არა. მაგრამ, საუბედუროდ, სოფელში ცოტამ მოგვაქცია ყურადღება. აქა-იქ ზოგიერთებმა შემოგვხედეს, მაგრამ მალე ისევ მოგვაშორეს თვალი და მუშაობა განაგრძეს.
სოფლის მოზრდილ მოედანზე მივედით, მოვიხსენი ქნარი და ვალსი დავუკარი. მუსიკა მშვენიერი და სასიამოვნო იყო. მხოლოდ გულზე რაღაც ლოდივით მაწვა. ქნარს კი ვუკრავდი, თითებს სიმებზე მარდად ვათამაშებდი, მაგრამ უგულოდ.
თვალით ვანიშნე. ზერბინომ და დოლჩემ მშვენივრად იცეკვეს, მაგრამ სულ ამაოდ: ერთი კაციც არ მოსულა, რომ ჩემი მუსიკით დამტკბარიყო ან ეს მშვენიერი თამაში ენახა. ღობის შიგნით სოფლის დედაკაცები იდგნენ, წინდებს ქსოვდნენ, ლაპარაკობდნენ და მხოლოდ ხანდახან გადმოგვხედავდნენ ხოლმე გულცივად. მაშინ ძაღლებს ვუბრძანე ცეკვა შეეწყვიტათ. ძაღლებმა ბრძანება შეასრულეს. ახლა მე დავიწყე სიმღერა. ჩემს დღეში ასე მონდომებით არ მიმღერია.
ჯერ სიმღერა გათავებულიც არა მქონდა, რომ ვიღაც სერთუკიანი და შლაპიანი კაცი მომიახლოვდა.
«მადლობა ღმერთს, ძლივს-მეთქი», - გავიფიქრე და უფრო აღტაცებით განვაგრძე სიმღერა.
- შენ, ეი, ვიღაც ეშმაკი ხარ! რას სჩადიხარ? - დამიყვირა გაბრაზებულმა. იმწამსვე შევჩერდი და გაშტერებული მივაჩერდი.
- პასუხს რატომ არ მაძლევ?
- ხომ ხედავ, ბატონო ჩემო, რომ ვმღერი...
- მერე, აქ სიმღერის ნება გაქვს აღებული?
- არა, ბატონო.
- მაშ წადი აქედან, თორემ...
- კი ბატონო, მაგრამ...
- მალე წადი აქედან! მეველე ვარ, გამშორდი, შე მათხოვარო, თორემ... მეველე?! შევშინდი. გამახსენდა ვიტალისი. გამახსენდა ისიც, რა ძვირად დაუჯდა პოლიციელთან შეტაკება.
იმწამსვე დავუძახე ძაღლებს, დავტოვე ეს სოფელი და წავედი. მათხოვარი! რად მიწოდა იმ კაცმა მათხოვარი? მე ხომ მათხოვარი არა
ვარ! გასაბრაზებლად მიწოდა მათხოვარი! მე არ მიმათხოვრია, პურს სიმღერით და ცეკვით ვშოულობ. რა არის აქ ცუდი?
ხუთ წუთში სოფელს მოვშორდი. დაღვრემილი და შეწუხებული ძაღლები კუდამოძუებულნი მომდევდნენ: გრძნობდნენ, რომ წარმოდგენა წაგვიხდა და შემოსავალი არაფერი იყო.
საღამო ხანს ღამის გასათევ ბინაზე დავიწყეთ ფიქრი. ჩვენდა საბედნიეროდ, კარგი ამინდი იდგა, შეიძლებოდა გარეთ, ხის ქვეშაც გაგვეთია ღამე. ოღონდ სადმე ისეთ ადგილას უნდა დავბინავებულიყავით, რომ მეველეებს ან გარეულ მხეცებს ჩვენთვის ძილი არ დაეფრთხოთ. გარეულ მხეცებზე უფრო კი მეველეებისა მეშინოდა.
დიდხანს ვიარეთ. მზე გადაიხარა. ჩამავალი მზის სხივები წითლად მოსდებოდა ცის კამარას. ჩვენ ისევ ბინას ვეძებდით.
ტყე-ტყე მივდიოდით; ალაგ-ალაგ პატარა მინდვრები და უზარმაზარი ლოდები გვხვდებოდა. უდაბური ადგილი იყო, მაგრამ მაინც აქ ვარჩიე გაჩერება. ლოდებს მაინც შევაფარებდით თავს და აღარ დავსველდებოდით.
ძაღლებს არაფერი უშავდათ, მე და მაიმუნს კი უთუოდ გაგვიჭირდებოდა ტრიალ მინდორზე, ცივ მიწაზე ღამის გათევა.
ერთი ლოდი ამოვარჩიე, სახურავის მსგავსად იყო დაქანებული. მის ქვეშ ქარს აუარებელი ხავსი დაეგროვებინა. ეს ხავსი ისე მოფენილიყო, უკეთეს საწოლს ვერსად ვიშოვიდი. მშვენივრად მოვეწყვე, მაგრამ ვახშამი არსად იყო. შიმშილი კი ძალიან გვაწუხებდა. ჯიბეში ფული არ მომეძებნებო- და, ამიტომ აღარ მინდოდა ჭამაზე ფიქრი, დავწექი და კაპს ვუბრძანე, ჩვენთვის თვალყური ედევნებინა. დარწმუნებული ვიყავი, თუ კაპი გვიდარაჯებდა, მოკარებას ვერავინ გაბედავდა.
დავწექი, მაგრამ მწარე ფიქრები არ მასვენებდა. ვწუხდი, რომ ჩვენმა პირველმა წარმოდგენამ ცუდად ჩაიარა. არც ხვალინდელი დღის იმედი მქონდა. შიმშილი და წყურვილი ერთად მაწუხებდა. ჯიბეში სამი სუ მქონდა. ხშირად ვითვლიდი, მაგრამ მაინც სამი სუ იყო და სამი.
რა უნდა ვჭამოთ ხვალ, თუ აქედანაც გაგვაგდეს და წარმოდგენის ნება არ მოგვცეს? ნუთუ შიმშილით უნდა დავიხოცოთ ტყეში, ხის ძირას?
პირაღმა ვიწექი, ბნელოდა. ცის კამარა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. გარშემო სამარისებული მყუდროება გამეფებულიყო.
აუტანელმა დუმილმა გული კიდევ უფრო შემიკუმშა. სული მიწუხდა. სულ მარტონი ვიყავით, ყველასგან მოძულებულნი. მწარე ფიქრებმა შემიპყრეს და თვალი ცრემლით ამევსო. დიდხანს ვიკავე თავი, არ მინდოდა მეტირა, მაგრამ მაინც ჩემი დამემართა: უცებ ზლუქუნი მოვრთე, დედა ბარბარენი და ვიტალისი გამახსენდა. საბრალონი!
პირქვე დავემხე და გულსაკლავი ტირილი განვაგრძე. ტირილის დროს ვიღაცამ ლოყაზე ენა მომადო, თან თბილი სუნთქვა ვიგრძენი. თვალი გავახილე და კაპი დავინახე. კაპს ჩემი მწუხარება ეგრძნო, როგორც მეგობარი მოსულიყო და თავისი ალერსით მანუგეშებდა. პირველ დღეებშიც, როცა დედა ბარბარენს მომაშორეს, კაპი ასე მშველოდა. კაპის ალერსი მესიამოვნა. ხელი მოვხვიე, მაგრად ჩავიკარ გულში და ვაკოცე. კაპმა მორთო ყმუილი და მაგრძნობინა, რომ ისიც წუხს, ტირის ჩემს ამგვარ მდგომარეობას, გაჭირვებას.
დილას გვიან გამომეღვიძა, ავდექი. ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკი და შორს ეკლესიის ზარების ხმა მოისმოდა. მზე შემაღლებულიყო და თავისი ცხოველმყოფელი სხივებით სულსა და გულს უთბობდა ყოველ ცოცხალ არსებას.
ჩვენ იმ სოფლისაკენ წავედით, საიდანაც ზარის ხმა ისმოდა. გზაში კიდევ უფრო მოგვშივდა. პური ვიყიდე. სამ სუდ გირვანქაზე ნაკლები პური მომცეს. რაცა გვქონდა, იმით ვისაუზმეთ. ყველას პატარ-პატარა ნაჭერი შეგვხვდა.
გადავწყვიტე სოფელი დამევლო და, სადაც მომეწონებოდა, იქ გამემართა წარმოდგენა.
უცებ რაღაც ხმაური შემომესმა. მოვიხედე და ზერბინოს მოვკარი თვალი; ზერბინო მორბოდა, უკან კი ვიღაც დედაკაცი მოსდევდა ყვირილით. მივხვდი რაც მოხდა: ზერბინომ ისარგებლა ჩემი გაჭირვებით და მოინდომა თვითონ ეშოვა თავისი ულუფა; დედაკაცის სახლში შევარდა, მოსტაცა ხორცის ნაჭერი და გამოიქცა.
- ქურდები, ქურდები! ყველანი დაიჭირეთ, ყველანი! - ყვიროდა დედაკაცი და ძაღლს მოსდევდა.
ეს სიტყვები რომ გავიგონე, ვიფიქრე, მე მომთხოვენ ჩემი ძაღლის მაგიერ პასუხს-მეთქი, და გავიქეცი.
ღმერთი რომ გამწყრალიყო და დავეჭირეთ, სად შემეძლო დედაკაცისთვის ამ მოპარული ხორცის ფასის მიცემა?
კაპი და დოლჩე მაშინვე გამომედევნენ; მაიმუნი ზურგზე მეკიდა; მანაც იგრძნო, საქმე ცუდად იყო და ორივე ხელი კისერზე შემომხვია. დაჭერისა მეშინოდა, უკან მივიხედე, მომდევდნენ; ძაღლებიც თან მომყვნენ. უცებ ტრიალ მინდორზე გავჩნდით. თუმცა აღარაფერი იყო საშიში, მაინც გავრბოდი, სანამ მუხლები მემორჩილებოდა. მეშინოდა, არ დამწეოდნენ. ბოლოს გავჩერდი, სულს ძლივს ვითქვამდი. კაპი და დოლჩე გვერდში მიდგნენ. ზერბინო კი უკან ჩამომრჩენოდა. ალბათ, გზაში შეჩერდა, რომ მოტაცებული ხორცის ნაჭერი შეეჭამა.
დავუძახე, მაგრამ, რადგან დანაშაულს გრძნობდა, ხმა არ გამცა, დამემალა. თუმცა იმ დროს მოიტაცა, როცა შიმშილმა შეაწუხა, ამ საქციელისათვის მაინც უნდა დამესაჯა.
დავუძახე კაპს და ვუბრძანე: ზერბინო მოეძებნა.
კაპი იმწამსვე გაიქცა. ჩვენ კი მოვნახეთ წყნარი ადგილი და დასასვენებლად დავბინავდით. ჩვენ თვალწინ მშვენიერი სურათი გადაიშალა. არხის ნაპირას ვისხედით, საითაც გაიხედავდი, წყალი, ხეები და მწვანედ აბიბინებული ბალახი ხვდებოდა თვალს. კლდის ნაპრალიდან ჩუხჩუხით გადმოდიოდა ნაკადული და ქვებზე მინავარდობდა. აქ დაველოდეთ ამხანაგებს.
გაიარა საათმა, ძაღლები არსად ჩანდნენ. ცოტა არ იყოს, შევწუხდი. ამ დროს კაპი გამოჩნდა, მოწყენილი მოდიოდა, ტუჩი ძირს დაეშვა.
ზერბინო სადღაა?
კაპი მოვიდა და ქანცგამოლეული წამოწვა ჩემ გვერდით. კარგად დავაკვირდი. ყურები სისხლით ჰქონდა გათხუპნული. მაშინვე მივხვდი: ზერბინო არ წამოჰყვა და მათ შორის უსიამოვნება მოხდა...
რა უნდა მექნა? კარგად ვიცოდი ზერბინოს ხასიათი, რამდენიმე ხნის შემდეგ თვითონ მოვიდოდა და ჩემ წინაშე თავს მოიხრიდა.
ხის ქვეშ დავწექი. მაიმუნი ხეზე მივაბი, კაპი და დოლჩე ჩემს ფერხთით წამოწვნენ.
დრო მიდიოდა, ზერბინო არ ჩანდა, მე კიდეც ჩამძინებოდა. გვიან გამეღვიძა. მზე ჩადიოდა. მალე ბინდიც ჩამოწვებოდა. მუცელი შიმშილით მეწვოდა. ძაღლები და მაიმუნი საცოდავი თვალებით მომჩერებოდნენ.
ზერბინო მაინც არ ჩანდა და არა. ძალიან შევწუხდი: წავსულიყავი - ძაღლი უნდა დამეკარგა, არადა შიმშილით დავიხოცებოდით. ფული არ გვქონდა და საშოვრადაც ვერ მივდიოდით.
ძაღლები და მაიმუნი თანდათან მოთმინებას კარგავდნენ. მაინც გადავწყვიტე, საღამომდის მეცადა. ოღონდ მანამდე ძაღლები და მაიმუნი უნდა გამემხიარულებინა.
უცებ ვიტალისის ნაამბობი გამახსენდა: ომის დროს ჯარისკაცები რომ დაიღლებოდნენ, სამხიარულო სიმღერებს დაუკრავდნენ და თავისი დაღლილობა ყველას ავიწყდებოდაო.
«მეც დავუკრავ მუსიკას და ჩემს ძაღლებს შიმშილი დაავიწყდებათ-მეთქი», - ვიფიქრე ჩემთვის.
ავიღე ხელში ქნარი. მოვბრუნდი არხისკენ და მხიარული სათამაშო დავუკარი.
ჩემი მგზავრები გუნებაზე არ იყვნენ და პირველად ყურადღებაც არ მიაქციეს. მაგრამ თანდათან დაავიწყდათ შიმშილი და მშვენიერი ცეკვა-თამაში გამართეს.
უცებ ზურგს უკან ბავშვის ხმა მომესმა:
- ვაშა, ვაშა!
მოვიხედე, არხში ნავი მოცურავდა. ნავი ნაპირზე მყოფი ორი ცხენისთვის მიებათ, ნავს ისინი მოაცურებდნენ. უცნაურად იყო მოწყობილი. ჩემს დღეში არ მენახა ამგვარი ნავი; იმ ნავებზე უფრო მოკლე იყო, რომლებსაც არხებში ხმარობდნენ ხოლმე.
ზედაპირზე შუშაბანდი იყო გამართული, შუშაბანდის წინ კი ნაირ-ნაირი ყვავილებით მორთული აივანი ერთმანეთში ჩაწნულ-გადახლართული ყვავილებით მშვენიერ სურათს წარმოადგენდა. შიგ მშვენიერი ქალი იდგა მოწყენილი. იქვე ბავშვი იწვა, სწორედ ჩემი ხნისა.
აი, ამ ბავშვმა მოგვაძახა «ვაშა»
როცა გონს მოვედი, ქუდი მოვიხადე და მინდოდა მადლობა მეთქვა.
- შენი სიამოვნებისათვის უკრავ მუსიკას? - მკითხა ქალმა, რომელსაც ლაპარაკზე ეტყობოდა, უცხოელი უნდა ყოფილიყო.
- ახლა ვუკრავ, რომ ჩემი კომედიანტები გავართო. მერე კი ამით საზრდო ვიშოვო.
ამ დროს ბავშვმა რაღაც უთხრა და ქალმა მკითხა:
- არ შეიძლება კიდევ დაუკრა რაიმე?
არ შეიძლებაო? მე ისე ვეძებდი ჩემი მუსიკის მსმენელებს, რომ რაღა თხოვნა მინდოდა?
- რა გნებავთ დავუკრა, საცეკვაო თუ საკომედიო? - ვკითხე მე.
- კომედია, უსათუოდ კომედია! ამოირაკრაკა ბავშვმა. ქალმა შენიშნა: საცეკვაო სჯობიაო.
- კი მაგრამ ცეკვა მალე გათავდება, - უთხრა ბავშვმა.
- ცეკვის შემდეგ, თუ ისურვებთ, წარმოდგენას გავმართავთ, იმაზე არა ნაკლებ საყურადღებო წარმოდგენას, როგორსაც პარიზის ცირკში მართავენ ხოლმე.
ეს სიტყვები ჩემი ბატონის საყვარელი გამოთქმა იყო. მეც მოვინდომე მისთვის მიმებაძნა და რიხიანი ხმით წარმოვთქვი.
სიმართლის თქმა სჯობია. არც მწყენია, რომ წარმოდგენა არ მოისურვეს, რადგან არც ზერბინო იყო დაბრუნებული და არც ტანისამოსი და სხვა მორთულობა მქონდა წარმოდგენის გასამართავად.
ვალსი დავუკარი. კაპმა მაშინვე წამოავლო ხელი დოლჩეს, თათები წელზე მოხვია და ჩამოუარა. შემდეგ მაიმუნმა იცეკვა, მალე ისეთი ცეკვა გავაჩაღეთ, დაღლა დაგვავიწყდა.
ამ გახურებული ცეკვის დროს უცებ ბუჩქებიდან გადმოხტა ზერბინო და თავის ამხანაგებს შეუერთდა.
თუმცა ქნარსაც ვუკრავდი და კომედიანტებსაც თვალს ვადევნებდი, მაგრამ დროგამოშვებით იმ მწოლიარე ბავშვსაც გადავხედავდი ხოლმე.
საოცრად იქცეოდა: არ იძვროდა. თუმცა ეტყობოდა, დიდი სიამოვნებით გვადევნებდა თვალყურს. იწვა გაჭიმული, მხოლოდ ხელებს ამოძრავებდა და ისიც მაშინ, როცა ტაშს გვიკრავდა.
ვერ გავიგე დამბლადაცემული იყო, თუ ფიცარზე დაკრული.
ქარი ამოვარდა და ნავი ნაპირისაკენ მოსწია. მე იქვე ვიდექი და საშუალება მომეცა უფრო ახლოს დამენახა ბავშვი.
ფერმიხდილი იყო, სუსტი, ნაზი პირისკანი ჰქონდა. წვრილ-წვრილი ნაცრისფერი ძარღვები უთრთოდა.
- რას გაძლევენ წარმოდგენაში? - მკითხა ქალმა.
- რა ვიცი! იმდენს მომცემენ, რამდენსაც ჩვენი წარმოდგენით ისიამოვნებენ.
- დედა, თუ ასეა, მეტი უნდა მივცეთ, - თქვა ბავშვმა და რამდენიმე სიტყვა დაუმატა ჩემთვის უცნობ ენაზე.
- არტურს სურს შენი კომედიანტები ახლოს ნახოს, - მითხრა ქალმა. კაპს ვანიშნე. იმწამსვე წამოხტა, გაექანა და ნავში ჩახტა, ზერბინო და
დოლჩეც მიჰყვნენ.
- რატომ მაიმუნს არ უშვებ? გულის მოსვლა ხომ არ იცის? - მკითხა ქალმა, როცა ყოყმანი შემატყო.
- არა, ქალბატონო; მაგრამ ადამიანს ყოველთვის არ ემორჩილება. მეშინია, ცუდი არაფერი ჩაიდინოს.
- მაშინ შენც ჩამოდი ნავში და ჩამოიყვანე, - ქალმა მაშინვე უბრძანა ნავში მყოფ კაცს, მან ფიცარი გადო ხიდად და ნავში უვნებლად ჩავედი. ქნარი ხელში მეკავა, მაიმუნი კი ზურგზე მეკიდა.
- მაიმუნი, მაიმუნი! - დაიყვირა არტურმა.
ბავშვთან მივედი; ბავშვი მაიმუნს ხელს უსვამდა და ეფერებოდა, მე კი მას დავუწყე თვალიერება. დავრწმუნდი, რომ მართლა ფიცარზე იყო დაკრული.
- მამა გყავს? - მკითხა ქალმა.
- მყავს, მაგრამ ახლა სულ მარტო ვარ.
- დიდი ხნით?
- ორი თვით.
- ორი თვით! საბრალო, მერე ასე პატარა და მარტოობა!
- რა ვქნა, ქალბატონო, ასე მოხდა.
- ორი თვის შემდეგ ხომ უნდა მიუტანო პატრონს ნაშოვნი ფული?
- არა, ქალბატონო, ის არაფერს მომთხოვს, ოღონდ თავი ვირჩინო და ეს ძაღლები გამოვკვებო.
- იშოვე რამე ამ დღეებში?
რა უნდა მეთქვა? შევატყვე ეს ქალი გულკეთილი იყო. მისი ლაპარაკი ისე ნაზი და კეთილშობილური იყო, რომ გავბედე და სრული სიმართლე ვუთხარი.
ან რა საჭირო იყო რაიმეს დაფარვა? მოვუყევი დაწვრილებით ყველაფერი. ვუამბე, თუ ვიტალისი ჩემი გულისთვის როგორ დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ვუამბე, რომ ეს ორი-სამი დღეა გროში არ გვიშოვია და შიმშილით ვიხოცებით. ერთი სიტყვით, არაფერი დამიმალავს.
არტური ამ დროს ძაღლებს ეთამაშებოდა, მაგრამ რასაც ვამბობდი, ყველაფერი კარგად ესმოდა.
- ღმერთო ჩემო, ნუთუ მშიერი უნდა იყოთ, - წამოიძახა უცებ არტურმა.
- დედა, დედა, გესმის?
ქალი მიხვდა ბავშვის სიტყვების მნიშვნელობას და იქვე მდგომ დედაკაცს რამდენიმე სიტყვა უთხრა ჩემთვის უცნობ ენაზე. დედაკაცი წავიდა და ცოტა ხნის შემდეგ გაწყობილ სუფრასთან მიგვიყვანეს. ძაღლები გარს შემომეხვივნენ, მაიმუნი კი მუხლებზე დამიჯდა და ჭამას შევუდექით.
- შენი ძაღლები პურს ჭამენ? - მკითხა არტურმა.
- ნეტა კი იშოვონ და არ ჭამენ?
- ავიღე და გადავუგდე თითო ნატეხი. ყველამ სწრაფად სტაცა პირი და ჩაყლაპა.
- მაიმუნი? - იკითხა არტურმა.
ამ დროს მაიმუნი ხაჭაპურს იტენიდა პირში. არც მე ვაკლებდი ხელს, ხარბად ვსანსლავდი საჭმელს.
- საბრალო ბავშვი! - თქვა ქალმა და ჭიქა ღვინით გამივსო. არტური გვიყურებდა და განცვიფრებული იყო ჩვენი მადით.
- დღეს სადილის ჭამას სად აპირებდი, ჩვენ რომ არ შეგვხვედროდით? - მკითხა არტურმა.
- ვგონებ არსად.
- ხვალ?
- ხვალ ეგებ ჩვენმა ბედმა გამოგვიგზავნოს რამე. დღეს კი ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ თქვენთან მოგვიყვანა.
არტური მიუბრუნდა დედას და ისევ უცხო ენაზე დაუწყო ლაპარაკი. ეტყობოდა, რაღაცას სთხოვდა, მაგრამ დედა არ ეთანხმებოდა. ბოლოს ბავშვი მოგვიბრუნდა და მკითხა:
- გინდათ დარჩეთ ჩვენთან?
მე კარგა ხანს მივჩერებოდი და პასუხს არ ვაძლევდი.
- ჩემი შვილი გეკითხება, გსურს თუ არა მასთან დარჩე?
- ამ ნავში?
- დიახ, ამ ნავში. ჩემი შვილი, ხომ ხედავ, ავადმყოფია. ექიმებმა ურჩიეს ფიცარზე გაუნძრევლად წოლა. რომ გავართოთ და ასე წოლა არ მოსწყინდეს, ამ მდინარეში ვასეირნებთ. დარჩით ჩვენთან. შენი ძაღლები და მაიმუნი წარმოდგენებს გაგვიმართავენ, არტურს ესიამოვნება, შენ ქნარი დაუკარი და საზრდოს ძებნა აღარ დაგჭირდება. ყველაფერი მზად მოგერთმევათ.
ნავით ჩემს სიცოცხლეში არ მისეირნია. სულ ვნატრობდი და ღმერთმა ამისრულა კიდეც. ბედნიერებაც ამას ჰქვია. მადლობის მაგიერ მივვარდი ქალს და ხელზე ვაკოცე.
- საბრალო! - თქვა ქალმა.
სიხარულმა ამიტანა. ძლივს ვნახე ადამიანი, რომელმაც ჩვენს გაჭირვებულ მდგომარეობას კეთილი თვალით შეხედა.
შემდეგ ქალმა ვერცხლის სასტვენი ტუჩზე მიიდო და დაუსტვინა. ამ სტვენამ ძლიერ გამაკვირვა. არტურმა შემნიშნა და ამიხსნა:
- ამ სტვენით დედაჩემი ცხენებს უბრძანებს, წადითო.
მართლაც, ცხენები დაიძრნენ და ნავიც გაჰყვა არხის ნაპირებს. ნავი ღრმად არღვევდა წყალს და ტალღებს აქეთ-იქით ისროდა. ჩამავალი მზის სხივებით გაბრწყინებული ხეები თანდათან გვშორდებოდა და თვალს ეფარებოდა.
- აბა, დაუკარი რამე, - მითხრა არტურმა.
მეც ავიღე ქნარი, დავუკარი და სიმღერა დავიწყე.
არტურმა დედას დაუძახა, ხელი დაუჭირა და ორივე სიამოვნებით მისმენდა.
თავი მეთერთმეტე
ჩემი პირველი მეგობარი
არტურის დედა ინგლისელი იყო, მილიგანის ქვრივი. მარტო არტური ჰყავდა. უფროსი შვილი სადღაც დაკარგოდა და დღესაც არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ის ბავშვი ექვსი თვისა ვიღაცას მოეპარა და მას აქეთ ვერ გაეგოთ მისი გზა-კვალი.
როცა ბავშვი დაიკარგა, ქალბატონ მილიგანს თურმე ქმარი უკვდებოდა და თვითონაც ძლიერ ავად იყო. ახლობლებს კი ბავშვი კარგად არც მოუძებნიათ. განკურნების შემდეგ გაეგო, რომ ქმარიც მოკვდომოდა და ბავშვიც დაკარგოდა. საძებრად მაზლი ჯემს მილიგანი გაეგზავნა.
ჯემს მილიგანს არც ძალიან სწყენია ბავშვის დაკარგვა, რადგან ძმის სიკვდილის შემდეგ მთელი ავლა-დიდება მას უნდა დარჩენოდა.
მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა. ქალბატონ მილიგანს ქმრის სიკვდილის შემდეგ ვაჟი ეყოლა და მემკვიდრეობა მას ეკუთვნოდა - ეს იყო არტური.
არტური ავადმყოფი და სუსტი ბავშვი გამოდგა. ექიმებს არ ეგონათ თუ გადარჩებოდა. ჯემსმა გაიხარა, იმედი მიეცა, მემკვიდრეობა მე დამრჩებაო, მაგრამ არ გაუმართლდა. არტურს დედამ ისე მოუარა, რომ სასიკვდილო აღარაფერი ეტყობოდა. მართალია, სუსტი და ავადმყოფი იყო, მაგრამ ექიმე- ბი ფიქრობდნენ, რომ განიკურნებოდა.
უკანასკნელ დროს ამ სისუსტეს კიდევ ახალი უბედურება დაემატა: თეძოს თავის ზედა ნაწილი გაუცივდა და ანთება დაემართა. არტურს გოგირდის აბანოები დაუნიშნეს, ბავშვი დედამ პირენეის მთებში წაიყვანა, მაგრამ ამგვარმა ექიმობამ არაფერი უშველა. შემდეგ ექიმებმა ურჩიეს დაწოლილიყო და ყოველგვარ მოძრაობას მორიდებოდა.
ბავშვის გასართობად მილიგანის ქვრივმა ნავი იყიდა, რომლითაც ასე მოულოდნელად მომიხდა მგზავრობა.
ეს ნავი მოცურავე სახლად გადაიქცა. აქ იყო დიდი ოთახი, კარგი დარბაზი, სამზარეულო და აივანი.
არტური ხან დარბაზში იწვა, ხან აივანზე, ეს ამინდზე იყო დამოკიდებული, და მიდამოს ცქერით ტკბებოდა. არტურის დედას უნდოდა, საფრანგეთის უმეტესი ნაწილი ასე ეჩვენებინა შვილისათვის და მერე დიდი ხომალდით ინგლისს დაბრუნებულიყო.
ნავში მეც მომცეს პატარა ოთახი. სიგრძით ორი მეტრი, სიგანით - ერთი, მაგრამ სამაგიეროდ მოხდენილ ადგილას იყო და თან ძალიან ლამაზი. ოთახში იდგა მხოლოდ კამოდი, რომელიც ყველა დანარჩენი ავეჯის მაგივრობას სწევდა. ამ კამოდს ასახდელი თავი ჰქონდა. თავს ახდიდი და ქვეშ მშვენიერი ლოგინი იყო ჩაწყობილი: ლეიბი, ბალიშები, მუთაქები და საბანი. ამ საწოლის ქვეშ მოძრავი უჯრა იყო შედგმული და შიგ საპონი, სავარცხელი, ღრუბელი და პირსახოცი ეწყო; ქვედა უჯრებში კი ტამისამოსი და საცვლები ელაგა.
