ერთხელ პიომბინოში შაქარყინულის წვიმამ წამოუშინა. რაღა სეტყვა და რაღაის წვიმა - სულ რაკარუკი აუყენა იქაურობას. მაგრამ ძირს თეთრად კი არ დადო, ხალიჩასავით ააჭრელა მთელი მიდამო. არ ვიცი, რა ფერის შაქარყინული აღარ ცვიოდა.
საითაც უნდა გაგეხედა, მწვანეც ეყარა და ვარდისფერიც, ცისფერიც და იისფერიც. ეს რა ფერად-ფერადი კენჭები წამოყარა, არც სეტყვასა ჰგავს და არც ხოშკაკალსო, გულისხმაში ჩავარდა ერთი პატარა ბიჭი და მწვანე ფერისას დასწვდა, გაკვნიტა და პირში იმწუთას საამო სიგრილე იგრძნო, აი, როგორც პიტნის შაქარყინულის მერე იცის.
მეორე ბიჭმა კი ვარდისფერი კენჭი ჩაიგდო პირში და იმწამს მარწყვის სუნი ეცა.
- კანფეტებია! კანფეტები! - ყვირილი მორთეს ბიჭებმა.
კანფეტების გაგონება იყო და დიდიან-პატარიანად სუყველა გარეთ გამოცვივდა. ზოგი უბეში იყრიდა, ზოგმა ჯიბეები დაიტენა და მაინც ვერა და ვერ გამოლიეს. ან რა გამოლევდა, წარღვნა მოდიოდა კანფეტისა.
ნაწვიმარზე სიარული გაჭირდა - ქუჩებში კოჭზე ეყარა კანფეტი. მთელ ქალაქში საამო სუნი იდგა. სკოლა ვისაც ცოტა გვიან დაუმთავრდა, იმ მოწაფეებსაც შეხვდათ თავიანთი წილი. იცოცხლე, დაივსეს ჩანთები. დედაბრებს ხომ ნუღარ იტყვი!
რაც იმათ კანფეტი ზიდეს, ნურსად ნურავინ ნუ დაიტრაბახებს.
აი მართლა ტკბილი დღე ის იყო!ბევრს აქამდე ახსოვს და ზოგიერთი ელოდება კიდეც - ან ახლა წამოვა კანფეტის წვიმა, ან ახლაო. მაგრამ ის საწვიმარი ღრუბელი რაღაც აღარა ჩანს არც პიომბინოში, არც ტურინში, არც კრემონაში.
* * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