საწოლის თავთან გამოჭრილი სარკმლიდან სინათლე და წმინდა ჰაერი შემოდიოდა. იატაკს ჭადრაკის დაფისმაგვარი შავ-თეთრი ტილო ეფარა.
იმ ღამეს ტკბილად მეძინა. დილას ადრე გამომეღვიძა და იმწამსვე ჩემი ამხანაგების სანახავად გავიქეცი. როცა მივედი, ეძინათ. ძაღლებმა მაშინვე გაიღვიძეს და მომიალერსეს. მაიმუნი ხელში ავიყვანე და მოვეფერე.
მენავე ზეზე იყო და ნავის ზედაპირს წმენდდა. ვთხოვე ფიცარი გაედო ხიდად, რომ ჩემი დასით მიწაზე მშრალად გავსულიყავი.
ძაღლები ძლიერ გამხიარულდნენ. მინდორში ხტუნვა და კოტრიალი დაიწყეს, მაიმუნი ხეზე აძვრა. დრო შეუმჩნევლად მიდიოდა. ნავში ცხენები შეაბეს და მხოლოდ დასტვენას ელოდნენ.
მე ჩემი დასით ისევ ნავში დავბრუნდი. ნაპირზე თოკით მიბმული ნავი ახსნეს, მენავე ნავის თავში იდგა, მხედარი ცხენზე შეჯდა, ბლოკზე მოდებული თოკი აჭრიალდა და გზას გავუდექით.
ცხენები ცქვიტად მირბოდნენ ნაპირზე, ჩვენ კი წყნარად მივცურავდით. რგოლების ჭრიალს ცხენების ზანზალაკების წკრიალი უერთდებოდა,
ლამაზი იყო ნაპირზე აშოლტილი ალვის ხეები, მზეზე ბრწყინავდა მათი კრიალა ფოთლები. ალაგ-ალაგ წყალი შავად მოჩანდა, თითქოს უფსკრულს გადაფარებია და უბეში მალავსო. ხოლო ზოგან ისე ანკარა და დაწმენდილი იყო, ფსკერზე კენჭების დათვლა შეიძლებოდა.
უცებ ვიღაცამ დამიძახა. მივიხედე: არტური იყო.
- კარგად გეძინა? - მკითხა არტურმა. - მინდორში სჯობდა თუ აქ?
- მშვენივრად გვეძინა, რასაკვირველია, აქ მირჩევნია!
- ძაღლები სადღა არიან?
მაშინვე დავუძახე ძაღლებსა და მაიმუნს. არტურმა თვალი გადაავლო და ესიამოვნა.
მილიგანის ქვრივმა ავადმყოფი შვილი ჩრდილში დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- ახლა ძაღლები და მაიმუნი წაიყვანე. უნდა ვისწავლოთ და ხელს შეგვიშლით, - მითხრა მან. წავიყვანე ჩემი დასი და წავედი. მაგრამ, ამ ქალის სიტყვებმა - უნდა ვისწავლოთო! ძლიერ გამაკვირვა.
«ნეტა რა უნდა ასწავლოს ამ ავადმყოფ ბავშვს-მეთქი? - ვფიქრობდი ჩემთვის, - ან რად უნდა სწავლა?» ვხედავდი, რომ დედას ხელში წიგნი ეკავა და კითხულობდა, მერე დედის წაკითხულს ფიცარზე დაკრული შვილი იმეორებდა.
ბავშვი ორ სიტყვასაც ვერ იტყოდა ისე, რომ არ შეშლოდა. დედას სწყინდა და ეუბნებოდა:
- შვილო, დღეს ლექსები კარგად არ იცი.
- როგორ არა, ამ დილით სულ ვსწავლობდი.
- სწავლობდი, მაგრამ ვერ დაგისწავლია.
- რა ვქნა, ვერ დავისწავლე!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ვერ დავისწავლე... ავადა ვარ.
- ვიცი. მაგრამ თავი ხომ არ გტკივა, მაშ რა გიშავს? არ მინდა, ავადმყოფობის მიზეზით სულ უსწავლელი და გაუნათლებელი დარჩე.
მილიგანის ქვრივი თუმცა ამ სიტყვებს მკაცრად და მრისხანედ ამბობდა, სახე სრულიად დამშვიდებული ჰქონდა.
აბა, ეცადე ლექსი დაისწავლო და მერე ნებას მოგცემ რენესა და მის ძაღლებთან რამდენიც გინდა ითამაშო. აი, უყურე, ერთს კიდევ წაგიკითხავ.
აიღო წიგნი და წყნარი ხმით წაუკითხა «მგელი და კრავი». არტურმა დედის წაკითხული წყნარი ხმით გაიმეორა. შემდეგ დედა ადგა, ოთახში შევიდა და შვილს დაუბარა, თვითონ ესწავლა ზეპირად ეს იგავ-არაკი.
არტურმა დაიწყო სწავლა. მე ვიდექი და ვუყურებდი რანაირად ამოძრავებდა ტუჩებს და მეცადინეობდა.
მაგრამ მისი ბეჯითობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ცოტა ხნის შემდეგ მთქნარება დააწყებინა, აქეთ-იქით ყურება დაიწყო და მალე სულ დაავიწყდა, რომ წიგნს კითხულობდა. ხელით ვანიშნე, იკითხე-მეთქი. ისევ დაიწყო კითხვა, მაგრამ წამდაუწუმ ანებებდა წიგნს თავს.
ბოლოს გამომიტყდა:
- სწორედ აღარ შემიძლია მეტი სწავლა.
- რატომ, ეს ადვილი დასასწავლია.
- ადვილი კი არა, ძალიან ძნელია!
- მე ყურს ვუგდებდი, როცა დედაშენი გიკითხავდა, ვგონებ, კიდეც დავისწავლე.
არტურს ჩემი სიტყვების არ სჯეროდა და თავი გადაიქნია.
- გინდა გეტყვი!
- არა მჯერა, არ გეცოდინება.
- აბა, აიღე წიგნი ხელში და თვალი ადევნე, სწორად ვიტყვი თუ არა. აიღო წიგნი, შიგ ცქერა დაიწყო და მე ყველაფერი მძივივით ჩამოვთვალე. მთელი იგავი ისე ვთქვი, არც კი შევჩერებულვარ.
- მიკვირს, მიკვირს, რანაირად დაგისწავლია!
- გულმოდგინედ ვუსმენდი დედაშენს, როცა გასწავლიდა და დავისწავლე.
სირცხვილით გაწითლდა და პირი იბრუნა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა:
- კარგი, ვთქვათ გულმოდგინედ უსმენდი, ასე მშვენივრად მაინც რანაირად დაისწავლე ყველაფერი?
მეც არ ვიცოდი, რანაირად დავისწავლე, ახლა კი დავფიქრდი და ვეცადე ამეხსნა არტურისათვის, რასაც მეკითხებოდა.
- მარტო სიტყვებს არა ვსწავლობ. ყურადღებას ვაქცევ იმას, რაზედაც ლაპარაკია იგავში: ცხვრებს, მძინარე ძაღლებს და მწყემსს. სინჯე ასე სწავლა და ნახავ, რა მალე და ადვილად დაისწავლი.
არტური რამდენიმე წამს გაშტერებით მიყურებდა, მას დიდხანს არ სჯეროდა, რასაც ვეუბნებოდი. როცა დამიჯერა და ჩემი რჩევის მიხედვით დაიწყო მეცადინეობა, ერთი საათის შემდეგ ყველაფერი მშვენივრად ისწავლა.
ამასობაში მილიგანის ქვრივიც მოვიდა, ერთად დაგვინახა და ეწყინა. ეგონა ვთამაშობდით და წიგნს თავი დავანებეთ. არტურმა შეატყო ეს დედას და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
- დავისწავლე, დედა, იგავი. რენეც დამეხმარა.
მილიგანის ქვრივმა განცვიფრებით შემომხედა. არტურმა შემთხვევით ისარგებლა, დაიწყო საზეპირო და ხმამაღლა თამამად თქვა ბოლომდე ისე, რომ ერთი სიტყვაც არ შეშლია.
ქალბატონი მილიგანი ჩემთან მოიჭრა, ხელი ჩამომართვა და დიდი მადლობა გამომიცხადა:
- გეტყობა, კეთილი ყმაწვილი ხარ.
ამ დღის შემდეგ ავადმყოფი არტურის განუშორებელი მეგობარი გავხდი.
ჩემს სიცოცხლეში იმაზე უკეთესი დრო არ გამიტარებია, როგორსაც არტურთან და დედამისთან ნავში ყოფნის დროს ვატარებდი.
მე და არტური ისე ვცხოვრობდით, როგორც ღვიძლი ძმები. მილიგანის ქვრივიც ისე მიყურებდა, როგორც ღვიძლ შვილს.
მთელი დღე გარეთ, სუფთა ჰაერზე ვიყავით და მშვენიერი ბუნების ცქერით ვტკბებოდით; ღრუბლიან დღეებში დარბაზში შევდიოდით და ბუხარში გაჩაღებულ ცეცხლს გარშემო ვუსხედით. ქალბატონი მილიგანი სურათებიან წიგნს გადაგვიშლიდა, ზღაპრებს გვიამბობდა, ჩვენც ყურს ვუგდებდით.
თბილ დღეებში ხმელეთზე გადავდიოდით ხოლმე. ხეს მოვეფარებოდი, ვთამაშობდი და შაირებს ვმღეროდი.
არტურს ძლიერ უყვარდა შორიდან ჩემი სიმღერა რომ ესმოდა და ხშირად დამიძახებდა ხოლმე:
- კიდევ, კიდევ, - და მეც ხელმეორედ შემოვძახებდი.
ასე უშფოთველად მიდიოდა ჩემი ცხოვრება ახალ მეგობრებთან. მანამდე კი ორჯერ დავკარგე ძვირფასი ადამიანები: დედა ბარბარენი
და ბატონი ვიტალისი. ორჯერვე მარტო დავრჩი ცხოვრებაში, არა მყავდა არც ძმა და არც მეგობარი.
აი, ამ დროს ვიპოვე სწორედ ეს ძვირფასი მეგობრები: კეთილი ქალბატონი და ჩემი კბილა ბიჭი, რომელიც ძმასავით შემიყვარდა.
უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, დედაზე ფიქრს რომ არ შევეწუხებინე. რამდენჯერ მინატრია და შემშურებია ავადმყოფი არტურის ბედი. იმიტომ კი არა, რომ მდიდარი იყო და ბევრი წიგნი, ფული და შეძლება ჰქონდა. არა, მე მხოლოდ დედამისის მხურვალე სიყვარული მეხარბებოდა.
თითოეული მისი შეხედვა დედა ბარბარენს მაგონებდა, რომელიც ჩემი მშობელი დედა არ იყო, მაგრამ ღვიძლი შვილივით მივლიდა და მეალერსებოდა. როგორ მინდოდა მისი ნახვა, გულში ჩაკვრა და დედაშვილური სიყვარულის გაზიარება.
თუმცა ამ დროს არც დედა მყავდა, არც ოჯახი გამაჩნდა, არც სახლი და არც კარი, თავს მაინც ბედნიერად ვთვლიდი, რომ ნამდვილი მეგობარი მყავდა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბედნიერება მალე ხელიდან გამომეცლებოდა.
თავი მეთორმეტე
ნაპოვნი
დრო ჩქარა გადიოდა. საცაა ვიტალისიც სატუსაღოდან გამოვიდოდა. ჩვენ კი ძლიერ დავშორდით ტულუზას და ახლა შორი გზა მარტო უნდა გამევლო.
არტურთან და დედამისთან განშორებაც ძლიერ მენანებოდა.
ერთხელ ქალბატონ მილიგანს ვკითხე: რამდენი ვერსი იქნება ტულუზამდე-მეთქი?
როცა ჩემი ბატონი სატუსაღოდან გამოვიდოდა, მინდოდა სატუსაღოს კართან დავხვედროდი.
ეს არტურმა გაიგონა და დაიძახა:
- მინდა, რენე აქ დარჩეს!
- ჩემმა მშობლებმა ვიტალისს მიმაქირავეს, ვადამდის მისი ვარ, იმას ვეკუთვნი, - ვუთხარი არტურს.
მშობლებს ბარბარენებს ვეძახოდი; არ ვამბობდი, რომ მშობლები არა მყავდა და უპატრონო, ქუჩაში ნაპოვნი ვიყავი. ვმალავდი ჩემს ვინაობას, რადგან კარგად ვიცოდი, რა ზიზღით უყურებდნენ სოფელში ამგვარ ბავშვებს.
მეც დიდ ცოდვის შვილებად ვთვლიდი მათ.
მიზეზიც ეს იყო, რომ არც არტურსა და არც დედამისს მართალს არ ვე- უბნებოდი. მეშინოდა, ვაითუ ნაპოვნი ბავშვების შესახებ ისინიც ამგვარი აზრისა არიან-მეთქი.
- დედა, რენეს ვერ გავუშვებთ, - უთხრა დედას არტურმა.
- მეც ძალიან მინდა, რენე ჩვენთან დარჩეს, - თქვა ქალბატონმა მილიგანმა. - დაგვიმეგობრდა, მეც შემიყვარდა: მაგრამ თვითონ უნდა სურდეს ჩვენთან დარჩენა...
- დიდი სიამოვნებით დარჩება. მას არ სურს ტულუზას წასვლა. ხომ ასეა, რენე? - გააწყვეტინა არტურმა დედას ლაპარაკი და მე მომიბრუნდა.
- მეორეც ისა, ბატონმა სრულებით უნდა გაათავისუფლოს, უარი თქვას რენეს წაყვანაზე, - განაგრძო ქალბატონმა მილიგანმა, სანამ არტურს პასუხს გავცემდი.
ვიტალისი კეთილი კაცი იყო, მუდამ კეთილი გულით ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ დღევანდელ ჩემს ცხოვრებასა და იმ ცხოვრებას შორის, რომელიც მასთან გავატარე მაინც დიდი განსხვავება იყო. კიდევაც მრცხვენოდა ჩემი თავისა, რომ იმგვარ მზრუნველსა და კეთილ ბატონს, როგორიც ვიტალისი იყო, ამ ახალგაცნობილ უცხოელებს ვამჯობინებდი.
- სანამ რენე ამის პასუხს გვეტყოდეს, - განაგრძო ქალბატონმა მილიგანმა, - უნდა მოიფიქროს, კარგად დაუკვირდეს ჩვენს სიტყვებს. რენე მარტო სასეირნოდ და სიამოვნებისათვის კი არ მიმყავს, არამედ საქმისათვისაც. ხშირად მოუხდება ჯდომა და წიგნის კითხვა. ახლა ესეც კარგად უნდა აწონ-დაწონოს, გაცვლის უწინდელ თავისუფალ ცხოვრებას ამგვარ ცხოვრებაზე თუ არა?
- ეს კითხვა ჩემთვის დიდი ხანია გადაწყვეტილია, - ვუთხარი პასუხად.- თქვენთან ყოფნა უფრო დიდად სასიამოვნო იქნება ჩემთვის, ვიდრე თავისუფლად სიარული.
- აი, დედა, ხომ ხედავ, რენე რას ამბობს, - უთხრა დედას არტურმა. - რენე თანახმაა ჩვენთან დარჩეს.
არტურმა სიხარულით ტაშისცემა დაიწყო. განსაკუთრებით იმან გაახარა, რომ ჩვენ ორივე ერთად ვისწავლიდით.
სანამ არტურის დედას პასუხს მივცემდი, არტურს სახე ათასფრად ეცვლებოდა. მოუსვენრად მიყურებდა, არ იცოდა, უარს ვიტყოდი, თუ თანხმობას. არტურს სწავლა ეზარებოდა და წიგნებიც სძულდა; დედამისს ეგონა, მეც მძულდა სწავლა, ამიტომ ფიქრობდა, ჩვენთან დარჩენაზე უარს იტყვისო.
მე წიგნი ძალიან მიყვარდა. მართალია, ბევრი არ მქონია, მაგრამ, რაც წასაკითხად ვიშოვე, იმანაც დიდად მასიამოვნა.
- ახლა საჭიროა მაგისი ბატონი დავითანხმოთ, - განაგრძო ქალბატონმა მილიგანმა; - ბარათს მივწერ, ქალაქ სეტს ჩამოვიდეს, რადგან ჩვენ ტულუზას დაბრუნება არ შეგვიძლია. გზის ფულს გავუგზავნი და, ალბათ, ისიც მიხვდება, რა მიზეზით არ შეგვიძლია რკინიგზით იქ მისვლა. თუ ჩვენი წინადადება მიიღო. მაშინ საჭირო იქნება რენეს მშობლებს ვთხოვოთ თანხმობა.
მილიგანის ქვრივის სიტყვები ტკბილ მუსიკად მესმოდა, მაგრამ მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა ძლიერ დამაფიქრა.
მშობლები უნდა დავითანხმოთო. ეს არ მესიამოვნა. მაშინ ხომ გაიგებენ, რომ ნაპოვნი ვარ და არტურთან ჩემს მეგობრობას ბოლო მოეღება.
გაშტერებული ვიდექი.
ქალბატონმა მილიგანმა იმწამსვე შენიშნა, რომ ავღელდი და ფიქრებმა შორს გამიტაცა. ჩემი ამგვარი ყოფა მან, ვგონებ, ჩემი ბატონის მოსვლას მიაწერა: თავის ბატონს მოელის და იმაზე ფიქრობსო, ამიტომ აღარაფერი უკითხავს.
ღამე მოუსვენრად გავათენე, მაგრამ ჩემ შესახებ მაინც არაფერი მითქვამს.
თუ ვიტალისმა არ დამტოვა და წამიყვანა, ამათ ცუდი მაინც არაფერი ეცოდინებათ ჩემ შესახებ-მეთქი, - ვფიქრობდი გულში.
სამი დღის შემდეგ ქალბატონმა მილიგანმა ვიტალისისაგან პასუხი მიიღო. ვიტალისი იწერებოდა, შაბათს, შუადღის მატარებლით სეტს ჩამოვალო. იმ დღეს მეც წავედი სადგურზე ვიტალისის შესახვედრად და თან ძაღლებიც წავიყვანე.
ძაღლები პატრონის დანახვას მოუსვენრად ელოდნენ. მეც აღელვებული ვიყავი. ჩემი ბედი დღეს უნდა გადაწყვეტილიყო.
გულით მინდოდა ვიტალისს მათთვის არ შეეტყობინებინა, რომ ნაპოვნი ვიყავი.
სადგურის ერთ მივარდნილ კუნჭულში მივედი და დავდექი. ძაღლები ხელში მეჭირა. მაიმუნი კალთაში მყავდა გამოხვეული და ვიტალისის გამოსვლას ველოდი.
მოვიდა მატარებელი. პირველად ძაღლებმა იგრძნეს პატრონის მოახლოება, ხელიდან გამისხლტნენ და მატარებელს მივარდნენ. გავიხედე, ძაღლები ვიტალისის წინ ხტუნავდნენ, ეალერსებოდნენ. ვიტალისს თავისი ძველი ტანისამოსი ეცვა.
მეც მივედი ვიტალისთან. მან ხელი მომხვია და მითხრა:
- გამარჯობა, კარგო ბავშვო!
ეს გულწრფელი ალერსი გულის სიღრმემდის ჩამწვდა და თვალზე ცრემლი მომადგა.
მერე დავაცქერდი ვიტალისს და შევატყვე, რომ სატუსაღოს თავისი დაღი დაესვა: წელში მოხრილიყო, სახე დაჭკნობოდა, ბაგე გალურჯებოდა.
- ხომ მეტყობა სატუსაღოში ყოფნა? - მკითხა ვიტალისმა. - სატუსაღოში ყოფნა ძნელია, მოწყენილობა კიდევ უარესი, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. ერთი მითხარი: რანაირად გაიცანი ის ქალი?
ამის პასუხად ვუამბე, რანაირად შევხვდი მდინარეზე ნავს, რანაირად გავიცანი ქალბატონი მილიგანი, როგორ ვცხოვრობდი მათთან, რა ვნახე და სხვა.
ამ ლაპარაკში ჩვენ კიდევაც მივედით ნავთან. მე კი ყველაფრის თქმა ვერ მოვასწარი.
- შენ ნაპირზე მომიცადე, ძაღლებიც აქ იყოლიე; მე წავალ და გავეცნობი ქალბატონ მილიგანს, - მითხრა ვიტალისმა.
ძლიერ მინდოდა ვიტალისს წავყოლოდი, მაგრამ ვერ გავბედე და ნაპირზე დავრჩი. დავჯექი მინდორში და გვერდით ძაღლები მომიწვნენ.
- რატომ მეც არ წამიყვანა? - ვკითხე ჩემს თავს.
ვერ მოვასწარი პასუხი მიმეცა თავისათვის, რომ გავიხედე და ვიტალისი კიდევაც მოდიოდა უკან.
- ახლა შენ წადი, მე აქ მოგიცდი. გამოეთხოვე შენს მეგობრებს და ათი წუთის შემდეგ შევუდგეთ მგზავრობას, - მითხრა და ზეზე ამაყენა.
დადუმებული ვიდექი და ადგილიდან არ ვიძვროდი.
- რას უცდი? ვერ გაიგე, რაც გითხარი? წადი და მალე დაბრუნდი! ამგვარი წყრომით და მრისხანე ხმით ვიტალისი პირველად მელაპარაკებოდა.
შემეშინდა. ნავისაკენ წავედი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჩემთვის წავილაპარაკე.
- მაშ თქვენ გითქვამთ...
- მე ვუთხარი: რენე ჩემთვის საჭიროა და იმის დათმობა არასგზით არ შემიძლია-მეთქი. ახლა წადი, გამოემშვიდობე და მალე მოდი.
ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გამამხნევა. სულ იმისა მეშინოდა: ვაითუ ჩემი დაბადების ამბავი უთხრას ვიტალისმა ქალბატონ მილიგანს-მეთქი.
მილიგანის ქვრივის ოთახში შევედი. არტური ცხარე ცრემლით ტიროდა. დედა თავზე ადგა.
- ხომ დარჩები, რენე? - მკითხა არტურმა. პასუხი ვერ მოვასწარი, რომ დედამისმა მითხრა:
- ვთხოვეთ შენს ბატონს, მაგრამ არ გვცა პატივი, ჩვენი თხოვნა უარყო.
- ცუდი კაცია! - დაიძახა არტურმა.
- არა, ცუდი არ არის, - განაგრძო ქალბატონმა მილიგანმა, - რენე სჭირდება და უყვარს კიდეც. აი, რა პასუხი მომცა: ეს ბავშვი მიყვარს, მასაც ვუყვარვარ. ცხოვრების სასტიკი სკოლა ჩემთან გაიარა. მისთვის ჩემთან ყოფნა უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე თქვენთან ფუფუნებაში ცხოვრება. თქვენ, მართალია, შესაფერ განათლებასა და აღზრდას მისცემთ, განუვითარებთ გონებას, მაგრამ არ განუმტკიცებთ ხასიათს. მისთვის სჯობია, ჩემი შვილი იყოს, ვიდრე თქვენი ავადმყოფი შვილის გამრთობიო.
ის ხომ რენეს ნამდვილი მამა არ არის, - წამოიძახა არტურმა.
- მამა არ არის, მაგრამ პატრონი ხომ არის. რენე დღეს მას ეკუთვნის; მშობლებმა რენე მოსამსახურედ მისცეს. რენეც ვალდებულია, პატრონს ყველაფერი გაუგონოს.
- არ მინდა რენე წავიდეს.
- შენ არ გინდა, მაგრამ პატრონს უნდა წაჰყვეს. იმედი მაქვს, დიდხანს არ დარჩება მასთან. მის მშობლებს მივწერთ და ეგებ რამე გავარიგოთ.
- არა, არა! - წამოვიძახე მე.
- რატომ?
პასუხის მაგიერ მივვარდი, გადავეხვიე არტურს და მაგრად ჩავკოცნე, მერე გამოვბრუნდი და ქალბატონ მილიგანს მივაშურე.
- საბრალო ბავშვი, - მითხრა მან და შუბლზე მაკოცა.
გარეთ გავვარდი, მერე ისევ შემოვბრუნდი და ტირილით ვუთხარი: - არტურ! მუდამ მეყვარები. თქვენს სიყვარულს, ქალბატონო, არასოდეს დავივიწყებ.
- რენე, რენე! - მომაძახა არტურმა, მაგრამ აღარაფერი მესმოდა.
როცა გონს მოვედი, მდინარის ნაპირას ვიყავი; კიდევ რამდენიმე წუთი და ვიტალისის გვერდით ვიდექი.
- აბა, ჰა, წავიდეთ! - მითხრა ვიტალისმა და ქალაქ სეტიდან გავედით, რომ ძველებურად ისევ მოგზაური კომედიანტების ცხოვრება დაგვეწყო.
თავი მეცამეტე
თოვლი და მგლები
ბატონთან ერთად დავადექი გზას, ის წინ მიდიოდა, მე მხარზე ქნარგადაკიდებული უკან მივყვებოდი. არც წვიმას ვერიდებოდით, არც პაპანაქება სიცხეს. ერთი ქალაქიდან მეორეში გადავდიოდით და საზოგადოებას ვართობდით.
მთელი ზაფხული ერთ ადგილას რომ ვიყავი, სიარულს გადავეჩვიე და მალე ვიღლებოდი.
ამგვარი ხეტიალი ახლა უფრო გამიჭირდა, ვიდრე წინათ. საბედნიეროდ, ჩემი ბატონი მეფერებოდა და მეალერსებოდა. ვიგრძენი, რომ არ ვიყავი ამ ქვეყანაზე ყველასგან მოძულებული, იყო კაცი, რომელსაც ვუყვარდი.
არტურის ნავი «გედი» პირველ დღეებში არც კი გაგვხსენებია. მაგრამ მერე თითქმის ყოველდღე ვიგონებდით. ვიტალისი თვითონვე დამიწყებდა ხოლმე ლაპარაკს არტურსა და დედამისზე.
რატომღაც იმედი მქონდა, რომ მათ კიდევ შევხვდებოდი.
ისინი რონას უნდა დაჰყოლოდნენ და ჩვენც ამ მდინარეს მივყვებოდით. გზაში ჩემი ყურადღება მდინარეში მომავალმა ხომალდებმა მიიქცია,
ბუნების სილამაზეს კი ძველებურად ვეღარ ვამჩნევდი.
როგორც რომელიმე ქალაქში გავჩერდებოდით, მაშინვე მდინარის პირას მივრბოდი, არტურის ნავს ველოდი. ხშირად ვიდექი ნაპირზე, მაგრამ "გედი" არ ჩანდა და თანდათან იმედი მიცრუვდებოდა.
ლიონში თავისუფალ დროს რონის ნაპირზე ვატარებდი, ხან ერთ მატროსთან მივიდოდი და ვეკითხებოდი: «გედი» ხომ არ გინახავს-მეთქი, ხან - მეორესთან, მაგრამ სულ ამაოდ.
ჩემს ოცნებას შალონს მისვლისას მოეღო ბოლო, იქიდან ისე წამოვედით,
«გედისა» არაფერი გამიგია.
ეს ძნელი ასატანი იყო. ჩემს მწუხარებას, თითქოს განგებ, ზედ უამინდობაც დაემატა და კიდევ უფრო მომიმატა ტანჯვა.
ზამთარი მოახლოვდა; წვიმები და თოვლ-ჭყაპი დაიწყო. აქეთ-იქით წანწალი გაძნელდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით მთაგორიან ადგილებს, მით მეტად ვგრძნობდით სიცივეს. ხანდახან პირდაპირ ვიყინებოდით, განსაკუთრებით, როცა კოტდორის მთებს მივუახლოვდით.
საწყალ სულიკოს ჩვენზე მეტად სციოდა. რაც დრო გადიოდა, წუხილი ემატებოდა, მოიწყინა.
ჩვენს ბატონს უნდოდა როგორმე პარიზამდე მიგვეღწია, იქ ვაპირებდით დაზამთრებას და წარმოდგენების გამართვას; მაგრამ როგორ მივიდოდით, როცა უფულობის გამო ქვეითად უნდა გვევლო. მივდიოდით, გზებზე აქა-იქ წარმოდგენებს ვმართავდით და ამგვარად შეგროვილი ფულით შემდეგ ქალაქებში მივემგზავრებოდით.
მაგრამ, როცა შატილიონიდან გამოვედით, საშინელი ჩრდილოეთის ქარი ამოვარდა. ცა მოიღრუბლა, ჩამობნელდა.
ჩვენ ერთ დიდ სოფელში გავჩერდით. გამოდარებამდის აქ შეგვეძლო მოგვეცადა, მაგრამ ვიტალისს მაინცდამაინც უნდოდა იმდღესვე ქალაქ ტრუას მისულიყო და კარგი ამინდის დადგომამდე რამდენიმე წარმოდგენა გაემართა.
- დაწექი, დაიძინე, თორემ დილას, ინათებს თუ არა, უნდა წავიდეთ, - მითხრა ვიტალისმა და მაიმუნი გასათბობად ბუხართან მიიყვანა.
მეორე დილას ადრე გამომეღვიძა. ჯერ კარგად გათენებული არ იყო. უვარსკვლავო ცა დედამიწას შავი ნაბდის მსგავსად გადმოჰფარებოდა და სიბნელეში გაეხვია. როდესაც გარეთ გასახედად კარი გავაღე, საშინელი ქარიშხალი შემოვარდა და ბუხრიდან ნაცარი მთელ ოთახში მიმოფანტა.
- თქვენს ადგილას რომ ვიყო, დღეს აქედან ფეხსაც არ მოვიცვლიდი, - გვითხრა დუქნის პატრონმა. - ეს ამინდი საშინელი ქარბუქის მომასწავებელია.
- ვატყობ და ამიტომ მინდა მივასწრო ქალაქ ტრუამდის, - უთხრა ვიტალისმა და გზას გავუდექით.
მაიმუნი ვიტალისმა გულში ჩაიკრა, რომ ცოტათი მაინც გაეთბო. მე მოკლე ტყავის ქურქი მეცვა. გზაში ერთმანეთისათვის ხმა არ გაგვიცია, რადგან საშინელი ქარი პირდაპირ პირისახეში გვცემდა.
ჩვენი გზა ძლიერ მოსაწყენი იყო. მხოლოდ შორს მოჩანდა მაღალ-მაღალი მთები და შიშველი მინდვრები.
ირგვლივ საშინელი დუმილი გამეფებულიყო. ამ დუმილს არც ურმის ჭრიალი არღვევდა და არც ხალხის ყიჟინა.
უცებ ცაზე რაღაც წერტილი გამოჩნდა. წერტილი ჩრდილოეთიდან გვიახლოვდებოდა და თანდათან იზრდებოდა. როცა ახლოს მოვიდა, კარგად გავარჩიეთ. თურმე გარეული ბატები და გედები მიფრინავდნენ სამხრეთისაკენ. ჟივჟივით გადაგვიარეს თავზე და სახსოვრად ორი თოვლივით თეთრი ბუმბული ჩამოგვიგდეს. ქარი თავისას არ იშლიდა; შავ ღრუბლებს ჩვენკენ მოერეკებოდა. ცოტა ხნის შემდეგ კიდეც წამოთოვა.
დღემდის არ მენახა თოვლი და ქარი, ამიტომ ის შთაბეჭდილება ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება. ქარმა თოვლი დაატრიალა და მალე ქარბუქად გადაიქცა.
- როგორც ვატყობ, დღეს ტრუამდე ვერ მივალთ, სადმე უნდა გავჩერდეთ, - თქვა ვიტალისმა.
ვიტალისის აზრი მაშინვე გავიზიარე, მაგრამ რა ბინა უნდა გვეშოვნა ტრიალ მინდორში?
გზაში სულ აქეთ-იქით ვიცქირებოდი, მაგრამ კაცის სადგომი არსად ჩანდა. მხოლოდ შორს, თვალუწვდენელ მანძილზე, შავად გამოიყურებოდა ტყე.
სოფლის ნახვისა და ბინის შოვნის იმედი დავკარგეთ. ამასობაში გზა თოვლით დაიფარა. აღარ ჩანდა აღარც ქვები, არც ხმელი ფოთლები, აღარც თხრილები... ქარი კისერში მაყრიდა თოვლს, იქვე ტანის სიმხურვალით დნებოდა და ცივი ნაკადული სხეულს მისველებდა.
ენაჩავარდნილი, ღრმად ჩაფიქრებული მივდიოდით. მხოლოდ ხანდახან თუ მოვიხედავდით უკან და მძიმედ ამოვიხვნეშებდით. ჩვენი ძაღლები აქამდე წინ გარბოდნენ, ახლა კი ძლივს მოგვდევდნენ.
დავსველდით, მაგრამ მაინც მივდიოდით. თვალები თოვლით აგვევსო, თავისუფლად გამოხედვაც აღარ შეგვეძლო. თოვლმა და წვიმამ სულ ერთიანად დაგვასველა.
ტყეში ღრმად შევედით, მაგრამ თავი მაინც ვერსად შევაფარეთ. ქარი აქაც თავისუფლად გვცემდა პირისახეში. ბოლოს ჩადგა, მაგრამ საშინლად დაიწყო თოვა. აქა-იქ ღრმა თოვლში ვეფლობოდით და ფეხებს ძლივს მივათრევდით.
შევნიშნე, რომ ვიტალისი მიდამოს აკვირდებოდა და ტყეში თავისუფალ ადგილებს, ტრიალ მინდვრებს ათვალიერებდა, - ეტყობოდა, დასაბინავებელ ადგილს ეძებდა.
უცებ მობრუნდა და ხელი წინ გაიშვირა.
გავიხედე და მინდვრის განაპირას ხის ტოტებისაგან მოწნული ქოხი დავინახე.
შევნიშნეთ თუ არა, მაშინვე იქით გავექანეთ. ძაღლებმა მიგვასწრეს, მხიარული ყეფა ატეხეს და მშრალ მიწაზე გაკოტრიალდნენ. ჩვენც მივედით. ბინამ ძალიან გაგვახარა.
ქოხში ლოგინად ხავსი ეგო, სკამების მაგიერ რამდენიმე ქვა იდო. ფანჯარა არ ჰქონდა. კარის მაგიერ მოზრდილი შესაძვრომი იყო და შიგ იქიდან შევედით.
თოვლი დავიბერტყეთ და მივიხედ-მოვიხედეთ, ერთ ადგილას აგურით რაღაც იყო ნაშენი. მივხვდით, ცეცხლის დასანთები უნდა ყოფილიყო და ბუხრის მაგივრობას გაგვიწევდა.
ცეცხლი! რა სასიამოვნო გასაგონია ეს სიტყვა, როცა კაცი სიცივისაგან კრიჭაშეკრული და გაშეშებულია; სანატრელი ცეცხლიც მალე აბრიალდა ჩვენს ქოხში.
ვიტალისის მიერ დანთებულმა ცეცხლმა უცებ მთელი ქოხი გააბრწყინა. გაჩაღებულ ცეცხლს გარშემო ვუსხედით და გაყინულ ხელ-ფეხს სიამოვნებით ვითბობდით.
დავიჩოქე და ცეცხლს შევუკეთე. ძაღლები ცეცხლის გარშემო წამოწვნენ. მაიმუნმაც გამოჰყო თავი, ხოლო როცა დარწმუნდა, იმ ღამეს იქ უნდა დავრჩენილიყავით, ჩემთან მოვიდა და თავისი გაფიჩხული თათები ცეცხლის ალს მიუშვირა.
ცოტათი მოვსულიერდით, მაგრამ კმაყოფილებისათვის კიდევ საჭმელი იყო საჭირო. ჩვენმა ბატონმა ტომრიდან პური და ცოტაოდენი ყველი ამოიღო. რასაკვირველია, კარგი იყო, ამ ცივ ღამეში თბილი კერძი გვქონოდა, მაგრამ ეს ხმელა პურიც კარგად გეახელით. ოღონდ პური არ გვეყო, ვინაიდან ვიტალისმა ნახევარი პური დილისთვის შეგვინახა.
- არც ეს გზა ვიცი და არც ამ ტყეს ვიცნობ, - თქვა ვიტალისმა, - მხოლოდ გამიგონია, რომ ტყე დიდ ფართობზეა გადაჭიმული და მეორე ამგვარსავე ტყეს უერთდება. ვინ იცის, ეგებ ხალხის საცხოვრებელ ადგილებს ძლიერ დავშორდით და ტყეში ეს პური გამოგვადგება.
როგორც ეტყობოდა ვიტალისი მართალი იყო. მაგრამ ძაღლებს მისი მოსაზრების არაფერი ესმოდათ და დარჩენილ პურს მოუსვენრად სთხოვდნენ.
ვიტალისი მათ თხოვნას ყურადღებასაც არ აქცევდა.
თუმცა კარგად არ გვივახშმია, მაგრამ არც მშივრები დავრჩენილვართ. ვისხედით ცეცხლის პირას და თოვლის გადაღებას ველოდებოდით. ხვავრიელად თოვდა. ქოხის ჭუჭრუტანებიდან ვხედავდით, რომ მთელ მინდორ-ველს თოვლის თეთრი ჩადრი ეხურა. ძაღლები გათბნენ, ცეცხლის პირას მიიყუჟნენ და ტკბილ ძილს მისცეს თავი. მათ მეც მალე მივბაძე და ჩავიძინე.
რამდენ ხანს მეძინა, არ მახსოვს. როცა გამომეღვიძა, უკვე კარგად დაღამებულიყო. თოვდა, გზაში რომ დავრჩენილიყავით, მუხლამდის თოვლში სიარული მოგვიხდებოდა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ღამის გასათევი ადგილი გვქონდა.
ცეცხლს ვუსხედით და ვიტალისი ფრანგების იმპერატორის - ნაპოლეონის ისტორიას მიამბობდა, რომელიც პირველად პატარაობისას ენახა.
- სახელოვანი დამპყრობელი იყო, - თქვა ვიტალისმა, - მთელი ქვეყანა დაიმორჩილა. ვერავინ შეძლო მისი მორევა. მაგრამ ყინვისა და თოვლის ქვეყნის აღებაც მოინდომა და იქ მოეღო მის ძლიერებას ბოლო. ნაპოლეონის აუარებელმა ჯარმა სასტიკი სიცივე ვერ აიტანა და ბევრი დაიხოცა. ვინც სიცივეს გადაურჩა, მტერმა ამოწყვიტა.
ამბავმა დამაინტერესა და გულმოდგინედ ვუსმენდი. ბოლოს კი მითხრა:
- კმარა ამდენი მუსაიფი! გვიანაა, დასვენება გჭირდება, დაწექი და დაიძინე, მე კი ცეცხლს ვუდარაჯებ, არ ჩაგვიქრეს.
დიდხანს არ დამეძინა. ხელი თავქვეშ ამოვიდე და ნაპოლეონზე ფიქრს გავყევი. ამ ფიქრში ჩამეძინა.
ვიტალისმა გამომაღვიძა. აღარ თოვდა. ცეცხლი ისევ გუზგუზებდა.
- ახლა შენი ჯერია, - მითხრა ვიტალისმა, - ცეცხლზე შეშა დააყარე, მე კი ცოტას წავიძინებ.
ჩემ ძილში ვიტალისს მთელი გროვა შეშა დაემზადებინა.
ცეცხლს მივუჯექი, ვიტალისი თავის პალტოში გამოეხვია და მიწვა. ღრმა და თანაბარ სუნთქვაზე შევატყვე, რომ ეძინა.
ქოხის შემოსასვლელთან ფეხაკრეფით მივედი და გარეთ გავიხედე. გარშემო ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ცა მოწმენდილიყო. კაშკაშა ვარსკვლავების სხივი თოვლის ზედაპირზე ვერცხლისფრად ელვარებდა. ყინავდა. ტყეში რაღაც ხმაური ისმოდა.
პატიოსანი ხალხია შეშის მჭრელები. ეს ქოხი რომ არ აეშენებინათ, რა უნდა გვექნა? სად უნდა შეგვეფარებინა თავი ამ სასტიკ სიცივეში?
თუმცა კართან ფეხაკრეფით მივედი, ძაღლებმა მაინც გაიგეს. ზერბინო წამოხტა და კარში გასვლა მოინდომა. ხელით ვანიშნე, არ შეიძლება-მეთქი. სისულელე იყო ამისთანა ამინდში გარეთ ხეტიალი, როცა ქოხში მშვენიერი ცეცხლი გვენთო. ზერბინო მაინც ქოხის კართან დარჩა, ასწია თავი და წმინდა ჰაერის ყნოსვა დაიწყო.
რამდენიმე წუთს ვუყურებდი მოწნედილ ცას, ქათქათა თოვლით დაფარულ არემარეს, ვტკბებოდი და თან ნაპოლეონის ჯარზე, მის ვაჟკაცობაზე ვფიქრობდი. უცებ მოვიხედე და შევატყვე, ცეცხლი ქრებოდა, გამოვბრუნდი და შეშა მივუმატე. ცეცხლის პირას წამოვწექი და სასთუმლად ქვა დავიდე. თბილოდა. ისევ ნაპოლეონსა და მის ჯარისკაცებზე ფიქრმა გამიტაცა. ვფიქრობდი, ნეტა ნაპოლეონმა რატომ არ გააკეთა ამგვარი ქოხები და არ დაიხსნა სიცივისაგან თავისი ჯარი-მეთქი. გადავწყვიტე, ყველაფერი დილით მეკითხა ვიტალისისათვის.
ამ დროს ჩვენ გარშემო სრული სიწყნარე იყო გამეფებული. ვერ გავიგე როგორ ჩავთვლიმე და, ჩემდა უნებურად, კიდევაც მიმეძინა. ასე თბილად და მოხერხებულად რომ არ მოვწყობილიყავ ან ვიტალისს ჩემთვის ყველაფერი არ დაემზადებინა, ასე სწრაფად არ დამეძინებოდა; მაგრამ ახლა გარშემო არაფერი ისმოდა, საქმეც არა მქონდა და ძნელი იყო ღამის თევა.
ჩამეძინა ტკბილად და უდარდელად...
ანაზდეულად ძილში ძაღლის ყეფა მომესმა. წამოვხტი, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ბნელოდა, ალბათ, დიდხანს მეძინა, რომ ცეცხლიც ჩაღველფილიყო და შუქი დაჰკარგოდა. ყეფა არ შეწყვეტილა. ვიცანი, კაპი იყო, მაგრამ გამიკვირდა, ზერბინო და დოლჩე ქოხში აღარ ჩანდნენ.
- რა ამბავია? - წამოვარდა ვიტალისი.
- არ ვიცი! - მივუგე მე.
- დაგეძინა? ცეცხლი რად ჩააქრე?
კაპი კარებში იდგა და განუწყვეტლივ ყეფდა. რაღაც უჩვეულო რამ მოხდა, მაგრამ რა - ეს ვერ გავიგეთ. დავუგდე ყური. რაღაც შეწუხებული ხმა ისმოდა. დოლჩეს წკავწკავს ჰგავდა. მინდოდა ქოხიდან გავსულიყავი და ყველაფერი შემეტყო, მაგრამ, ვიტალისმა არ გამიშვა:
- ჯერ შეშა დააყარე ცეცხლს!
სანამ მის ბრძანებას შევასრულებდი, თვითონ აიღო მუგუზალი, გაიქნ-გამოიქნია ჰაერში და, როცა მუგუზალს ალი მოედო, მითხრა:
- აბა, გავიდეთ! კაპი წინ წავიდეს, შენ უკან მომყევი!
ამ დროს ღამის სიწყნარეში საშინელი ყმუილი მოგვესმა. კაპს შეეშინდა და ჩვენს ფეხებთან მოიკეცა.
- მგლები! - მითხრა ჩუმად ვიტალისმა. - ზერბინო და დოლჩე სადღა არიან?
მეხი დამეცა: არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჩვენს ძილში ზერბინომ სურვილი შეისრულა და ტყეში წავიდა, დოლჩემაც, ალბათ, მას მიბაძა.
- ვაითუ მგლებმა დაგლიჯეს! - ვიტალისმა ისეთი ათრთოლებული ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები, რომ, ეტყობოდა, მხოლოდ ეს აშინებდა.
- აიღე მუგუზალი და წამოდი! - მომიბრუნდა ვიტალისი.
დედა ბარბარენს ბევრი საშინელი ამბავი უთქვამს ჩემთვის მგლებზე, მაგრამ მაინც არ შევშინებულვარ, ავიღე მუგუზალი და წავყევი.
გავედით მინდორში, მივიხედ-მოვიხედეთ, მაგრამ არაფერი ჩანდა. თოვლზე აქა-იქ ძაღლების ნაკვალევი შევნიშნეთ. მივყევით ამ კვალს და ჩვენს ქოხთან მიგვიყვანა. მის გარშემო, ცოტა მოშორებით, მოტკეპნილი თოვლი ვნახეთ: ეტყობოდა, რაღაცას ეგორავა.
- აბა, კაპ, ეძებე, ეძებე! - დაუძახა ვიტალისმა და იმავე დროს ზერბინოს და დოლჩეს დაუსტვინა, მაგრამ არც ერთმა ხმა არ გაგვცა. დღემდის ყველაფრის გამგონე და მარდი კაპი ადგილიდანაც არ დაძრულა. მოიწია ჩვენკენ და რაღაც უსიამოვნო წკავწკავი დაიწყო.
ამ დროს ჟინჟღილამაც გვიღალატა. სინათლე გვაკლდებოდა.
- ზერბინო! დოლჩე! - მაგრამ სულ ამაოდ: პასუხი არსაიდან იყო.
- ნამდვილად მგლებმა დაგლიჯეს, - თქვა ვიტალისმა. - მეტი ძებნა აღარ შეგვიძლია. უიარაღოდ ვართ, შეიძლება მგლები ჩვენც დაგვესიონ. ამას გარდა, რადგან ძახილზე ძაღლები პასუხს არ გვაძლევდნენ, ეტყობა შორს, ძლიერ შორს არიან. - ამ ლაპარაკის დროს ვიტალისს ხმა უთრთოდა.
დიახ, დიდი უბედურება დაგვატყდა თავს.
დავკარგეთ მეგობრები, ჭირისა და ლხინის თანაზიარნი! განსაკუთრებით მე ვიწოდი და ვიდაგოდი, მათი დაკარგვა ხომ ჩემი ბრალი იყო: რომ არ დამძინებოდა, არაფერი შეგვემთხვეოდა.
ვიტალისი უკანვე გამობრუნდა. მე მივყვებოდი და გზადაგზა ყურს ვუგდებდი, რაიმე ხმა ხომ არ ისმის სადმე-მეთქი, მაგრამ ფეხქვეშ თოვლის ხრაშახრუშის გარდა არაფერი ისმოდა.
ქოხში სხვა უბედურებაც გველოდა: ფიჩხს ცეცხლი მოჰკიდებოდა და ქოხი დღესავით განათებული დაგვხვდა. ვეძებეთ მაიმუნი, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ.
ჯერ მე დავუძახე ხმამაღლა, მერე ვიტალისმაც, მაგრამ ხმა არავინ გაგვცა.
ნეტავ, რა დაემართა ჩვენს მაიმუნს?
- როცა ავდექი, მაიმუნი ჩემ გვერდით იწვა; ის ქოხში დავტოვე, - თქვა ვიტალისმა, - ალბათ, რომ წავედით, გამოგვყვა და დაიკარგა.
ისევ ორივემ ავიღეთ მუგუზლები და მაიმუნის საძებნელად წავედით. დიდხანს ვეძებეთ, ორჯერ შემოვიარეთ იქაურობა, სულ ამაოდ, ვერაფერი გავიგეთ. ხანდახან ვჩერდებოდით და ვეძახდით მაიმუნს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. ისიც კი ვიფიქრე, ეგებ მგლებმა ჩაიგდეს ხელში-მეთქი. ვიტალისი კი სხვანაირად ფიქრობდა:
- არა, მგლებს ცეცხლთან მოსვლა არ შეეძლოთ; ალბათ, როდესაც ძაღლები ქოხიდან გავიდნენ და ქოხში ცეცხლი ჩაქრა, მაშინ ჩაუვარდნენ მგლებს ხელში. ამ დროს მაიმუნი შეშინდებოდა, გარეთ გავიდოდა და სადმე იქნება მიმალული. მეშინია, არ გაცივდეს, რადგან უბრალო გაცივებას შეუძლია იმსხვერპლოს.
- კიდევ დავძებნოთ! - ვუთხარი შეწუხებულმა და საძებნელად წავედი, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვეთ.
- გათენებამდის უნდა მოვიცადოთ, მეტი რა გზა გვაქვს! - თქვა ვიტალისმა.
- მალე გათენდება?
- ვფიქრობ, ორ საათში, - მითხრა და ცეცხლის პირას მიწვა, ხელი თავქვეშ ამოიდო.
გვერდით მივუჯექი და ორივე გავჩუმდით. ხანდახან ვიტალისი ადგებოდა და გარეთ გაიხედავდა, გათენდა თუ არაო, მაგრამ მალევე შემოვიდოდა და ჩუმად მიწვებოდა. საშინელი სიჩუმე გულს მიწუხებდა, მომავალი კი უცნაურად მაშინებდა. ასე მეგონა, ამ საშინელ ღამეს დასასრული არ ექნებოდა.
ვერ წარმოიდგენთ, რა სიხარულით შევნიშნე, რომ ცაზე ვარსკვლავები აციმციმდნენ. ცოტა ინათა თუ არა, ავიღეთ ჯოხები და ძაღლების საძებნელად წავედით. კაპი წინ წაგვიძღვა, ჩვენც უკან მივყევით.
კაპმა მართლა კარგი სამსახური გაგვიწია. ჩვენ თოვლზე კვალს ვუკვირდებოდით. კაპმა თავი ასწია, ეტყობოდა, გეში აიღო.
ცოტა ხნის შემდეგ ერთი ხის ქვეშ დადგა და აყეფდა. კვალს მივყევით. ჩვენს ქოხთან მდგარი ხის ძირას მიგვიყვანა, ტოტი პირდაპირ სახურავზე იდო. მივედით ამ ხის ძირას, ავიხედეთ ზევით და წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული: მაიმუნი ტოტზე იჯდა.
ძნელი გასაგები არაა, რანაირად შეხტა მაიმუნი ხეზე: როდესაც მგლების ხმა გაიგონა და დაინახა, რომ ქოხში არავინ იყო, ადგა, გარეთ გავიდა. ქოხის თავზე შეხტა და იქიდან ხეზე გადაძვრა. აღარაფრის ეშინოდა.
საწყალი მაიმუნი! ეგებ კიდევაც გაიყინა. დავუძახეთ, ვთხოვეთ ჩამოსულიყო, მაგრამ ამაოდ... ხმაც არ გაგვცა, ყურადღებაც არ მოგვაქცია.
- ხეზე ავალ და ჩამოვიყვან, - ვთქვი და სახურავზე ავედი; აქედან ხეზე უნდა გადავსულიყავი. ზევით მივხოხავდი და თან მაიმუნს ვუყურებდი, თვალების ბრიალით რომ მომჩერებოდა. ძლიერ ახლოს მივედი, ხელი გავუშვირე, მაგრამ - დახეთ? გამექცა და მეორე ტოტზე გადაჯდა. მინდოდა უკან გავდევნებოდი, მაგრამ სიმარდეში მაიმუნს აჯობებ? მარდად ხტოდა ერთი ტოტიდან მეორეზე.
ამასობაში მაიმუნი ვიტალისის თავს ზევით გადმოშვერილ ტოტს ჩამოჰყვა და ბეჭზე დააჯდა, იქიდან უბეში ჩაუძვრა და თბილად მიყუჩდა.
რაკი მაიმუნი ვიპოვეთ ახლა ძაღლების ძებნას შევუდექით. გათენდა. ახლა ადვილად შეგვეძლო ყველაფრის შეტყობა, რაც წუხელ მოხდა.
როგორც კვალმა მიგვახვედრა, მგლები ჩვენს ძაღლებს დასცემოდნენ და შორს წაეყვანათ. ამაში უფრო სისხლიანმა კვალმა დაგვარწმუნა. მეტი აღარ გვიძებნია და არც იყო საჭირო, მგლები, ალბათ, უკვე ნადიმობდნენ.
ახლა მაიმუნისთვის უნდა მოგვევლო და გვეპატრონა. ვიტალისმა ზელა დაუწყო, მე თბილი საბანი მოვურბენინე, რომ კარგად გამთბარიყო და ოფლი მოედინა.
უკანასკნელად ვისხედით ამ ცეცხლის პირას. სიტყვით არ გამოითქმის ის მწუხარება, გულისტკივილი და მწარე ფიქრები, რაც იმ დროს სულს გვიხუთავდა.
საცოდავი ძაღლები! სულ ჩემი სიგლახით დაიღუპნენ მე რომ არ დამძინებოდა, არაფერი დაემართებოდათ.
ვიტალისი გარინდული იჯდა. ფიქრობდა, რა საშუალებით ეცხოვრა, რა მოეხერხებინა, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით. ძაღლები აღარ ჰყავდა და წარმოდგენას როგორ გამართავდა?
თავი მეთოთხმეტე ბატონი
"სულიკო"
- საბრალო მაიმუნი, რანაირად ძიგძიგებდა სიცივისაგან, - თქვა ვიტალისმა, როცა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, - ვიჩქაროთ, მალე მივიდეთ სოფელში. ღვინოს დავალევინებ, ეგებ ცოტათი გახურდეს, თორემ დაიღუპება. კარგია, თუ გზაში არ მოგვიკვდა. წავიდეთ!
როცა ქოხიდან გამოვედით, ვიტალისმა უკანასკნელად გადახედა და გულდამწვარმა წარმოთქვა:
- ეს ის სასტუმროა, რომლის მასპინძლობაც ასე ძვირად დაგვიჯდა.
მეც უკან გავყევი. კაპი აქეთ-იქით იხედებოდა და იმ ადგილს აკვირდებოდა, სადაც ამხანაგები დაიკარგნენ.
ორი საათის შემდეგ ქალაქ ტრუაში ვიყავით.
ჩვენ ყოველთვის პირველსავე დუქანში ვდგებოდით, თუ ღამეს იაფად გაგვათევინებდნენ.
ვიტალისმა იქ შესვლისას დიდი კაცის სახე მიიღო. ქუდი არ მოუხდია, ისე შევიდა სასტუმროში და ერთი დიდბუხრიანი ოთახი მოითხოვა. სასტუმროს პატრონმა აგვხედ-დაგვხედა და გაიღიმა: ჩვენი სიტყვები ხუმრობა ეგონა; მაგრამ ვიტალისის შესახედაობამ მოხიბლა და მოსამსახურეს უბრძანა, მეორე სართულზე მოეცა ჩვენთვის ოთახი.
- გაიხადე და ლოგინში ჩაწექი.
რად მინდოდა ლოგინში ჩაწოლა? მზად ვიყავი სუფრას მივჯდომოდი და საჭმელი მეჭამა, მაგრამ ბრძანებას ვერ დავარღვევდი, გავიხადე და დავწექი.
- კარგად ჩაწექი, საბანში გაეხვიე, რომ კარგად გათბე! - მითხრა ვიტალისმა.
მინდოდა მეთქვა, ჩემზე უფრო მაიმუნს სჭირდება სითბო-მეთქი, მაგრამ სიტყვის შებრუნება ვერ გავბედე და უხმოდ შევასრულე ბრძანება.
ამ დროს ვიტალისი ცეცხლის პირას იჯდა და მაიმუნს შამფურივით ატრიალებდა; ხან ერთ გვერდს მიუფიცხებდა ცეცხლს, ხან - მეორეს.
- გათბი? - მკითხა ვიტალისმა.
- ძალიან, ისე მცხელა, თითქოს ბუხარში ვიყო.
- ასე სჯობია, მოუხდება! - თქვა ვიტალისმა და მაიმუნი ლოგინში შემომიგორა. - გულში მაგრად ჩაიკარი და გაათბე.
საცოდავი მაიმუნი, როცა კარგად იყო, არაფერს მიჯერებდა, თავისნება ცხოველი იყო, ახლა კი სრულიად მომენდო. ვიტალისმა ტკბილი ღვინო მოიტანა და შეკრულ კრიჭაში ძალით ჩავასხით.
მაიმუნი ისე გვიცქეროდა, თითქოს გვევედრებოდა: ნუ მაწვალებთ, მაცალეთ სულის დალევაო. მალე ისე გახურდა, გეგონებოდა, ტანზე ცეცხლი უკიდიაო.
რამდენჯერაც მოვიდა ვიტალისი, იმდენჯერ გამოიღო საბნიდან თათი მაიმუნმა და პატრონს აჩვენა.
ძლიერ მიკვირდა ამგვარი საქციელი. ეს შემატყო ვიტალისმა და მითხრა:
- ეს მაიმუნი ანთებით ადრეც მყავდა ავად. მაშინ ფეხიდან სისხლი ავართვით და მორჩა. ახლაც მიტომ მიშვერს თათს, ჰგონია სისხლის გართმევით ეშველება რამე.
ცუდად გრძნობდა თავს ჩვენი ავადმყოფი. ვიტალისმა მისი წუხილი ვეღარ აიტანა, ზეზე წამოვარდა და ექიმთან წავიდა.
მალე დაბრუნდა, ექიმი თან მოიყვანა. გზაში ექიმისათვის არ უთქვამს, რომ მაიმუნის მოსარჩენად მოჰყავდა, ეშინოდა, ვაითუ არ წამომყვესო. შემოვიდა ოთახში ექიმი, ჩემთან მოვიდა, თავზე ხელი დამადო და იკითხა:
- ამას აცხელებს?
შემეშინდა, ვიფიქრე: მაიმუნი ვგონივარ და მის მაგიერ სისხლს მე გამართმევს-მეთქი.
- ბატონო, მე კი არა ვარ ავად, აი, ეს არის, ეს, - მივუთითე მაიმუნზე.
- რას ამბობს? ალბათ, ბოდავს! - თქვა ექიმმა.
მეც აღარაფერი მითქვამს. ავხადე საბანი და ავადმყოფი მაიმუნი ვაჩვენე.
- ეს ხომ მაიმუნია! მაიმუნის სანახავად მომიყვანეთ? - თქვა გაჯავრებით ექიმმა, დაავლო ქუდს ხელი და წასვლა დააპირა.
ვიტალისი წინ გადაეღობა და თხოვნა-ვედრება დაუწყო, რაიმე საშუალება ერჩია ავადმყოფის საექიმოდ. უბრალო მაიმუნი არ გეგონოთ, მეტისმეტად ჭკვიანი და გონიერი არსებააო.
- ის ჩვენი ერთგული ამხანაგი და გულითადი მეგობარია, - განაგრძო ვიტალისმა. - არ შემიძლია ამგვარ საშიშ მდგომარეობაში მყოფი მაიმუნი სოფლის რომელსამე უსწავლელ ბეითალს ჩავუგდო ხელში. თქვენ, ექიმები, სულ სხვა ბრძანდებით. თქვენ დიდებულ მეცნიერებას ემსახურებით და მის სასახელოდ გულმოდგინედ იკვლევთ ყოველგვარ ავადმყოფობას.
მართალია, მაიმუნია, მაგრამ ადამიანის ტანის აგებულება და მაიმუნისა ხომ ერთი და იგივეა. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მეცნიერებისათვის, გამოიძიოთ და შეიტყოთ: ავადმყოფობის მსვლელობა მაიმუნისა და ადამიანის ორგანიზმში ერთნაირია თუ არა?
ამ მხურვალე სიტყვებმა მოალბო ექიმის გულიც და ავადმყოფის საწოლთან მივიდა.
მაიმუნმა იგრძნო, რომ კაცი მის საშველად მოსულიყო და ცალი თათი გამოუშვირა.
- აი, ხომ ხედავთ, რა ჭკვიანია! ატყობს, შველა შეგიძლიათ და თვითონვე გამოგიწოდათ თათი, მაჯა გამისინჯეთო, - უთხრა ვიტალისმა.
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო წააქეზა ექიმი. მაჯა გაუსინჯა, მთელი სხეული დაუთვალიერა, შემდეგ სათვალე გაისწორა და თქვა:
- მართლაც რომ საინტერესოა! ფილტვების ანთება აქვს, სრულებით ისეთი, როგორც ადამიანს.
საბრალო მაიმუნი! არათუ საინტერესო, საშინელი და სამწუხარო გასაგონარი იყო ჩვენთვის მისი სატკივარი.
ექიმმა იმწამსვე სისხლი გაართვა, მერე კომპრესები გაუკეთა, მაგარი ღვინო დაალევინა და წამლები გამოუწერა.
თავზე ვადექი ავადმყოფ მაიმუნს და ვუვლიდი. ძლიერ სიამოვნებდა და ხშირად მიღიმოდა ხოლმე.
საბრალო მაიმუნი! რა ცოცხალი, მარდი, ეშმაკი იყო ამ რამდენიმე დღის წინ, ახლა კი იწვა და ძლივს იძვროდა.
მაიმუნს საშინელი ხველება აუტყდა, როგორც ამ ავადმყოფობას სჩვევია. ვიცოდი, ხველების დროს შაქარი იყო კარგი. წავედი, ვიყიდე ჩემი ფულით შაქარყინული და საჩუქრად მივუტანე. როცა კი ხველებას დააწყებინებდა, შაქარს ვაძლევდი, მაგრამ დახე უბედურებას! რაც უფრო ხშირად ვაძლევდით შაქარს, მით უფრო მეტს ახველებდა: ხანდახან განგებაც დაიწყებდა ხველებას, რომ შაქარი გამოეტყუა.
ძლიერ ცუდად მიდიოდა ჩვენი საქმეები. ვიტალისი იძულებული შეიქნა თავისი საათი გაეყიდა. სასტუმროს პატრონი ფულს ითხოვდა, ჩვენ კი გროშიც არ გაგვაჩნდა. უკვე წარმოდგენის გამართვაზე უნდა გვეფიქრა. ყველაფერი გამოგველია, ჭამა კი საჭირო იყო.
წარმოდგენას გავმართავდით, მაგრამ როგორ? არც ზერბინო გვყავდა, არც დოლჩე და მაიმუნიც დღეს თუ ხვალ მოგვიკვდებოდა.
არც ლოდინი იყო შესაძლებელი, რაიმე საშუალება უნდა გამოგვეძებნა. ვიტალისი მზადებას შეუდგა.
კარტოფილის სანთლები იყიდა, შუა-შუა დაჭრა და ყველგან დაანთო, ვიტალისს უნდოდა, დარბაზი კარგად განათებულიყო.
გააკეთა ამაღლებული ადგილი, სადაც უნდა დავმდგარიყავით და საზოგადოებისათვის ჩვენი ხელოვნება გვეჩვენებინა.
საღამოს უცებ დოლის ხმა მოისმა. ვიტალისს წითელი ქუდი ეხურა, დადიოდა ქუჩა-ქუჩა და ხალხი წარმოდგენის საყურებლად მოჰყავდა. დოლის ხმაზე მე და კაპი ოთახიდან უნდა გამოვსულიყავით. ავადმყოფი მაიმუნი კი მარტო რჩებოდა.
დოლის ხმა რომ გაიგონა, მაიმუნმაც ადგომა და ჩვენთან წამოსვლა მოინდომა. ვურჩიე არ წამოსულიყო, მაგრამ არ დამიჯერა; მოითხოვა ინგლისის გენერლის წითელი მუნდირი და ქუდი, დამიჩოქა, გამოიშვირა ხელი და მთხოვა გამომეწყო და წამეყვანა.
მე არ შევიწყნარე მისი თხოვნა, მოვკიდე ხელი და ისევ ლოგინში ჩავაწვინე. ამ დროს ვიტალისიც შემოვიდა. მაიმუნი სიხარულით მივარდა და დაუწყო თხოვნა. ვიტალისმა შეხედა და ჰკითხა:
- ჩემთან გინდა ითამაშო?
- დიახ, დიახ, დიახ! - ანიშნა მაიმუნმა.
- მერე ავად რომ ხარ?
- ახლა კარგად ვარ, შემიძლია ფეხზე დავდგე, - ანიშნა მაიმუნმა.
მისმა ამგვარმა სურვილმა ჩემზე ძლიერ იმოქმედა, უნდოდა დაგვხმარებოდა და ერთად გაგვერთო საზოგადოება. მაგრამ ავადმყოფი არ წამოვიყვანეთ, არ შევაწუხეთ.
მოედანზე წასვლის დროც მოვიდა. რამდენიმე ღერი შეშა შევაწყე ბუხარში და ცეცხლი კარგად გავაჩაღე. მერე კი ავადმყოფი კარგად გავხვიე საბანში, რომ კიდევ არ გაცივებულიყო. გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ მაიმუნმა ხელები კისერზე მომხვია, მაგრად ჩამიკრა გულში და ცხარე ცრემლების ღვრით კოცნა დამიწყო. დიდხანს ვყავდი ასე ჩახუტებული, მერე გამიშვა და მეც გზას გავუდექი.
ვიტალისის შედგენილ აფიშაზე ეწერა: წარმოდგენაში შესანიშნავი და ცნობილი არტისტი კაპი მიიღებს მონაწილეობას; ამას გარდა იმღერებს ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც მართლა რომ ამქვეყნიური სასწაულიაო (ეს მე ვიყავი) და სხვა. ადგილების ფასი აფიშაში არ იყო ნაჩვენები, რადგან იმედი გვქონდა, სულგრძელი საზოგადოება ამგვარი სიამოვნებისათვის ჯეროვნად დაგვასაჩუქრებდა.
თუმცა აფიშა ასე მომხიბლავად იყო შედგენილი, საზოგადოება მაინც ძლიერ ზანტად იკრიბებოდა.
პირველად მე მომიხდა სცენაზე გამოსვლა. ვიმღერე და დავუკარი ქნარი, მაგრამ საზოგადოება ძლიერ გულცივად შემხვდა. ამან ძლიერ გამაჯავრა. მე სახელისათვის კი არ ვმღეროდი, არამედ ავადმყოფი ამხანაგისათვის. ვცდილობდი, საზოგადოებას გულის სიღრმემდის ჩასწვდომოდა ჩემი სიმღერა, აღმეძრა მასში გრძნობა სიბრალულისა, მოყვასის დახმარებისა... მაგრამ სულ ამაოდ: ეს ვერ შეძლო ჩემმა ნიჭმა, ჩემმა სიმღერამ. საზოგადოებამ ჩემში ვერაფერი «სასწაული» დაინახა.
კაპი ჩემზე ბედნიერი გამოდგა. ვაშას შესძახოდნენ, ტაშსაც უკრავდნენ, მაგრამ, როცა კაპმა პირით ჯამი დაიკავა და ფულის შეკრება დაიწყო, აღმოჩნდა, რომ შემოსავალი ძლიერ ცოტა იყო.
- ჩვენ ყველაფერი, რასაც დაგპირდით, შეძლებისდაგვარად სინდისიერად შევასრულეთ, - მიმართა საზოგადოებას ვიტალისმა, - მაგრამ, რადგან ჯერ სანთლები კიდევ არ დამწვარა, ვსარგებლობ შემთხვევით და ერთ სიმღერას მეც ვიმღერებ. შემდეგ კაპი კიდევ ჩამოივლის და, ვისაც წეღან არ მოუცია, ახლა შეუძლია გამოასწოროს თავისი შეცდომა.
თუმცა ვიტალისი მასწავლიდა სიმღერას, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, მას მარტო ემღეროს, ახლა კი სასიმღეროდ ემზადებოდა.
ამ სიმღერამ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ ბნელ კუნჭულში ვიყავი მიმალული, როცა ვიტალისი მღეროდა. მისი ცქერა დიდხანს ვეღარ შევძელი, პირი მივიბრუნე და ავქვითინდი.
ცრემლიანი თვალით შევხედე პირველ სკამზე მჯდომ მანდილოსანს, რომელიც ჩემსავით ააღელვა ვიტალისის სიმღერამ. მაგრამ, როცა კაპმა ჩამოიარა, კაპიკიც არ უჩუქებია. საზოგადოება დაიშალა. ის ქალი ჩემთან მოვიდა და მითხრა:
- მსურს შენს ბატონს მოველაპარაკო.
- რა უნდა მაგ ქალს? - მკითხა ვიტალისმა.
- მოლაპარაკება უნდა.
- რა მაქვს მასთან სალაპარაკო.
- ეგებ კაპს აძლევს რამეს!
- მაშინ კაპი მივიდეს და არა მე, - თუმცა ასე თქვა, მაგრამ მაინც მივიდა იმ ქალთან.
- მაპატიეთ, ბატონო ჩემო, - უთხრა ქალმა, - მაგრამ ჩემი გულითადი მადლობა უნდა გამოგიცხადოთ იმ სიამოვნებისათვის, რომელიც თქვენი ტკბილი სიმღერით მაგრძნობინეთ. მე თვითონ მუსიკის მცოდნე გახლავართ; ისეთ დიდ ნიჭს, როგორიც თქვენა გაქვთ, ძლიერ ვაფასებ და თაყვანსა ვცემ.
ჩემი ბატონის მაღალი ნიჭი ძლიერ გამიკვირდა. ვიტალისმა თავი დაუკრა და მადლობა უთხრა.
- ჩემებრ მოხუცებულს როგორ შეიძლება დიდი ნიჭი ჰქონდეს, - უთხრა ვიტალისმა, - თქვენ გიკვირთ, რომ უბრალო კომედიანტს ამისთანა ხმა მაქვს? ეს რანაირად მოხდა, ადვილი ასახსნელი გახლავთ: მე ყოველთვის ის არა ვყოფილვარ, რაც ახლა ვარ.
ქალმა უფრო დაკვირვებით შეხედა ვიტალისს, მადლობა უთხრა სიამოვნებისთვის და კაპს ერთი ოქრო აჩუქა.
წარმოდგენის შემდეგ შემოსავალი დავთვალეთ. იმდენი მაინც ვერ გვეშოვა, რომ პარიზს ჩავსულიყავით: 40 ფრანკი კიდევ გვაკლდა.
პარიზამდის ისევ ქვეითად უნდა გვევლო.
ვიანგარიშეთ ყველაფერი და მაიმუნის ამბის შესატყობად სასტუმროსაკენ გავეშურეთ. პირველად მე ავედი ზევით, სინათლე ავანთე და ავადმყოფს ძებნა დავუწყე, რადგან ჩემს ძახილზე ხმა არავინ გამცა.
საწყალი ავადმყოფი ლოგინიდან ჩამოვარდნილიყო და იატაკზე იწვა გაშოტილი. გენერლის ტანისამოსი ტანზევე ეცვა. მინდოდა ნელა ამეყვანა და ისევ ლოგინში ჩამეწვინა, მაგრამ ხელი მოვკიდე თუ არა, შევატყვე, რომ საბრალო მომკვდარიყო.
ამ დროს ვიტალისი შემოვიდა და იკითხა:
- რა ამბავია?
- ჩვენი მაიმუნი მომკვდარა.
მოხუცი ამ ამბავმა ძლიერ შეაწუხა. იქვე ჩემ გვერდით დადგა და მკვდარ მეგობარს დააცქერდა...
- საბრალო «სულიკომ» სიცოცხლის უკანასკნელი ძარღვის ცემა შეწყვიტა. მოგვიკვდა, აღარა გვყავს! - ათრთოლებული ხმით წარმოთქვა ვიტალისმა.
თავი მეთხუთმეტე
პარიზში
პარიზამდის კიდევ დიდი მანძილი იყო. თუმცა ცუდი დარი იდგა, წვიმდა, თოვდა და ღამღამობით კიდეც ყინავდა, ჩვენ მაინც თოვლიანი მთა-გორები უნდა გაგვევლო და პარიზს ჩავსულიყავით.
სამწუხარო და სამძიმო იყო ჩემთვის ეს მგზავრობა. ვიტალისი წინ მიდიოდა, მე უკან მივდევდი, ყველა განცვიფრებული მოგვჩერებოდა: ალბათ, უკვირდათ, რომ ამ საძაგელ ამინდში ვიღაც მოხუცს მე და კაპი სადღაც მივყავდით.
გზაში ხმაგაკმენდილი მივდიოდით. ამ სიჩუმემ კიდევ უფრო დამიმძიმა გული.
მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი, რომ მწარე ფიქრები გამეფანტა; მაგრამ ვისთან შემეძლო ლაპარაკი? ვიტალისის მეტს ვერავის ვხედავდი. ის კი დარდისაგან იყო კრიჭაშეკრული. ხანდახან, როცა კაპი მოირბენდა და სველი ენით ხელს ამილოკავდა, ვფიქრობდი, ალბათ მეუბნება:
- გახსოვდეს, მე, შენი გულითადი მეგობარი, მუდამ შენთანა ვარ, ნუ გეშინიაო!
ამგვარი ფიქრებით გულდამშვიდებული ალერსით გადავუსვამდი ზურგზე ხელს. ისიც თანაგრძნობის ნიშნად დაიმანჭებოდა, კუდს ააქიცინებდა და თვალებში შემომაჩერდებოდა.
ხანდახან შუა გზაში შეჩერდებოდა, პირს იქით მიიბრუნებდა, საიდანაც მოვდიოდით და ყმუილს დაიწყებდა. ალბათ, თავისი დაკარგული ამხანაგები ახსენდებოდა და იმათ დასტიროდა.
რადგან ერთი სუც არ მოგვეძებნებოდა, ღამის გასათევად ხის ქვეშ ან სადმე ფარეხში დავბინავდებოდით ხოლმე.
ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც რომელიმე კეთილი სახლის პატრონი ერთ ჭიქა თხის რძეს მომაწოდებდა. მაშინ ღონეც მომეცემოდა, უკეთაც ვგრძნობდი თავს და შრომასაც იოლად ვიტანდი.
დღითი დღე ვუახლოვდებოდით პარიზს. დიდ-დიდი სოფლები და გრძელი გზა იმის ნიშანი იყო, რომ პარიზთან ახლოს ვიყავით. ჩემს ყვაწვილობაში ბევრი რამ გასაკვირველი გამეგონა პარიზზე და ეს ქალაქი რაღაც არაჩვეულებრივი რამ მეგონა. წარმოდგენილი მქონდა ოქროს ხეები, მარმარილოს სახლები, ხავერდისა და აბრეშუმის ტანისამოსიანი ხალხი. ყველაფერი როგორც წარმოდგენილი მქონდა, ისე რომ მენახა, სრულიადაც არ გამიკვირდებოდა.
ერთხელ დიდი სოფლიდან გამოვედით. შევხედე, შორს რომელიღაც ქალაქს შავი ღრუბლის მსგავსი კვამლი გადაჰკვროდა. მოვიწმინდე თვალები და კიდევ უფრო დავაშტერდი; ამ კვამლში აქა-იქ სახლების სახურავები, კოშკები და სამრეკლოები გავარჩიე.
ამ დროს ვიტალისიც წამომეწია:
- აი, მივედით კიდეც. ოთხი საათის შემდეგ პარიზში ვიქნებით.
- მაშ, ეს პარიზია?
- დიახ, პარიზია. მაგრამ აქ, საუბედუროდ, უნდა დავშორდეთ ერთმანეთს.
ეს სიტყვები ლახვარივით მომხვდა გულში. თვალები ცრემლით ამევსო, ტუჩები ამითრთოლდა. ვიტალისმა ეს შემნიშნა და მითხრა:
- ძვირფასო ყმაწვილო, გეტყობა, კეთილი გულისა ხარ! შენმა უმანკო ცრემლებმა გულისტკივილი მალამოსავით მომიშუშა. როდესაც კაცი კარგად არის, როცა სწორ გზას ადგას და ნეტარებს, მაშინ თავის გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს; მაგრამ, როდესაც ცხოვრება გაუმრუდ- დება და ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდება, მაშინ საიმედოდ წარმოთქმული ყოველი სიტყვაც კი საქმეზე უფრო მაღლა დგას; აღტაცებული ხარ, როდესაც ამგვარი მანუგეშებელი ვინმე აღმოგიჩნდება. ჩემი უბედურება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ უნდა მოგშორდე, როცა ერთად უნდა ვყოფილიყავით.
- უნდა დამტოვოთ? - ვკითხე მე.
- არა, როგორ შეიძლება შენი მარტო დატოვება! მხოლოდ მინდა იცოდე, რომ თავის რჩენა ძლიერ გაგვიჭირდება. დასი აღარ გვყავს, წარმოდგენებს ვეღარ გავმართავთ, უიმისოდ კი პურის ფულსაც ვერ ვიშოვით. ამიტომ სულ სხვა რამ მოვიფიქრე: გაზაფხულამდე მიგაბარებ ვინმეს, რომელიც ქუჩა-ქუჩა გატარებს და ქნარზე დაგაკვრევინებს, მე კი ამ დროის განმავლობაში სკოლას გავხსნი. მსურველთ ვიოლინოს, ქნარისა და სხვა საკრავების დაკვრას ვასწავლი.
აქ ყველა კარგად მიცნობს და გაკვეთილიც ბევრი მექნება. ორ ძაღლს ვიყიდი და ზერბინოსა და დოლჩეს მაგიერ გავწვრთნი. გაზაფხულზე ძაღლებიც გვეყოლება და ჩვენც დასვენებული ვიქნებით; მაშინ ისევ გავემგზავრებით და პარიზიდან გავალთ. აქედან გერმანიას წაგიყვან, იქიდან - ინგლისს. ერთი სიტყვით, ყველაფერს გაგაცნობ, გასწავლი, რომ ნამდვილი ადამიანი გამოხვიდე... ნუ გეშინია, ჩემო მეგობარო, ჯერ მომავლის იმედი არ დამკარგვია!
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მინდოდა ვიტალისს დაწვრილებით მოვლაპარაკებოდი, მაგრამ ვიტალისი შორს წასულიყო.
ჩვენ წინ დიდი ქუჩა მიდიოდა. ამ ქუჩის ორსავე მხარეს სახლები იყო ჩამწკრივებული; არა ისე მშვენიერი და მდიდრულად ნაგები, როგორც ბორდოს, ტულუზისა და ლიონის სახლებია.
ქუჩები ტალახიანი იყო. ყველგან მყრალი სუნი იდგა. ქუჩებში მიმავალ ეტლებს შორის ფერმკრთალი და სუსტი ბავშვები დაფუსფუსებდნენ; ვუყურებდი და ვფიქრობდი; ნეტავ სადა ვარ-მეთქი?
- პარიზს მივედით, - მითხრა უცებ ვიტალისმა, თითქოს მიმიხვდა, რასაც ვფიქრობდი.
ნუთუ ეს მართლა პარიზია? მერე სად არის მარმარილოს სახლები, ან ხავერდისა და აბრეშუმისტანისამოსიანი ხალხი? ძლიერ გამიკვირდა, რომ ჩემი ოცნება არ გამართლდა.
მაინც ყველაფერს დიდი ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი. ერთი ქუჩის ნაპირას მისი სახელი წავიკითხე: ლურსინის ქუჩა იყო. ვიტალისი ერთ ეზოში შევიდა. ეს ეზო ისე იყო ჩაბნელებული, ჭას ჰგავდა, სადაც მზის სხივები ვერ აღწევდა. ამაზე საშინელი ადგილი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა.
ავყევით კიბეს და მეორე სართულზე ავედით. ვიტალისი შეჩერდა და მითხრა:
- აქ ცხოვრობს მასწავლებელი გაროფოლი, რომლის შესახებაც ამას წინათ გეუბნებოდი.
ვიტალისს არ დაურეკავს, ისე შევიდა. ვეებერთელა ოთახში აღმოვჩნდით, რომელიც მოუწყობელ ბეღელსა ჰგავდა. ოთახი სკამლოგინებით იყო სავსე. კედლები და ჭერი საზიზღრად დასვრილ-დათითხნილი ჰქონდა.
- გაროფოლ, სად დაიმალეთ? - დაიძახა ვიტალისმა ოთახში შესვლისას.
- პასუხი გამეცით! ეგებ სხვა ვინმე გგონივართ? მე ვარ, მე!
მკრთალი სინათლის გამო ოთახში ბნელოდა და გეგონებოდათ, შიგ არავინ არისო, მაგრამ ვიღაც ბავშვის წკრიალა ხმა მოისმა:
- ბატონი გაროფოლი არ გახლავთ შინ, ორი საათის შემდეგ მოვა.
ამ ხმასთან ერთად მთქმელიც გამოჩნდა. იგი ათი წლის ბავშვი თუ იქნებოდა. ძლივს მოვიდა ჩვენამდის, ფეხებს თავისუფლად ვერ ხმარობდა. მისმა დანახვამ გამაკვირვა, რაღაც უცნაური იყო; იფიქრებდით, ტანი არა აქვს და თავი ვეებერთელა ფეხებზე აბიაო. თვალების გამომეტყველება სიმშვიდეს, მწუხარებასა და სასოწარკვეთილებას გამოხატავდა. მისი თვალები გიზიდავდათ, თანაგრძნობას იწვევდა თქვენში.
- შენ ნამდვილად იცი, რომ ორი საათის შემდეგ დაბრუნდება? - ჰკითხა ვიტალისმა.
- დიახ, ვიცი, ბატონო, ამაზე გვიან არასოდეს სადილობს.
- მაშ კარგი, როცა დაბრუნდება, უთხარი, ვიტალისი შემოივლის შენთან ორი საათის შემდეგ-თქო.
ვიტალისმა წასვლა დააპირა. მინდოდა უკან გავყოლოდი, მაგრამ მითხრა:
- შენ აქ დარჩი, დაისვენე ჩემს მოსვლამდის.
დასვენებას მასთან წასვლა მერჩივნა, მაგრამ მორჩილებას ვიყავი შეჩვეული და სიტყვა ვეღარ შევუბრუნე. როცა ვიტალისი წავიდა, მომიბრუნდა ეს ბავშვი და იტალიურად მკითხა:
- სოფლელი ხარ?!
მე ვიტალისისაგან ვისწავლე ცოტაოდენი იტალიური, მაგრამ კარგად ლაპარაკი არ ვიცოდი.
- არა, - მივუგე ფრანგულად.
- ოჰ! - ამოიხვნეშა მწუხარედ და დამაშტერდა თავისი ბრიალა დიდრონი თვალებით. - ვწუხვარ, სოფლელი რომ ყოფილიყავი, სოფლის ამბავს მაინც მიამბობდი.
- მე ფრანგი ვარ და რას გვიამბობდი?
- ფრანგი რომ ხარ, მით ხარ ბედნიერი. იტალიელი რომ ყოფილიყავი, ბატონ გაროფოლთან დაგაყენებდნენ, ამასთან ყოფნა კი სასიხარულო არ არის.
ეს სიტყვები სასიამოვნო გასაგონი არ იყო.
- როგორ, ცუდი გულის კაცია?
ამაზე ბავშვმა არაფერი მიპასუხა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება ყოველგვარ სიტყვაზე უფრო ნათლად მეტყველებდა. ამის შემდეგ შეწყვიტა მუსაიფი და ოთახის ერთ კუნჭულში ბუხართან მიიკრუნჩხა.
ბუხარში დიდი ცეცხლი იყო გაჩაღებული. ცეცხლთან დიდი ქოთანი მიედგათ და შიგ რაღაც იხარშებოდა.
მეც მივედი ცეცხლთან. შევხედე, ქოთანს ხუფი დაჭედილი ჰქონდა და ისე დუღდა.
- რად აქვს ამ ქოთანს ხუფი დაჭედილი?
- იმიტომ, რომ შეჭამადი არ ამოვიღო. ბატონისაგან მონდობილი მაქვს საჭმლის გაკეთება, მაგრამ ბატონს ეშინია, სუფრაზე მიტანამდე არ ამოვიღო და არ შევჭამო.
უნებლიეთ გამეცინა.
- შენ იმიტომ გეცინება, რომ სვავი, ბევრის მჭამელი გგონივარ, - მითხრა ბავშვმა მწუხარე სახით. - ბევრის ჭამა არ მიყვარს, მაგრამ მშიერი ვარ და რა ვქნა. წვნიანის სუნი კიდევ უფრო მიმატებს მადას და ასე შორიდან სურვილით ვკვდები. აი, როგორ მტანჯავს და მაწვალებს გაროფოლი.
- როგორ, შიმშილითა გკლავს?! ეს რა უბედურება ყოფილა!
- ბატონი გაროფოლი ჩემი ღვიძლი ბიძაა: წამომიყვანა და სამადლოდ მზრდის. დედაჩემი ღარიბი კაცის ქვრივია. შარშან გაროფოლი ჩემს სოფელში ჩამოვიდა. ბავშვების შოვნა უნდოდა. დედამ სთხოვა ჩემი წაყვანა, ბიძიაც დათანხმდა. დედაჩემს ექვსი შვილი ჰყავს, მე ყველაზე უფროსი ვარ. დედას, რასაკვირველია, გაუხარდა, რომ ბიძაჩემი მასწავლიდა და ბოლოს კაცი შევიქნებოდი. მე კი საშინლად ვწუხდი დედის, დებისა და ძმების მოშორებას...
ოჰ, რა საშინლად ვწუხვარ, - ამოიხვნეშა მათიამ (ასე ეძახდნენ იმ ყმაწვილს) და განაგრძო: - გაროფოლმა მაშინ თორმეტი ბავშვი იშოვა და ყველანი საფრანგეთს წამოგვიყვანა. პარიზს რომ ჩამოვედით, ზოგი ბავშვი, უფრო ღონიერები, ბუხრების მწმენდელს მიაბარა სასწავლებლად, სუსტები კი ქუჩა-ქუჩა დაგზავნა და დაავალა, სტვირზე ემღერათ და ფული ეშოვათ. გაროფოლმა მე ორი თეთრი თაგვი მომცა და მიბრძანა ხალხისთვის მეჩვენებინა, დღეში ოცდაათი სუ მომეგროვებინა და მისთვის მიმეტანა.
- რამდენი სუც დაგაკლდება, საღამოს იმდენი ჯოხი მოგხვდებაო, - მითხრა. ოცდაათი სუს შოვნა ჩემთვის ძლიერ ძნელი იყო და ამიტომ ყოველდღე მცემდა. ბოლოს საჭმელიც მომისპო და შიმშილით მკლავდა. ერთი თვის შემდეგ ისე გავხდი, ისე დავსუსტდი, რომ ვეღარავინ მცნობდა, ყველა ფიქრობდა, მალე მოკვდებაო.
ყველას ვეცოდებოდი. სამადლოდ ვინ პურს მაძლევდა და ვინ სხვა საჭმელს. ერთხელ გაროფოლმა ეს დაინახა, იწყინა და გარეთ აღარ გამიშვა. შინ უნდა დავრჩენილიყავი და საჭმელი მეკეთებინა. ქვაბიდან რომ საჭმელი ვერ ამომეღო, ხუფი გაუკეთა. აი, ამგვარად კეტავს და მიტოვებს, რომ არაფერი მოვაკლო. ნება მაქვს მხოლოდ სუნი ვიყნოსო, რომლითაც კიდევ უფრო მემატება ჭამის მადა. ხომ ხედავ, რა ფერი მადევს? ფერმკრთალი ვარ, არა? ეს სულ უჭმელობის ბრალია, ჩემო მეგობარო!
პატარაობაში მქონდა გაგონილი, რომ ავადმყოფს პირში არ უნდა უთხრა, ავად ხარო, და ამის გამო ვუპასუხე:
- არა, ჩემი აზრით, სხვებზე უფრო მკრთალი ფერი შენ არა გაქვს.
- ვიცი, ვიცი, ჩემო ძმაო, რა აზრითაც მეუბნები. გინდა, მაგ სიტყვებით გული გამიკეთო. მაგრამ არა, მე ვიცი, როგორიცა ვარ. ჩემთვის ისა სჯობია, რომ ავადმყოფი ვარ. ავადმყოფს საავადმყოფოში წამიყვანენ და იქ ათასჯერ უკეთეს ყოფაში ვიქნები, ვიდრე აქა ვარ. საავადმყოფოში პირველად არა ვარ, უწინაც ვყოფილვარ. იქ ექიმები და მომვლელები ძლიერ კეთილნი არიან.
როცა მორჩები, მშვენიერ საჭმელს გაჭმევენ. გაროფოლი თავში მცემს ხოლმე და აი, შეხედე, რამხელა კოპი მაზის თავზე. საშინელ ყოფაში ვარ. ვწვალობ, ვიტანჯები; თავი ისე დამიმძიმდა, მგონია, ასი ფუთი სიმძიმე მაწევს-მეთქი. ნიადაგ გული მერევა, თავბრუ მესხმის. ღამღამობით განუწყვეტლად ვკვნესი, ვოხრავ და ხანდახან ძილში ვყვირი ხოლმე. გაროფოლს არ უყვარს, როცა ვინმე ძილს უფრთხობს. ალბათ, ჩემით თავს არ შეიწუხებს და საავადმყოფოში მიმცემს. ახლა მითხარი სიმართლე: მკრთალი ფერი მადევს თუ არა?
- დიახ, იმდენად ავადმყოფური სახე გაქვს, რომ საავადმყოფოში უნდა მიგაბარონ.
- დამეთანხმე თუ არა? მადლობა ღმერთს!
ადგა, კოჭლობით მივიდა მაგიდასთან, კოვზები და თეფშები სუფრაზე დააწყო. დავთვალე: სულ ოცი კაცი უნდა დამჯდარიყო სადილად. ვიფიქრე, გაროფოლს ოცი მოსწავლე ჰყოლია-მეთქი, მაგრამ მიკვირდა: ოთახში მხოლოდ თორმეტი სკამლოგინი იდგა; ნუთუ თითო ლოგინზე ორ-ორი ბავშვი წვებოდა! ლოგინებს ზეწრები არ ჰქონდა გადაფარებული და საბნები ცხენის თოქალთოებს ჰგავდა.
ამ დროს გაიღო კარი და ერთი ბავშვი შემოვიდა. ცალ ხელში ვიოლინო ეჭირა, მეორეში - შეშის ნაჭერი, ამას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, სულ ათიოდე ბავშვი იქნებოდა.
ვინც კი შემოვიდოდა, თავისი ლოგინის ახლოს კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ჰკიდებდა საკრავს, - ვინ ვიოლინოს, ვინ ქნარს; ზოგიერთებს გალიები ჰქონდათ, რომელშიც ზაზუნები თუ ბაჭიები ჰყავდათ ხალხის საჩვენებლად.
კიბეზე მძიმე ფეხის ხმა მოისმა. ეტყობოდა, გაროფოლი იყო,
მართლაც, ოთახში ნაცრისფერტანისამოსიანი პატარა ტანის კაცი შემოვიდა.
ისეთი თვალით შემომხედა, რომ მთელ სხეულში შიშის ჟრუანტელმა დამირბინა.
- ვინ არის ეს ბავშვი?
მათიამ ზრდილობიანად გადასცა ვიტალისის სიტყვები.
- ვიტალისი პარიზშია? მერე რა უნდა ჩემთან?
- არ ვიცი, - უპასუხა მათიამ.
- ამას ვეკითხები და არა შენ.
- ვიტალისი თვითონ გეახლებათ და ყველაფერს მოგახსენებთ, - ვუთხარი შიშით და მორიდებით.
შემოვიდა გაროფოლი თუ არა, ორი ბავშვი იმწამსვე მოვარდა და აქეთ-იქით დაუდგა. რაღაც ბრძანებას ელოდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ ერთმა ქუდი მოხადა და ლოგინზე დადო, მეორემ სკამი მიართვა დასაჯდომად.
ბავშვებს გაროფოლის ეშინოდათ და მხოლოდ შიშის გამო სცემდნენ ამგვარ პატივს, თორემ ერთი ნატამალი სიყვარული არავის ემჩნეოდა.
გაროფილი დაჯდა, ახლა მესამე ბავშვმა მოირბინა, ყალიონი გაუწყო და მიართვა. მეოთხე თავზე დაადგა და ასანთს მოუკიდა.
- გოგირდის სუნი ასდის, შე მხეცო! - უყვირა გაროფოლმა ბავშვს, რომელმაც ასანთი მიაწოდა. შემდეგ იგი ხელიდან გამოგლიჯა და ბუხარში შეაგდო.
დამნაშავე ბავშვი გაიქცა, მეორე ასანთს მოუკიდა, ცოტა ხანს ადროვა და გაროფოლს მიართვა.
ასანთს გოგირდის სუნი აღარ ასდიოდა. გაროფოლმა ყალიონი მოქაჩა, გააბოლა და თქვა:
- მათია, აბა დავთარი მომიტანე, დღევანდელი შემოსავალი ვიანგარიშოთ.
გაროფოლის წინ, როგორც ბრძანა, უცებ გაჩნდა დავთარი. მეორე ბავშვიც მოვიდა.
- გუშინ შენზე ერთი სუ დარჩა, რა ჰქენი? დღეს მომიტანე? ბავშვმა ყოყმანი დაიწყო, გაწითლდა და გვიან უპასუხა:
- ერთი სუ მაკლია.
- როგორ? კიდევ ერთი სუ გაკლია? მერე აგრე მშვიდად მეუბნები?! ერთი სუ გუშინ დამაკელი, ერთიც დღეს, ეს განა შეიძლება, შე საძაგელო, შენა?
- ჩემი ბრალი არ არის, ბატონო!
- სუ, ხმა ჩაიკმინდე! შენ კარგად იცი, რაც გეკადრება. გაიხადე ტანისამოსი! გუშინ რაც დამაკელი, იმისათვის ორი წკეპლა მოგხვდება, დღევანდელისათვის კიდევ ცალკე. რიკარდო, ჩემო კარგო, მათრახი მომირბენინე.
რიკარდო, ეტყობოდა, გაროფოლის გულითადი იყო; იმწამსვე გაექანა და კედლიდან მოკლეტარიანი მათრახი ჩამოიღო, რომელსაც ბოლოში ორი საკმაოდ დიდი ნასკვიანი ტყავი ეკიდა.
დამნაშავემ ტანისამოსი გაიხადა და დაწვა.
- მოიცა ცოტა ხანს: მარტო მოგწყინდება, ამხანაგს გიშოვი, - უთხრა დაცინვით გაროფოლმა. - რიკარდო, ორივეს ერთად უფრო ადვილად გავწკეპლავთ.
ამ გესლიანმა ხუმრობამ, ყველა ბავშვი გააცინა.
- ვინც მეტად გაიცინა, - თქვა გაროფოლმა,- მან, ალბათ, ყველაზე ნაკლები ფული მოიტანა. აბა, მითხარით: ყველაზე უფრო ხმამაღლა რომელმა გაიცინა?
ყველამ იმ ბავშვზე მიუთითა, რომელიც პირველად მოვიდა და ერთი ნაჭერი შეშა მოიტანა.
- კარგი, მობრძანდი ჩემთან, ჩემო კარგო, - უთხრა გაროფოლმა, - ბევრი სუ გაკლია?
- ერთი ნაჭერი შეშა მოვიტანე.
- წადი მეპურესთან, შეშის მაგიერ პური გამოართვი; ნახავ, რამდენ პურს მოგცემს. მითხარი, რამდენი გაკლია? მითხარი მალე!
- მე ოცდათექვსმეტი სუ მაქვს.
- მაშ, ოთხი სუ გკლებია, შე საძაგელო, შენა! რიკარდო, შენ დღეს ბედნიერი ხარ: ბევრი გასაწკეპლი გეყოლება!
- შეშა?
- შეშა სადილად შენთვის მიჩუქებია.
ამ სულელურმა ხუმრობამ კიდევ გააცინა ბავშვები.
რიკარდო იდგა და ხელში მათრახი ეკავა, დამნაშავენი თავის ხვედრს ელოდნენ.
- რიკარდო, შენ ხომ იცი, რომ დასჯის ყურება არ შემიძლია, მაგრამ ხმაზე გამოვიცნობ, ვის როგორ დაჰკრავ. სულითა და გულით ეცადე, ჩემო კარგო, კარგად შეასრულო ბრძანება, თორემ ხომ იცი? ამით ჭამ პურს, ეს გასაზრდოებს, - თქვა და პირი კარისაკენ მიიბრუნა.
ბრაზით გულზე ვსკდებოდი, მაგრამ შიშით კუთხეში ვიყავი მიმალული. ვფიქრობდი: ნუთუ ეს კაცი უნდა გახდეს ჩემი მასწავლებელი? მეც თუ ოცდაათი, ან ორმოცი სუ ვერ მოვუტანე, ეს დღე უნდა დამაყენოს?!
რიკარდოს დაკრულმა პირველმა მათრახმა თვალზე ცრემლი მომაყენა. მეგონა, არავინ მიყურებდა, მაგრამ გაროფოლი თურმე თვალს არ მაშორებდა.
- აი, კეთილი ყმაწვილი! - თქვა და ჩემზე მოუთითა. - ეს ბავშვი თქვენ სრულებითაც არა გგავთ. როცა ამხანაგების ამგვარ ცუდ საქმეს ხედავს, თქვენსავით კი არ იცინის, ტირის, იზიარებს ჩემს მწუხარებასა და ამხანაგების მდგომარეობას. ამისთანა ამხანაგი სამაგალითო იქნებოდა თქვენთვისაც.
მათი ამხანაგი! ამ სიტყვებმა მთლად ამათრთოლა. მეორეჯერ რომ დაჰკრა, დამნაშავემ ერთი ამოიკვნესა, მესამედ კი გულშემზარავი კივილი მორთო.
გაროფოლი ეტაკა რიკარდოს ხელში და შეაჩერა.
- შენ ხომ იცი, როგორ მწყინს მაგგვარი ყვირილი! - უთხრა ნაზად გაროფოლმა თავის მსხვერპლს; - იცი, რომ ეგ ყვირილი პირდაპირ გულში მწვდება, გაფრთხილებ, რამდენსაც იყვირებ, იმდენს მეტს მოგარტყამ. ამიტომ ან შენი თავი გეცოდებოდეს და ან - მე. რიკარდო, განაგრძე შენი საქმე.
უცებ კარი გაიღო და ვიტალისი შემოვიდა.
ერთი გადახედვით მიხვდა, რასაც ნიშნავდა ის ხმები, რომელიც კიბეზე ამოსვლის დროს მოესმა. მივარდა მაშინვე რიკარდოს და მათრახი ხელიდან გამოჰგლიჯა, მერე გაროფოლს მიუბრუნდა და გულხელდაკრეფილი მის წინ დადგა.
გაროფოლი ერთხანს იდგა და არ იძვროდა, მაგრამ მალე მოვიდა გონს.
- დასწყველოს ღმერთმა! ეს რა ამბავია! ამგვარი ბავშვი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს: სრულიად უგულოა, არა, ვიტალის?
- ეს სირცხვილია! - უთხრა ვიტალისმა.
- მეც მაგას ვამბობ, სწორედ ამ აზრისა ვარ, - უთხრა გაროფოლმა.
- თუ ღმერთი გწამთ, ნუ თვალთმაქცობთ, - ფიცხლავ მიუგო ვიტალისმა. - ძლიერ კარგად იცით, რომ თქვენზე ვლაპარაკობ და არა ამ ბავშვზე. რატომ არა გრცხვენიათ, ასე რომ აწვალებთ უპატრონო ბავშვებს?!
- შე გამოყრუებულო ბებერო, ვინა გკითხავს, რომ ჩემს საქმეში ერევი? -
სასტიკადვე უპასუხა გაროფოლმა.
- პოლიცია არ არის აქ? რას უყურებს?!
- როგორ? თქვენ მაშინებთ პოლიციით? - წამოდგა ზეზე გაროფოლი:
- თქვენ?
- დიახ, მე! - მიუგო ვიტალისმა.
გაროფოლის აღელვებულმა ხმამ და სახემ სრულიად ვერ შეაშინა.
- გესმის, ვიტალის, - უფრო დამშვიდებით უთხრა გაროფოლმა. - ასე რომ იყოს, ან რომ მსურდეს, მეც ხომ ბევრი რამ ვიცი შენი ცხოვრებიდან, რომლისთვისაც, თუ გავამჟღავნე, პოლიცია ტუჩებს არ დაგიკოცნის; მაგრამ ხომ ხედავ, არაფერს ვამბობ, ამას ნუ დაივიწყებ.
ვიტალისი იდგა და არაფერს ამბობდა. მე კი მეხდაცემულივით ვიყავი. ვფიქრობდი: ნეტავი რისა უნდა ეშინოდეს ვიტალისს-მეთქი, მაგრამ სანამ ამის პასუხს მივიღებდი, ვიტალისმა ხელი წამავლო.
- წამოდი! - მითხრა და კართან მიმიყვანა.
- ეი, მოხუცო, - დაცინვით უთხრა გაროფოლმა. - რაღაც საქმე გქონიათ ჩემთან.
ერთი სიტყვაც არ უთქვამს ვიტალისს, ხელი მომკიდა და კიბეზე ჩამიყვანა.
რა სულიერი კმაყოფილებით მოვდიოდი იქიდან! რომ შემძლებოდა და გამებედა, ვიტალისს კისერზე მოვეხვეოდი და მადლობას გამოვუცხადებდი.
ისევ ქუჩაში გამოვედით და დავიწყეთ ხეტიალი. არც ფული გვქონდა, არც პური. ვიტალისმა მკითხა:
- გშია?
- დღეს ერთი ნახეტი პურის მეტი არაფერი მიჭამია.
- საწყალი ბავშვი! დღეს კიდევ უვახშმოდ მოგიხდება დაწოლა. მეგონა, გაროფოლი მთელი ზამთრით დაგტოვებდა, მე კი ოც ფრანკს მივიღებდი; ამ ფულს კარგად გამოვიყენებდით. მაგრამ რა ვქნა, რომ მისი საქციელი, ბავ- შვებთან მისი საზიზღარი მოქცევა ვერ ავიტანე. ახლა მეც აღარ ვიცი, სად წავიდეთ.
გვიანი იყო. ჩრდილოეთის საშინელი ქარი ქროდა.
- ჟანტილიას წავიდეთ: იქ ქვის სამტვრევი ქარხნებია, ღამე იქ გავათიოთ. ძალიან დაიღალე?
- არა, მე გაროფოლთან დავისვენე.
- საუბედუროდ, მე ვერ მოვახერხე დასვენება.
ყოველ ნაბიჯზე ფეხი გვისხლტებოდა. მგზავრები იშვიათად გვხვდებოდნენ.
ვიტალისი წელში მოხრილი მიდიოდა, ხელები ცეცხლივით უხურდა, თუმცა ძლიერ ციოდა. ხანდახან გაჩერდებოდა, ბეჭზე ხელს დამადებდა და შეისვენებდა, მაგრამ ამ დროს მთელი სხეული უთრთოდა, უცახცახებდა.
- ავად ხომ არ ბრძანდებით? - ვკითხე გზაში.
- ვგონებ; რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს. დიდი გზა გამოვიარეთ და ძლიერ დავიღალე. ახალგაზრდა აღარა ვარ და ამდენი ქარი, წვიმა და სიცივე ვეღარ ავიტანე. ჩემთვის ახლა მისწრებაა თბილი ლოგინი, ცხელი საჭმელი და სინათლე; მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებაა, ჩემო კარგო. აბა, ვინ მომცემს? მაშ წავიდეთ, გავწიოთ წინ, პატარა ბიჭო.
პარიზის ერთი უწმინდური უბნიდან გამოვედით და ქალაქს გავშორდით. ვეღარც ფარნებს ვხედავდით და ვეღარც გამვლელ-გამომვლელს. მხოლოდ იშვიათად ჭიატებდა ქოხებში სინათლე, თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გვეხურა. ძლიერი ქარი ზურგში გვცემდა და ძველი, დახეული ტანისამოსი სიცივისაგან ვეღარ გვიფარავდა.
ვიტალისი წინ მიაბიჯებდა, თითქოს იცოდა გზა სად მიდიოდა. მეც უშიშრად მივყვებოდი უკან. უცებ ვიტალისი შედგა.
- ხედავ ხეების ჯგუფს?
- ვერა.
მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ვერც ხეები დავინახე და ვერც სახლები. გარშემო არაფერი ჩანდა, მხოლოდ ქარი დანავარდობდა სტვენით.
ისევ გავჩუმდით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მითხრა ვიტალისმა:
- ხუთი წუთის განმავლობაში თუ ხეები არ გამოჩნდა, უკან დავბრუნდეთ. ალბათ, გზა დაგვებნა. რაც უნდა დაგვემართოს, გზა უნდა მოვძებნოთ. თუ დავსხედით, მერე ადგომას ვეღარ შევძლებთ და აქვე დავრჩებით. აქ რომ დავრჩეთ ან შიმშილი დაგვხოცავს, ან სიცივე. ვიაროთ, ვიაროთ. ნუ დავისვენებთ!
სიტყვაც არ მითქვამს, ისე გავყევი უკან.
- ჩანს გზაზე ურმის ნაკვალევი?
- ვერაფერს ვხედავ.
- მაშ უკან დავბრუნდეთ.
ქარი პირდაპირ პირისახეში გვცემდა და სახეს ცეცხლივით გვიწვავდა.
- თუ ურმის ნაკვალევი შეამჩნიო, მაშინვე მითხარი, - მითხრა ვიტალისმა, - გზა მარჯვნივ მიდის, გზაჯვარედინზე ბუჩქებია.
მაგრამ სულ ამაოდ. უცებ ჩვენმა გზამ ჯვარედინად მეორე გზა გადაჭრა.
- აი ბუჩქები, აი ურმის ნაკვალევიც! - შევყვირე გახარებულმა.
- მომეცი ხელი, ახლა კი გადავრჩით სიკვდილს. ქვის სატეხამდის ხუთ წუთში მივალთ.
ეს ხუთი წუთი მთელ საუკუნედ მომეჩვენა.
- ქვის სატეხში შესასვლელი მარჯვნივ არის, - მითხრა ვიტალისმა. ჩვენ კედელთან მივედით.
- აი, კედელი, შესასვლელი სადღაა? - ვიკითხე მე.
დავუწყეთ ყველგან ძებნა, ხელები ვაფათურეთ, მაგრამ ამაოდ.
- კარი მოუშლიათ, შესვლა აღარ შეიძლება, - მითხრა ვიტალისმა.
- მაშ, რა ვქნათ?
- არ ვიცი... აქ უნდა დავიხოცოთ.
- ოო, ბატონო, რასა ბრძანებთ?
- თუ არ გინდა სიკვდილი, წავიდეთ! შეგიძლია სიარული?
- თქვენ?
- თუ ვეღარ შევძელი, დავვარდები და ის იქნება.
- მერე სად უნდა წავიდეთ?
- უკან, პარიზს დავბრუნდეთ. პოლიციელს ვთხოვ და გვიშოვის ბინას. არ მინდოდა, მაგრამ რა ვქნათ, ასე მოხდა. წავიდეთ. ჩემო საყვარელო რენე! ნუ გეშინია, მარჯვედ იყავი!
ისევ პარიზისკენ წამოვედით. ვიტალისი ქოშინით მოდიოდა, სუნთქვა უძნელდებოდა. ლაპარაკი აღარ შეეძლო. უცებ შეჩერდა. მივხვდი, მეტი ღონე აღარ ჰქონდა. საშინლად დაიქანცა.
- თუ გნებავთ, დავუძახებ ვინმეს.
- არა, ნუ დაუძახებ, კარს არ გაგვიღებენ. აქ მებაღეები და მებატონეები ცხოვრობენ. თავს არ შეიწუხებენ, წავიდეთ ისევ!
რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შეჩერდა.
- ცოტა თუ არ დავისვენე, სიარული აღარ შემიძლია, - მითხრა ვიტალისმა.
ნაკელის გროვას წავადექით, ჩალით დახურულს.
- აქ დავჯდები, - თქვა ვიტალისმა.
- თქვენ არ მითხარით, თუ დავსხედით, სიცივისაგან გავიყინებითო? ვიტალისს პასუხის თავი აღარა ჰქონდა, იქვე ნაკელზე მიწვა. კბილები
უკაწკაწებდა, სხეული უძიგძიგებდა.
- მომიტანე ჩალა, - მითხრა. - ამ ჩალის კონებს მოვეფარები, რომ ქარმა არ შემაწუხოს. დაჯექი ჩემ გვერდით, კაპი ხელში აიყვანე და გაგათბობს.
ვიტალისი უკვე ცნობას ჰკარგავდა, მომეყრდნო და გულში ჩამიკრა. ჩავეხუტე ვიტალისს თუ არა, თვალები დამეხუჭა. რამდენი არ ვეცადე,
გამეხილა, ვერ მოვახერხე.
ზემოდან ზამთრის ცა დამყურებდა, ერთ მხარეს კაპი მეწვა, მეორე მხარეს ვიტალისი.
მყუდროება კიდევ უფრო მიწუხებდა გულს. თვალები ცრემლით მევსებოდა, მეგონა, უსათუოდ მოვკვდებოდი.
სიკვდილზე ფიქრმა შორს გამიტაცა.
შავანონში გავჩნდი. საწყალი დედა ბარბარენი! სად ვკვდებოდი! ვეღარ ვნახავდი ვერც მას, ვერც მის სახლ-კარს.
უცებ მის ბაღში ამოვყავი თავი. ბრწყინვალე მზის სხივები უხვად ანათებდა. ფრინველები გალობდნენ, ირგვლივ სურნელება იფრქვეოდა.
დედა ბარბარენი მახლობელ მდინარეში საცვლებს რეცხავდა და ბაღის ღობეზე ჰფენდა. ცრემლი უფრო მომერია. თვალის უპეები დამიმძიმდა, გული გამიცივდა და ცნობა დავკარგე.
პოლიციაში მარტო მე აღმოვჩნდი, ვიტალისი ჩემთან აღარ იყო. როცა აღელვებულმა პოლიციელებს ვკითხე მისი ამბავი, მიპასუხეს, თქვენ, ორივე, დილას ნაკელზე გაყინული გიპოვეთო.
მე კაპს გადავურჩენივარ, რადგან გვერდით მეწვა და მათბობდა. ვიტალისი კი მაშინვე გაყინულიყო და ამ წუთისოფელს გამოსთხოვებოდა.
შემაძრწუნა ამ ამბავმა და ხმამაღლა ტირილი მოვრთე. პოლიცია ყველაფერს იძიებდა.
ჩემი ვინაობა კი ვაცნობე პოლიციას ორიოდე სიტყვით, მაგრამ ვიტალისის შესახებ ვერაფერი ვთქვი. გაროფოლზე მივუთითე და ვუთხარი, გაროფოლმა იცის ვიტალისის ამბავი-მეთქი.
როცა გაროფოლთან მივედით, პოლიციელის დანახვაზე კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ მისვლის მიზეზი რომ შეიტყო, დამშვიდდა.
- მოკვდა საცოდავი? - თქვა გაროფოლმა.
- თქვენ იცნობდით?
- ძალიან კარგად.
- მაშ, მითხარით, რა იცით მის შესახებ.
გაროფოლმა დაწვრილებით უამბო პოლიციელს ვიტალისის ვინაობა. ვიტალისის ნამდვილი სახელი კარლო ბალზანია. ამ ოცდათხუთმეტი,
ორმოცი წლის წინათ კარლოს მთელი იტალია იცნობდა. იმ დროის შესანიშნავი მომღერალი იყო. მაგრამ ერთხელ, თვითონაც არ იცოდა რა მიზეზით, ხმა დაჰკარგა. არ უნდოდა ძველი სახელით ეცხოვრა, სახელი გამოიცვალა, სოფლებსა და ქალაქებში სიარული დაიწყო, ცდილობდა თავის ნაცნობებს არ შეხვედროდა.
ბევრი ხელობა გამოიცვალა. არც ერთი არ მოეწონა და ბოლოს ამ ხელობას დაადგა: ძაღლები გაწვრთნა და მათი შემწეობით წარმოდგენებს მართავდა. ვიტალისი სიღარიბეშიაც არ ჰკარგავდა სიამაყესა და თავმოყვარეობას. სირცხვილით მოკვდებოდა, ვინმეს, რომ ეცნო; თავს მოიკლავდა, საზოგადოებას რომ ღარიბულ ძონძებში გახვეული შესანიშნავ კარლო ბალზანად მიეღო. გაროფოლმა შემთხვევით შეიტყო ეს საიდუმლო.
საბრალო კარლო ბალზანო! ძვირფასო ვიტალის! აი, რა იყო თურმე შენი საიდუმლო!
თავი მეთექვსმეტე
წინ
მთელი ქვეყანა ჩემს თვალწინ იყო გაშლილი, საითაც მსურდა, იქით წავიდოდი.
მაგრამ ეს ჩემთვის ძლიერ სამწუხარო იყო. დავრჩით მე და კაპი.
ვიტალისის სიკვდილის შემდეგ ერთი ძველი, გაყვითლებული რუკა დამრჩა და მისი შემწეობით ვაპირებდი მგზავრობის განგრძობას.
როდესაც ლურსინის ქუჩაზე მივდიოდი, გამახსენდა გაროფოლი, მათია, რიკარდო, თავდახურული ქვაბი, კედელზე ჩამოკიდებული მათრახი, ჩემი კეთილი და საბრალო მასწავლებელი ვიტალისი, რომელმაც შემომწირა თავისი მოხუცებულობის დღენი, არ მისცა ჩემი თავი გაროფოლს და ჩემი გულისათვის მშიერ-მწყურვალი ქუჩაში გარდაიცვალა.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ქუჩაში მიმავალ მათიას მოვკარი თვალი. ნამდვილად მათია იყო - დიდთავა, ნამტირალევი და ფერმკრთალი. ახლოს მივედი, რომ უფრო კარგად დამენახა. იმანაც მიცნო და ფერმკრთალი სახე ღიმილის სხივებით გაუბრწყინდა.
- ისევ გაროფოლთან ცხოვრობ? - ვკითხე მე.
მან მიიხედ-მოიხედა და თავჩაღუნულმა მიპასუხა:
- გაროფოლი ამ დღეებში სატუსაღოში წააბრძანეს. ერთი ბავშვი სასიკვდილოდ სცემა და გაუგეს. როცა დაიჭირეს, ყველანი გავიფანტეთ და ქუჩა-ქუჩა მოწყალებას ვითხოვთ.
- ახლა რას ფიქრობ?
- არ ვიცი, ვიოლინოს გაყიდვა მინდა, მაგრამ მენანება. ეს არის ჩემი უკანასკნელი ნუგეში, დარდების გამქარვებელი. როცა შავი ფიქრები შემომაწვება, სადმე კუნჭულში მივიმალები ხოლმე და ვუკრავ. ამ დაკვრით ვტკბები და ვმშვიდდები.
- რატომ ქუჩაში არ უკრავ ვიოლინოს?
- დავუკარი რამდენჯერმე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. შენ? შენ რაღას აკეთებ?
- დასის უფროსი ვარ, - ვუთხარი ზვიადად.
- მაშ მეც მიმიღე დასში, - მითხრა მათიამ.
ახლა კი მკვეხარობისა შემრცხვა, კაპზე მივუთითე და ვუპასუხე:
- ჩემი დასი მარტო ამ ერთი ძაღლისაგან შედგება.
- მერე რა ვუყოთ! მეც წამოვალ და ორნი ვიქნებით; თუ ძმა ხარ, ნუ დამტოვებ, წამიყვანე; აქ შიმშილი მომკლავს. ვიოლინოს დაკვრაც ვიცი, სიმღერაც და თოკზე გადახტომ-გადმოხტომაც. წამიყვანე, წამიყვანე, თუ ღმერთი გწამს.
ავუხსენი, რომ ჩემთანაც იგივე ელოდა.
- არა, - მითხრა მხურვალედ, - ორნი შიმშილით არ მოვკვდებით. ერთმანეთს მოვუვლით და შევინახავთ.
- მაშ კარგი, წავიდეთ.
რამდენიმე ხნის შემდეგ პარიზს მოვშორდით და გზას გავუდექით. მშვენიერი, თბილი დღე იყო. მივდიოდით, მაგრამ სად? თვითონაც არ
ვიცოდით. გადავწყვიტე, პარიზიდან სამხრეთისაკენ წავსულიყავით. მინდოდა დედა ბარბარენი მენახა.
მისი სახე ნიადაგ თვალწინ მედგა. ბარათის მიწერას ვაპირებდი. მინდოდა მიმეწერა: მუდამ შენზე ვფიქრობ, მიყვარხარ სულითა და გულით-მეთქი. მაგრამ მისი ქმრის - ბარბარენისა მეშინოდა: ახლა სხვისთვის არ მივებარებინე.
რადგან ორნი ვიყავით, უფრო ადვილად შემეძლო დედა ბარბარენთან მისვლა. პირველად მათიას შევგზავნიდი და, თუ დედა მარტო იქნებოდა, მათია ჩემზე ყველაფერს ეტყოდა, - მერე, თუ მისი ნებაც იქნებოდა, შევიდოდი.
თუ ქმარი შინ დაგვხვდებოდა, დედა ბარბარენს გარეთ გამოვიხმობდი და მაინც ვნახავდი.
გავშალე რუკა, შავანონამდის ცოტა გზაღა იყო გასავლელი. გზაზე წარმოდგენის გამართვას ვაპირებდი და იმედი მქონდა, იმდენს მაინც ვიშოვიდი, შიმშილით არ დავხოცილიყავით.
წარმოდგენა პირველსავე სოფელში გავმართეთ.
სოფელში რომ შევედით, წარმოდგენისათვის ადგილის ძებნა დავიწყეთ.
დიდი ბაღის ახლოს გავიარეთ და ერთ ეზოში შევიხედეთ. ეზო ხალხით იყო სავსე. ძვირფასად გამოწყობილ ქალსა და კაცს ხელში ყვავილების თაიგულები ეჭირათ. ეტყობოდა, ქორწილი იყო.
შევედი ეზოში, თან მათია და კაპიც მომყვნენ... ხალხმა ერთხმად მოგვაძახა:
- მემუსიკენი მოვიდნენ, მემუსიკენი! აბა, შევუდგეთ ცეკვასა და თამაშობას.
მოცეკვავენი წყვილ-წყვილად დაეწყვნენ. ჩვენთვის კი დიდი ურემი გამოაგორეს, ზედ დაგვსვეს და დაკვრა გვიბრძანეს.
ჩვენც დავიწყეთ და მთელი ღამე ვუკრავდით. დაუღალავი მოცეკვავენი სულ ცერებზე ტრიალებდნენ, მაგრამ მე და მათია ძლიერ დავიქანცეთ, განსაკუთრებით მათია ვეღარ დგებოდა ფეხზე. მისი ფერმკრთალი სახე ახალჯვარდაწერილმა პატარძალმა შენიშნა, შეებრალა ბავშვი და ბრძანა:
- კმარა ამდენი ცეკვა! მემუსიკენი დაიღალნენ. ახლა დროა ჯიბეს გაიკრათ ხელი.
- ძლიერ კარგი, ფულს ჩვენი მოლარე შეგვიკრებს, - ვთქვი მეც, ურმიდან ჩამოვხტი და ჩემი ქუდი გადავუგდე კაპს, რომელმაც მარდად წაავლო პირი, ჯერ თავი დაუკრა საზოგადოებას, შემდეგ კი ფულის შესაკრებად ჩამოიარა.
კაპის ამგვარმა ზრდილობამ საზოგადოება მთლად მოხიბლა და იგი ტაშით დააჯილდოვეს. ჩემთვის ეს სულ არ იყო საჭირო, ფული უნდა მეშოვნა. კაპი წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი და ვხედავდი, როგორ ცვიოდა
ქუდში იქროს ფული. პატარძალმა ხუთი ფრანკი ჩაუდო კაპს ქუდში.
«რა ბედნიერებას წავაწყდით» - ვფიქრობდი ჩემთვის.
მაგრამ ჩვენი ბედნიერება ამით არ გათავებულა, სამზარეულოში წაგვიყვანეს, გვასვეს, გვაჭამეს და შემდეგ თბილ ლოგინში მოგვასვენეს.
მეორე დღეს ამ სახლიდან რომ გამოვედით, ოცდაათი ფრანკი გვედო ჯიბეში.
- ამას შენ უნდა გიმადლოდე, ძვირფასი მათია: შენ რომ არა მყოლოდი, საცეკვაოს ვერ დავუკრავდი, - ვუთხარი ჩემს ამხანაგს.
ისევ გავუდექით გზას, ახლა ქალაქ მონტარემისკენ მივდიოდით და დედა ბარბარენს ვუახლოვდებოდით. მაგრამ არ მინდოდა დედა ბარბარენთან ცარიელი ხელითY მისვლა. ფული მქონდა და შემეძლო რაიმე კარგი საჩუქარი მეყიდა მისთვის.
ამაზე კაი ხანს ვფიქრობდი, ვერ გადავწყვიტე, რა მეყიდა საჩუქრად, რომ მესიამოვნებინა. დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს ვთქვი: იმისთვის ყველაფერზე უფრო საჭირო ძროხა იქნება, ისეთი ძროხა, რომელიც გაყიდული ძროხის მაგივრობას გაუწევს-მეთქი. ეს ყველაზე უფრო გაახარებდა დედა ბარბარენს და ჩემთვისაც სასიხარულო იქნებოდა.
შავანონში მისვლამდე ძროხის ყიდვა გადავწყვიტე. მათია დედა ბარბარენს თოკზე გამობმულ ძროხას პირდაპირ ბოსელში შეუყვანდა.
რა მშვენიერი ოცნება იყო!
ნეტა, როგორ ფასობდა ერთი ძროხა? ალბათ, ძლიერ ძვირად, მაგრამ რამდენად - არ ვიცოდი. ამ საქმეში სრულიად გამოუცდელი ვიყავი. საჭირო კი იყო, სადმე გამეგო.
ამის შეტყობა ადვილი იყო. სოფლიდან სოფელში რომ დავდიოდით, ხშირად ვხვდებოდით საქონლით მოვაჭრეებს. შეგვეძლო მათთვის გვეკითხა და გვეტყოდნენ.
მალე ფასიც შევიტყვე: სამას ფრანკად მშვენიერ ძროხას ვიყიდიდით. როგორმე ძროხის საფასური უნდა მეშოვნა, მაგრამ ამდენი ფულის შოვნა განა ასე ადვილი იყო?
მგზავრობის გეგმა შევცვალე. გადავწყვიტე, სანამ სამას ფრანკს არ ვიშოვნი, შავანონს არ დავბრუნდები და არც დედა ბარბარენს ვნახავ-მეთქი.
ყველა დაბა და ქალაქი უნდა გაგვევლო. ზღვისპირა ქალაქებში ბევრი მდიდარი იკრიბებოდა. ვფიქრობდი, იქ შეიძლებოდა ფულის შოვნა.
არც შევმცდარვარ. ბედი გვიღიმოდა. მთელი ჩვენი გამარჯვება მათიას წყალობა იყო. მათია დაუკვირდებოდა საზოგადოებას, გაიგებდა მის სულიერ მდგომარეობას და ამის მიხედვით ან სასიხარულო ჰანგს უკრავდა, ან სამწუხაროს...
მგზავრობის შედეგი განსაცვიფრებელი გამოდგა. ხარჯის გარდა, წმინდა შემოსავალი ორას ათი ფრანკი დაგვრჩენოდა. ჩვენც გვქონდა ოცდაათი ფრანკი, - სულ ორას ორმოცი ფრანკი დაგვიგროვდა.
ჩვენზე უფრო მდიდარი აღარავინ გვეგულებოდა. უსელის ბაზარში შეგვეძლო კარგი ძროხის ყიდვა.
მალე მივედით უსელს. აქ ყველაფერი, რაც რამ ჩემს სიყმაწვილეში ჩამედინა, თვალწინ გადამეშალა. გამახსენდა, რომ პირველად კომედიაში «სულიკოს მოსამსახურის» როლში გამოვედი, აქვე მიყიდა ვიტალისმა პირველად ღილებიანი ჩექმები.
საბრალო სულიკო! საწყალი ზერბინო და დოლჩე! თქვენ სადღა ხართ, რატომ აღარ ხართ ჩვენთან? ვიტალისი, ჩემი კეთილი პატრონიც კი დაიღუპა, აღარ არის...
უსელში ბეითალთან მივედით. ბეითალს ვთხოვეთ, ძროხის საყიდლად წაგვყოლოდა. ჩვენ ბევრი ცუდი რამ გვქონდა გაგონილი საქონლით მოვაჭრეებზე და გვეშინოდა, არ გავეცურებინეთ.
ბეითალმა გამოგვკითხა: ვისთვის გვინდოდა ძროხა, ან გვქონდა საკმაო ფული, თუ არა. მერე კი შეგვპირდა, ბაზარში წაგვყვებით და კარგ ახალგაზრდა ძროხას შეგაძენინებთო.
მადლობის მაგიერ ვიოლინოსა და ქნარზე დავუკარით და კაპმა მისი ყმაწვილები გაართო.
მეორე დღეს ბაზარში წავედით. დიდხანს ვიარეთ ვაჭრებში და ბოლოს ერთ ძროხასთან გავჩერდით. მშვენიერი ძროხა იყო. შავი ტუჩი ჰქონდა. ბეწვი მოწითალო, ფეხები მოკლე და ლამაზი.
გლეხმა ძროხა სამასი ფრანკი დაგვიფასა. ბეითალი დიდხანს ევაჭრა და ბოლოს ორას ორმოც ფრანკად წამოვიყვანეთ. ვიყიდეთ, მაგრამ ჯიბეში არაფერი დაგვრჩა.
- ახლა გაჩაღებული ბარზობაა, - მითხრა მათიამ, - წავიდეთ და ფულს კიდევ ვიშოვნით.
დავუჯერე მათიას, დავაბით ძროხა საბალახოდ და ჩვენ ცალ-ცალკე წავედით. საღამოს შინ დავბრუნდით. მე სამი ფრანკი მოვიტანე, მათიამ - ოთხი.
ორივეს შვიდი ფრანკი გვქონდა ჯიბეში: უკვე მდიდრები ვიყავით. მეორე დღეს შავანონს წავედით.
ბარბარენის სახლამდის სულ ცოტა გზა იყო გასავლელი.
მთელი გზა აღელვებული მივდიოდი. ხანდახან კიდეც მივრბოდი, მეჩვენებოდა, თითქოს გზას დასასრული არა ჰქონდა.
გზაში შევიტყვე, რომ დედა ბარბარენის ქმარი შინ არ იყო. ამ ამბავმა ძლიერ მასიამოვნა.
ბოლოს მთის მწვერვალზე გავჩნდით. აქედან ჭალაში უნდა დავშვებულიყავით და იქიდან დედა ბარბარენის სახლსაც დავინახავდით.
მწვერვალიდან ყველაფერს გადავავლე თვალი. ყველაფერი უცვლელი იყო, ხეებში ჩამალულიყო სანატრელი სახლი. საშინლად ვიყავი აღელვებული, როცა მათიას დავუძახე და ვუთხარი:
- აი, ჩვენი სახლი! იქვე, გვერდით, ბებერი მსხლის ხეა, ცოტა მოშორებით - ბოსტანი!
ამ დროს ბუხრიდან კვამლი ამოვიდა.
- ჩანს, დედა ბარბარენი, შინ არის! - ვთქვი და ნაბიჯს ავუჩქარე. - შენ, მათია, შედი და ეს ძროხა მიუყვანე. თუ გკითხა, ვინ გამოგაგზავნაო, მე შემოვვარდები და კისერზე მოვეხვევი!
მთიდან ძირს დავეშვით. მოსახვევში გავჩერდი. დედა ბარბარენის თეთრი თავსაფარი დავინახე. დედა სახლისაკენ მიდიოდა.
მალე ეზოს მივადექით, პატარა ჭიშკარი შევაღეთ და პირდაპირ ბოსლისაკენ გავექანეთ. შევედით ბოსელში და უწინდელი ძროხის ალაგას ახალი ძროხა დავაბით. სახლის კარი ღია იყო. დედა ბარბარენს ჩვეულებად ჰქონდა: კარს არასოდეს ჰკეტავდა.
- ცეცხლის პირას დავჯდები და როდესაც დედა ბარბარენი შემოვა, მარტო მე დამინახავს, - თქვა მათიამ. - კარის დაჭრიალებისთანავე შენ და კაპი საწოლქვეშ შეძვერით, ამნაირად შევხვდეთ დედა ბარბარენს.
ასე შევთანხმდით, მაგრამ ვერ შევასრულეთ.
ცეცხლთან დავჯექი, საიდანაც ყველაფრის დანახვა შემეძლო გარეთაც. არაფერიც არ შეცვლილიყო ჩემი წასვლის შემდეგ. როგორც დავტოვე,
ყველაფერი ისე დამხვდა.
მაგრამ, აი, ჭიშკარი აჭრიალდა და თეთრი თავსაფარი გამოჩნდა. საწოლს მოვეფარე და მოვიკრუნჩხე. მინდოდა ისეთივე პატარა რენედ ვქცეულიყავი, როგორიც დედა ბარბარენთან ვიყავი.
კარი გაიღო. გარედანვე დამინახა დედა ბარბარენმა.
- ვინა ხარ? - მკითხა დედამ და თვალიერება დამიწყო. მეც დავუწყე ცქერა და არაფერი ვუთხარი.
უცებ ხელები აუკანკალდა.
- ღმერთო, ღმერთო ჩემო! ნუთუ, ნუთუ ეს რენეა?!
ზეზე წამოვვარდი და კისერზე მოვეხვიე.
- დედა!
- შვილო! შვილო!
და ორივეს ცრემლები წაგვსკდა.
- ვერც კი გიცანი, შვილო! რანაირად გამოცვლილხარ! - მითხრა დედა ბარბარენმა დამშვიდების შემდეგ. - გაზრდილხარ, დავაჟკაცებულხარ!
მე მათია გამახსენდა და დავუძახე.
- აი, ეს ჩემი ძმაა, ამას მათია ჰქვია.
- როგორ? შენი მშობლები ნახე? - წამოიძახა დედა ბარბარენმა.
- არა, ეს ჩემი ერთგული ამხანაგია. აი კაპიც. ესეც ჩემი მეგობარია და ამხანაგი.
- კაპ, თავი დაუკარი სახლის პატრონს!
კაპი უკანა ფეხებზე დადგა, ერთი თათი გულზე დაიდო და მდაბლად დაუკრა თავი. კაპის ამგვარმა მოქმედებამ დედა ბარბარენი გააცინა და გაამხიარულა.
შემდეგ ძროხაც გავიხსენეთ.
- წავიდეთ, დედა, ეზოში: მათიას ჩემი გაკეთებული ბოსტანი და ბებერი მსხლის ხე ვაჩვენოთ.
წავედით და ყველაფერი დავიარეთ, ყველაფერი დავათვალიერეთ.
- აბა, მაჩვენე, დედა, ბოსელიც! ვნახოთ, უწინდელი ძროხის მაგიერ იქ სხვა ძროხა ხომ არ აბია?
დედამ წაგვიყვანა ბოსელში, ჰკრა ხელი კარს და შეაღო. ჩვენს ძროხას, ეტყობოდა, მოშიებოდა: შევაღეთ კარი თუ არა, იმწამსვე დაიბღავლა.
- უი! ძროხა! ძროხაა ბოსელში! - დაიძახა გახარებულმა დედამ.
მე და მათიამ ვეღარ შევიკავეთ სიცილი, ვუყურებდით დედა ბარბარენის სიხარულს და ვიცინოდით.
დედა ბარბარენი გვიყურებდა და ვერაფერს მიმხვდარიყო:
- ეს ჩვენ მოგართვით ძღვნად, - ვუთხარი დედას. - ვიცოდი, რომ ძროხა არ გყავდა. მე და მათიამ შევაგროვეთ ფული და ვიყიდეთ უსელში.
- ო, კეთილო ბავშვო! ძვირფასო შვილო! - გადამეხვია და ჩამიკრა გულში.
ძროხის ერთი თვალის გადავლებით დაკმაყოფილდა დედა ბარბარენი,
მოგვიბრუნდა და დაგვიწყო კოცნა. მე გავიქეცი საწველის მოსატანად, დედამ ძროხა მოსაწველად მოამზადა და წველას შეუდგა.
მერე ოთახში დავბრუნდით. მე ფქვილი და ერბო ამოვიღე ჩანთიდან, ეს ყველაფერი მახლობელ სოფელში ვიყიდე, გადავეცი დედას და ვუთხარი:
- დედა, მშივრები ვართ. ხაჭაპური გაგვიკეთე და გვაჭამე. გახსოვს ყველიერში რომ მოვემზადეთ საჭმელად და ხელი შეგვიშალეს, ახლა ნუ გეშინია, არავინ შეგვაწუხებს.
- როგორ? შენ იცი, რომ ბარბარენი პარიზშია? - მკითხა დედამ.
- ვიცი.
- ისიც იცი, რისთვის წავიდა პარიზში?
- არა.
- ეს შენ გეხება.
- მე? ვკითხე შეშინებულმა, - მალე დაბრუნდება?
- არა.
- ჯერ ხაჭაპურები გამოგვიცხე და მერე გვიამბე ყველაფერი. კვერცხი თუ არა გაქვს, გავიქცევი და მოვარბენინებ, მათია შეშას მოიტანს და ცეცხლს დაანთებს.
სანამ კვერცხს მოვიტანდი, დედას ცომი კიდეც მოეზილა და კვერცხის არევის მეტი არაფერი უნდოდა.
ცოტა ხნის შემდეგ დედა ბარბარენმა გამოვგიცხო ხაჭაპურები და ჩვენც შევექეცით ვახშამს.
როცა მათია გარეთ გავიდა, დედამ ყურში ჩუმად მითხრა:
- შენი მშობლები გეძებენ...
- ვინ არიან ჩემი მშობლები? განა მყავს მშობლები?
- ჰო, შვილო, დაგეძებენ შენი მშობლები.
- დედა ბარბარენ, თუ გიყვარდე, მითხარი, როგორ მოხდა, რომ მშობლები მეძებენ?
- ამ ერთი თვის წინ ვიღაც უცნობი კაცი მოვიდა ჩვენთან. მე გარეთ დავიმალე, რომ არ დავენახე.
- თქვენ ბრძანდებით ბარბარენი? - ჰკითხა ჟერომს.
- დიახ, - მიუგო ჟერომმა.
- თქვენ იპოვეთ ბავშვი პარიზში და აღზარდეთ?
- დიახ.
- მერე სად არის ეს ბავშვი?
- თქვენი რა საქმეა, სადაც არის? - მიუგო ბარბარენმა.
- მაშ გავიდეთ და ყველაფერს გეტყვით, - უთხრა უცნობმა და ორივე გარეთ გავიდა.
მათი მუსაიფი ორ-სამ საათს გაგრძელდა. შემდეგ ჟერომი მარტო შემოვიდა სახლში. ვკითხე: რას გეუბნებოდა-მეთქი. მაგრამ ჟერომმა არაფერი მითხრა. მხოლოდ ის თქვა: ეს კაცი რენეს მამა არ არის, მაგრამ მაცნობა კი, მშობლები თავის დაკარგულ შვილს ეძებენო.
ამის შემდეგ ჟერომი პარიზს წავიდა, ვიტალისის მონახვა უნდოდა. როცა ვიტალისმა წაგიყვანა, მისამართი მისცა ჟერომს: ლურსინის ქუჩა, მემუსიკე გაროფოლი.
იმ უცნობმა კაცმა ბევრი ფული მისცა ჟერომს და შენს მოსაძებნად გაგზავნა. მდიდარი მშობლების შვილი ჩანხარ, ფულს არ ზოგავენ შენს მოსაძებნად. შენ რაშიც გიპოვეს, ის შესახვევიც ძვირფასი იყო.
ამ დროს მათია შემოვიდა ოთახში.
- მათია! წარმოიდგინე, თურმე მშობლები მეძებენ პარიზში! - ვუთხარი აღტაცებით.
მათია სრულებითაც არ თანაუგრძნობდა ჩემს აღტაცებას.
ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, რაც დედა ბარბარენისაგან შევიტყვე.
იმ ღამეს ძლიერ ცუდად მეძინა, ძალიან ამაღელვა დედა ბარბარენის ნაამბობმა.
მე მშობლები მყოლია! სიზმარში ვხედავდი მამას, დედას, ძმებს, დებს, თითქოს ცოცხლად მენახოს ისინი. ყველაფერი მახარებდა, სასიამოვნოდ მიმაჩნდა. მაგრამ, როგორც კი გამახსენდებოდა, რომ ჩემი ძებნა ჟერომ ბარ-ბარენს ჰქონდა მინდობილი, გული მისკდებოდა, მეშინოდა, დარწმუნებუ- ლი ვიყავი, კარგს არაფერს გამიკეთებდა.
მეორე დღეს დედა ბარბარენმა მითხრა:
- უნდა იჩქარო პარიზს, რადგან მშობლები გეძებენ. მე დავუჯერე.
გაიარა კიდევ ორმა დღემ, მე და მათია უნდა გამოვთხოვებოდით დედა ბარბარენს და პარიზს წავსულიყავით. გამოთხოვება სასიხარულო იყო, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ მალე ვნახავდი და ვნახავდი უფრო კარგ გარემოებაში მყოფი.
ჩვენს ძროხასაც გამოვეთხოვეთ და შუბლზე ვაკოცე.
მოვიკიდეთ ზურგზე ტომსიკები, წავიყვანეთ ერთგული კაპი და გზას გავუდექით. ძლიერ ვჩქარობდი, მინდოდა მალე მივსულიყავით პირიზს.
- რას მიიჩქარი ასე? - მკითხა მოწყენით მათიამ.
- როგორ არ მივიჩქარი, თუ პარიზში მართლა ჩემი მშობლები მეძებენ? თუ მართალი გამოდგა, ჩემი დედ-მამა შენი დედ-მამაც იქნება.
მათიამ თავი გაიქნია.
- როგორ? ჩვენ ძმები არა ვართ?
- დღეს კი, მაგრამ ხვალ აღარ ვიქნებით, ხვალ ნამდვილი ძმები გამოგიჩნდებიან და მე დამივიწყებ.
- საყვარელო მათია, როგორ არა გრცხვენია, რომ მაგას მეუბნები? თუ ღმერთმა ჰქნა და ჩემი მშობლები მდიდრები გამოდგნენ, ჩემს სიცოცხლეში არ მოგიშორებ.
- მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ეს მართლაც ასე მომხდარიყო, - მითხრა მათიამ.
გზა-გზა საკრავებს ვუკრავდით, რომ რამე გვეშოვნა და თავი გამოგვეკვება, სანამ ჩემს მდიდარ მშობლებს მივაგნებდით.
მივედით კიდეც პარიზს. შემოდგომა იყო. არეული ამინდი იდგა, ციოდა. პარიზს მისვლისთანავე მათიამ მითხრა:
- იცი, რენე, რისა მეშინია?
- არა, არ ვიცი.
- უცებ რომ გაროფოლი სატუსაღოდან განთავისუფლებული გამოდგეს და ჩვენ შევხვდეთ პარიზში ერთმანეთს. ლურსინის ქუჩა პირდაპირ იმ ქუჩას უცქერის, სადაც ბარბარენი ცხოვრობს. ძლიერ მეშინია იქ წამოსვლისა.
- თუ ასეა, ახლავე დავშორდეთ ერთმანეთს: შენ ერთ მხარეს წადი, მე მეორე მხარეს წავალ. საღამოს ისევ შევხვდეთ. - გადავწყვიტეთ და მივეცით ერთმანეთს პირობა, საღამოს შვიდ საათზე ღვთისმშობლის ეკლესიასთან შევხვედროდით.
მათიამ კაპი წაიყვანა და წავიდა, მე კი მარტო დავრჩი, მთელ ექვს თვეს ერთად ვიყავით და ერთმანეთს შევეჩვიეთ; ამიტომ ცოტა ხნით დაშორებაც კი მაწუხებდა.
მე ყველა სახლის პატრონის სახელი და გვარი ჩავიწერე, სადაც შემეძლო მენახა ბარბარენი: პანეო, ბარაბა და შოპინე.
ყველაზე ახლოს პანეო იყო. მას ღვინის დუქანი ჰქონდა. შევედი და ვკითხე:
- ბარბარენი აქ ხომ არ ცხოვრობს?
- ვინ არის ბარბარენი?
- ბარბარენი შავანონელია.
ავუწერე ბარბარენის გარეგნობა. მკაცრი სახის გამომეტყველება აქვს-მეთქი.
- არა, ასეთ კაცს ჩვენ არ ვიცნობთ.
შემდეგ შევედი მეწვრილმანე ბარაბასთან და ვკითხე:
- ბარბარენი?! ამ ორი-სამი წლის წინათ ჩვენთან ცხოვრობდა, სახლის ქირა არ მოუცია და სადღაც წავიდა. ნეტავ, სად არის ახლა ის არამზადა, ის წამხდარი ისა?
- მეც იმას ვკითხულობ, სად არის-მეთქი, ხომ არ იცით? - ვუთხარი. პახუხი ვერ მომცა და ისევ გზას გავუდექი.
შოპინეს სამიკიტნო ეჭირა. რომ მივედი, დახლში იდგა, ხელში კოვზი ეკავა და თავის სტუმრებს წვენს უსხამდა. მასაც ვკითხე და ასე მიპასუხა:
- ბარბარენი აქ აღარ არის.
- მაშ სად იქნება? - ვკითხე ხელახლა ხმის კანკალით.
- არ ვიცი სწორედ, თავისი მისამართი არ დაუტოვებია. სახეზე სასოწარკვეთილება აღმებეჭდა.
ერთმა იქ მყოფთაგანმა მკითხა:
- რად გინდა, ყმაწვილო, ბარბარენი?
- მისი სოფლიდან, შავანონიდან ჩამოვედი. ცოლის ამბავი მოვუტანე, მინდა ვნახო და გადავცე, - ვუთხარი პასუხად.
- მაშ თუ აგრეა, წადი სასტუმრო კანტალაში, აუსტერლიცის ქუჩაზე. ბარბარენი ამ სამი კვირის წინათ იქ დაბინავდა.
მადლობა ვუთხარი და გახარებული გავეშურე.
«აი, მიზანსაც მოვაღწიე, - ვფიქრობდი გულში, - მალე ვნახავ ბარბარენს და ჩემი მშობლების ამბავსაც შევიტყობ-მეთქი».
რადგან ლურსინის ქუჩაზე გავლა მომიხდა, გავბედე და ვიკითხე გაროფოლი. ეზოში კაცი შემხვდა და მითხრა, გაროფოლს სამი თვის შემდეგ გამოუშვებენ სატუსაღოდანო.
ამ ამბავმა ძლიერ მასიამოვნა. სამ თვემდე მათიას ვერაფერს უზამდა გაროფოლი, მერე კი ჩემი მშობლები გამოესარჩლებოდნენ.
აუსტერლიცის ქუჩაზე კანტალის სასტუმრო ვნახე; მისი პატრონი ერთი ვიღაც ყრუ დედაბერი გამოდგა და სიბერის გამო თავი უკანკალებდა.
მან ყურზე ხელი მიიდო და მთხოვა ხმამაღლა მელაპარაკა.
- მინდა გავიგო შავანონელი ბარბარენი აქ ცხოვრობს თუ არა? დედაბერმა უცებ ორივე ხელი ზევით ასწია და თავი ისე ააცანცარა, რომ
კატა, რომელიც კალთაში ეწვა და ეძინა, გადმოუვარდა.
- ნუთუ შენ ის ბავშვი ხარ, რომელსაც ეძებდა?!.
- როგორ თუ ეძებდა? - შიშისაგან გული ამიძგერდა. - ვინ ეძებდა? ბარბარენი?
- დიახ, ბარბარენი, განსვენებული ბარბარენი.
- ნუთუ ბარბარენი გარდაიცვალა?
- დიახ, სულ ორი კვირაა, რაც საავადმყოფოში იწვა და გარდაიცვალა.
ამ ამბავმა თავზარი დამცა. ბარბარენი გარდაიცვალა, ვინღა მომაძებნინებს ჩემს მშობლებს-მეთქი! - ვფიქრობდი შეწუხებული.
- ხომ არაფერი უთქვამს ამ საქმის შესახებ? - ვკითხე მოხუცებულს.
- ის ამბობდა, დედ-მამა ეძებს თავის შვილს და ამ მიზნით ჩამოვედი პარიზსო.
- თქვენ იცით რაიმე ჩემი მშობლების შესახებ?
- მეტი არაფერი, ჩემო კარგო, მითხრა, ძლიერ მდიდრები არიანო, მეტი არაფერი. ალბათ, უნდოდა საჩუქარი მარტო მას მიეღო. ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა.
ეს ხომ უბედურება იყო. ბარბარენი მოკვდა და ჩემი ვინაობის ამბავიც საფლავში ჩაიტანა.
ხომ გამიცრუვდა ოცნება-იმედები.
- ეგებ კიდევ იცით რამე? გაიხსენეთ... გაიხსენეთ, თუ ღმერთი გწამთ. დედაბერმა იფიქრა, იფიქრა და თქვა:
- ერთხელ ფოსტის მოხელემ მოუტანა წერილი, მაგრამ საიდან იყო, არ ვიცი.
- არ შეიძლება ეს წერილი მოვნახოთ?
- მისი სიკვდილის შემდეგ ბევრი ვეძებე ქაღალდებში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვნეთ.
- დედა ბარბარენს აცნობეთ ქმრის სიკვდილი?
- დიახ, ვაცნობეთ.
დიდხანს ვიყავი ჩაფიქრებული. მერე კარისკენ გავექანე.
- სად მიდიხარ? - მკითხა დედაბერმა.
- მინდა შევხვდე ჩემს მეგობარს, რომელთან ერთადაც დღეს პარიზს ჩამოვედი.
- არ გინდა დარჩე ჩემთან სასტუმროში? ყველაფერი სუფთად მაქვს მოწყობილი. სრული სიწყნარე და მშვიდობიანობა სუფევს. რადგან შენს მშობლებს ბარბარენის მისამართი სცოდნიათ, უსათუოდ მოიკითხავენ. ვიზრუნებ შენზე. როგორ შეიძლება მარტო პარიზის ქუჩებში იარო?
- რა ეღირება აქ ოთახი?
- დღეში ათი სუ.
- კარგი, საღამოს ამხანაგს მოვიყვან და მოვალ.
კანტალის სასტუმრო უსუფთაო იყო, მაგრამ აქ ცხოვრება ხელსაყრელად ჩავთვალე, რადგან ნომრები უფრო იაფი ღირდა.
შვიდ საათზე პარიზის ღვთისმშობლის ეკლესიასთან ვიდექი და მეგობარს ველოდი. ცოტა ხნის შემდეგ სასიამოვნო ხმა მომესმა. კაპმა დაიყეფა, ხელებისა და სახის ლოკვა დამიწყო.
მეც მივუალერსე.
- როგორაა საქმეები? - მკითხა მათიამ.
- ბარბარენი მომკვდარა, - ვუთხარი მათიას და ყველაფერი ვუამბე; მსურდა ჩემი მშობლები მენახა. იმ დედაკაცმა იმედი მომცა და დამარწმუნა, კანტალის სასტუმროში მშობლები უსათუოდ მოგაკითხავენო.
შემდეგ ამისა ვუამბე გაროფოლის შესახებაც.
- სამი თვე კიდევ იქნება სატუსაღოში! - წამოიძახა სიხარულით და ქუჩაში ხტუნვა და სიმღერა დაიწყო.
კანტალის სასტუმროში ერთი პატარა ოთახი დავიქირავეთ და ქონის სანთლით გავანათეთ. თუმცა ძლიერ ბინძური ქვეშაგები მოგვცა, სასოწარკვეთილებას მაინც არ ვეძლეოდით: მოვიცადოთ, ღმერთი მოწყალეა-მეთქი,
- ვფიქრობდი.
ამ ფიქრებში კიდეც ჩამეძინა.
თავი მეჩვიდმეტე
ძებნა
მეორე დღესვე ვაცნობე დედა ბარბარენს, რომ ყველაფერი კანტალის სასტუმროში მოეწერა. შემდეგ ავიღეთ ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტები და ფულის საშოვნელად ქალაქში გავედით. დავუკარით ეზოებში, დუქნებში, მოედნებზე და საღამოს თერთმეტი ფრანკი გვედო ჯიბეში.
სასტუმროში ყოველდღე ვკითხულობდი: ხომ არაფერი წერილია ჩემს სახელზე-მეთქი, მაგრამ ყოველთვის უარს მეუბნებოდნენ.
მეოთხე დღეს სასტუმროს პატრონმა ქალმა წერილი გადმომცა, დავხედე და ვიცანი: დედა ბარბარენის ხელი იყო.
გავხსენი კონვერტი, მაგრამ ხელები შიშისაგან მიკანკალებდა. დედა ბარბარენი მატყობინებდა: ამასთანავე გიგზავნი ჩემი ქმრის მოწერილ ბარათს, რომელშიც არის ცნობები შენი მშობლების შესახებო.
აი, ის ბარათიც.
«საყვარელო მეუღლევ! საავადმყოფოში ვწევარ. ვგრძნობ ცოცხალი ვეღარ გამოვალ. თუ მოვკვდი, იცოდე: აცნობე ლონდონში, ლინკოლნის ქუჩაზე, გრინის ბაღში, გრემისა და გალეის კანტორას. მათ აქვთ მინდობილი რენეს მოძებნა. მისწერე კანტორას, ამ ბავშვის მონახვა მარტო მე შემიძლია-თქო და კარგი საჩუქარი მოსთხოვე. ამ ფულით შეგიძლია უზრუნველი შეიქნე შენს სიცოცხლეში. ამ ცნობას ნურავის მისცემ. ამ საქმეს ნუ დაიწყებ სანამ ჩემი სიკვდილის ამბავი არ მოგივა. გეხვევი და გკოცნი უკანასკნელად. შენი ბარბარენი».
არ დამისრულებია ბართის კითხვა, რომ მათია შეხტა და შებზრიალდა.
- აბა, წავიდეთ ლონდონს, - წამოიძახა მათიამ. - ალბათ, შენი მშობლები ინგლისელები არიან, რადგან შენი მოძებნა ინგლისელებისათვის მიუნდვიათ. ჯიბეში ორმოცდაათი ფრანკი გვაქვს. გზაში გვეყოფა, ბულონამდის მივიდეთ როგორმე, იქ ხომალდში ჩავსხდებით და ისე ჩავალთ ლონდონს.
- წავიდეთ, - ვუთხარი მეც.
ორ წუთში ჩვენ ქვედა სართულში სასტუმროს პატრონ ქალთან ვიყავით.
- სად მიემგზავრები, ახალგაზრდა ბატონო! - ასე მეძახდა სასტუმროს პატრონი ქალი. - მისამართი მაინც დამიტოვე.
მე დავუწერე მისამართი და დავუტოვე.
- ლონდონს! - გაიკვირვა დედაბერმა, - ორი ბავშვი მიდიხართ მარტოდმარტო ლონდონს?! ზღვით?
რვა დღეს მოვუნდით პარიზიდან ბულონამდის მისვლას. გზადაგზა დიდ ქალაქებში წარმოდგენებს ვმართავდით და ისე მივდიოდით.
ბულონში ოცდაათი ფრანკი კიდევ გვქონდა ჯიბეში. ეს მთელი სიმდიდრე იყო. ხომალდი ლონდონს დილის ოთხ საათზე გადიოდა. ოთხის ნახევარზე ხომალდის გემბანზე დავიკავეთ ადგილი და მოვეფარეთ ყუთებს, რომლებიც ცივი და ნოტიო ქარისაგან გვიცავდა.
წასვლის დრო დადგა. მისცეს ნიშანი. ახსნეს ბაგირები, რომლებითაც ხომალდი ნაპირზე იყო მიბმული, და გავუდექით გზას ჩემი სამშობლოსაკენ.
ხომალდი ძლიერ გვაქანავებდა. მე გავუძელი, მაგრამ მათია კი ძლიერ შეაწუხა: სულ გული ერეოდა და თავს ცუდად გრძნობდა.
გათენდა მეორე დილა. ჩვენ თვალწინ ურიცხვი იალქნებჩამოშვებული ხომალდი იდგა ზღვაში. ნისლიან დილას მათთვის მკრთალი ფერი მიეცა.
ზღვის ღელვას და უსიამოვნებას ბოლო მოეღო; შევედით უფრო მდორე წყალში და მშვიდობიანად მივცურავდით; ზღვიდან მდინარე ტემზაში გავედით.
- აი ინგლისიც, - ვუთხარი მათიას.
გაჩერდა ხომალდი და ხმელეთზე გადავედით.
მათიამ ოდნავ იცოდა ინგლისური ენა და კითხვა-კითხვით წავედით დანიშნული ადგილისაკენ. ჯერ ხალხით სავსე დიდ ქუჩებში ვიარეთ, მერე გავედით ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, რომელსაც ჯვარედინად სხვა ქუჩები ერთვოდა. ისე იყო არეული ეს ქუჩები ერთმანეთში, რომ გვეგონა ერთსა და იმავე ადგილას ვტრიალებდით...
ვფიქრობდი, გზა დავკარგეთ და ვერავის ვიპოვით-მეთქი, რომ უცებ წავიკითხე წარწერა: «გრინის ბაღი». სიხარულით გულისცემა მომემატა, კანკალმა ამიტანა.
მათიას მივყევი და ერთი კარის წინ გავჩერდი.
კარზე აკრულ სპილენძის ფირფიტაზე ეწერა: «გრემი და გალეი».
მათიამ დარეკა. კარი გაგვიღეს და შევედით ისე ვიყავი აღელვებული,
ვერაფერს ვხედავდი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა.
თავი სიზმარში მეგონა. ვიდექით ერთ დიდ კანტორაში, სადაც რამდენიმე პირი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა. კანტორა გაზით იყო განათებული.
მათია მივიდა და ერთ ამ მოსამსახურეთაგანს გამოელაპარაკა. ჩემზე უთხრა ეს ბარბარენის ნაპოვნი ბავშვიაო.
ბარბარენის ხსენებაზე ყველამ ყურადღება მოგვაქცია. მათიას მოსაუბრემ კი მოგვკიდა ხელი და ცალკე ოთახში შეგვიყვანა. აქ ორი უცნობი დაგვხვდა. მათ თავიდან ფეხებამდის ჩაგვათვალიერეს.
- რომელია თქვენ ორში ბარბარენის აღზრდილი? - ფრანგულად გვკითხა ერთმა მათგანმა.
- მე, ბატონო!
- ბარბარენი სად არის?
- გარდაიცვალა.
ერთმანეთს გადახედეს. ერთი მათგანი ადგა და სადღაც წავიდა.
- რითი მოხვედით? - გვკითხა ოთახში დარჩენილმა.
- ბულონამდის ქვეითად, ბულონიდან ლონდონამდის კი ხომალდით. ეს-ეს არის ჩამოვედით.
- ბარბარენს თქვენთვის ფული არ მოუცია?
- არა, ბატონო, არაფერი მოუცია.
- მაშ რანაირად შეიტყვეთ, რომ აქ უნდა მოსულიყავით?
ვუამბე, რაც მოხდა. მერე მაამბობინა ყველაფერი, რაც ვიცოდი ჩემი ბავშვობისა.
ამ კაცს მრისხანე გამომეტყველება ჰქონდა: ეტყობოდა, სანდო პირი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვკითხე:
- ბატონო, მიბრძანეთ: ჩემი მშობლები ინგლისში არიან?
- დიახ, ლონდონში, ახლა აქ ცხოვრობენ.
- მაშ, შემიძლია ვნახო ისინი.
- ერთი საათის შემდეგ მათთან იქნები, კაცს გაგაყოლებ და მიგიყვანს. დარეკა.
- ერთი კიდევ უნდა გკითხოთ, ბატონო: მამა მყავს თუ არა? ეს სიტყვა ათრთოლებული ხმით წარმოვთქვი.
- არა თუ მამა, დედაცა გყავს, ძმებიცა და დებიც!
ამ დროს შემოვიდა კაცი, რომელსაც მან ინგლისურად უთხრა, რომ წავეყვანე.
ავდექი.
- ჰო, დამავიწყდა, - მითხრა უცნობმა; - შენი მამის გვარი დრისკოლია. გამიხარდა.
თუმცა ამ კაცს სასტიკი სახე ჰქონდა, მაინც კინაღამ გადავკოცნე. მაგრამ მან ხელით კარი გვაჩვენა და ჩვენც გამოვედით.
კანტორის ჭიშკართან ეტლში ჩავსხედით და წავედით. დიდხანს ვიარეთ. ვიფიქრე: ჩემი მშობლები, ალბათ, ქალაქგარეთ ცხოვრობენ-მეთქი.
მაგრამ აი, შეჩერდა ეტლი. გადავხტით და ერთ უწმინდურ ქუჩაში გავედით. ერთი სახლიდან მეორემდის თოკი იყო გაბმული და ზედ სარეცხი ეკიდა.
სად მივდივართ? ვწუხდი. არ მეგონა, ჩემი მშობლები თუ ამგვარ უწმინდურ ადგილას იცხოვრებდნენ. ჩვენი გამყოლი ერთი უბრალო სახლის წინ გაჩერდა.
მათიამ ხელი მომკიდა და მომიჭირა; მეც ამგვარად ვუპასუხე, ვიგრძენით, რაც გვემართებოდა.
ამ დროს კარიც გაიღო და შევედით ერთ დიდ, ლამპით განათებულ ოთახში. ცოტა გონს მოვედი.
ბუხრის წინ სავარძელში მოხუცი იჯდა, - თავზე შავი საღამური ქუდი ეხურა. სუფრას მისჯდომოდა ნაცრისფერტანისამოსიანი ახალგაზრდა კაცი, ასე ორმოცი წლისა. მის გვერდით ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელსაც გრძელი ნაწნავები წელზე ეყარა.
ოთახში პატარა ბავშვები დაგვხვდნენ - ორი ვაჟი და ორიც ქალი.
ჩემმა მხლებელმა რაღაც უთხრა. ყველამ თვალი შემოგვაჭყიტა, მხოლოდ მოხუცი დარჩა იმავე მდგომარეობაში. პატარა გოგონამ კაპს დაუწყო თამაში.
- რენე რომელია თქვენში? - გვკითხა ფრანგულად ერთმა მათგანმა, რომელსაც ნაცრისფერი ტანისამოსი ეცვა.
მივედი და მოვახსენე:
- მე გახლავართ, ბატონო!
- მაშ გადაეხვიე, შვილო, მამაშენს და გულში ჩაეკარი.
ყოველთვის ვფიქრობდი: როცა მამას ვნახავდი, რაღაც სხვაგვარი გრძნობა გაიღვიძებდა ჩემში, ახლა არაფერი ამის მსგავსი არ მიგრძვნია, მაგრამ მაინც მივედი, გადავეხვიე და ვაკოცე.
- ეს შენი ბაბუაა, ესეც დედაშენი, შენი ძმები, დები, - მითხრა და ყველანი გამაცნო.
მივედი დედასთან, ჩავეკარი გულში, ვაკოცე. მაგრამ მას ერთიც არ უკოცნია, ცივად მიმიღო, რაღაც მითხრა ინგლისურად, მაგრამ ვერ გავიგე.
- მიეცი ხელი ბაბუას, მაგრამ ფრთხილად კი...
ჩამოვართვი ხელი უფროს დას და ძმებსაც. უმცროსი და ხელში მინდოდა ამეყვანა, მაგრამ არ ეცალა, კაპს ეთამაშებოდა.
ჩემი მშობლებისა და ნათესავების ნახვამ სრულებით არავითარი სასიხარულო გრძნობები არ აღმიძრა გულში. მე სულ სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი მათი ნახვა და სხვაგვარად ვოცნებობდი. არავითარი სინაზე, არავითარი მშობლიური სითბო არ მიგრძვნია.
ნუთუ ამისთანა უცნაური ვარ. ნუთუ იმიტომ არ მახარებს მათი ნახვა, რომ ასეთ სიღარიბეში ცხოვრობენ-მეთქი ვიფიქრე და შემრცხვა. ხელმეორედ მივედი დედასთან, გადავეხვიე და ვაკოცე.
დედამ ისევ გულცივად შემომხედა და პირი იბრუნა. შემდეგ რამდენიმე ჩემთვის გაუგებარი სიტყვა უთხრა მამას, მამამ გაიცინა. ამგვარმა გულცივმა შეხვედრამ, დამცინავმა სიცილმა კიდევ უფრო შემაწუხა.
- ეს ბავშვი ვინ არის? - იკითხა მამამ და მათიაზე მიმითითა.
გავაცანი მათია, როგორც ჩემი უერთგულესი და უსაყვარლესი მეგობარი, რომელსაც ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდა.
- ალბათ, ლონდონის სანახავად მოვიდა შენთან, - მითხრა მამამ.
- დიახ, - მიუგო მათიამ.
- შენ, ალბათ, გიკვირს, რომ ცამეტი წელიწადია, რაც დაგვეკარგე და ახლა დაგიწყეთ ძებნა, - მითხრა მამამ.
- დიახ, მიკვირს.
- მაშ, მოდი, ცეცხლთან დაჯექი და მე გიამბობ ყველაფერს.
მივედი, დავჯექი ცეცხლის პირას და მივუშვირე ცეცხლს ჩემი სველი და გასვრილი ფეხები.
ბაბუამ ამ დროს რაღაც ცუდად გადმომხედა და გადმომაფურთხა. მივხვდი, რომ ცუდად ვიჯექი და გვერდი ვიბრუნე.
- მაგას ყურადღებას ნუ აქცევ, - მითხრა მამამ, - მოხუცი ავად არის და არ უყვარს, როცა ვინმე ცეცხლს მიუჯდება და ჩამოეფარება. თუ გცივა, გათბი, ბაბუასი ნუ გეშინია.
თუმცა მამამ ნება მომცა, მე ვიცოდი, რომ ბაბუას პატივისცემა შეჰფერის, უკან დავიწიე და სველი ფეხები მაგიდის ქვეშ დავმალე.
- შენ ჩვენი უფროსი შვილი ხარ, - მითხრა მამამ, - ერთი წლის ჯვარდაწერილები ვიყავით, როცა დაიბადე. ერთმა ახალგაზრდა ქალმა შემიყვარა, მოვეწონე და უნდოდა ცოლად გამომყოლოდა. მაგრამ, რადგან ჯვარი დედაშენზე დავიწერე, იმ ქალმა სამაგიეროს გადახდა მოგვინდომა. სხვა რამ ვერაფერი მოგვიხერხა, ექვსი თვის ბალღი მოგიპარა და საფრანგეთში, პარიზის ერთ მიყრუებულ ქუჩაში დაგაგდო.
ბევრი გეძებეთ, მაგრამ ვერ გიპოვეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მოკვდი, ის ქალი სამი თვის წინ გარდაიცვალა. რომ მიხვდა ვკვდებიო, გაგვიმხილა საიდუმლო. მეც იმწამსვე პარიზს გავეშურე. იქ შევიტყვე, რომ შავანონელ კალატოზს ბარბარენს აეყვანე და გზრდიდა. ბარბარენთან გავეშურე. მან მითხრა: მოხეტიალე მუსიკოსმა ვიტალისმა წაიყვანაო. მაშინ მივეცი ბარბარენს ფული და გამოვგზავნე შენ საძებრად. გრემისა და გალეის კანტორის მისამართი მივეცი. თუ რაიმეს შეიტყობდა, აქ უნდა ეცნობებინა, რადგან ზამთრობით ჩვენ ლონდონში ვცხოვრობთ, ზაფხულობით კი საქონელი ინგლისსა და შოტლანდიაში დაგვაქვს. აი, ახლა შენს ოჯახში ხარ. იმედი მაქვს, ყველას მალე გაგვიცნობ და შეგვეჩვევი.
მეც ასე ვფიქრობდი: შევეჩვევი-მეთქი.
სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ და არ შემეძლო რითიმე დავხმარებოდი დედა ბარბარენს, ჩემს გულითად მეგობარს მათიას. თავს მაინც ბედნიერად ვთვლიდი, ჩემს ოჯახში ვიყავი და ყველა შემიყვარდა. სიყვარული ხომ ყოველგვარ სიმდიდრეზე ძვირფასია.
ნავახშმევს მამამ საბძელში შეგვიყვანა. იქ ორი გადახურული ფურგონი იდგა. გააღო ერთის კარი და ორი მშვენივრად გაწყობილი ლოგინი გვაჩვენა.
- აი, თქვენი ლოგინები. შეგიძლიათ შეხვიდეთ, დაწვეთ და დაიძინოთ. მამა წავიდა, სინათლე დაგვიტოვა, ეტლის კარი კი ჩაგვიკეტა. დავწექით, ერთმანეთისათვის სიტყვა არ გვითქვამს, მაგრამ ლოგინში
დიდხანს ვტრიალებდით, ძილი არ მოგვეკარა.
შუაღამისას ვიღაცამ პატარა ჭიშკარზე დააკაკუნა, რომელიც შუკისაკენ გადიოდა. შემდეგ ჩვენს ფურგონში სინათლე შემოიჭრა.
კაპს გამოეღვიძა და აყეფდა. პირზე ხელი მოვუჭირე, რომ არ ეხმაურა, შინაურები არ გაეღვიძებინა. მივედი ეტლის ფანჯარასთან და ჭუჭრუტანიდან დავიწყე ცქერა.
საბძელში მამა შემოვიდა და შუკაში რომ კარი გადიოდა, ის გამოაღო. კარებში ტომრებით დატვირთული ორი კაცი შემოვიდა; მამამ კარი მაშინვე მიხურა, ხელი ტუჩებზე მიიდო და ჩვენი ფურგონი აჩვენა. ამით, ალბათ, უთხრა მათ: წყნარად იყავით, აქ არიან და არ გაიგონონო.
მამა ორივეს მოეხმარა და მძიმე ტვირთი ზურგიდან ჩამოხსნა. ცოტა ხნის მერე კი დედა შემოიყვანა.
სანამ მამა დაბრუნდებოდა, ამ კაცებმა ტომრები გახსნეს. ერთი სულ ძვირფასი საქონლით იყო სავსე, მეორე კი სხვადასხვა წვრილმანი ნივთებით, მაგალითად: საცვლებით, ხელთათმანებით, წინდებით და სხვა.
ეს ორი კაცი, ალბათ, ვაჭრები იყვნენ, რომლებისგანაც მამაჩემი ყოველგვარ საქონელს ყიდულობდა და მერე ყიდიდა.
მამა თითოეულ ნივთს ხელში იღებდა, ათვალიერებდა და მერე დედას გადასცემდა ხოლმე. დედა პატარა მაკრატლით აჭრიდა იარლიყებს და ჯიბეში იწყობდა.
მე მხოლოდ ის მიკვირდა, რომ ამას სჩადიოდნენ გვიან ღამით და არა დღისით.
საქონელი დაათვალიერეს და ჩემი დედ-მამა გარეთ გავიდა. უკან მიჰყვა ის ორი კაციც: ალბათ, ფული უნდა მიეღოთ და წასულიყვნენ.
საბძელში ისევ ჩამობნელდა. ჩემს საწოლთან მივედი და დავწექი: დავწექი, მაგრამ ახლა სულ აღარ დამეძინა. ამ ამბავმა ძლიერ დამაფიქრა, ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ჩემი მშობლების ამგვარი მოქმედება.
ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი ფურგონი ისევ განათდა, ისევ წამოვდექი და გავიხედე. მარტო ჩემი დედ-მამა მოვიდა. დედამ ნივთების შეხვევა დაიწყო, მამამ კი საბძლის ერთი კუთხე გახვეტა. იატაკქვეშ საიდუმლო კარი ჰქონდათ, ზემოდან სილა იყო წაყრილი და არ ჩანდა. დედამ მიუნათა სინათლე და მამამ ეს საქონელი ამ საიდუმლო კარით ქვეშ ჩაიტანა. შემდეგ ამოვიდა, სილა მიასწორ-მოასწორა, რომ არაფერი დასტყობოდა, და ზევიდან ჩალა დააყარა. ამის შემდეგ ორივე გავიდა საბძლიდან.
მგონია, მათიასაც არ ეძინა და ყველაფერს ხედავდა, მაგრამ ხმა არ გამიცია: რაღაც გაურკვეველმა სირცხვილმა და შიშმა შემიპყრო, შუბლზე სიმწრის ოფლმა დამასხა.
იმ ღამეს ცუდად მეძინა, სიზმრებმა აღარ მომასვენა.
დილას ოთახში შევედით, მაგრამ ვეღარც დედა ვნახეთ და ვეღარც მამა. ბაბუა ისევ სავარძელში იჯდა ცეცხლის პირას. უფროსი და ანა სუფრას ალაგებდა, უმცროსი კი ოთახს ჰგვიდა.
შევედი, თავი დავუკარი მათ და მივესალმე, მაგრამ ხმაც არ გამცეს, ყურადღებაც არ მომაქციეს.
შემდეგ ბაბუასთან მივედი, მაგრამ მან მხოლოდ მომაფურთხა და გვერდი შეიბრუნა.
- მათია, ჰკითხე ბაბუას, სად არის ჩემი დედ-მამა. მათიამ ჰკითხა. ბაბუამ უპასუხა:
- მამა საღამომდის არ მოვა, დედას სძინავს, თქვენ სადაც გინდათ, იქ წადით.
- კიდევ რა გითხრა?
- კიდევ რაღაც უცნაური მითხრა: გვირჩია ყოველდღე ქალაქში ვიაროთ, ფრთხილად ვიყოთ და ბრიყვების ხარჯზე ვიცხოვროთ.
როცა მათია ბაბუას ნათქვამს გადმომცემდა, მოხუცმა თავისივე ხელით გვაჩვენა, რანაირად უნდა გვეპარა და გვეჯიბგირა.
ქუჩაში გამოვედით. დიდხანს ჩვენს უბანშივე დავეხეტებოდით, რომელიც დღისით უფრო უწმინდური და ტალახიანი გვეჩვენა.
როცა შინ დავბრუნდით, დედა მაგიდას უჯდა და ხელი თავზე შემოედო. მეგონა, ავად არის-მეთქი, მივვარდი და გადავეხვიე.
თავი ასწია და წყრომით შემომხედა, რაღაც ამღვრეული, მიბნედილი თვალით მიყურებდა. პირიდან არყის სუნი ამოსდიოდა. უკანვე გამოვბრუნდი, მან კი თავი უგრძნობლად დაუშვა მაგიდაზე.
- ჯინი, - გესლიანი დაცინვით თქვა ბაბუამ.
რაღაც ლოდივით დამაწვა გულზე. მოვკიდე ხელი მათიას და ისევ ქუჩაში გავედით. მინდოდა სახლს მოვშორებოდი. დიდხანს ვიარეთ ჩუმად, ხმაამოუღებლად. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, გული ამომიჯდა, თვალზე ცრემლი მომადგა და ვუთხარი:
- ჩემო მეგობარო, ჩემო მათია, ნუ დარჩები აქ, ისევ საფრანგეთს წადი.
- როგორ? დაგტოვო და წავიდე? არასოდეს! მერე შენ რას იზამ მარტო?
- მე ლონდონში დავრჩები მშობლებთან. ვალდებული ვარ, როგორც შვილი, შენ ფული წაიღე და წადი.
- თუ წასვლაზე მიდგა საქმე, მაშინ შენ უნდა წახვიდე და არა მე!
- რატომ?
- იმიტომ რომ... - თქვა და შეჩერდა.
ამ კითხვის პასუხიც ვეღარ მომცა; სირცხვილით თვალებში ვერ შემომხედა.
- მათია, თუ გიყვარდე, მითხარი, იმ ღამეს გეძინა, თუ ყველაფერი შენი თვალით დაინახე?
- არ მეძინა, ყველაფერი დავინახე, - მორცხვად მიპასუხა მათიამ.
- მიხვდი, რაც იყო?
- მივხვდი. მოპარული ნივთები იყო... შენ მეუბნები, წადიო, მე კი გთხოვ, ორივე ერთად წავიდეთ, მოვშორდეთ ამ ხალხს. წავიდეთ საფრანგეთში და ისევ დედა ბარბარენთან მივიდეთ.
- შენი აქ დარჩენა არ შეიძლება. არც ესენი არიან შენი ნათესავები და არც შენა ხარ მათი ნათესავი. მე კი ვალდებული ვარ მთთან ვიყო.
- არასოდეს დავიჯერებ, რომ ესენი შენი მშობლები იყვნენ. ეს მიხრწნილი მოხუცი შენი ბაბუა იყოს და ეს ქალი დედაშენი.
- ამას ნუ მეუბნები, მათია. ნებას ვერ მოგცემ, უპატივცემულოდ მოიხსენიო ჩემი მშობლები.
- შენი მშობლები რომ არ არიან, გარწმუნებ, ეს მართალია. აბა, შეხედე მათ, მერე - შენს თავს. არც დედას ჰგავხარ. არც მამას. შენ ხომ არ გაქვს ისეთი ქერა თმა, როგორიც შენს დებსა და ძმებს? ამას გარდა ესენი ისე მდიდრებიც არ არიან, რომ შენი ძებნა შესძლებოდათ. ერთი სიტყვით, ყველაფრით გეტყობა, რომ შენ დრისკოლი არა ხარ.
ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. თუ არ დამიჯერებ და მაინც დარჩები, მაშინ არც მე მოგშორდები, შენთან ვიქნები. გირჩევ მისწერო დედა ბარბარენს და ჰკითხო, როგორ გამოსახვევში იყავი შეხვეული, როცა ქუჩაში დაგდებული გიპოვეს. როცა დედა ბარბარენისაგან აღწერილობა მოგივა, მამას ჰკითხე და შეამოწმე. ერთი სიტყვით, სანამ სინამდვილეს არ შეიტყობ, ნურაფერს გადაწყვეტ. მე შენთან ვიქნები და, თუ რამე გასაკეთებელი გექნება, მოგეხმარები.
საღამოს შინ გვიან დავბრუნდით. დედ-მამას ამისთვის ერთი შენიშვნაც არ მოუცია. ნავახშმევს მამამ გვკითხა: რითი ცხოვრობდით საფრანგეთშიო? მე ვუპასუხე:
- მუსიკას ვუკრავდით ქუჩა-ქუჩა და ფულს ვშოულობდით. მამამ მითხრა:
- ზაფხულობით ინგლისში უნდა ვიმოგზაუროთ და საქონელი გავყიდოთ, მაგრამ ზამთრობით სულ თავისუფალი ვიქნებით. აი, ამ თავისუფლებით უნდა ისარგებლოთ და ლონდონში მუსიკის დაკვრით ფული იშოვოთ.
ჩვენ იმან უფრო გაგვახარა, რომ სახლში არ დაგვამწყვდიეს და ქუჩაში სიარულის ნება მოგვცეს. მეორე დღეს დავწერე ბარათი და დედა ბარბარენს გავუგზავნე.
გავიდა ერთი კვირა. ყოველდღე ფოსტაში დავდიოდით, ვკითხულობდით, წერილი ხომ არ არის ჩემს სახელზე-მეთქი. მეორე კვირაში მომივიდა წერილი. აი შიგ რა ეწერა:
«ჩემო საყვარელო რენე!
შენმა წერილმა დიდად შემაწუხა; ქუჩაში რომ გიპოვეს ძვირფას სახვევში იყავი გახვეული, ჩანს, შენი მშობლები ძლიერ შეძლებული უნდა ყოფილიყვნენ. შენი პერანგი და ყველა სახვევი დღემდე შენახული მაქვს. შეხვეული კი არა, ძვირფასად ჩაცმული იყავ. თავზე გეხურა მშვენივრად შემკობილი საღამური ქუდი, თხელი ტილოს მოკლე პერანგი გეცვა, სახელოებსა და საყელოზე ძვირფასარშიამოვლებული, თეთრი წინდები, თეთრი თბილი ტანსაცმელი, ფანელის საზაფხულო პალტო აბრეშუმის სარჩულით.
სახელი და გვარი არ ეწერა ტანისამოსზე; ზოგს კი ეტყობოდა წარწერა, მაგრამ ვერ წავიკითხე. აი, რა შემიძლია გაცნობო, ჩემო რენე, შენს თხოვნაზე თუ საჭირო იქნება შენთვის ეს ნივთები, მომწერე და გამოგიგზავნი.
შენი ნაყიდი ძროხით ვცხოვრობ და ვსიამოვნებ. ბევრს იწველის; როცა ვუყურებ, სულ შენა და შენი კეთილი ამხანაგი მათია მახსენდებით. მომწერე ხოლმე წერილი. ნახვამდის, გკოცნის, ჩემო გვრიტო, შენი მოსიყვარულე ძიძა, ბარბარენის ქვრივი».
იმ საღამოსვე ვკითხე მამას, რანაირად დამიწყო ძებნა.
კითხვაზე უცნაური ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ არ შემშინებია, თვალი გავუსწორე და პირდაპირ დავუწყე ცქერა.
გესლიანი დაცინვით მითხრა:
- პოლიციას შენი ჩაცმულობა და სახე ვაცნობე, რომ ენახე და ჩემთან მოეყვანე. შემდეგ ამიწერა ის ტანისამოსი, რომელიც მეცვა ქუჩაში რომ დამაგდეს; საცვლებზე ამოქარგული ასოებიც კი მითხრა: «ფ. დ.» (ფრანსის დრისკოლი).
ამის შემდეგ მივიდა კომოდთან, უჯრა გამოსწია და ამოიღო ერთი თაბახი ქაღალდი ორი ლუქის ბეჭდით დაბეჭდილი.
- ეს შენი მეტრიკული მოწმობა არის.
შიგ ეწერა, რომ მე პატრიკა დრისკოლისა და, მისი კანონიერი მეუღლის, მარგარიტა გრანჟის ასულის კანონიერი შვილი ვიყავი.
ახლა უეჭველი იყო, რომ სწორედ ესენი იყვნენ ჩემი მშობლები. მაგრამ მათიას მაინც არ სჯეროდა და ამბობდა:
- შენ დრისკოლის შვილი არა ხარ და ძალიან ადვილად შეიძლება ვიფიქროთ, რომ დრისკოლმა მოგიტაცა.
ერთხელ, კვირა დღეს, როდესაც მათიასთან ერთად სასეირნოდ ვაპირებდი წასვლას, მამამ მიბრძანა შინ დავრჩენილიყავი და მათია მარტო წასულიყო.
ოთახში არც ბაბუა იყო. დედამ ჩემი დები წაიყვანა და სადღაც წავიდა, ძმები კი ქუჩაში თამაშობდნენ.
შინ მარტო მე და მამაჩემი დავრჩით.
გაიარა ერთმა საათმა. უცებ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მამა კარის გასაღებად გავიდა. შემოვიდა ძვირფასად ჩაცმულ-დახურული, ასე ორმოცდაათი წლის კაცი. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მისმა თეთრმა კბილებმა მიიქცია. ერთი შეხედვით მტაცებელ მხეცსა ჰგავდა.
მამაჩემს ინგლისურად ელაპარაკებოდა. ლაპარაკის დროს სულ მე მიყურებდა, მაგრამ, როცა შევხედავდი და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდა, ყოველთვის პირს მარიდებდა.
- ხომ მშვიდობითა ხარ? - მკითხა მან ცოტა ხნის შემდეგ.
- კარგად, ბატონო!
- ავად არ ყოფილხარ?
- არა, არასოდეს.
- რაიმე დაღლილობას ხომ არ გრძნობ? ოფლი ხომ არ იცი ღამღამობით?..
- არა, არასოდეს, მე მხოლოდ ბევრი სიარულის გამო ვიღლები.
მოვიდა და ხელი მომკიდა, შემდეგ ხელი გულზე დამადო, ყური ზურგსა და გულზე მიმადო და მიბრძანა, ღონივრად ამოისუნთქეო.
ამის შემდეგ ისეთი ზიზღით გადმომხედა, მეგონა თვალებით შემჭამა-მეთქი.
უცნობი მალე წავიდა. მამა ქუჩამდე გაჰყვა. შემდეგ მამამ ნება მომცა სასეირნოდ წავსულიყავი.
წვიმდა, მოსახურავი ქურქი წამოვიღე და საბძელში შევუხვიე. აქ მათია დამხვდა. მინდოდა ჩემი მწუხარება მისთვის გამენდო, მაგრამ დამასწრო და ყურში მითხრა:
- წავიდეთ ქუჩაში და რაღაცას გეტყვი. გავედით ქუჩაში და მათიამ მითხრა:
- იცი, რენე, ის უცნობი ვინ იყო? შენი მეგობრის - არტურის ბიძა - ჯემს მილიგანი.
განვცვიფრდი, ვეღარაფერი ვუთხარი. მათიამ, განაგრძო:
- ქუჩაში სიარული მომწყინდა, საბძელში დავრუნდი და ფურგონში ჩავწექი, მეგონა დამეძინებოდა, მაგრამ არ დამეძინა. საბძლის გვერდით არტურის ბიძა და მამაშენი გაჩერდნენ. მათ არც იცოდნენ, თუ საბძელში ვიყავი. დაიწყეს ლაპარაკი. მე ერთ კუთხეში მივიკრუნჩხე და ყური მივუგდე.
მინდოდა შემეტყო, რას იტყოდნენ. ეს ბავშვი კლდესავით არის, რა მოკლავსო, თქვა არტურის ბიძამ.
ვიფიქრე, სწორედ რენეზეა ლაპარაკი-მეთქი, და სმენად გადავიქეცი. შემდეგ მუსაიფი შეცვალეს.
- როგორ არის შენი ძმისწული? - ჰკითხა მამაშენმა.
- სამჯერ მივიდა სამარის კარამდის, მაგრამ დედა ისე თავგანწირვით უვლის, რომ სამჯერვე გამოაბრუნა, საკვირველი დედაა ქალბატონი მილიგანი.
აქ კიდევ უფრო ვცქვიტე ყური.
- თუ თქვენი ძმისწული კარგად არის, მაშ, თქვენი ცდა სულ უსარგებლოდ ჩაივლის, - უთხრა მამაშენმა.
- მე თქვენი სრული იმედი მაქვს, - უპასუხა არტურის ბიძამ მამაშენს და გზას გაუდგა.
- მე მაშინვე მინდოდა მივსულიყავი და ქალბატონ მილიგანის მისამართი გამომერთმია, მეკითხა არტურისა და დედამისის ამბავი, მაგრამ შევჩერდი: ვიფიქრე, სისულელე იქნება ისეთ კაცს ვკითხო თავისი ძმისწულის ამბავი, რომელსაც ყოველ წამს მისი სიკვდილი სურს-მეთქი. მეორე მხრით, არც ის მინდოდა გაეგოთ, რომ მათ ლაპარაკს ყურს ვუგდებდი და რაცა თქვეს, ყველაფერი გავიგონე.
არტური ცოცხალია და კარგად არისო!.. ამ ამბავმა ძლიერ მასიამოვნა. ამასობაში ის დროც მოდიოდა, ინგლისში რომ უნდა გვემოგზაურა და საქონელი წაგვეღო.
ორივე ფურგონი ხელახლა შეღებეს და სხვადასხვა საქონლით გაავსეს. იატაკქვეშ დამალული საქონელი ამოიტანეს და შიგ ჩააწყვეს. ცხენებიც იყიდეს და წასასწვლელად მზად ვიყავით.
ცოტა ხნის შემდეგ გზას გავუდექით.
მე არ შემეძლო, სადაც მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ ეს მოგზაურობა მაინც მახარებდა. თუმცა ნაპარავი ნივთები და საქონელი დღისით მოსვენებას არ მაძლევდა და ღამით ძილს.
წინ ფურგონები მიდიოდა, ჩვენ უკან მივყვებოდით და წმინდა ჰაერით, ფრინველთა გალობით და ბუნების სიმშვენიერით ვტკბებოდით.
მოგზაურობის პირველ ღამეს ერთ დიდ სოფელში დავრჩით. მეორე დღეს ფურგონები დიდ მოედანზე გავაჩერეთ, თითო გვერდი ავხადეთ, საქონელი გამოვაჩინეთ და ვაჭრობას შევუდექით.
- აბა, მობრძანდით! ინებეთ ყველაფერი იაფად, იაფად, - ყვიროდა მამაჩემი. - ამგვარი იაფობა არსად არ გინახავთ; მობრძანდით! მე როცა ვყიდულობ, არასოდეს ფასს არ ვაძლევ, ამიტომ ვყიდი ასე იაფად. კი არ ვყიდი, თითქმის საჩუქრად გაძლევთ, იყიდეთ საქონელი.
მუშტარი მოდიოდა, სინჯავდა საქონელს და ამბობდა:
- ეს რასაკვირველია, მოპარული საქონელია, თორემ ასე იაფად გაყიდვა გაგონილა?
ამ სიტყვებს რომ ვისმენდი, სირცხვილით ლოყები მეწვოდა და მუშტარს თვალში ვეღარ ვუყურებდი.
- როგორ შეიძლება ასეთ ოჯახში დარჩენა?! წავიდეთ ისევ საფრანგეთს! თორემ უბედურება მოგველის. დღეს თუ ხვალ დრისკოლს პოლიცია დაიჭერს, ამ მოპარულ საქონელს ჩამოართმევს და ჩვენც კარგი არაფერი დაგვემართება.
- მათია, თუ ძმა ხარ, გთხოვ...
- რა? არაფერი გინდა დაიჯერო, მე კი მეცოდები. ორივეს დაგვიჭერენ და რითი უნდა დავუმტკიცოთ, რომ პატიოსნები ვართ? რით გავიმართლოთ თავი? ჩვენ ხომ მოპარულ საქონელში აღებული ფულით ნაყიდ პურსა ვჭამთ.
- ეს მართალია, მაგრამ ჩვენც ვშოულობთ ფულს მუსიკის დაკვრით, - ვუთხარი მათიას.
- მართალია, მაგრამ ჩვენც ქურდების საზოგადოებაში ვურევივართ, იმათთან ვცხოვრობთ, ერთად ვმოქმედებთ. არა, წავიდეთ, წავიდეთ! ჯერ კიდევ დრო გვაქვს.
- მაშ მომეცი რამდენიმე დღის ვადა და ვიფიქრებ.
- დაუჩქარე, დაუჩქარე. თორემ ძლიერ მეშინია, რაიმე უბედურება არ დაგვატყდეს თავს.
რამდენიმე კვირის წამოსული ვიყავით ლონდონიდან. ისეთ ქალაქს ვუახლოვდებოდით, სადაც დიდი ბაზრობა იცოდა. დილით მამამ მითხრა:
- დღეს კაპი მჭირდება, დამიტოვე, ნუ წაიყვან. კაპი ძლიერ ფრთხილია და ფურგონებს უდარაჯებს, რომ არაფერი მოგვპარონ. დღეს დიდი არეულობა იქნება. შენ და მათია წადით, გაიარ-გამოიარეთ, დაუკარით ქუჩაში და საღამოს, დიდ მუხასთან რომ სასტუმროა, იქ მოდით. ჩვენ იქ ვიქნებით დაბინავებული. აქედან კი ნაშუადღევს გავალთ.
ქალაქში სავაჭროდ ბევრი ხალხი შეკრებილიყო. კარგი დღე დაგვიდგა. კარგად ვიმუშავეთ და საღამოს დანიშნულ სასტუმროში მივედით.
ეს სასტუმრო, ქალაქს ერთი ვერსით დაშორებული, მივარდნილ ადგილას იდგა. მისი პატრონები რაღაც საეჭვო პირებად მეჩვენნენ. ვერც ჩვენი ფურგონები ვიპოვეთ სასტუმროსთან.
გარშემო შემოვუარეთ სასტუმროს და ერთ ფანჯარაში სინათლე შევნიშნეთ. კარზე დავაკაკუნეთ. სახლის პატრონმა გამიღო და სინათლე მომანათა. მიცნო, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ოთახში შევეყვანე, ფარანი მომარიდა და ამხედ-დამხედა.
- თქვენი ფურგონები კაი ხანია წავიდნენ. მამამ დაგიბარა, ლუსამდის დამეწიეო. დროს ნუ კარგავთ, სულ რომ ვერ დაიძინოთ ამაღამ, მაინც იარეთ და დაეწევით. მშვიდობით, - გვითხრა და კარი მოგვიხურა.
მათიამ მითხრა:
- ალბათ, კარგი ამბავი არ დაემართა მამაშენს, თორემ ასე უცებ რად წავიდოდა!
ისევ სოფელში დავბრუნდით, ერთი ბაღის კუნჭულში მივწექით და ღამე გავათიეთ.
დილას საიდანღაც კაპი გაჩნდა. ალბათ, მამაჩემს გამოექცა და ჩვენთან მოირბინა.
სოფელში ყური მოვკარით, კონტრაბანდისტებზე ლაპარაკობდნენ, პოლიცია ეძებსო. ახლა კი დავრწმუნდი, რომ ეს კონტრაბანდისტები ნამდვილად ჩემი მშობლები იყვნენ. მე და მათიამ მაშინვე გადავწყვიტეთ ისევ საფრანგეთს წავსულიყავით და ქალბატონი მილიგანი გვენახა, რომ მას ერჩია რამე და სწორ გზაზე დავეყენებინეთ.
თავი მეთვრამეტე
მშობლიურ ოჯახში
როცა საფრანგეთს გავემგზავრეთ აღარაფერი გაგვაჩნდა, არც ტანისამოსი, არც მუსიკალური საკრავები. ყველაფერი დრისკოლის ფურგონებში დაგვრჩა. ცუდ დღეში ჩავცვივდით. უტანისამოსოდ ფეხის გადადგმა არ შეგვეძლო. აღარც რუკა გვქონდა.
როგორც იქნა ჩავედით საფრანგეთში, მაგრამ აქ კი ვეღარ მოვისაზრეთ, საით წავსულიყავით, სად გვემოგზაურა.
ბოლოს გადავწყვიტეთ გავყოლოდით არხს, საფრანგეთის მდინარეების: სენის, ლუარისა და გარონის ნაპირებს და იქნებ გვენახა ნავი «გედი». მალე შევიტყვეთ, რომ ქალბატონ მილიგანს ჯერ თავისი ავადმყოფი შვილი ინგლისს არ დაებრუნებინა.
მთელ ხუთ კვირას ვიარეთ უგზო-უკვლოდ. ვერაფერი გავიგეთ. ერთი კაციც ვერ ვნახეთ მდინარე სენის ნაპირზე მოცურავე ნავის - «გედის» მნახველი. ბოლოს, როგორც იქნა, კვალს წავაწყდით. შარეტონში გვითხრეს: ამ ორი თვის წინ ვნახეთ, «გედი» აღმა მიცურავდა მდინარე სენაზეო.
ორი თვის წინ! როდის უნდა დავეწიოთ?
მონტერში კიდევ გვითხრეს, «გედმა» გაიარა, შიგ ინგლისელი ქალი იჯდა, ავადმყოფი შვილი უმეტესად ლოგინში იწვა. ხანდახან კი ადგებოდა და ნავში გაივლიდაო.
კითხა-კითხვით ლიონამდის მივაღწიეთ, იქ შევიტყვეთ, რომ ქალბატონი მილიგანი მდინარე რონით შვეიცარიას წასულიყო.
იქ მთელ ზაფხულს გაატარებს ჟენევის ტბის ნაპირზე, ვევეს ახლოსო. ვევეს რომ მივუახლოვდით, ჯიბეში სულ რამდენიმე სუ გვედო. ფეხზე ჩექმები შემოგვაცვდა.
ჩავედით ვევეს, ყველა სააგარაკო ადგილი დავიარეთ, ტბის პირიც არ დაგვიტოვებია, მაგრამ არტური და დედამისი ვერსად ვნახეთ.
ფული რომ გამოგველია, იძულებული გავხდით, ქუჩაში გავსულიყავით, გვემღერა და ასე ორიოდე გროში გვეშოვა.
ერთხელ მშვენიერი ბაღის ახლოს მივედით და გავჩერდით. ბაღს მწვანედ შეღებილი მესერი ჰქონდა შემოვლებული. ამ მესერთან გავჩერდით და სიმღერა დავიწყეთ.
ამ დროს მესერსა და მესერს შუა გავიხედე და სავარძელი დავინახე: სავარძელში ავადმყოფი არტური იჯდა და მოსამსახურეს მოჰყავდა... გვერდით დედამისი მოჰყვებოდა. გამიხარდა, თვალს ვერ ვაშორებდი... უცებ ჯემს მილიგანიც დავინახე. მესერს მოვშორდი და მათიას ვურჩიე, მათთან მისულიყო.
ჯემს მილიგანი მათიას პირადად არ იცნობდა. იქვე ვენახში გადავხტით და სახლის ახლოს დავიმალეთ.
- იცი, რა გითხრა? - მითხრა მათიამ; - მე ახლავე წავალ და ქალბატონ მილიგანს ყველაფერს დაწვრილებით ვუამბობ. ქალბატონ მილიგანს არ ვუნახივარ და აზრადაც არ მოუვა, რომ შენი მეგობარი ვარ. მილიგანის ქვრივი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ.
ესა თქვა და კიდეც წავიდა. მე ხავსზე წამოვწექი და დიდხანს ველოდი მათიას დაბრუნებას.
ბოლოს მოვიდა მათია და ქალბატონი მილიგანიც თან მოჰყვა.
მე მივვარდი და მოწიწებით თავი დავუკარი. მან ნაზად მომხვია ხელი და შუბლზე მაკოცა.
- საბრალო ბავშვი, - მისვამდა თავზე ხელს: - დიახ, დიახ...
ბედნიერად ვგრძნობდი თავს; მხოლოდ ვფიქრობდი, ნეტა რას ნიშნავს ეს სიტყვები-მეთქი.
- ჩემო შვილო, შენმა ამხანაგმა ძვირფასი ამბავი მომიტანა. მიამბე, როგორ ჩავარდი დრისკოლის ოჯახში, ანდა როგორ შეხვდით შენ და ჯემს მილიგანი ერთმანეთს.
ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. ქალბატონი მილიგანი იდგა სმენადგადაქცეული.
ლაპარაკი გავათავე, ის კი იდგა და ხმას არ იღებდა. შემდეგ მითხრა:
- ამის გაგება მჭირდებოდა, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა მე გირჩევთ, ალპის სასტუმროში დაბინავდეთ. ჩემი მოსამსახურე არაფერს მოგაკლებთ. რამდენიმე დღეში ალბათ ყველაფერი გაკეთდება, - თქვა ეს და წავიდა.
- რა უთხარი, მათია, ქალბატონ მილიგანს? - მივუბრუნდი ჩემს ამხანაგს.
- ის, რაც შენ გითხარი და ბევრი სხვაც.
- არტური ნახე?
- ვნახე, მხოლოდ შორიდან; ძალიანაც მომეწონა.
ალპის სასტუმროში ერთი დიდი ოთახი მოგვცეს. შავტანისამოსიანი, თეთრყელსახვევიანი მოსამსახურე თავზე გვადგა და ჩვენს ბრძანებას ელოდა. მშვენიერი სადილი მოგვართვეს.
მეორე დღეს მილიგანის ქვრივმაც გვინახულა, თერძი მოიყვანა და ახალი ტანისამოსის ზომა აიღო.
მეხუთე დღეს თავისი მოსამსახურე ქალი გამოგზავნა, ეტლით ქვემოთ გვიცდიდა, გამოვედით მე, კაპი და მათია და რბილ ეტლში ჩავსხედით.
მალე არტურის აგარაკთან მივედით. არტური გარეთ, სავარძელში იჯდა. დავინახე თუ არა, მივვარდი და გულში ჩავიკარი.
ქალბატონმა მილიგანმა მითხრა:
- მადლობა ღმერთს, მეღირსა ის დრო, როდესაც თავისუფლად შეგიძლია შენი უფლებით ისარგებლო.
ამ სიტყვების შემდეგ კარი გაიღო და დედა ბარბარენი შემოვიდა. ხელში ბავშვის ტანისამოსი ეკავა.
ამ ნივთების მაგიდაზე დალაგებაც ვერ მოასწრო, რომ მივვარდი და კისერზე მოვეხვიე. ამ დროს ქალბატონმა მილიგანმა მოსამსახურეს რაღაც უბრძანა.
გავიგონე ჯემს მილიგანის ხმა თუ არა, იმწამსვე დამიდუმდა ენა და ნაცრისფერი დამედო.
- ნუ გეშინია, - მითხრა ქალბატონმა მილიგანმა. - მოდი, აქ, ჩემთან დადექი და ხელი მომეცი.
ჯემს მილიგანი შემოვიდა: თითქოს იღიმებოდა, გამოაჩინა თავისი ბასრი კბილები, მაგრამ როცა შემხედა, ღიმილი პირისახის მანჭვად შეეცვალა.
ქალბატონმა მილიგანმა გონს მოსვლა აღარ აცალა და უთხრა:
- თქვენ მისთვის დაგიძახეთ, რომ წარმომედგინა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე. აი, ეს გახლავთ. თქვენ კიდეც იცნობთ, რადგან ამის მომტაცებელთან დადიოდით მისი ამბის გასაგებად.
- რაო? რას ამბობთ! - თქვა ჯემს მილიგანმა გაჯავრებით. - ეს სიცრუეა! ვინ დაამტკიცებს, რომ თქვენ მართალს ამბობთ?
- ვინ და თქვენი თანამოაზრე, - თქვა ქალბატონმა მილიგანმა. - მას გაუგეს მოპარული ნივთებითა და საქონლით ვაჭობა და დააპატიმრეს. აი წერილიც, რომელიც ჩემს სიტყვებს ამტკიცებს. მან მიამბო, როგორ მოიტაცა ეს ბავშვი, როგორ დააგდო პარიზის ქუჩაში და როგორ შეაჭრა მის სამოსს სახელისა და გვარის ინიციალები. ჩემი შვილის საცვლებიც აი, აქა მაქვს, ამ ქალმა მომიტანა. არა გნებავთ ამ წერილის წაკითხვა, ან ბავშვის ტანისამოსის ნახვა?
ჯემს მილიგანი მეხდაცემულივით იდგა და სიტყვას არ ამბობდა. ის მზად იყო ყველას ყელში გვტაკებოდა და დავეხრჩეთ.
ადგა, კარისაკენ გაექანა, მაგრამ ისევ შედგა და გვითხრა:
- ვნახოთ, სასამართლო რას გვეტყვის!
ამაზე დედაჩემმა სრულებით მშვიდად უპასუხა:
- თქვენ შეგიძლიათ სასამართლოში გაიქცეთ. მაგრამ მე სრულიადაც არა მსურს სასამართლოში ვუჩივლო მაზლს, ჩემი განსვენებული ქმრის ძმას.
ბიძაჩემი გავიდა და კარი მიიხურა; მე მივვარდი, მაგრად ჩავეკარი დედას გულში და გრძნობით გადავკოცნეთ ერთმანეთი.
ცოტა რომ დავმშვიდდით, მათიაც მოვიდა ჩვენთან.
- ხომ კარგად მოვიქეცი, რენე, რომ საიდუმლო დღემდე შევინახე?
- როგორ? შენ იცოდი ყველაფერი? დედაჩემმა თქვა:
- როდესაც მათიამ მიამბო ყველაფერი, რაც კი დაგმართია შენს ცხოვრებაში, ვთხოვე, არავისთვის ეთქვა, ჯერ საჭირო იყო ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი შვილი ხარ. ხომ ძნელი ასატანი იქნებოდა, რომ არ გამართლებულიყო ჩვენი მოლოდინი... ახლა ყველა დამამტკიცებელი საბუთი ხელთა მაქვს, შვილო, და ვერც ვერავინ დაგვაშორებს ერთმანეთს სიკვდილამდე!
რაღა განმარტებაა საჭირო, რომ როგორც მე, ისე მათია და დედა ბარბარენი ჩემს მშობლიურ ოჯახში ბედნიერი ვიქნებოდით.
მე დავეწაფე სწავლას და მთელ სიცოცხლეს ღარიბი, უპატრონო და უდედმამო ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებას ვწირავდი. მათზე ვზრუნავდი.
ჩემს დღეში არ დამავიწყდება, რაც მშობლების ნახვისათვის გადამხდა. მხოლოდ მას შეუძლია იგრძნოს უპატრონო, უსახლკარო ბავშვების ყოფა, მათი სიღარიბე, და გაჭირვება, ვისაც ყველაფერი ეს ჩემსავით თავის თავზე გამოუცდია.
* * * * * * * * *
მთარგმნელი: თ. ხუსკივაძე